გადაწყვეტილება №20427/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20427/2/2023
09 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ს“-ის 31.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20427/2/2023).
დავის საგანი:
1. შესყიდვის აქტებით დაფიქსირებული საქონლის შესყიდვის ხარჯის გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით და გამოვლენილი სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრა;
2. უპროცენტო სესხზე სარგებლის გაანგარიშების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2023 წლის №006-236 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.07.2023 წლის №17308 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 259 195,92 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 117 535
დღგ - 5 892
მოგების გადასახადი - 105 415
საშემოსავლო გადასახადი - 6 228
ჯარიმა - 84 363
საურავი - 57 297,92
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა სხვადასხვა დასახელების ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტზე გატანა.
აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 16.03.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2023 წლის №006-236 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.07.2023 წლის №17308 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შესყიდვის აქტებით დაფიქსირებული საქონლის შესყიდვის ხარჯის გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით და გამოვლენილი სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (მათ შორის შესყიდვის აქტების) და საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის მიხედვით ირკვევა, დოკუმენტებში დაფიქსირებული საქონლის მომწოდებელი პირების ნაწილი უარყოფს საქონლის რეალიზაციის ფაქტს (ან აცხადებს, რომ ახდენს მსგავსი საქონლის რეალიზაციას, მაგრამ შესყიდვის აქტში დაფიქსირებული საქონლის რაოდენობა და ღირებულება არ შეესაბამება რეალობას). შემოწმების პროცესში წარმოდგენილი პირველადი და ბუღალტრული დოკუმენტაციის მიხედვით დასტურდება ზემოთ აღნიშნულ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული საქონლის რეალიზაცია. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და იმ შესყიდვის აქტების მიხედვით, რომელზეც მომწოდებლად დაფიქსირებული პირები განმარტავენ, რომ დოკუმენტი არის ყალბი, ხარჯად აღიარდა იდენტური საქონლის შესყიდვის მინიმალური ფასის მიხედვით გაანგარიშებული ხარჯი, ხოლო აღნიშნულზე მეტი ოდენობა საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის აქტები არ შეესაბამებოდა რეალობას, რიგ შემთხვევაში გაყალბებულია შესყიდვის აქტის ინფორმაცია, საქონლის რაოდენობის, ღირებულების ან მომწოდებლის შესახებ.
ვინაიდან შემოწმებისათვის რეალიზებული საქონლის რაოდენობა იყო ცხადი, იმ შეძენების მიმართ, რომლებიც არ ასახავდა რეალურ მონაცემებს, გამოყენებულ იქნა საქონლის შეძენის მინიმალური ფასი, რომელიც აღებულ იქნა კომპანიის მიერ განხორციელებული უახლოესი პერიოდის იმ შეძენების მიხედვით, რომლებიც სადავო არ გამხდარა.
აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ხარჯად მართლზომიერად აღიარდა გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული უახლოესი პერიოდის იდენტური საქონლის შესყიდვის მინიმალური ფასის მიხედვით გაანგარიშებული ხარჯი, ხოლო აღნიშნულზე მეტი ოდენობა მართლზომიერად დაიბეგრა მოგების გადასახადით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა დააფიქსირა, რომ აუდიტის დეპარტემენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით სწორად არის გადასახადები გაანგარიშებული, შემოსავლების სამსახურ თუ აუდიტის დეპარტემენტის ინფორმაციას ეყრდნობა, მაშინ საჩივარი საერთოდ არ უნდა დაწერილიყო. აუდიტის მონაცემები, რომ დადგა ეჭვის ქვეშ და მისი მონაცემები, რომ არასწორია სწორედ ეს იყო გასაჩივრებული და შესაბამისად, სადავო საკითხის შესწავლა და გაანალიზება უნდა მომხდარიყო გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან ერთად. შემოსავლების სამსახურმა განიხილა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით ჯარიმის გაუქმების საკითხი და არ დააკმაყოფილა. აღნიშნული მუხლის გამოყენება მოთხოვნილი იყო მოგების გადასახადის ნაწილში, ვინაიდან პირველად საგადასახადო დოკუმენტში როდესაც ფიზიკური პირებიდან ხდებოდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენა (ძირითადად ხილი), ზოგიერთ შემთხვევაში პირადი ნომრები მექანიკური შეცდომით იყო არასწორად დაფიქსირებული, ხოლო პროდუქცია მთლიანად არის ექსპორტირებული და რაოდენობრივ ჭრილში შეცდომა არ ყოფილა, საგამოძიებო დეპარტამენტმა აღნიშნული შეცდომა მიიჩნია დოკუმენტების გაყალბებად, მაგრამ საქმის მოკვლევის შემდგომ საქმე აღარ გაგრძელებულა, ვინაიდან თავიდან ეჭვობდნენ უსაქონლო-ფიქტიურ ოპერაციებზე, აქედან გამომდინარე უნდა გაუქმდეს ჯარიმა.
