გადაწყვეტილება №22780/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22780/2/2024
28 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 4.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22780/2/2024).
დავის საგანი:
1. შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26914 ბრძანების აღსრულების შედეგები;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიერ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყევტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2020 წლის №006-883 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2023 წლის №006-199 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
3. აუდიტის დეპარტამენტის 27.02.2024 წლის №006-58 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 3.04.2024 წლის №7354 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 745 287,4 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 309 322
დღგ - 120 266
მოგების გადასახადი - (-259)
საშემოსავლო გადასახადი - 198 663
ქონების გადასახადი - (-9348)
ჯარიმა - 128 608
საურავი - 307 357,4
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა პურ-ფუნთუშეულის, სხვადასხვა ტკბილეულის, მათ შორის ტორტების, ასევე მზა კერძების წარმოება და რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.07.2020 წლამდე, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 17.09.2020 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2020 წლის №39875 ბრძანება და №006-883 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.04.2021 წლის №12197 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი მტკიცებულებების, მ.შ. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მეთოდის გამოყენების საფუძვლების დამატებით შესწავლა/გამოკვლევა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.04.2021 წლის №12197 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 17.05.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 153 630 ლარით, მათ შორის გადასახადი 91 881 ლარით და ჯარიმა 61 749 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 19.05.2023 წლის №11244 ბრძანება და №006-199 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.07.2023 წლის №16360 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 8.09.2023 წლის №20411/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26914 ბრძანებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №006-199 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
მომჩივანს, 15 დღის ვადაში დაევალა არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების წარდგენა აუდიტის დეპარტამენტში, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულების კორექტირება.
შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26914 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა გადაანგარიშება და გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.02.2024 წლის დასკვნა, 27.02.2024 წლის №4219 ბრძანება და №006-58 საგადასახადო მოთხოვნა. შემმოწმებელმა ნაწილობრივ გაითვალისწინა წარდგენილი მტკიცებულებები და ჯამურად 87 497 ლარით დაკორექტირდა (შემცირდა) მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26914 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 19.02.2024 წლის დასკვნა, 27.02.2024 წლის №4219 ბრძანება და №006-58 საგადასახადო მოთხოვნა, ამასთან აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2020 წლის №006-883 საგადასახადო მოთხოვნა და 19.05.2023 წლის №006-199 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.04.2024 წლის №7354 ბრძანებით 27.02.2024 წლის №006-58 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო 30.12.2020 წლის №006-883 საგადასახადო მოთხოვნის და 19.05.2023 წლის №006-199 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი. შემოსავლების სამსახურის 3.04.2024 წლის №7354 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში
სადავო საკითხები:
1. შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26914 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტების აღწერა
1. საწარმო ბუღალტრული აღრიცხვისთვის იყენებს ორ საბუღალტრო პროგრამას. საგადასახადო ანგარიშგებისთვის იყენებს „ინფოს“, ხოლო წარმოების ხაზისთვის პროგრამა „ფინას". გადამხდელს წარმოებულ პროდუქციაზე უფიქსირდება საშუალო ფასნამატი 538%. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის, საბუღალტრო პროგრამების ანალიზის შედეგად გამოვლინდა დამატებით შემოსავლები. 