გადაწყვეტილება №18334/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.02.2023
№ დოკუმენტი 18334/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№18334/2/2022

10.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 10.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 1.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18334/2/2022).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ივნისის №17123 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 აგვისტოს №021-80 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 ნოემბრის №28155 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 147 597 ლარი.

გადასახადი - 81 531

დღგ - 11 074

მოგების გადასახადი - 28 701

საშემოსავლო გადასახადი - 41 756

ჯარიმა - 48 045

საურავი - 18 021

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 25 მაისის №15837 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 აპრილის №9156 ბრძანება და 12 აპრილის №021-35 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 143 455 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 9 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 30 ივნისის №17123 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ივნისის №17123 ბრძანება 15.07.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 21.10.2022 წლის №17169/2/2022 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ივნისის №17123 ბრძანების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.07.2022 წლის დასკვნა, 8.08.2022 წლის №21171 ბრძანება და №021-80 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხები.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 26 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 10 ნოემბრის №28155 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია მისი არგუმენტაციის შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც გახდებოდა აქტით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საფუძველი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შპს „----------“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულია 2019 წლის 22 აგვისტოს სახელწოდებით შპს „----------“. საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელის სარეგისტრაციო მონაცემებში სახელწოდების ცვლილება განხორციელდა 2020 წლის 10 ივლისს და საწარმოს სახელწოდებად განისაზღვრა შპს „----------“. 2022 წლის 1 აგვისტოს გადამხდელის მიერ წარდგენილ 2020 წლის 10 ივლისამდე დათარიღებულ ქვითრებზე გადამხდელად მითითებულია შპს „----------“ და არა შპს „----------“.

ამასთან, წარდგენილ გადახდის დამადასტურებელ ქვითრებზე თანხა მიღებულია აშშ დოლარში და თურქულ ლირაში. ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება თანხის გადახდა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, ხოლო კონვერტაციის დოკუმენტი არ არის წარდგენილი. არ ხდება თანხის მიმღები ფიზიკური პირის იდენტიფიცირება, გაურკვეველია ასევე თუ სად მოხდა თანხის გადაცემა (საქართველოს ტერიტორიაზე თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ).

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმომ წარადგინა არარეზიდენტზე გადახდილი დავალიანების ჯამური ქვითრები თურქულ ენაზე, რომლებიც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს. მომჩივანიც თვლის, რომ ჯამური გადახდის ქვითრებით ვერ მოხდება სწორი შეფასება, ამიტომ გადასახადის გადამხდელმა მიმართა არარეზიდენტ საწარმოებს, რათა მოახდინოს სრულყოფილი გადახდის ქვითრების წარმოდგენა, რომლებიც მომჩივნის მიერ იქნება კიდევ ერთხელ თარგმნილი და ნოტარიულად დადასტურებული. სჭირდებათ დრო, რათა წარმოადგინონ დოკუმენტები.

რაც შეეხება კომაპნიის იურიდიულ სახელწოდებას, თავდაპირველად იყო შპს „----------“ და შემდგომ შეიცვალა იურიდიული სახელწოდება და გახდა შპს „----------“, თუმცა საიდენტიფიკაციო ნომერი არ შეცვლილა. აქედან გამომდინარე, შპს „----------“ არის შპს „----------“ და ქვითრებზე სახელის ცვლილება არ წარმოადგენს რაიმე სახის დარღვევას. შპს „ოცნების“ დავალიანებები გაისტუმრა შპს „დონა-დონიმ“.

რაც შეეხება კონვერტაციის საბუთებს, ეს საბუთები დაკარგულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონვერტაცია არ განხორციელებულა. მომჩივანი ეცდება მოიძიოს და წარმოადგინოს კონვერტაციის საბუთები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ივნისის №17123 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ივნისის №17123 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები. კერძოდ, წარდგენილი იყო მხოლოდ არარეზიდენტი საწარმოების მიერ (5 საწარმო) გაცემული თურქულ ენაზე შედგენილი საბუთი, რომელიც არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს. სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი. ვინაიდან მომჩივანმა ნოტარიულად დადასტურებული მტკიცებულებები ან სხვა სარწმუნო ინფორმაცია ვერ წარადგინა, სათანადო საფუძვლის არ არსებობის გამო, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება/შემცირება არ განხორციელდა.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, საწარმოს სახელწოდება შპს „----------“ განისაზღვრა 2020 წლის 10 ივლისიდან. 2022 წლის 1 აგვისტოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ 2020 წლის 10 ივლისამდე დათარიღებულ ქვითრებზე გადამხდელი ფირმა მითითებულია შპს „----------“ და არა შპს „----------“.

ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეიძლება გამხდარიყო დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი, თუმცა ჰქონდა საკმარისი დრო მტკიცებულებების მოსაპოვებლად/წარმოსადგენად.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.