გადაწვეტილება №20394/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20394/2/2023
27 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ამხანაგობა "------" (ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ამხანაგობა "------"-ს 27.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20394/2/2023).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2023 წლის №002-84 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16842 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 183 251 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 75 371
მოგების გადასახადი - (- 57 778)
საშემოსავლო გადასახადი - 133 149
ჯარიმა - 66 575
საურავი - 41 305
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საგზაო სამუშაოები, ტენდერებში მონაწილეობის გზით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2022 წლის №12801 ბრძანებით განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.04.2020- 19.05.2022 წლების საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილია 22.05.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, საიდანაც ირკვევა შემდეგი:
- გადასახადის გადამხდელთან, 07.11.2018-01.04.2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილ აქტში აღნიშნულია შემდეგი საკითხი: „შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოდან ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულია თანხები, რომლებიც თვეების განმავლობაში ფიქსირდება 1430 ანგარიშის დებეტურ ნაშთად“. აღნიშნული საგადასახადო შემოწმებით არაგონივრული ნაშთი, 327 409 ლარის ოდენობით, განხილულია ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით და ასევე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი (სარგებელი). გადასახადის გადამხდელის მიერ მიმდინარე შემოწმებისთვის წარდგენილი სააღრიცხვო მონაცემებით საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების საწყისი ნაშთი აღარ ფიქსირდება, შესაბამისად არ ფიქსირდება აღნიშნული თანხების გამოყენება საწარმოს საქმიანობაში. ამასთან, წინა საგადასახადო შემოწმებისთვის წარდგენილი სააღრიცხვო მონაცემებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (1.04.2020 წლის მდგომარეობით) ნაშთი შეადგენდა 505 821 ლარს. გადასახადის გადამხდელი წარდგენილი ახსნა-განმარტებით ითხოვს აღნიშნული ნაშთის (505821 ლარის) ხელფასად განხილვას. მათ შორის წინა საგადასახადო შემოწმებით სესხად განხილული თანხის (327 409 ლარის) დაბრუნებულად ჩათვლას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის და 982 მუხლის მე-8 ნაწილის გათვალისწინებით წინა საგადასახადო შემოწმებით სესხად განხილული თანხა (327 409 ლარი) ჩაითვალა დაბრუნებულად და განხილულია დირექტორზე გაცემულ ხელფასად. დამატებით გამოვლენილი არაგონივრული ნაშთის ოდენობა დაექვემდებარა ხელფასად განხილვას. განხორციელდა წინა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა. შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ხოლო მოგების გადასახადი შემცირდა. ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
- საწარმოს სააღრიცხვო მონაცემების, საბანკო ამონაწერების, სატენდერო დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად ჩატარდა გადასახადის გადამხდელის ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. შედეგად გამოვლინდა 26 778 ლარის ოდენობის საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთი. საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების შესაბამისად 26 778 ლარი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 25.05.2023 წლის №11643 ბრძანება და ამავე თარიღის №002-84 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 23.06.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16842 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილით და განმარტა, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განცხადებით, საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს გზების და ავტობანების მშენებლობა. იგი გარკვეულ შემთხვევებში იღებს მონაწილეობას სახელმწიფო ტენდერებში და უზრუნველყოფს მათ ფარგლებში სამუშაოების შესრულებას, ცალკეულ შემთხვევებში კი წარმოადგენს ქვეკონტრაქტორს იმ კომპანიებისთვის, რომელთანაც მოგებული აქვთ სახელმწიფო ტენდერები ანუ საწარმო რიგ შემთხვევაში სამუშაოებს ასრულებს ქვეკონტრაქტორების მეშვეობით, სადაც საწარმო წარმოადგენს ერთგვარ შუამავალ რგოლს დამკვეთსა და სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებს შორის. ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს სანქცია/საურავებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილის მიხედვით:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივნი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს სანქცია/საურავებისგან.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის და 982 მუხლის მე-8 ნაწილის გათვალისწინებით წინა საგადასახადო შემოწმებით სესხად განხილული თანხა ჩაითვალა დაბრუნებულად და განხილულია დირექტორზე გაცემულ ხელფასად. დამატებით გამოვლენილი არაგონივრული ნაშთის ოდენობა დაექვემდებარა ხელფასად განხილვას. განხორციელდა წინა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა. შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ხოლო მოგების გადასახადი შემცირდა. ასევე დაეკისრა ჯარიმა.
- საწარმოს სააღრიცხვო მონაცემების, საბანკო ამონაწერების, სატენდერო დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად ჩატარდა გადასახადის გადამხდელის ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. შედეგად გამოვლინდა საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთი. აღნიშნული დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
101,982,269(7),270,272,275.