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, დამატებით დადგენილი შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით. ასევე აღნიშნული შემოსავალი ჩაითვალა ფულად სარგებლად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 16 სექტემბრის №27891 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის (2020 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით) შედეგების გამოყვანა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს. გადამხდელის საბუღალტრო პროგრამების ანალიზის მიხედვით დადგინდა კომპანიის ყოველი წლის საწყის/საბოლოო ნაშთები და ასევე ინვენტარიზაციის თარიღისთვის არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობის ნაშთები. კომპანიას ასევე აქვს ნახევარფაბრიკატები, რომელსაც ნაშთად ასახავს, როგორც ნედლეულს. ვინაიდან ინვენტარიზაციის ფაქტიურ ნაშთში იყო მსგავსი ნახევარფაბრიკატები, შემოწმებით, კალკულაციების მიხედვით, განხორციელდა მათი ჩაშლა საჭირო რაოდენობის ნედლეულებამდე და საბოლოო შედეგი შეუდარდა ბუღალტრულ ნაშთს. ფაქტობრივი და ბუღალტრული ნაშთების შედარების შედეგად გამოვლინდა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობები, როგორც დანაკლისი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირება, კერძოდ გადაანგარიშების ფარგლებში რიგო ტექნიკური საკითხების გათვალისწინებით დაკორექტირდა (შემცირდა) ნედლეულის, როგორც აღურიცხველი, ისე დანაკლისის ოდენობები, რამაც მოახდინა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება. ამასთან, დაკორექტირდა (შემცირდა) აღურიცხველი საქონლის ოდენობაც, რამაც გამოიწვია საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის შემცირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ მის მიერ განხორციელდა დამატებითი მტკიცებულებების, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული 8 დასკვნის წარდგენა, რომელთა მეშვეობითაც დგინდება, რომ გადაანგარიშებისას არ მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი გარემოების გათვალისწინება, როგორიცაა გარკვეული კატეგორიის იმპორტირებული პროდუქციის (კიტრი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, სალათის ფოთოლი, ფორთოხალი, მწვანე ვაშლი) ბრუტო და ნეტო წონის სხვაობა, რასაც შესაფუთი ტარა იძლევა, კონკრეტული ხილისა და ბოსტნეულის (ალუბალი, პომიდორი) ნახევარფაბრიკატების მიღებისას ფაქტიური დანაკარგების გათვალისწინება, ასევე გაყინული ხორცპროდუქტების, განსაკუთრებით გაყინული ქათმის ფილეს და ზღვის პროდუქტების დანაკარგები, რაც რიგ შემთხვევაში წონის 30-40%-ს აღწევს.
ასევე, შემოსავლების სამსახურს გადაეცა ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული 100 (ასი)-ზე მეტი ტორტის კალკულაცია, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა სერიული ტორტების კალკულაციისაგან. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურში მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირებს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრები, სადაც ზეპირსიტყვიერად მოხდა გარკვეული სახის ინფორმაციის მიწოდება, რასაც ზეგავლენა უნდა მოეხდინა გადაანგარიშების შედეგებზე.
2021 წლის 22 აპრილის №12197 ბრძანების შესაბამისად, 2 წელზე მეტი ხნის გამავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი გადაანგარიშება და 2023 წლის 19 მაისს ჩაბარდა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე (სააღრიცხვო ნომერი 653) (დანართი 4), ასევე 2023 წლის 19 მაისის №006-199 საგადასახადო მოთხოვნა (დანართი 5) და აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №11244 ბრძანება (დანართი6). აღნიშნული დოკუმენტაციის თანახმად, შემმოწმებელმა ნაწილობრივ გაითვალისწინა წარდგენილი მტკიცებულებები და დაკორექტირდა (შემცირდა) ნედლეულის, როგორც აღურიცხველი, ისე დანაკლისის ოდენობები, რაც შესაბამისად ახდენს შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ცვლილებას.
გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა აქტით დარიცხული თანხები, სულ 153 631 ლარით, ასევე დაკორექტირდა (შემცირდა) აღურიცხველი საქონლის ოდენობაც, რამაც გამოიწვია საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით დარიცხული ჯარიმის შემცირება. აქვე ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ გადაანგარიშება გაგრძელდა 2 წელზე მეტი ხანი და 2023 წლის 19 მაისის №006-199 საგადასახადო მოთხოვნით საურავი განისაზღვრა 307 304.93 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც 2020 წლის 30 დეკემბრის №006-883 საგადასახადო მოთხოვნა დარიცხული საურავი შეადგენდა 187 876.8 ლარს - გადაანგარიშების შედეგად დარიცხული თანხების 153 631 ლარით შემცირების მიუხედავად, 120 000 ლარით გაიზარდა საურავი. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 22 აპრილის №12197 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მეთოდის გამოყენების დასაბუთება, არც 2023 წლის 17 მაისის დასკვნაში და არც 19 მაისის №11244 ბრძანებაში ვერ ამოიკითხა, თუ რა საფუძვლით განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე 2023 წლის 17 მაისის დასკვნა (სააღრიცხვო ნომერი 653), ასევე 2023 წლის 19 მაისის №006-199 საგადასახადო მოთხოვნა და აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №11244 ბრძანება გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, საიდანაც, ისე რომ არ მისცემია პოზიციის დაფიქსირების და საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღების საშუალება, 2023 წლის 7 ივლისის №16360 ბრძანებით უარი ეთქვა 2023 წლის 25 მაისის საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც, იძულებული გახდა მოემართა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსათვის.
კომპანია დაფუძნდა 2009 წელს და განიხილებოდა, როგორც საოჯახო ბიზნესი, რომელსაც ----ს ბრენდის ქვეშ უნდა განეხორციელებინა თავისი საქმიანობა. კომპანიის დამფუძნებელი, ---, იმ პერიოდისათვის მეორე კომპანიის, შპს „--- ს“ (ს/ნ ---) საწესდებო კაპიტალში ფლობდა 100%-ს, რომელიც ფუნქციონირებდა 2007 წლიდან. აღნიშნულ კომპანიაში საგადასახადო შემოწმებამ მოიცვა 5 წლის საქმიანობა და დასრულდა 2014 წელს. შემოწმების შედეგად დაიდო ე.წ. ნულოვანი აქტი, რაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დამფუძნებლისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და საგადასახადო ვალდებულებების ზედმიწევნით ზუსტად შესრულება. ორივე კომპანიას თავიანთი არსებობის განმავლობაში 20 (ოც) მილიონ ლარზე მეტი აქვს შეტანილი ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადების სახით.
დამფუძნებელს არასოდეს გამოუყენებია გადასახადების შემცირების მიზნით კომპანიის საქმიანობის ხელოვნური გახლეჩის გზა და საგადასახადო ვალდებულებების შემცირების მიზნით ახალი კომპანიების დაფუძნება და მათი მეშვეობით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. შპს „---ის“ წილის გაყიდვის შემდეგ, დამფუძნებელი გადაერთო შპს ,,---ის“ (---ს ბრენდის) განვითარებაზე, რის ფარგლებშიც დიდი ოდენობის თანხების შეტანა ხდებოდა კომპანიის საწესდებო კაპიტალში, რათა მოცემულ სფეროში არსებულ კონკურენტულ გარემოში კომპანიას თავისი ნიშა დაეკავებინა და შეეძინა ერთგული მომხმარებლები.
დღევანდელ დღეს „----“ ჩამოყალიბებულია პრემიუმ ხარისხის ბრენდად და ----ში წარმოდგენილია ოთხი ფილიალით. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დამფუძნებელს არ გააჩნდა მოცემულ სფეროში საქმიანობის გამოცდილება, კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას სხვადასხვა პერიოდში ახორციელებდნენ მოწვეული მენეჯერები. კოვიდპანდემიისას კომპანიას მძიმე პერიოდი დაუდგა, რის გამოც დღის წესრიგში დადგა კრიზის მენეჯერის მოწვევის საკითხი, რომელსაც არსებული სირთულეები უნდა გადაელახა. აღნიშნული მიზნით 2020 წლის 30 ივნისს კომპანიის დირექტორად დაინიშნა --- (პ/ნ ---), რომელსაც იმ პერიოდისათვის დირექტორის თანამდებობა ეკავა ---ის რამდენიმე ცნობილ რესტორანში. ახალი დირექტორის დანიშვნიდან რამდენიმე დღეში შემოსავლების სამსახურმა დაიწყო ყველა იმ სამეწარმეო კომპანიის საგადასახადო შემოწმება, სადაც მოღვაწეობდა ----. საგადასახადო შემოწმების დაწყებიდან მალევე კომპანიის ახალმა დირექტორმა სრულად შეცვალა მენეჯმენტი და ფინანსური გუნდი. დირექტორსა და დამფუძნებელს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, დამფუძნებელი ვერ ერეოდა კომპანიის საქმიანობაში. ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიუღებელი იყო დამფუძნებლისათვის, მაგალითად, ახალი მენეჯმენტის პირობებში წარმოიქმნა კომუნიკაციის პრობლემა გადასახადის გადამხდელსა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს შორის, კერძოდ, არ მოხდა შესაბამისი სამუშაო სივრცის გამოყოფა. ამან გააჩინა კითხვები და უნდობლობის მომენტი შემმოწმებელთა მხრიდან. აღიარებს, რომ დამფუძნებლის მხრიდან ნაჩქარევი და აუწონავი იყო აღნიშნული პიროვნების მოწვევის გადაწყვეტილება, რომელმაც საერთოდ გადაატრიალა კომპანიაში მიღებული წესები, შეცვალა მუშაობის სტილი და დარტყმის ქვეშ დააყენა კომპანიის იმიჯი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დამფუძნებლის მიერ აღნიშნული შემოწმების პერიოდში მოწვეული მენეჯმენტის არაკომპეტენტურობისა და დაშვებული უხეში შეცდომების გამო კომპანიის იმდროინდელი დირექტორი, მმართველი და მთავარი ბუღალტერი განთავისუფლებულ იქნენ თანამდებობიდან. ----ს წინააღმდეგ კომპანიას შეტანილი ჰქონდა სასამართლოში სარჩელი კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა ამ უკანასკნელის გარდაცვალების გამო სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყდა. რაც შეეხება ძირითად არგუმენტებსა და მტკიცებულებებს, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს ინვენტარიზაციის საკითხს, რომლის ჩატარებისა და შედეგების გამოყვანისას დაშვებული იქნა არაერთი ტექნიკური თუ არსებითი შეცდომა, კერძოდ:
1) ინვენტარიზაციის აქტში არ არის გათვალისწინებული 39 253.58 ლარის ოდენობის საქონლის დანაკლისი, რომელსაც აღიარებდა საქონლის უსასყიდლო მიწოდებად და ბეგრავდა კანონის შესაბამისად დღგ-ით და მოგების გადასახადით.
2) 2020 წლის ივლისის თვეში შეძენილი პროდუქცია იყო დუბლირებული, რის გამოც მითითებულ თვეში ხელოვნურად 59496 ლარით გაიზარდა შეძენილი პროდუქციის ოდენობა. საბოლოო ჯამში, აღნიშნული ქმედების საფუძველზე მხოლოდ დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის ჯამურმა თანხამ ჯარიმისა და საურავის გარეშე 109532 ლარი შეადგინა. ივლისის თვის დუბლირებამ განაპირობა არარსებულ დანაკლისზე 4229,10 ლარის დღგ-ის და 6931 ლარის საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა, ჯამურად 11160 ლარი მხოლოდ გადასახადების თანხა;
3) კომპანიის მიერ იმპორტირებული ძალზედ სპეციფიკური პროდუქტი ვისკის კრემი, რომელიც შეძენილი ჰქონდა სულ რაღაც 14 ერთეული, ინვენტარიზაციის აქტის მიხედვით ფიქსირდება, როგორც 73 ერთეულის შეძენა და სხვაობა აღირიცხა დანაკლისში და მოცემული ვირტუალური დანაკლისის საფუძველზე დაერიცხა ჯარიმა 43978 ლარის ოდენობით;
4) ინვენტარიზაციის აქტში არ არის გათვალისწინებული არაერთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორიცაა მაგალითად 1479 კოდით აღრიცხული ხილი კომპოტისთვის - 622 კგ ხარჯვა, სადაც ინვენტარიზაციის აქტში ხარჯვის, 622 კგ ნაცვლად გათვალისწინებულია ნაშთი 46 კგ. ინვენტარიზაციის დროს არ მომხდარა თითოეული პროდუქტის ინდივიდუალური ანალიზი: მაგალითად ავოკადო შეიცავს 50% კურკას, გოგრა შეიცავს 27% გოგრის კანს, რომელთა ბრუტო წონიდან წარმოქმნილი დარიცხული გადასახადები ჩართულია ასევე აქტით დარიცხულ თანხებში.
ინვენტარიზაციის შედეგებში კანონით დადგენილი წესით რეალიზებული ქიშმიში, რომლის ელექტრონული ზედნადებიც იძებნებოდა შემოსავლების სამსახურის პორტალზე, აღრიცხული იყო დანაკლისში და ა.შ.
