გადაწყვეტილება №27817/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27817/2/2026
10 სექტემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 20.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27817/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 იანვრის №793 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2026 წლის №249-12 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.06.2026 წლის №14436 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 49 42,02 ლარი.
მათ შორის: დღგ - 21 273,29
ჯარიმა - 21 067,82
საურავი - 7 083,91
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა პოლიესტერის ქსოვილებით და ერთსაწოლიანი და ორსაწოლიანი თეთრეულის კომპლექტით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელი საქონლის იმპორტს ახორციელებს ჩინეთიდან. გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 24 ოქტომბერს. საქმიანობის ადგილია ---ს ქუჩა (---ს ბაზრობის ტერიტორია, ე.წ. ჩინელების ბაზარი).
აუდიტის დეპარტამენტის 11.11.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 24.10.2023 წლიდან 1.07.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი საბუღალტრო აღრიცხვას ახორციელებს პროგრამა „ინფო“-ში. აღნიშნული პროგრამა შეიცავს ისეთი სახის ხარვეზებს, რომ ვერ იქნა გამოყენებული დაბეგვრის ობიექტის დასადგენად. შემოწმების პროცესში დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები (მ.შ. ბანკის ამონაწერების), საარქივო სამმართველოდან მიღებული საბაჟო დოკუმენტაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის №14147 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურის შედეგად ფაქტობრივად აღირიცხა 996 854 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი (თვითღირებულებით - 635 385 ლარი (საშუალო ფასნამატი 33%)).
დანართი №16-ში მითითებული საქონლის ერთეულის სარეალიზაციო ფასები შედარებულ იქნა ინვენტარიზაციის თარიღიდან უახლოეს იმპორტის სასაქონლო ოპერაციამდე პერიოდში დოკუმენტურად რეალიზებულ იმავე დასახელების საქონლის ერთეულის ღირებულებებთან. უმრავლეს შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს საქონელი რეალიზებული აქვს დანართ №16-ში მითითებული საბაზრო ფასებისგან განსხვავებულ ფასებში. აღნიშნულიდან გამომდინარე ინვენტარიზაციის შედეგები გამოყენებულ იქნა მხოლოდ ფაქტიური ნაშთის დადგენის ნაწილში. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ასევე მოთხოვნილ იქნა გადასახადის გადამხდელთან საკონტროლო შესყიდვისა და სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურების ჩატარება, თუმცა მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ვერ ჩატარდა აღნიშნული პროცედურები, ვინაიდან ობიექტი დახვდათ დაკეტილი. გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატია 19%.
შემოწმების პროცესში დეტალურად შესწავლილ იქნა საქონლის შეძენის ინვოისები. ინვოისების მიხედვით გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს ერთი და იგივე დასახელების საქონელი, რომელსაც არ გააჩნია მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. აღნიშნულის გამო შეუძლებელია დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულების დადგენა და შესაბამისად დოკუმენტური ფასნამატის გარკვევა. ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №10-ის („პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითება") შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გამოყენებულ იქნა იმ აუდირებული კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი (45%), რომელიც საქმიანობს იმავე ტერიტორიაზე და იმავე ქვეყნიდან ახორციელებს მსგავსი/იდენტური საქონლის იმპორტს.
აუდირებული კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა, სამი ჯგუფისთვის გაანგარიშებულ რეალიზებულ პროდუქციის თვითღირებულებაზე და დადგენილი დასაბეგრი ბრუნვა გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.
შემოწმების შედეგად, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ იქნა გადასახადის გადამხდელთან საკონტროლო შესყიდვისა და სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურების ჩატარება, თუმცა მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ვერ ჩატარდა აღნიშნული პროცედურები, ვინაიდან ობიექტი იყო დაკეტილი. ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №9-ის (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითება) შესაბამისად საკასო შემოსავლად ჩაითვალა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავლის გათვალისწინებით დადგინდა სალაროში არსებული ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი - 56 153 ლარის ოდენობით, რომელიც დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ ხელფასად.
