ბრძანება N 25361

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 19.11.2025
№ დოკუმენტი 25361
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 25361

19 ნოემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(ფაქტ. --) 2025 წლის 20 ოქტომბრის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №94) იმსჯელა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2025 წლის 20 ოქტომბრის №164727/21 საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №006-732 და 2024 წლის 25 ივნისის №006-329 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

 საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №006-732 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შპს „---“-ის (ს/ნ ---) მიერ 2024 წლის 6 მარტს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 მარტის №6303 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №006-732 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 ივნისის №006-329 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს

უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

ხოლო ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს „---“-ის (ს/ნ ---) მიმართ შედგენილი 2024 წლის 18 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, მის საფუძველზე გამოცემული 2024 წლის 24 ივნისის №14692 ბრძანება და 25 ივნისის №006-329 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე გაიგზავნა 2024 წლის 25 ივნისს, თუმცა გადამხდელი ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია (გაეცნო 2024 წლის 29 ოქტომბერს). შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2024 წლის 30 ივლისს განხორციელდა აღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2024 წლის 19 აგვისტოს. შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2025 წლის 20 ოქტომბერს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 18 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, მის საფუძველზე გამოცემული 2024 წლის 24 ივნისის №14692 ბრძანება და 25 ივნისის №006-329 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გაეგზავნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე, ხოლო მომჩივანი ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია, შესაბამისად, მართლზომიერად განხორციელდა სადავო საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს სადავო აქტების გასაჩივრების ვადის აღდგენას იმ საფუძვლით, რომ საწარმოს დირექტორი ---- გარდაიცვალა გასვლითი საგადასახადო შემოწმების პერიოდში, კერძოდ, 2023 წლის 31 ივლისს, შესაბამისად, მისი გარდაცვალების დღიდან საწარმოს არ ჰყავდა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით შეეძლო წარმოედგინა და დაეცვა საწარმოს ინტერესები.

აღნიშნულ არგუმენტთან მიმართებით, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ნოემბრის №28029 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 27 დეკემბრის №33372 ბრძანება და ამავე თარიღის №006-732 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 184 152 ლარი, მათ შორის, გადასახადი 92 096 ლარი, ჯარიმა 46 950 ლარი, საურავი 45 106 ლარი.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „---“-ის (ს/ნ ---) დირექტორი ---- (პ/ნ ---) გარდაიცვალა 2023 წლის 31 ივლისს. 2023 წლის 24 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია და საწარმოს დირექტორებად დანიშნულ იქნა ფ/პ ---- და ფ/პ ---. ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს „----“-ს (ს/ნ ---) საგადასახადო შემოწმების, მათ შორის შემოწმების შედეგების გადაანგარიშების პერიოდში, საწარმოს ჰყავდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილი პირები, რომელთაც შეეძლოთ კანონით დადგენილი წესით წარმოედგინათ და დაეცვათ საწარმოს ინტერესები. მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 ივნისის №006-329 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს სადავო აქტების გასაჩივრების ვადის აღდგენას იმ საფუძვლით, რომ საწარმოს დირექტორი გარდაიცვალა გასვლითი საგადასახადო შემოწმების პერიოდში, შესაბამისად, მისი გარდაცვალების დღიდან საწარმოს არ ჰყავდა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით შეეძლო წარმოედგინა და დაეცვა საწარმოს ინტერესები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საწარმოს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით,საწარმოს დირექტორი გარდაიცვალა 2023 წლის 31 ივლისს. 2023 წლის 24 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია და საწარმოს დირექტორებად დანიშნულ იქნა ფ/პ. ამდენად, საგადასახადო შემოწმების, მათ შორის შემოწმების შედეგების გადაანგარიშების პერიოდში, საწარმოს ჰყავდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილი პირები, რომელთაც შეეძლოთ კანონით დადგენილი წესით წარმოედგინათ და დაეცვათ საწარმოს ინტერესები

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (1, ე).