ბრძანება N 15532
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15532
10 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 25 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 2 ივლისის სხდომაზე (ოქმი №58) განიხილა ი/მ ------ (ს/ნ ------) 2026 წლის 25 ივნისის №103108/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 მაისის №039-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმების პროცესში გადამხდელი თვითონ იყო ჩართული აუდიტის დეპარტამენტთან კომუნიკაციაში, სადაც დააფიქსირა, რომ გამოვლენილი სხვაობა შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო იმ გარემოებით, რომ ფიზიკურ პირებზე კონსიგნაციით საქონლის გაყიდვისას ჩეკის ამორტყმა ხდებოდა, ხოლო გარკვეული პერიოდულობით დავალიანების დაფარვისას ძირითადად ტერმინალით ახდენდნენ ანგარიშსწორებას. პოსტერმინალზე საქონლის ღირებულების გატარების შემდგომ, იმავე ღირებულების თანხის გატარებას დამატებით ახორციელებდა სალარო აპარატზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შემოწმების მიხედვით, 2023 წლის ფასნამატი ერთობლივი შემოსავლის რპთ-სთან მიმართებით შეადგენს - 65%-ს, 2024 წლის ფასნამატი - 104%-ს; 2025 წლის ფასნამატი კი 126%-ს, რაც შეუსაბამოა ამ ტიპის საქმიანობისთვის და შესადარისად შეიძლება გადამოწმდეს აუდირებული ბაზა, შესაბამის ტერიტორიაზე ჩატარებული ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირების შემოწმების შედეგები. გარდა ამისა, მომჩივანი აღნიშნავს, რომ არცოდნით არ მიაწოდა აუდიტის დეპარტამენტს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავის სასურსათო მაღაზიაში ყიდდა საკუთარი წარმოებისა და ადგილობრივად შეძენილი სოფლის მეურნეობის პროდუქციას, რომელსაც თავისთავად არ უნდა მიეღო მონაწილეობა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, ხოლო საკუთარი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქციას არც საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 მარტის №5067 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა
ი/მ ----- (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 20 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 22 მაისის №11345 ბრძანება და ამავე თარიღის №------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 221 213 ლარი, მათ შორის გადასახადი 125 094 ლარი, ჯარიმა 62 547 ლარი და საურავი 33 572 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
ი/მ ------ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 6 დეკემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2019 წლის 18 სექტემბერს. გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით. გადამხდელი საქმიანობას ახორციელებს ქალაქ ------ მდებარე სასურსათო მაღაზიის მეშვეობით. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის სახელზე ფიქსირდება მოქმედი 1 სალარო აპარატი და 2 პოსტერმინალი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით გაირკვა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა ნაკლები იყო პოს-ტერმინალებსა და სალარო აპარატით მიღებულ ჯამურ შემოსავალზე. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული სხვაობა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ პოსტერმინალზე საქონლის ღირებულების გატარების შემდგომ, იგივე ღირებულების თანხის გატარებას დამატებით ახორციელებდა სალარო აპარატზე. შემოწმების პროცესში განხორციელდა პოსტერმინალებსა და სალარო აპარატზე მიღებულის თანხების შედარება. შედეგად, დადგინდა, რომ პოსტერმინალი და სალარო აპარატი დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა და თანხები არ მეორდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, 164-ე მუხლების საფუძველზე, პოსტერმინალით მიღებული შემოსავალი, 820 174 ლარი, დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დგინდება შემდეგი:
შესამოწმებელ პერიოდში ი/მ ------ სახელზე ფიქსირდებოდა მოქმედი 1 სალარო აპარატი და 2 პოსტერმინალი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა ნაკლები იყო პოსტერმინალებსა და სალარო აპარატით მიღებულ ჯამურ შემოსავალზე. შემოწმების პროცესში განხორციელდა პოსტერმინალებსა და სალარო აპარატზე მიღებული თანხების შედარება (გადახდის დროისა და გატარებული თანხების მიხედვით). აღნიშნულის შედეგად დადგინდა, რომ პოსტერმინალი და სალარო აპარატი დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა და თანხები არ მეორდებოდა. ფასნამატთან დაკავშირებით შემმოწმებელი მიუთითებს, რომ გადამხდელი გარკვეული კატეგორიის საქონელს იძენდა დოკუმენეტის გარეშე, 2024-2025 წლებში გადამხდელთან ჩატარებულია საკონტროლო შესყიდვა, შეძენილია სასმელები, თუმცა აღნიშნული პროდუქცია გადამხდელს არ უფიქსირდება დოკუმენტურ შეძენაში, შესაბამისად, რპთ შემცირებულია. აღნიშნულმა კი განაპირობა მაღალი ფასნამატი.
რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, შემოწმების პროცესში კომუნიკაციისას, გადამხდელმა განმარტა, რომ არ ახორციელებდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენარეალიზაციას, შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით არ ყოფილა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
მომჩივნის არგუმენტაცია, საკუთარი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქციის საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია, ვინაიდან შემოწმება ჩატარდა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენასთან დაკავშირებით და ამდენად, შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები არ არის განსაზღვრული.
ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ---- (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
ი/მ-ის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა ნაკლები იყო პოს-ტერმინალებისა და სალარო აპარატის მეშვეობით მიღებულ ჯამურ შემოსავალზე. გადამხდელის განმარტებით, სხვაობა გამოწვეული იყო იმით, რომ პოს-ტერმინალზე გატარებულ თანხას იგივე ოდენობით დამატებით ატარებდა სალარო აპარატზეც. თანხების შედარებამ დაადასტურა, რომ პოს-ტერმინალი და სალარო აპარატი დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა და თანხები არ მეორდებოდა, რის შედეგადაც პოს-ტერმინალით მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას და გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158;159;163;164;