ხარჯად აღიარდა იდენტური საქონლის შესყიდვის ფასი, მაგრამ მინიმალური შესყიდვის ფასი აღებული უნდა ყოფილიყო დროის იმ უახლოეს პერიოდში, როცა განხორციელდა ამ საქონლის რეალიზაცია, ხოლო საქონლის რეალიზაციის რაოდენობა და მისი გაყიდვის ფასი დადასტურებულია სარწმუნო დოკუმენტებით - ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია ან ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა, აუდიტის დეპარტამენტმა საქონლის მინიმალური ფასი აიღო ამ საქონლის შეძენის მთელ შესამოწმებელ პერიოდზე, რაც არასწორია. ხოლო ის ფასი, რომელიც დაფიქსირებული აქვს აუდიტის დეპარტამენტს არ არის შესაბამისობაში საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებთან. აქედან გამომდინარე, აღნიშნული დარღვევაზე დამატებით დარიცხული გადასახადი ექვემდებარება გადაანგარიშებას.
დამატებით დარიცხულ მოგების გადასახადზე საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა კომპანიას უნდა მოეხსნას ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
შემოწმების შედეგად, შემოწმების პროცესში წარდგენილი პირველადი და ბუღალტრული დოკუმენტაციის მიხედვით დასტურდება შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული საქონლის რეალიზაცია. წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (მათ შორის შესყიდვის აქტების) და საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის მიხედვით ირკვევა, დოკუმენტებში დაფიქსირებული საქონლის მომწოდებელი პირების ნაწილი უარყოფს საქონლის რეალიზაციის ფაქტს (ან აცხადებს, რომ ახდენს მსგავსი საქონლის რეალიზაციას, მაგრამ შესყიდვის აქტში დაფიქსირებული საქონლის რაოდენობა და ღირებულება არ შეესაბამება რეალობას).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან საქონლის შეძენის ხარჯის გაწევა დოკუმენტურად არ დასტურდება, მომჩივნის გაწეული ხარჯის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მოგების გადასახადის არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ჯარიმისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. უპროცენტო სესხზე სარგებლის გაანგარიშების მართლზომიერება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანია შემოსავლების მიღებას და ხარჯების გაწევას ახორციელებს, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით გაანგარიშდა კალენდარული თვეების მიხედვით კომპანიის სალაროს გონივრული ნაშთი (კალენდარული თვეების შესაბამისად გონივრულ ნაშთად ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მიერ კალენდარული თვის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული საკასო შემოსავლის 10%), ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად. შემოწმებით დადგენილი არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საგადასახადო კოდექსის 982 და 101-ე მუხლების თანახმად, პირს შესაბამისი თვეების მიხედვით დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით დადგენილი არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის ფორმულირება არასწორია იმის გამო, რომ დღეს 2023 წლის განმავლობაში სესხის პროცენტად 28.01.2011 წლის ბრძანებით დადგენილი 20%-ის გამოყენება არის გადასახადის გადამხდელის დაცინვა, ხსენებული ბრძანებიდან გასულია 12 წელზე მეტი და პროცენტის ოდენობა მუდმივად 20%-ია, რაც სრულიად უგულვებელყოფს საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებს. სწორედ აქედან გამომდინარე იყო მოთხოვნილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გამოყენება.
შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იყო, რომ შემოწმების აქტით დამატებით დარიცხულია ასევე საშემოსავლო გადასახადი, სესხად გაცემულ თანხებზე გაანგარიშებული წლიური 20%-იანი სარგებლიდან გამომდინარე, რაც ჩათვლილია ხელფასად და დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით, აღნიშნული ე.წ. დარღვევა მიუღებელია იმის გამო, რომ წლიური 20%-იანი სარგებელი არ შეესაბამება სესხის საბაზრო პროცენტებს, ხოლო საგადასახადო კოდექსი ასეთ შემთხვევაში განიხილავს მხოლოდ საბაზრო ფასებს - ე.ი. წლიური სარგებელი აღებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული სესხის საბაზრო პროცენტიდან და არა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის დრომოჭმული ბრძანებიდან. აქედან გამომდინარე აღნიშნულ დარღვევაზე დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება გადაანგარიშებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ სალაროს ნაშთი აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ კალენდარული თვის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის 10%-ის საკასო შემოსავლის 10%-ის ჯამს. შემოწმებით დადგენილი არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში (ნაწილი I) ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებაზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ შეფასებას საჭიროებს სადავო საკითხის განხილვისას მითითებული ბრძანების გათვალისწინების საკითხი, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 17.07.2023 წლის №17308 ბრძანება;
3. საჩივარი, მე-2 დავის საგნის ნაწილში (უპროცენტო სესხზე სარგებლის გაანგარიშების მართლზომიერება), ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. შესყიდვის აქტებით დაფიქსირებული საქონლის შესყიდვის ხარჯის გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით და გამოვლენილი სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრა;
2. უპროცენტო სესხზე სარგებლის გაანგარიშების მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
1. კომპანიის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (მათ შორის შესყიდვის აქტების) და საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის მიხედვით ირკვევა, დოკუმენტებში დაფიქსირებული საქონლის მომწოდებელი პირების ნაწილი უარყოფს საქონლის რეალიზაციის ფაქტს (ან აცხადებს, რომ ახდენს მსგავსი საქონლის რეალიზაციას, მაგრამ შესყიდვის აქტში დაფიქსირებული საქონლის რაოდენობა და ღირებულება არ შეესაბამება რეალობას). შემოწმების პროცესში წარმოდგენილი პირველადი და ბუღალტრული დოკუმენტაციის მიხედვით დასტურდება ზემოთ აღნიშნულ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული საქონლის რეალიზაცია. შემოწმებით ხარჯად აღიარდა იდენტური საქონლის შესყიდვის მინიმალური ფასის მიხედვით გაანგარიშებული ხარჯი, ხოლო აღნიშნულზე მეტი ოდენობა დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
2. კომპანია შემოსავლების მიღებას და ხარჯების გაწევას ახორციელებს, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით გაანგარიშდა კალენდარული თვეების მიხედვით კომპანიის სალაროს გონივრული ნაშთი (კალენდარული თვეების შესაბამისად გონივრულ ნაშთად ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მიერ კალენდარული თვის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული საკასო შემოსავლის 10%), ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად. შემოწმებით დადგენილი არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. პირს შესაბამისი თვეების მიხედვით დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და პირველ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საჩივარი, მე-2 დავის საგნის ნაწილში (უპროცენტო სესხზე სარგებლის გაანგარიშების მართლზომიერება), ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(1)(3), 105(2), 73(5"ა")(9"ა""ბ"), 97(1"ბ"), 982(1"ა")(3"ზ"), 269(7), 101(1)(2"ბ"), 154(1"ა").