გადაწყვეტილება №98952/1/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№98952/1/2025
13 იანვარი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 20.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №98952/1/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.09.2025 წლის №25507/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 ოქტომბრის №001-222 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 95 040,04 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 76 102,03
ჯარიმა - 0,02
საურავი - 18 937,99
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა დიზაინერული ტანსაცმლის წარმოება და რეალიზაცია. აქვს მაღაზიები ქალაქ --- ---- ---- და -----. წარმოებისთვის საჭირო მასალის შეძენებს ახდენს ადგილობრივად.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 22 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა 2025 წლის 29 მაისის №10981 ბრძანება და ამავე თარიღის №----- საგადასახადო მოთხოვნა.
შემოწმების აქტის მიხედვით სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული პროგრამა, იყენებდა ----- ბანკის, ----- ბანკის და ----- ბანკის ტერმინალებს. შემოსავალი უფიქსირდება ძირითადად საკონტროლო სალარო აპარატით, ტერმინალით და საბანკო ჩარიცხვებით. შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვაა 470 596 ლარი, სალაროში მიღებული შემოსავალი 272 594 ლარი, ხოლო ტერმინალით მიღებული შემოსავალი 660 729 ლარი.
საბანკო ამონაწერების მიხედვით ტერმინალის შემოსავალი იყო სულ 806 073 ლარი. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა 49 467 ლარის უკან დაბრუნებული ქვითრები. საკონტროლო-სალარო აპარატის, საბანკო ამონაწერის და ტერმინალის მიხედვით დაჯამდა შემოსავალი და გათვალისწინებულ იქნა უკან დაბრუნებული ქვითრები. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 893 412 ლარი, რომელიც გადანაწილდა პერიოდების შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის №15791 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 12.09.2025 წლის №25507/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა 29.05.2025 წლის №------ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 12.09.2025 წლის №25507/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის დასკვნის საფუძველზე შემცირდა დარიცხული თანხა - ჯარიმა 41 995,48 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 23 ოქტომბრის №------ კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს კიდევ ერთხელ განხილულ იქნას საჩივარი და საგადასახადო კოდექსის 269 - ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გაუუქმდეს დარიცხული საურავის თანხა 18 937,99 ლარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 სექტემბრის N25507/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა 29.05.2025 წლის №----- საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ 2025 წლის 20 ოქტომბერს შედგენილ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გადასახადის გადამხდელს გაუუქმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 სექტემბრის N25507/2/2025 გადაწყვეტილება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, ამასთან, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე, საურავისგან გათავისუფლებას. აღნიშნულზე საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) 2025 წლის 12 სექტემბრის N25507/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს 2025 წლის 12 სექტემბრის №25507/2/2025 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.09.2025 წლის №25507/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა დიზაინერული ტანსაცმლის წარმოება და რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული პროგრამა. შემოსავალი უფიქსირდება ძირითადად საკონტროლო სალარო აპარატით, ტერმინალით და საბანკო ჩარიცხვებით. დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 893 412 ლარი, რომელიც გადანაწილდა პერიოდების შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა. ღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. აჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს 2025 წლის 12 სექტემბრის №25507/2/2025 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;269(7);275