შემოწმების აქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2025 წლის №249-41 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 იანვრის №793 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული ფასნამატის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ფასნამატთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული), ასევე შეისწავლოს დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად შეისწავლოს დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალში განხორციელებული შენატანები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 იანვრის №793 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 14 მაისის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები, სულ 45 739 ლარით, მათ შორის, გადასახადი 28 235 ლარი, ჯარიმა 17 504 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 19 მაისის №249-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 17.06.2026 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 30.06.2026 წლის №14436 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე, გადაანგარიშების შედეგებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივნის პოზიცია სრულად დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების თაობაზე, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით გადასახადის გადამხდელი ახორციელებს საბითუმო და საცალო რეალიზაციებს, შესაბამისად, დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა მხოლოდ საბითუმო რეალიზაციაზე, ხოლო საცალო რეალიზაციაზე დარჩა აუდირებული ფასნამატი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქსოვილით ვაჭრობა. აღნიშნული საქმიანობა ისედაც მოიაზრება როგორც საბითუმო ვაჭრობა, რადგანაც იქ არ ხდება ქსოვილის თითოეული მეტრობით რეალიზაცია, ხდება რულონებით რეალიზაცია და რულონი არის 60-65 მეტრი. როგორ შეიძლება ჩაითვალოს სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული ერთი რულონი საბითუმოდ და ზედნადების გარეშე რეალიზებული ერთი რულონი საცალო რეალიზაციად და მასზე გავრცელდეს სხვა აუდირებული მეწარმის ფასნამატი, (ჩეკებით რეალიზებულ საქონელზე არარეალურია 45% ფასნამატის გავრცელება, როცა სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული საქონლის ფასნამატი შეადგენს 20%), როცა გააჩნია დოკუმენტური ფასნამატი და მათი სასაქონლო ზედნადების ფასნამატი არ იქნა გათვალისწინებული ჩეკებით რეალიზებულ საქონელზე. აუდიტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს ზედნადებით რეალიზებული საქონლის ფასნამატი არ შეიძლება ჰქონდეს ზედნადების გარეშე რეალიზებულ საქონელს (სხვა ორგანიზაციის ფასნამატის გავრცელება ზედნადების გარეშე რეალიზებულ საქონელზე ამას მეტყველებს), არა და თავდაპირველ შემოწმების აქტში ზედნადებით და ზედნადების გარეშე რეალიზებულ საქონელზე ერთიდაიგივე ფასნამატი გაავრცელა.
აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერა ინვენტარიზაცია და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების მიერ, აღწერის მომენტში საქონლის გასაყიდი ფასები ემთხვევა მათ სარეალიზაციო ფასებს. აღნიშნული გარემოების პასუხად აუდიტის სამსახურისაგან მიიღეს, პასუხი რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერა ატარებდა მხოლოდ საქონლის ნაშთის ფაქტობრივ გამოვლენას და ამისათვის არ იქნა გათვალისწინებული გასაყიდ საქონელზე გამოცხადებული სარეალიზაციო ფასი სარწმუნოდ.
