გადაწყვეტილება №25726/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25726/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ „---------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 25.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25726/2/2025).
დავის საგანი:
1.გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებსა და შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის სახელზე რეგისტრირებულ საკონტროლო-სალარო აპარატსა და პოსტერმინალებში დაფიქსირებულ დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის დადგენილი სხვაობა;
2. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2025 წლის №006-136 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.07.2025 წლის №16789 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 202 814.49 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 113 241.13
ჯარიმა - 57 204.3
საურავი - 32 369.06
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყიდულობს საქონელს (ტანსაცმელს), ახდენს მის იმპორტს და იჯარით აღებულ ობიექტში ახორციელებს საცალო რეალიზაციას, გარდა ამისა საკუთრებაში აქვს კომერციული ფართი მის: ქ. „--------“, „--------“, რომელსაც გასცემს იჯარით.
აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2025 წლის №7272 და 16.05.2025 წლის №9866 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა აღნიშნულ პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების, მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების დღგ-ის შესაბამის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.
საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 20.05.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 28.05.2025 წლის №10824 ბრძანება და ამავე თარიღის №006-136 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.07.2025 წლის №16789 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 28.07.2025 წლის №16789 ბრძანება, არ დაკმაყოფილების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებსა და შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის სახელზე რეგისტრირებულ საკონტროლო-სალარო აპარატსა და პოსტერმინალებში დაფიქსირებულ დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის დადგენილი სხვაობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებით და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ბანკის ამონაწერებით მიღებული ინფორმაციის დამუშავებით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 971 385 ლარს, რომელიც გადამხდელის მიერ სრულად არ არის დაბეგრილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 160-ე, 1601 , 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, გაანგარიშებული იქნა გადასახადის გადამხდელის დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საკონტროლოსალარო აპარატის მონაცემებით და გადამხდელის მიერ მიწოდებული ბანკის ამონაწერების მიხედვით შეადგენს 1 971 385 ლარს. აღნიშნული გადამხდელის მიერ სრულად არ არის დაბეგრილი. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აღსანიშნია, რომ დარიცხვის ნაწილში არსებითად ეთანხმება შემმოწმებლის პოზიციას, თუმცა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით და საბუღალტრო ჩანაწერებით კომპანიის მიერ განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა მცირედით განსხვავდება შემმოწმებლის მიერ განსაზღვრულისგან, რის გამოც შემმოწმებელთან ერთად ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას. მზად არის შემოწმებას წარუდგინოს მისი გაანგარიშებები და მიიღოს მონაწილეობა გადაანგარიშების პროცესში.
ზემოთ მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით (მზად არის წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები), ითხოვს შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების შემცირებას და ტექნიკური საკითხების დაზუსტების მიზნით შემმოწმებლებთან ერთად საკითხების დამატებით შესწავლას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
მომჩივანი განმარტავს, რომ დარიცხვის ნაწილში არსებითად ეთანხმება შემმოწმებლის პოზიციას, თუმცა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით და საბუღალტრო ჩანაწერებით კომპანიის მიერ განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა მცირედით განსხვავდება შემმოწმებლის მიერ განსაზღვრულისგან, რის გამოც შემმოწმებელთან ერთად ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას. მზად არის შემოწმებას წარუდგინოს მისი გაანგარიშებები და მიიღოს მონაწილეობა გადაანგარიშების პროცესში.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებით და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ბანკის ამონაწერებით მიღებული ინფორმაციის დამუშავებით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 971 385 ლარს, რომელიც გადამხდელის მიერ სრულად არ არის დაბეგრილი.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ანალოგიური არგუმენტაცია მომჩივანს წარდგენილი ჰქონდა შემოსავლების სამსახურში შემოწმების შედეგებზე წარდგენილი საჩივრის განხილვისას. თუმცა გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების ნაწილში, რაც ამ ეტაპზე აღსრულებულია გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის (ცხრილის) შესაბამისად.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად გაანგარიშებული გადასახადის გადამხდელის დღგის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა მართებულია და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით, დაეკისრა ჯარიმა 57 204 ლარი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2025 წლის №006-136 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საურავი 32 369 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ჯარიმისა და საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას მიზნად არასდროს დაისახავს გადასახადებისგან თავის არიდება, რასაც ადასტურებს დღგ-ის ჩაუთვლელი ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების არსებობა. გადასახადის ნაწილში კომპანია სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას და მზად არის დაფაროს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადი.
მითითებული გარემოებების გათვალიწინებით, ითხოვს საბჭომ იმსჯელოს საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებაზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის.
თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციებისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების შემცირებას და ტექნიკური საკითხების დაზუსტების მიზნით შემმოწმებლებთან ერთად საკითხების დამატებით შესწავლას.
2.ითხოვს საბჭომ იმსჯელოს საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებით და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ბანკის ამონაწერებით მიღებული ინფორმაციის დამუშავებით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 971 385 ლარს, რომელიც გადამხდელის მიერ სრულად არ არის დაბეგრილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 160-ე, 1601 , 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, გაანგარიშებული იქნა გადამხდელის დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
2.საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით, დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად გაანგარიშებული გადასახადის გადამხდელის დღგის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა მართებულია და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
163,164,272.