გადაწყვეტილება №23326/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 23326/2/2024
25 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“-ის 20.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23326/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33441 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 აპრილის №081-80 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 მაისის №12637 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 176 058,5 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 97 540
ჯარიმა - 48 678
საურავი - 29 840,5
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობის სახეა სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 19 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს შემოსავალი ძირითადად მიღებული აქვს ტენდერებიდან, საბანკო ჩარიცხვებით. 2020- 2023 წლებში მიღებული შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით შეადგენდა 1 670 977 ლარს, ხოლო გაცემული ხელფასი და დივიდენდი ჯამში 118 625 ლარს. შესამოწმებელ პერიოდზე გაანგარიშდა ნაღდი ფულის მოძრაობა, ბანკიდან გამოტანილ და სალაროთი გაწეულ ხარჯებს შორის დაფიქსირდა სხვაობა, რომელიც აღემატება საწარმოსთვის საჭირო გონივრულ ნაშთს. აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივნისის №14310 ბრძანება და 22 ივნისის №081-109 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ივლისის №18782 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 3.11.2023 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 28.12.2023 წლის №33441 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33441 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 29 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 28 971 ლარი, მათ შორის, გადასახადი 19 259 ლარი და ჯარიმა 9 712 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 23 აპრილის №081-80 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
აღსრულების შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12637 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირდა დარიცხული თანხები, კერძოდ, გადამხდელმა წარმოადგინა მტკიცებულებები, დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და გაანგარიშებები. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით წარმოდგენილი მასალები შესწავლილია გადამხდელთან ერთად და შემცირდა დარიცხული თანხები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული პანდემიის პერიოდში საშემოსავლო გადასახადში არსებული შეღავათები, კერძოდ ფიზიკურ პირებზე
1 500 ლარამდე დარიცხული ხელფასის შემთხვევაში გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის შეღავათი თითოეულ ფიზიკურ პირზე 150 ლარის ოდენობით. აღნიშნული კუთხით მისი გათვლების შესაბამისად საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაში კვლავაც გამორჩენილი, გამოტოვებული დამატებით შესამცირებელი აღნიშნული შეღავათები 2 064 ლარის ოდენობით.
სრულყოფილად არ არის ასახული და გათვალისწინებული მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები და მომუშავე ფიზიკური პირებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები (6 000 ლარამდე), ფაქტობრივად შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ აღნიშნული კატეგორიის ფიზიკურ პირებზე სულ გაცემულია 35 700 ლარი, გადაანგარიშებაში გათვალისწინებულია მხოლოდ 22 500 ლარი, დარჩენილი 13200 ლარი ექვემდებარება დამატებით გათვალისწინებას.
ხელფასების გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გასაცემი ხელფასები ბანკიდან მიღებულ თანხებთან ერთად გამოყენებულია კომპანიის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი. სალაროში არსებული ნაღდი ფული რომელიც გამოყენებული იქნა ხელფასების გაცემაზე შემმოწმებლის მიერ არ არის შემცირებული აღნიშნული თანხა (37 258 ლარი) სალაროს ნაშთის შემცირებაში, შედეგად აღნიშნული თანხა ზედმეტად მოხვდა ანგარიშვალდებულ პირზე არსებული თანხების ნაშთში შემოწმების ბოლოსათვის და შესაბამისად არამართლზომიერად დაიბეგრა იგი საშემოსავლო გადასახადით.
შემმოწმებელმა არამართლზომიერად არ გაითვალისწინა ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონელი. ისმის კითხვა თუ ვინ კრძალავს მწარმოებლისგან რომ შეიძინოს მასალები, ნედლეული და მისი მონტაჟი კი საკუთარი მუშახელით განახორციელოს? საზოგადოების მიერ შეძენილი საქონლის - ბორდიურების და მეტალო - პლასტმასების მომსახურებად განხილვა სრულიად არაკანონზომიერი და არამართლზომიერია, შესაბამისად ასევე არაკანონზომიერი და არამართლზომიერია მათი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განხილვა და შესაბამისი გადასახადების და ფინანსურის სანქციის დარიცხვა, რისგანაც გამომდინარე ითხოვს მის კორექტირებას.
არ არის გათვალისწინებული შპს „-----------“-ზე 2020 წლის 4 მარტს ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი 6 600 ლარი. გარდა ამისა, არ არის გათვალისწინებული დამფუძნებლის მიერ 2018-2019 წლებში დამფუძნებლის მიერ კომპანიის საბრუნავი საშუალებების შესავსებად განხორციელებული დროებითი შენატანები 11 670 ლარის ოდენობით, რომლებიც დამფუძნებლის მიერ ზემოაღნიშნულ პერიოდებში შეტანილია უშუალოდ საზოგადოების საბანკო ანგარიშებზე და მათ შესახებ საბანკო ამონაწერები შემმოწმებელზე წარდგენილია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, წარმოადგინა მტკიცებულებები, დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და გაანგარიშებები. წარმოდგენილია როგორც ფიზიკური პირისგან შესყიდვის აქტები, ასევე დამატებით გაანგარიშებები, რომელიც არ იყო წარმოდგენილი შემოწმების მიმდინარეობისას. გადამხდელთან ერთად საკითხის დამატებით შესწავლისას, წარმოდგენილია ისეთი ზედნადებები, რომელზეც არ იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ასევე ანგარიშ-ფაქტურები, რომლებშიც მითითებულია საქონელი, თუმცა რეალურად წარმოადგენს გარკვეული მასალის მიწოდებას და მასთან დაკავშირებულ მომსახურებას (მონტაჟი), რომელზეც არ არის გამოწერილი სასაქონლო ზედნადები. ასევე, საკითხის გადამხდელთან ერთად შესწავლისას, გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ დეკლარირებული ხელფასების ნაწილის სალაროდან გაცემულად ჩათვლა. შედეგად დაკორექტირდა შემოწმებით დარიცხული თანხები.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
მომჩივანი საჩივარში უთითებს მთელ რიგ საკითხებს, რომელიც გადაანგარიშების ეტაპზე არ არის გათვალისწინებული. ამასთან აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა მათ დაუსწრებლად განიხილა საჩივარი და მხოლოდ ცალმხრივად აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე დაყრდნობით, ისე რომ არ მოუსმენია მისი განმარტებები, არ უმსჯელია იმ არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე რომელიც საჩივართან ერთად ჰქონდა წარდგენილი, შესაბამისად საბჭომ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 მაისის №12637 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33441 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობის სახეა სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები. საწარმოს შემოსავალი ძირითადად მიღებული აქვს ტენდერებიდან, საბანკო ჩარიცხვებით. შესამოწმებელ პერიოდზე გაანგარიშდა ნაღდი ფულის მოძრაობა, ბანკიდან გამოტანილ და სალაროთი გაწეულ ხარჯებს შორის დაფიქსირდა სხვაობა, რომელიც აღემატება საწარმოსთვის საჭირო გონივრულ ნაშთს.აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(21);
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლი