გადაწყვეტილება №26430/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26430/2/2026
13 თებერვალი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპ ------- (ს/ნ ------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 5.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26430/2/2026).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.11.2025 წლის №CB1825376 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 16.12.2025 წლის №27555 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 5 000 ლარი და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა
საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ------- რეგიონული სამმართველოს 27.10.2025 წლის №------- წერილის საფუძველზე, გადამოწმდა ავტომობილი (სახ. №-------) და დადგინდა, რომ ------- ახორციელებდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 2.15 მ3 მოცულობის წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის ფიცრის ტრანსპორტირებას. აღნიშნულ ფაქტზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.11.2025 წლის №CB1825376 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.12.2025 წლის №27555 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის 11 და 12 , „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
იმ ადგილიდან, სადაც დასაწყობებულია ხე-მასალა, რომლითაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხდება დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა, დაზარალებული პირი, ვისი სახლის გადახურვისთვისაც ხორციელდებოდა მასალის ტრანსპორტირება ცხოვრობს 2 კილომეტრის დაშორებით. კომპანიის მიერ ამ სერვისის განხორციელება მოხდა დაახლოებით 139 მაცხოვრებლისთვის და ამას ჰქონდა ფორსმაჟორული ხასიათი. ვინაიდან, დაზარალებულთა დახმარების პრიორიტეტი გაცილებით დიდია სხვა ფაქტორებთან მიმართებით და ამ კუთხით, რომ არ ყოფილიყო ხელშეშლა ამინდის და სხვა ტექნიკური პირობების გამო, მათ უწევდათ ძალიან დაძაბულ რეჟიმში მუშაობა. აღნიშნულ დღეს იყო ღრუბლიანი ამინდი, ამდენად, ორიენტირებული იყვნენ სწრაფ ქმედებაზე, რამაც შექმნა აღნიშნული მდგომარეობა. გადამხდელი აღნიშნავს, რომ დახმარების მომლოდინე მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილების გათვალისწინებით, ვერანაირად ვერ მოხდებოდა სასაქონლო ზედნადების წინასწარ გაწერა, რადგან შესაძლებელია გაუთვალისწინებელი ფაქტორების გამო ვერ განეხორციელებინათ მათთვის მასალის მიწოდება.
ყველა ეს გარემოება გასათვალისწინებელია, რადგან კომპანიის მიერ განხორციელებული ქმედება არ არის გამიზნული, მრავალჯერადი და მას არანაირი ზიანი არ მოჰყოლია. ხე-მასალის წარმოშობასთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი სახის პრეტენზია და ის კანონიერია. მიზნობრიობა, კი დადგენილია და არ იკვეთება არანაირი კომერციული ან ბიზნეს ინტერესები. ხე-მასალის დანიშნულების ადგილამდე მიტანით დამდგარი შედეგი გაცილებით დიდია, ვიდრე ის ფაქტი, რაზეც საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი.
ითხოვს შემოსავლების სამსახურის 16.12.2025 წლის №27555 ბრძანების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.
ამავე ინსტრუქციის 252 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ: ა) მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები.
დადგენილია, რომ მომჩივანს სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 2.15 მ3 მოცულობის წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის ფიცრის ტრანსპორტირების ფაქტზე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286- ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.
მომჩივანს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული ქმედება არ არის გამიზნული, მრავალჯერადი და მას არანაირი ზიანი არ მოჰყოლია. ხე-მასალის წარმოშობასთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი სახის პრეტენზია და ის კანონიერია. მიზნობრიობა, კი დადგენილია და არ იკვეთება არანაირი კომერციული ან ბიზნეს ინტერესები. ხე-მასალის დანიშნულების ადგილამდე მიტანით დამდგარი შედეგი გაცილებით დიდია, ვიდრე ის ფაქტი, რაზეც საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენეტის 13.01.2026 წლის №1557-21-12 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ------- რეგიონული სამმართველოს 27.10.2025 წლის №------- წერილის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ გადამოწმებული იქნა ------- (პ/ნ -------) მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „-------“ (სახ. №-------) და დადგინდა, რომ ავტომანქანის ძარაზე არსებული, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონელი (ხე-მასალა) ეკუთვნოდა მომჩივანს. რომლის ტრანსპორტირებაზე არ იყო გამოწერილი ხე-ტყის ელ.სასაქონლო ზედნადები. გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული, დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხემასალის (ფიცარი) მთლიანმა მოცულობამ შეადგინა 2,15 მ3 საბაზრო ღირებულებით 1 827,5 ლარი დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნულ ფაქტზე, სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი წიწვოვანი ჯიშის 2,15 მ3 დახერხილი ხე-მასალის სასაქონლო-ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებაზე, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, შედენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1825376, შეეფარდა სანქცია 5 000 ლარი და ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი დახერხილი ხე-მასალა. გადასახადის გადამხდელს 2025 წლის განმავლობაში შეძენილი აქვს 925,8 მ3 ხემასალა (ძელაკი, ფიცარი) და რეალიზებული აქვს -------, ------- სხვადასხვა არამეწარმე ფიზიკურ პირებზე 874,4 მ3 ხე-მასალა (ძელაკი, ფიცარი).
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი არ არის სადავო და შესაბამისად არ არსებობს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წერილის საფუძველზე, გადამოწმდა ავტომობილი და დადგინდა, რომ ------- ახორციელებდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის ფიცრის ტრანსპორტირებას. აღნიშნულ ფაქტზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი არ არის სადავო და შესაბამისად არ არსებობს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:286(12)