5) ინვენტარიზაციისას არ მოხდა ინდივიდუალურად შეკვეთილი ტორტების კალკულაციების გათვალისწინება, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ტორტის კალკულაცია დამატებითი მტკიცებულების სახით წარადგინეთ 2021 წლის 22 აპრილის №12197 ბრძანების შესაბამისად.
6) ინვენტარიზაციისას არ მოხდა პროდუქტების ბუნებრივი ნორმატიული დანაკარგების გათვალისწინება ტემპერატურის ცვლილებასთან მიმართებით.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სმფ-ების დანაკლისთან მიმართებაში საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელს უნდა ეხელმძღვანელა სმფ-ების დანაკლისის დაბეგვრის შესახებ №2611, №1728 და №1729 მეთოდური სახელმძღვანელოთი (ე.წ. მანუალით), ხოლო ინვენტარიზაციის დროს აღმოჩენილი დანაკლისის დაბეგვრის პერიოდის განსაზღვრა უნდა განხორციელებულიყო №1727 სახელმძღვანელოს შესაბამისად, რომლის თანახმადაც მოცემულ შემთხვევაში დანაკლისის დაბეგვრის პერიოდი განისაზღვრებოდა 2020 წლის სექტემბრით, ნაცვლად შემოწმებული 42 თვისა და უნდა დარიცხვოდა გამოვლენილი დანაკლისიდან 33334.32 ლარიდან დღგ და მოგების გადასახადი 6000 და 5882 ლარი, ასევე დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, უნდა დაჯარიმებულიყო საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
6 ამასთან, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული წესით უნდა შეფარდებოდა ჯარიმა 3333,43 ლარის ოდენობით. მასალის (ნედლეულის) დანაკარგის თაობაზე №1718 სიტუაციური სახელმძღვანელოს თანახმად, ვინაიდან წინა პერიოდებში ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურებით სამართალდარღვევა (პირველადი დოკუმენტის გარეშე რეალიზაცია – მოხმარება, ჩეკის ამოურტყმელობა, პირადი მოხმარებისათვის გამოყენება) გამოვლენილი არ ყოფილა, უნდა დაჯარიმებულიყო დანაკლისის საბაზრო ღირებულების 50%-ის ოდენობით (მასზე გაწეული ხარჯისა და დღგ-ის ჩათვლის გაუქმების გარეშე )- 19667 ლარით.
საბოლოო ჯამში, ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, იმ ყველა ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებისა და გადაანგარიშებისას დაშვებული შეცდომების გასწორების შედეგად ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დარიცხვოდა არაუმეტეს 19667 ლარისა. აღნიშნულის საპირისპიროდ, არასრულყოფილად ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების თანახმად, მიღებულ დანაკლისზე შემმოწმებელმა გაავრცელა 538%-იანი ფასნამატი და გადაანაწილა შემოწმებულ 42 თვიან პერიოდზე.
აღსანიშნავია, რომ საგადასახადო დოკუმენტაციაში არსადაა დასაბუთებული, თუ როგორ მოხდა ფასნამატის დაანგარიშება - ამასთან, კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კერძოდ, პურფუნთუშეულის, სხვადასხვა ტკბილეულის, მათ შორის ტორტებისა და მზა კერძების წარმოებარეალიზაციის სფეროში 538%-იანი ფასნამატი შეუსაბამოდ მაღალია და არ შეესაბამება რეალობას. 2020 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის 21-ე გვერდზე, დასკვნითი დებულებებისა და რეკომენდაციების ნაწილში მითითებულია, რომ საგადასახადო ვალდებულებების ანალიზი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, აუდიტორმა საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშებისას იხელმძღვანელა ან საგადსახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ან 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით), რაც წინააღმდეგობაში მოდის თავად ამ პუნქტების შინაარსთან.