მომჩივნის კანონიერი მოთხოვნაა სასაქონლო ზედნადებით დადასტურებული ფასნამატი გავრცელებული იქნას ჩეკებით რეალიზებულ საქონელზე. ცნობისათვის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზაციიდან შემოსავალი უფიქსირდება 1806385 ლარი, საიდანაც 339043 ლარი რეალიზებულია სასაქონლო ზედნადებით, ხოლო 1467342 ლარი ზედნადების გარეშე რეალიზებულია ჩეკებით. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადის შემცირებას სრულად, ის იმთავითვე არასწორად ჰქონდა დარიცხული აუდიტორს, რადგანაც შპს ,,---“ ახალი რეგისტრირებული საზოგადოებაა და დამფუძნებლის შემონატანით აქვს შეძენილი საქონელი, ნავაჭრი თანხებიდან ჯერ გადაიხდება საბიუჯეტო გადასახადები და ნაშთად არსებული თანხებიდან ხდება დამფუძნებლის შემოტანილი თანხის განაღდება. დანართის სახით გზავნის გაანგარიშებულ ფასნამატის ცხრილს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიღო არა ობიექტური გადაწყვეტილება. მათ მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხების ხელახალი შესწავლა, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით და სადავო მოთხოვნით დარიცხული თანხების კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 იანვრის №793 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული ფასნამატის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ფასნამატთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული), ასევე შეისწავლოს დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;
3) მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად შეისწავლოს დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალში განხორციელებული შენატანები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 იანვრის №793 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 14 მაისის დასკვნა, სადაც მითითებულია შემდეგი: შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილები და საბუღალტრო პროგრამა. პროგრამაში აღრიცხულია მხოლოდ საქონლის მიღება. მიღებულ საქონელზე მინიჭებული სასაქონლო კოდებით და ელექტრონულ ზედნადებებში მითითებული საქონლის კოდებით დაიდენტიფიცირდა დოკუმენტური რეალიზაციები და შესაბამისად დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი საქონლის სამი ჯგუფისთვის. აღნიშნულის საფუძველზე დადგინდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. გადასახადის გადამხდელი დოკუმენტურად ახდენს მსხვილი საქონლის პარტიების რეალიზაციას, რის გამოც საცალოდ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე არ იქნა გამოყენებული დოკუმენტური ფასნამატი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადაანგარიშების საფუძველზე საცალოდ რეალიზებულ საქონელზე დატოვებულ იქნა შემოწმების აქტის შედგენისას გამოყენებული აუდირებული ფასნამატი.
გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშების საფუძველზე ნაწილობრივ შეუმცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დღგ-ის თანხა და შესაბამისი ჯარიმა. დღგ-ის ბრუნვის შემცირებამ ასევე გავლენა იქონია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაზეც. აღნიშნულიდან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადში აქტით დარიცხული ძირითადი თანხა და შესაბამისი ჯარიმა შემცირდა სრულად. გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები, სულ 45 739 ლარით, მათ შორის, გადასახადი 28 235 ლარი, ჯარიმა 17 504 ლარი.
მომჩივანს არამართლზომიერად მიაჩნია სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული ერთი რულონის საბითუმოდ რეალიზებულად ჩათვლა, ხოლო ზედნადების გარეშე რეალიზებული ერთი რულონის საცალო რეალიზაციად და მასზე სხვა აუდირებული მეწარმის ფასნამატის გავრცელება. ასევე არარეალურად მიაჩნია ჩეკებით რეალიზებულ საქონელზე 45% ფასნამატის გავრცელება, როცა სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული საქონლის ფასნამატი შეადგენს 20%, გააჩნია დოკუმენტური ფასნამატი და მათი სასაქონლო ზედნადების ფასნამატი არ იქნა გათვალისწინებული ჩეკებით რეალიზებულ საქონელზე. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების აღწერა ინვენტარიზაცია და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების მიერ, აღწერის მომენტში საქონლის გასაყიდი ფასები ემთხვევა მათ სარეალიზაციო ფასებს. მომჩივანი მოითხოვს სასაქონლო ზედნადებით დადასტურებული ფასნამატის გავრცელებას ჩეკებით რეალიზებულ საქონელზე.
„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 10) „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ფასნამატები გამოიყენება შემდეგი რიგითობით:
ა) პირველი - „დოკუმენტური ფასნამატი“; ბ) მეორე - „მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“; გ) მესამე - „სხვა შემოწმების ფასნამატი“; დ) მეოთხე - „მესამე პირების ფასნამატი“; ე) მეხუთე - „სხვა ფასნამატი“.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ყოველი მომდევნო ფასნამატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა ფასნამატის თაობაზე არ მოიპოვება სათანადო ინფორმაცია ან/და ვერ კმაყოფილდება შესაბამისი ფასნამატის დადგენილად მიჩნევის პირობა.
