ბრძანება N 20878
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20878
24 სექტემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.:---) 2024 წლის 19 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №103) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ----) 2024 წლის 19 სექტემბრის №92033/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 აგვისტოს №002-173 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს. კერძოდ, გადაანგარიშებით კომპანიის პროგრამისტზე 4 865 ლარის ხელფასად განსაზღვრას და დაბეგვრას. მიუთითებს, რომ --- არ იყო კომპანიის დაქირავებული პირი და მასზე არასდროს გაუცია კომპანიას ხელფასი. ასევე, მხარეებს შორის არ არსებობს შრომითი ხელშეკრულება. დამატებით, მიუთითებს „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმებაზე და აცხადებს, რომ თუკი აუდიტის დეპარტამენტი მაინც ჩათვლის რომ გაცემულია ხელფასი, მაშინ იგი უნდა დაიბეგროს ესტონეთში და არა საქართველოში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 აპრილის №8985 ბრძანების საფუძველზე შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2024 წლის 17 მარტის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული განმარტების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 აპრილის №8985 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2024 წლის 21 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადამხდელს შეუმცირდა სულ 397 068 ლარი, მათ შორის გადასახადი 260 105 ლარი, ხოლო ჯარიმა 136 963 ლარი.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა ვირტუალური ზონის საწარმოს მიერ მიღებული გაუნაწილებელი მოგების განაწილების მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხი, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შპს „----ის“ საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება მოგების გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას, აუდიტის დეპარტამენტში არსებული მსგავსი ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი პირების შემთხვევაში აუდირებული სახელფასო განაცემის ოდენობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორის ხელფასად, ხოლო დარჩენილი განაწილებული მოგება კი დაკვალიფიცირდა დივიდენდად. განაწილებული დივიდენდი სრულად გათავისუფლდა მოგების გადასახადისაგან.
შემოწმების შედეგად მხედველობაში იქნა მიღებული შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 მეთოდური მითითება, რომლის შესაბამისად პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები შექმნილად ითვლება, თუ მისი შექმნა არსებითად ხორციელდება უშუალოდ დაქირავებულ(ებ)ის ან/და რეზიდენტი დამფუძნებლ(ებ)ის მიერ, მათ შორის, შესაძლებელია ვირტუალური ზონის პირი პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების შესაქმნელად ახორციელებდეს მომსახურების შეძენას. იმის გათვალისწინებით, რომ ვირტუალური ზონის პირს ყავს შესაბამისი პროფილური განხრით (პროგრამისტი) დასაქმებული დაქირავებული პირი, ფ/პ ----, ჩაითვლება რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომლის მიწოდებაც მოხდა ქვეყნის გარეთ არსებითად შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე.
შესაბამისად, მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათის მიზნებისათვის მიღებული წმინდა მოგების დამფუძნებელ პირზე განაწილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ" ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა მოგების გადასახადისაგან. დაქირავებული პროგრამისტის დარიცხული ხელფასი, გადაანგარიშების მსვლელობისას, განისაზღვრა 4 865 ლარით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული განმარტების შესაბამისად, სადავო საკითხის შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა და შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა სულ 397 068 ლარი, მათ შორის გადასახადი 260 105 ლარი, ხოლო ჯარიმა 136 963 ლარი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი მიუთითებს „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმებაზე და აცხადებს, რომ თუკი აუდიტის დეპარტამენტი მაინც ჩათვლის რომ გაცემულია ხელფასი, მაშინ იგი უნდა დაიბეგროს ესტონეთში და არა საქართველოში.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა ვირტუალური ზონის საწარმოს მიერ მიღებული გაუნაწილებელი მოგების განაწილების მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხი, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება მოგების გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას, აუდიტის დეპარტამენტში არსებული მსგავსი ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი პირების შემთხვევაში აუდირებული სახელფასო განაცემის ოდენობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორის ხელფასად, ხოლო დარჩენილი განაწილებული მოგება კი დაკვალიფიცირდა დივიდენდად. განაწილებული დივიდენდი სრულად გათავისუფლდა მოგების გადასახადისაგან.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 2 1.