ხაზგასმით სურს აღნიშნოს, რომ მოცემული პუნქტების საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა სრულიად დაუსაბუთებელია და ის ფაქტი, რომ 2021 წლის 22 აპრილის №12197 ბრძანებით მიღებული დავალების მიუხედავად, შემმოწმებელმა ვერ შეძლო საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მეთოდის გამოყენების დასაბუთება, სწორედაც რომ ამაზე მიუთითებს. ხაზი უნდა გაუსვას იმ გარემოებას, რომ ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების თანახმად კომპანიაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია კონკურენტებთან მიმართებაში. დღეისათვის დასაქმებული ჰყავს 100-ზე მეტი თანამშრომელი. ბოლო წლების საშუალო სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კომპანია ყოველთვიურად ბიუჯეტში საშუალოდ 100 000 ლარს იხდის, რაც ჯამში წლიურად ბიუჯეტში შეტანილ მილიონ ლარზე მეტ გადასახადს გულისხმობს. დღეისათვის კომპანიას არ გააჩნია უძრავი ქონება, ყველა ფილიალი და წარმოება ფუნქციონირებს იჯარით აღებულ ფართებში. ბანკების მიმართ გააჩნია დიდი მოცულობის საკრედიტო ვალდებულებები. იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანო არ შეცვლის მიდგომას კომპანიის მიმართ, არ გაიზიარებს სამართლიან და მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით მოყვანილ არგუმენტებს და არ გადახედავს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მეთოდს, ეს გამოიწვევს კომპანიის ლიკვიდაციას თანმდევი ნეგატიური შედეგებით, კერძოდ, უმუშევარი დარჩება 100-ზე მეტი დასაქმებული, რომელთა უკანაც ოჯახებია, მინიმუმ 400 ადამიანი, მოუსპობს კომპანიას გაფართოების პერსპექტივას, რაც შედის კომპანიის უახლოეს გეგმებში, ბიუჯეტი დაკარგავს გადასახადების კეთილსინდისიერ გადამხდელს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ბიუჯეტს ათობით მილიონობით ლარს დააკარგვინებს, ვერ მოხერხდება უახლოეს მომავალში დაგეგმილი ახალი ფილიალის გახსნა, რომელიც დამატებით 50 (ორმოცდაათ) სამუშაო ადგილს გააჩენს და გაზრდის ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადების ოდენობას.
აღნიშნულ საკითხებზე ყურადღების გამახვილებით არ ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას იმ გაუაზრებელ ქმედებებზე, რაც ---ს დირექტორობის პერიოდში იქნა ჩადენილი და მზად არის, კანონით განსაზღვრული წესით დადგენილი თანხა გადავიხადოთ ბიუჯეტში. ვერანაირად ვერ დაეთანხმება დადგენილი საგადასახადო, ისე სამართლებრივი კუთხით სრულიად დაუსაბუთებელ დარიცხვას, რომლის საფუძველზედაც ბიუჯეტის სასარგებლოდ მილიონ ლარამდე საგადასახადო ვალდებულება წარმოექმნა. მისი გაანგარიშებით ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 20 000 (ოცი ათასი) ლარს.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ შეისწავლა და არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და ისე გამოიტანა გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2020 წლის 30 დეკემბრის №006-883 საგადასახადო მოთხოვნა, 2020 წლის 30 დეკემბრის №39875 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, 2023 წლის 19 მაისის №006-199 საგადასახადო მოთხოვნა, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №11244 ბრძანება, 2023 წლის 7 ივლისის №16360 ბრძანება და განხორციელდეს ხელახალი გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26914 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანს, 15 დღის ვადაში დაევალა არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების წარდგენა აუდიტის დეპარტამენტში, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულების კორექტირება.
შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26914 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.02.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, შემდეგი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ, ახსნაგანმარტება საჩივარში მითითებულ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით რაც შემოწმების მიერ სრულად და დეტალურად იქნა შესწავლილი და რიგ შემთხვევაში გათვალისწინებული. ბუღალტრული ნაშთის ცხრილში ერთსა და იმავე საქონელს ეწერა სხვადასხვა დასახელებები და კოდები (1120, 1438, 1419, 1490, 1100 კოდები), რაც აორმაგებდა აღნიშნული სმფ-ების რაოდენობას. გადაანგარიშების ფარგლებში საჩივარში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით გასწორდა აღნიშნული ნედლეულების რაოდენობები. ამასთან, შემოწმების დროს, 2020 წლის ივლისის თვეში შეძენილი სმფ-ების გაორმაგებას/დუბლირებას ადგილი არ ჰქონია. ასევე, გადამხდელმა წარადგინა 2021 წლის 26 აგვისტოს შედგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა შეკვეთილი ტორტების ბისკვიტების (ე.წ. ---ს) შიგთავსის შემადგენელი პროდუქციის რაოდენობებთან დაკავშირებით (შემოწმების აქტი შედგენილია 29.12.2020 წელს). აღნიშნულის გათვალისწინება დასკვნის ფარგლებში არ მომხდარა, რადგან შემოწმების პროცესში გამოყენებულ იქნა გადამხდელის მიერ მოწოდებული კალკულაციები, რის მიხედვითაც განხორციელდა ნედლეულის ჩამოწერა და სმფ-ების ბუღალტრული ნაშთის სისწორის კონტროლი, ასევე საქონლის თვითღირებულების განსაზღვრა, ხოლო წარდგენილი ექსპერტიზით, ე.წ. ---ს ბისკვიტის დასამზადებელი ნედლეული გაზრდილია.
შემოწმების მიერ გამოყენებულ კალკულაციებთან შედარებით, რაც შესაბამისად იწვევს ჩამოსაწერი ნედლეულის, ნაშთის და წარმოებული პროდუქციის რაოდენობებისა და ღირებულებების ცვლილებას. გადაანგარიშების ფარგლებში არ შეცვლილა სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთში გამოვლენილი ნედლეულის დანაკლისის დაბეგვრის პრინციპი, კერძოდ: ინვენტარიზაციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის ნედლეულის სხვაობა-დანაკლისზე განხორციელდა წარმოების ფასნამატის მიყენება და დასაბეგრ ბრუნვაში დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად დაბეგვრა, როგორც მზა პროდუქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების ფარგლებში რიგი ტექნიკური საკითხების გათვალისწინებით დაკორექტირდა (შემცირდა) ნედლეულის, როგორც აღურიცხველი, ისე დანაკლისის ოდენობები, რამაც მოახდინა შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ცვლილება (შემცირება). ამასთან, დაკორექტირდა (შემცირდა) აღურიცხველი საქონლის ოდენობაც, რამაც გამოიწვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის შემცირება.
მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე განაცხადა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დაბეგვრის მიზნებისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, რაზეც აუდიტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არ გამოუყენებია არაპირდაპირი მეთოდი, რადგან მისი გამოყენების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან მომჩივანი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. ამასთან, გადასახადის გადამხდელი სადავოდ ხდის აუდიტის დეპარტამენტის 19.02.2024 წლის დასკვნით დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26914 ბრძანების შესაბამისად, მის მიერ წარდგენილი არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებელი მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევა არ მომხდარა, კერძოდ, 2020 წლის ივლისის თვეში უფიქსირდება 59 496,86 ლარის ღირებულების პროდუქციის შესყიდვა, ხოლო შემმოწმებელს თავის გაანგარიშებაში გაორმაგებული ციფრები აქვს დაფიქსირებული, რაზეც წარმოადგინა მტკიცებულებები, 2020 წლის ივლისის თვის დუბლირებული ნედლეულის რეესტრი და შესაბამისი მტკიცებულებები შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს 2020 წლის ივლისის თვის დუბლირებული ნედლეულის რეესტრი და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისაწვლოს მომჩივნის მეირ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
ასევე, მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ გადაანგარიშების ფარგლებში არ შეცვლილა სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთში გამოვლენილი ნედლეულის დანაკლისის დაბეგვრის პრინციპი, კერძოდ: ინვენტარიზაციით დადგენილ ფაქტობრივ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის ნედლეულის სხვაობაზე-დანაკლისზე განხორციელდა წარმოების ფასნამატის მიყენება და დასაბეგრ ბრუნვაში დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად დაიბეგრა, როგორც მზა პროდუქტის, მაშინ როდესაც, საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, ინვენტარიზაციის საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (ნედლეული) უნდა ჩაითვალოს მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს მომჩივნის ამ მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ ინვენტარიზაციით დადგენილ ფაქტობრივ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის (ნედლეული) სხვაობაზე-დანაკლისზე უნდა გავრცელდეს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით და დაიბეგროს შესაბამისი გადასახადებით. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიერ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყევტილება
ფაქტების აღწერა