ამასთან: ა) თუ კონკრეტულ წელზე და ჯგუფზე ვერ დგინდება დოკუმენტური ფასნამატი, გამოიყენება ამავე სახეობის ჯგუფზე დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველი წლის უახლოესი სამი წლიდან ერთ-ერთ უახლოეს წელს;
ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დოკუმენტური ფასნამატი დადგინდა, როგორც განსახილველი წლის წინა წელს, ისე მის მომდევნო წელს, გამოიყენება ამ მომიჯნავე წლების ფასნამატების საშუალო მონაცემი, რომელიც გამოითვლება ამ მეთოდური მითითების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) თუ ვერ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი და ვერც მისი გამოყენების პირობები დაკმაყოფილდა, შესაბამის ჯგუფზე გამოიყენება მიმდინარე კონტროლის ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველ ჯგუფზე, განსახილველ წელს, ხოლო, თუ კონკრეტულ წელზე და ჯგუფზე ვერ დგინდება მიმდინარე კონტროლის ფასნამატი, გამოიყენება ამავე სახეობის ჯგუფზე დადგენილი მიმდინარე კონტროლის ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველი წლის უახლოესი სამი წლიდან ერთ-ერთ უახლოეს წელს;
დ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიმდინარე კონტროლის ფასნამატი დადგინდა განსახილველი წლის ორ მომიჯნავე წელს, გამოიყენება ამ ფასნამატების საშუალო მონაცემი, რომელიც გამოითვლება ამ მეთოდური მითითების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ე) თუ ვერ დადგინდა დოკუმენტური და მიმდინარე კონტროლის ფასნამატები და ვერც მათი გამოყენების პირობები დაკმაყოფილდა, შესაბამის ჯგუფზე გამოიყენება „სხვა შემოწმების ფასნამატი“, რომელიც დადგინდა განსახილველ წელს და განსახილველ ჯგუფზე;
ვ) თუ ვერ დადგინდა დოკუმენტური, მიმდინარე კონტროლის და სხვა შემოწმების ფასნამატები და ვერც მათი გამოყენების პირობები დაკმაყოფილდა, შესაბამის ჯგუფზე გამოიყენება მესამე პირების ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველ წელს და განსახილველ ჯგუფზე;
ზ) თუ ვერ დადგინდა დოკუმენტური, მიმდინარე კონტროლის, სხვა შემოწმების და მესამე პირების ფასნამატები და ვერც მათი გამოყენების პირობები დაკმაყოფილდა, შესაბამის ჯგუფზე გამოიყენება სხვა ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველ წელს და განსახილველ ჯგუფზე.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ ფასნამატის განსაზღვრის და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დასადგენად გამოყენების (გავრცელების) საკითხი მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, მოითხოვს დამატებით შესწავლას. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაშია მისაღები „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 10) მოთხოვნები, ფასნამატების გამოყენების რიგითობასთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი, ხსენებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით, საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.06.2026 წლის №14436 ბრძანება;
3. საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 იანვრის №793 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №793 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, სადაც მითითებულია შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილები და საბუღალტრო პროგრამა. პროგრამაში აღრიცხულია მხოლოდ საქონლის მიღება. მიღებულ საქონელზე მინიჭებული სასაქონლო კოდებით და ელექტრონულ ზედნადებებში მითითებული საქონლის კოდებით დაიდენტიფიცირდა დოკუმენტური რეალიზაციები და შესაბამისად დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი საქონლის სამი ჯგუფისთვის. აღნიშნულის საფუძველზე დადგინდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება.
გადასახადის გადამხდელი დოკუმენტურად ახდენს მსხვილი საქონლის პარტიების რეალიზაციას, რის გამოც საცალოდ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე არ იქნა გამოყენებული დოკუმენტური ფასნამატი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადაანგარიშების საფუძველზე საცალოდ რეალიზებულ საქონელზე დატოვებულ იქნა შემოწმების აქტის შედგენისას გამოყენებული აუდირებული ფასნამატი. გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშების საფუძველზე ნაწილობრივ შეუმცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დღგ-ის თანხა და შესაბამისი ჯარიმა. დღგ-ის ბრუნვის შემცირებამ ასევე გავლენა იქონია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაზეც. აღნიშნულიდან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადში აქტით დარიცხული ძირითადი თანხა და შესაბამისი ჯარიმა შემცირდა სრულად. გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები, სულ 45 739 ლარით, მათ შორის, გადასახადი 28 235 ლარი, ჯარიმა 17 504 ლარი.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი, ხსენებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით, საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 1,ბ.