გადაწყვეტილება №27918/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27918/2/2026
14 სექტემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ ----- )
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 06.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27918/2/2026).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 08.07.2026 წლის N CB19237918 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 31.07.2026 წლის N 17463 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 5 000 ლარი.
ფაქტების აღწერა:
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, მომჩივანს, 08.07.2026 წლის N CB19237918 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.07.2026 წლის N 17463 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი, მე-7 და მე-8 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო - მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, 251 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით და განმარტავს, რომ ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია:
კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს შერეული საქონლით ვაჭრობა/დისტრიბუცია. 07.07.2026 წელს მომხმარებელმა ----- (პ/ნ ----- ) მომჩივნის სავაჭრო ობიექტში შეიძინა სხვადასხვა სახის სარემონტო ხელსაწყოები, საერთო ღირებულებით 1 035.50 ლარი. აღნიშნული საქონელი შეძენილი იქნა ფიზიკური პირის მიერ და არ იყო განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის. ამასთან, საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა თავად მყიდველის მიერ, მისი კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ საქონლის შეძენა განხორციელდა ფიზიკური პირის მიერ, კომპანიის მხრიდან გამოიწერა სასაქონლო ზედნადები, საქონლის ნაშთების სწორად აღრიცხვისა და შიდა კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით. საქონლის საფასური მომხმარებელმა გადაიხადა ნაღდი ანგარიშსწორებით. ოპერაცია სრულად აისახა საკონტროლო - სალარო აპარატში, ამოიბეჭდა სალარო ჩეკი და მისი ასლი გადაეცა მომხმარებელს. აღნიშნული გარემოებები ცალსახად ადასტურებს კომპანიის კეთილსინდისიერებას და იმას, რომ ადგილი არ ჰქონია არც შემოსავლის დაფარვას, არც გადასახადის დამალვას და არც საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის არიდებას.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 31.07.2026 წლის N 17463 ბრძანებას და ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე დაყრდნობით დაკისრებული სანქციის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ მომჩივანს სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
მომჩივნის განმარტებით, მომხმარებელმა, მომჩივნის სავაჭრო ობიექტში, შეიძინა 1 035.50 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის სარემონტო ხელსაწყოები, რომლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა თავად მყიდველის მიერ, მისი კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით და არ იყო განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქონლის შეძენა განხორციელდა ფიზიკური პირის მიერ, კომპანიის მხრიდან საქონლის ნაშთების სწორად აღრიცხვისა და შიდა კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით გამოიწერა სასაქონლო ზედნადები. საქონლის საფასური მომხმარებელმა გადაიხადა ნაღდი ანგარიშსწორებით. ოპერაცია სრულად აისახა საკონტროლო - სალარო აპარატში, ამოიბეჭდა სალარო ჩეკი და მისი ასლი გადაეცა მომხმარებელს. აღნიშნული ცალსახად ადასტურებს, რომ ადგილი არ ჰქონია არც შემოსავლის დაფარვას და არც საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის არიდებას.
საქმეში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.08.2026 წლის N ----- წერილით, წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც მითითებულია, რომ 08.07.2026 წელს 14:32 სთ-ზე, ----- რაიონი, სოფ. ----- მიმდებარე ტერიტორიაზე გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება -----, რომლის ძარაზე განთავსებული იყო ----- (ს/ნ -----) სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 1 035,50 ლარის ღირებულების სარემონტო ხელსაწყოები და მასალები. აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა ელ. სასაქონლო ზედნადების გარეშე. სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში დადგინდა, რომ ----- (ს/ნ ----- ) მომჩივნის საბითუმო მაღაზიიდან შეიძინა ზემოთაღნიშნული პროდუქცია, მაღაზიის წარმომადგენელს მიაწოდა სრული რეკვიზიტები და მოითხოვა ელ. ზედნადების გამოწერა, მაგრამ მაღაზიის მიერ მყიდველის მოთხოვნა ელ. ზედნადების გამოწერის შესახებ არ შესრულებულა, რასაც თავად ადასტურებს დირექტორი ----- (პ/ნ ----- ). მან აღიარა დაშვებული შეცდომა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებს უპასუხა, რომ ხუთ წუთში გამოწერდა ზემოთაღნიშნულ საქონელზე ელ. ზედნადებს. აღნიშნული ფაქტიდან გადამოწმების შემდგომ დაგვიანებით (08.07.2026წ. 14:53:50 სთ.) გამოიწერა ელ. სასაქონლო ზედნადები (N ----- ), რის გამოც გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N CB1937918 და მომჩივანს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად და სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი პროდუქციის ელ. ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტზე, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის N 473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება და მოითხოვს დამატებით შესწავლას. კერძოდ, არ ირკვევა საქონლის შეძენის (სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების) მიზნობრიობა და სამართალდარღვევის ჩადენაზე პასუხისმგებელი სუბიექტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.07.2026 წლის N 17463 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა. აღნიშნული გასაჩივრდა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა რის შემდეგაც საკითხი შემდგომი განხილვისთვის გადაეცა შესაბამის ორგანოს.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(2); 269(7);.