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2020 წლის №39875 ბრძანება და №006-883 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.04.2021 წლის №12197 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 17.05.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 19.05.2023 წლის №11244 ბრძანება და №009-199 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.07.2023 წლის №16360 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭომ 8.09.2023 წლის №20411/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26914 ბრძანებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №006-199 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღსრულების საფუძველზე, განხორციელდა გადაანგარიშება და გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.02.2024 წლის დასკვნა, 27.02.2024 წლის №4219 ბრძანება და №006-58 საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26914 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 19.02.2024 წლის დასკვნა, 27.02.2024 წლის №4219 ბრძანება და №006-58 საგადასახადო მოთხოვნა, ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2020 წლის №006-883 საგადასახადო მოთხოვნა და 19.05.2023 წლის №006-199 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.04.2024 წლის №7354 ბრძანებით 27.02.2024 წლის №006-58 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, 30.12.2020 წლის №006-883 საგადასახადო მოთხოვნის და 19.05.2023 წლის №006-199 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლზე და საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „---ს” (ს/ნ ----) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 დეკემბრის №006-883 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2023 წლის 19 მაისის №006-199 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სადავო საკითხთან დაკავშირებით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 21 ივლისის №20370 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული 2020 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2020 წლის 30 დეკემბრის №39875 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-883 საგადასახადო მოთხოვნა მომჩივნის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში 2021 წლის 25 იანვარს. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 აპრილის №12197 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 17 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, მომჩივანს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 153 630 ლარით, მათ შორის გადასახადი 91 881 ლარით და ჯარიმა 61 749 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 19 მაისის №006- 199 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
წინამდებარე კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მომჩივნის მიერ 2023 წლის 25 მაისს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივლისის №16360 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივლისის №16360 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 18 სექტემბრის №20411/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივლისის №16360 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №26914 ბრძანებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №006-199 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, საჩივრის, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 3 აპრილის №7354 ბრძანება;
3. პირველ დავის საგანთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები (2020 წლის ივლისის თვეში დუბლირებული ნედლეულის რეესტრი და შესაბამისი მტკიცებულებები);
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
გ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, ინვენტარიზაციით დადგენილ ფაქტობრივ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის (ნედლეული) სხვაობაზე-დანაკლისზე გაავრცელოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით და მოახდინოს შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, მოახდინოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26914 ბრძანების აღსრულების შედეგები;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიერ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყევტილება.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის (2020 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით) შედეგების გამოყვანა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს. გადამხდელის საბუღალტრო პროგრამების ანალიზის მიხედვით დადგინდა კომპანიის ყოველი წლის საწყის/საბოლოო ნაშთები და ასევე ინვენტარიზაციის თარიღისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთები. კომპანიას ასევე აქვს ნახევარფაბრიკატები, რომელსაც ნაშთად ასახავს, როგორც ნედლეულს. ვინაიდან ინვენტარიზაციის ფაქტიურ ნაშთში იყო მსგავსი ნახევარ-ფაბრიკატები, შემოწმებით, კალკულაციების მიხედვით, განხორციელდა მათი ჩაშლა საჭირო რაოდენობის ნედლეულებამდე და საბოლოო შედეგი შეუდარდა ბუღალტრულ ნაშთს. ფაქტობრივი და ბუღალტრული ნაშთების შედარების შედეგად გამოვლინდა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობები, როგორც დანაკლისი.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პირველი სადავო საკითხის ნაწილში, ხოლო მეორე დავის საგნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისაწვლოს მომჩივნის მეირ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭო იზიარებს მომჩივნის მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ ინვენტარიზაციით დადგენილ ფაქტობრივ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის (ნედლეული) სხვაობაზე-დანაკლისზე უნდა გავრცელდეს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით და დაიბეგროს შესაბამისი გადასახადებით. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (9); 301 (ზ).