გადაწყვეტილება №18436/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.02.2023
№ დოკუმენტი 18436/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18436/2/2022

9.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (პ/ნ -----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------------ის 8.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18436/2/2022).

 

დავის საგანი:

1. კომერციული ფართის იჯარის შედეგად მიღებული წლიური შემოსავლის დეკლარირების სისწორე;

2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2022 წლის №001-132 საგადასახადო მოთხოვნა;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 20.07.2022 წლის №001-18934 გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინება;

3. შემოსავლების სამსახურის 22.11.2022 წლის №29186 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 17 100 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 11 400

ჯარიმა - 5 700

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2022 წლის №001- 132 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.11.2022 წლის №29186 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2022 წლის №001-132 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან;

- ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განეხორციელებინა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 22.11.2022 წლის №29186 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. კომერციული ფართის იჯარის შედეგად მიღებული წლიური შემოსავლის დეკლარირების სისწორე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს 2020 წლის საანგარიშო პერიოდის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში გრაფა №42-ში „გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას" დეკლარირებული აქვს 11 400 ლარის ოდენობით ჩათვლა. გადამხდელის განმარტებით, მოხდა ტექნიკური ხარვეზი და არასწორად აქვს 2020 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დაზუსტებულ დეკლარაციაში გრაფა №42-ში 11 400 ლარით გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შემცირებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოხდა ჩათვლილი საშემოსავლო გადასახადის კორექტირება/შემცირება. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

19.03.2022 წელს --------------ემ შეავსო ფიზიკური პირის - -----------ის 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია (დაზუსტებული), ქ. ---------ში ------- №--ში მდებარე კომერციული ფართის 2020 წელს იჯარით გაცემის შედეგად მიღებული წლიური შემოსავლის საფუძველზე. დეკლარაციის შევსებისას მე-15 გრაფაში ჩაწერა წლის განმავლობაში საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული წლიური იჯარის თანხის ოდენობა (იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულია შპს „----------“-თან (ს/ნ --------) (ხელშ. 1.11.2020), ვინაიდან და რადგანაც საგადასახადო კოდექსის ფართის იჯარით გაცემის შედეგად საშემოსავლო გადასახადის ვალდებულება ეკისრება მოიჯარეს, მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ უკვე გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ოდენობა უნდა ჩაეწერა 42-ე გრაფაში ( გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას), აღნიშნული ქმედებით საშემოსავლო გადასახადი ზედმეტობით აისახა გადამხდელის ბარათზე. ბარათზე ასახული ზედმეტობის შესახებ არც მან და არც --------------მა არაფერი იცოდა, სანამ შემოსავლების სამსახურიდან არ განხორციელდა ზარი კამერალური შემოწმების თაობაზე. ბარათზე ასახული თანხაც არ ყოფილა ------------ის მიერ გამოყენებული. უფრო მეტიც, ის რომ შეცდომას ჰქონდა ადგილი, ადასტურებს ასევე ის გარემოება, რომ დეკლარაციის 45-ე გრაფაშიც იგივე თანხა - 11 400 ლარი მიუთითა და შესაბამისად ივარაუდა, რომ სალდირებულად უნდა ასახულიყო ნული.

დეკლარაციის შევსების დროს დაშვებული შეცდომა განპირობებულია არაპროფესიონალიზმით. მომჩივანი არ ეთანხმება ძირითადი გადასახადის დარიცხვას, ვინაიდან გადასახადის დაკავებას წყაროსთან ახორციელებს დამქირავებელი, თანახმად საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლისა და იხდის მას სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც კამერალური შემოწმების დროს შესწავლილი არ ყოფილა. შემოწმებას არ მოუთხოვია იჯარის ხელშეკრულება და საშემოსავლოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული სარგებელი დაბეგრილია და გადახდილი, რაც ასევე უნდა ჩანდეს დამქირავებლის დეკლარაციებში. გადასახადის დარიცხვით გამოდის, რომ ადგილი აქვს ორმაგ დაბეგვრას, რაც კანონსაწინააღმდეგოა. შესაბამისად, საგადასახადო მოთხოვნა ბათილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის 42-ე უჯრაში შეიტანება საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა, ან სხვა შემთხვევაში ამ პირის მიერ ბიუჯეტში გადახდილია საშემოსავლო გადასახადის თანხა, თუ დეკლარაცია ივსება საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4, ასევე 132-ე მუხლის მე-3 და 134-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, გადასახადის გადაანგარიშების ან დაბრუნების მოთხოვნით. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ დეკლარაციის 42-ე უჯრაში აისახება გადახდის წყაროსთან დაკავებული ის გადასახადები, რომელზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს 2020 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დაზუსტებულ დეკლარაციაში არასწორად აქვს გრაფა №42-ში 11 400 ლარის ოდენობით გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შემცირებული.

საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მართლზომიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილი საშემოსავლო გადასახადის შემცირება. ამდენად, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ფ/პ ----------ს (პ/ნ ---------) 20.07.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა არაღიარებული საგადასახადო დავალიანება 17 100 ლარი, ხოლო ზედმეტობა 11 924,13 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, 20.07.2022 წლის №001-18934 შეტყობინების საფუძველზე, გადამხდელის მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, 238- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 238-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 20.07.2022 წლის №001-18934 შეტყობინების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, დაევალოს შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს, მე-2 სადავო საკითხის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ამ ნაწილში არგუმენტებს არ წარმოადგენს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიიჩნია, შემოსავლების სამსახურის 22.11.2022 წლის №29186 ბრძანება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 20.07.2022 წლის №001-18934 შეტყობინების ნაწილში კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. კომერციული ფართის იჯარის შედეგად მიღებული წლიური შემოსავლის დეკლარირების სისწორე;

2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს 2020 წლის საანგარიშო პერიოდის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში გრაფა №42-ში „გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას" დეკლარირებული აქვს 11 400 ლარის ოდენობით ჩათვლა. გადამხდელის განმარტებით, მოხდა ტექნიკური ხარვეზი და არასწორად აქვს 2020 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დაზუსტებულ დეკლარაციაში გრაფა №42-ში 11 400 ლარით გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შემცირებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოხდა ჩათვლილი საშემოსავლო გადასახადის კორექტირება/შემცირება. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ფ/პ -ს 20.07.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა არაღიარებული საგადასახადო დავალიანება . აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, 20.07.2022 წლის შეტყობინების საფუძველზე, გადამხდელის მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მართლზომიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილი საშემოსავლო გადასახადის შემცირება. ამდენად, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

2.სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიიჩნია, შემოსავლების სამსახურის ბრძანება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის შეტყობინების ნაწილში კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 154; 238; 239; 275

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია