გადაწყვეტილება №17006/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17006/2/2022
11.11.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 11.11.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------------“-ის 1.07.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17006/2/2022).
დავის საგანი: ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის №006-107 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.06.2022 წლის №14986 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 526 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 932
ქონების გადასახადი (არასასოფლო მიწა) - 372
საშემოსავლო გადასახადი - 560
ჯარიმა - 383
საურავი - 211
გადასახდელად დარიცხული ქონების გადასახადი, რომლის გადახდის ვადა საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის არ დამდგარა - 255 167 ლარი
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მის საკუთრებაში (ქ. -------------) არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერებიდან დადგინდა, რომ კომპანიის დაფუძნების პერიოდში, 100%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს წარმოადგენდა შპს „-------------“, რომლის მიერ კომპანიის საწესდებო კაპიტალში შეტანილია უძრავი ქონება საერთო ფართობით 4 240.6 მ 2 , რომელიც მდებარეობს ქ. -------------. კაპიტალში შეტანის მომენტისთვის ქონების ღირებულება განსაზღვრული იყო 1 671 700 ლარის ოდენობით, აღნიშნულ ქონებას ჩაუტარდა კაპიტალიზებადი რემონტი და ექსპლუატაციაში მიღების მომენტისათვის (2011 წლის 13 მაისი) მისი ღირებულება განისაზღვრა 3 421 753 ლარის ოდენობით.
შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის მონაცემები, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ კომპანია იყენებს ცვეთის წრფივი დარიცხვის მეთოდს, ამასთანავე ექსპლუატაციაში შესვლის მომენტიდან დღემდე არ მომხდარა აღნიშნული შენობის შეფასება ან/და გადაფასება. უძრავი ქონება ბალანსზე აღრიცხულია თავდაპირველი ღირებულებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადამხდელის მიერ წარდგენილი ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით, 2019 წელს შენობის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 2 044 926 ლარს, ხოლო 2020 წელს - 1 942 680 ლარს. შემოწმების პროცესში ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვლინდა რისკი, რომ ზემოთხსენებული უძრავი ქონების საბალანსო ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მისი საბაზრო ფასისაგან, შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 მარტის წერილით, ვალის მართვის დეპარტამენტს ეთხოვა აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულების შეფასება 2019 და 2020 წლებისათვის. 2022 წლის 16 მარტს წარდგენილი, ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნით, აღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 2019 წლის 31 დეკემბრისთვის შეფასდა 13 946 000 ლარად, ხოლო 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - 15 934 000 ლარად.
საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე, 309-ე მუხლის 115-ე ნაწილის შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ 2020 წლის განმავლობაში იჯარით გაცემულ ფართებში მომუშავე მოიჯარე პირების საქმიანობის სახეები, ვინაიდან გადამხდელს 2020 წლის განმავლობაში უძრავი ქონების ნაწილი (100 მ 2 ) იჯარით გაცემული ჰქონდა აღნიშნულ კოდებში შემავალი საქმიანობის განმახორციელებელ პირზე (შპს „------“ (----------)) შესაბამისი პროპორციით გადასახადის გადამხდელს მიეცა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე დაკორექტირდა 2019 და 2020 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რის შედეგადაც გადამხდელს დაერიცხა გადასახადი. ამასთან აღნიშნულ თანხაზე საურავის დაკისრება მოხდა მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაკისრებია.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 31.03.2022 წლის №8129 ბრძანება და №006-107 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.06.2022 წლის №14986 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 202-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და ამავე მუხლის 41 ნაწილით, 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 921 მუხლის მე3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-5 პუნქტით, და შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია საბაზრო ღირებულებით განესაზღვრა დასაბეგრი ქონების ღირებულება და დაეზუსტებინა შესაბამისი დეკლარაციები. მიუხედავად იმისა, რომ გადასახადის გადამხდელს გააჩნდა ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების დასკვნა და მისთვის ცნობილი იყო, რომ მის მიერ დეკლარირებული ქონების ღირებულება მკვეთრად განსხვავდებოდა რეალურისგან, არ განუხორციელებია აღნიშნული დეკლარაციების დაზუსტება. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია და მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნით №54713/03/22, კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა განხორციელდა შეფასების შედარების მეთოდით და შეფასების თარიღია 2022 წლის 15 მარტი (იხ. ექსპერტიზის დასკვნა გვ. 7, 10, 13 და 16). შესაბამისად ექსპერტების მიერ საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით დასკვნაში გამოყენებულია 2022 წლის მარტის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი ანალოგიური ან/და მსგავსი უძრავი ქონებები, რომლის გათვალისწინებითაც განისაზღვრა მისი კუთვნილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება და 2022 წლის 15 მარტისთვის შეადგინა 4 863 000 აშშ დოლარი. ექსპერტების მიერ აღნიშნული საბაზრო ფასი 4 863 000 აშშ დოლარი გადაყვანილი იქნა წინა წლების ბოლოსათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში და შესაბამისად უძრავი ქონება შეფასდა წლების მიხედვით, შემდეგნაირად 2019 წელი 13 946 000 ლარი (4863000*2,86 77), 2020 წელი 15 934 000 ლარი (4863000*3,2766) და 2021 წელი 15 064 000 ლარი (4863000*3,09766).
საგადასახადო ორგანოს პოზიციას, არ ეთანხმება, შემდგომ გარემოებათა გამო: შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №54713/03/22 დასკვნით უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა განხორციელდა 2022 წლის 15 მარტისათვის, შესაბამისად მისი სამართლიანი გამოყენება ქონების გადასახადის მიზნებისათვის უნდა დაიწყოს 2022 წლიდან და შემდგომი 3 წელი, ვინაიდან აღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ფასი გაცილებით ნაკლებია წინა წლებში ვიდრე შეფასების თარიღისათვის, ამასთან, შემფასებლებს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა და მისი შედარება ანალოგიურ და მსგავს ქონებებთან უნდა განესაზღვრათ კონკრეტული 2019, 2020 და 2021 წლების ბოლოსათვის საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი ქონებების საბაზრო ღირებულებებთან მიმართებაში.
2020 და 2021 წლებში ქვეყანაში არსებული პანდემიის მიმდინარეობისას საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული იქნა covid-19-ის რეგულაციები, დროებით შეიზღუდა რიგი სამეწარმეო საქმიანობები და რიგი საქმიანობები გადავიდა მუშაობის ონლაინ რეჟიმზე, რამაც გამოიწვია აღნიშნულ წლებში უძრავი ქონების ბაზარზე კომერციული ფართების მოთხოვნილების შემცირება და შესაბამისად შემცირდა გასაქირავებელი ფართების საიჯარო ქირა და გასაყიდად გამოტანილი კომერციული ფართების საბაზრო ფასი. 2022 წლის მარტიდან მოხსნილი იქნა covid-19 - ის რეგულაციების თითქმის ყველა შეზღუდვა, რუსეთ-უკრაინის საომარი დაპირისპირების გამო ძირითად საამშენებლო მასალებზე გაიზარდა საბაზრო ფასები 20-40%-ით, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე გაიზარდა გასაქირავებელ და გასაყიდ ფართებზე მოთხოვნა, რამაც შესაბამისად გამოიწვია უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების ზრდა. შემფასებლებს კი სწორედ ამ პერიოდისათვის აქვთ შპს „----------“-ის კუთვნილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასება ჩატარებული (2022 წლის 15 მარტი).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის 2/7/667 გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს: „1. №667 კონსტიტუციური სარჩელი („სს „---------“ -----------”) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილი არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. ამასთან აღნიშნული გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში პუნქტი 11 – „მოპასუხე მხარე არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომლის თანახმადაც, სადავო ნორმით განსაზღვრული, ქონების გადასახადის გაანგარიშების წესის გამოყენება შესაძლებელია გასულ საგადასახადო წლებზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ქონების გადასახადის გაანგარიშება საბაზრო ფასის საფუძველზე ხდება უშუალოდ საგადასახადო შემოწმების წლისათვის. რაც შეეხება საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრული ქონების საბაზრო ფასის გამოყენების ვალდებულებას 3 საგადასახადო წლის განმავლობაში, მოპასუხის მტკიცებით, იგი გამომდინარეობს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებიდან (შემდგომში - ბასს) და აღიარებულია, როგორც საშუალო ოპტიმალური ვადა, როდესაც ბაზარზე არსებული ქონების გადაფასება უნდა მოხდეს მისი რეალური ღირებულების შესაბამისად. ამგვარად, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს მიერ გამოთვლილი საბაზრო ფასით ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს 4 წლის განმავლობაში და, ამ მხრივ, სადავო ნორმით განსაზღვრული ვადა და საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი აუდიტორული ფინანსური ანგარიშგების გამოყენების ვადა სრულად ემთხვევა ერთმანეთს.“ (მოპასუხე მხარე - საქართველოს პარლამენტი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №54713/03/22 დასკვნით, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა განხორციელდა 2022 წლის 15 მარტისათვის, შესაბამისად მისი სამართლიანი გამოყენება ქონების გადასახადის მიზნებისათვის უნდა დაიწყოს 2022 წლიდან და შემდგომი 3 წელი, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით მისი დაკვეთით შპს „-----------“-ის (ს/ნ ---------) შემფასებლების მიერ 2022 წლის 29 იანვარს შედგა დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნა უძრავი ქონების შეფასების შესახებ №54713/03/22 შ001 24/01/2022, რომლის მიხედვით 2018 წლის 31 დეკემბრისათვის შპს „-------------“-ის კუთვნილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეფასდა 3 100 000 აშშ დოლარად დღგ-ის გარეშე. 2019 წელს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება თითქმის არ შეცვლილა და საბაზრო ფასები იგივე იყო რაც 2018 წელს, 2020 და 2021 წელს კი ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო უძრავი ქონების საბაზრო ფასები რიგ უძრავ ქონებებზე შენარჩუნებული იყო, ხოლო რიგ უძრავ ქონებებზე უმნიშვნელო შემცირებისკენ მიდიოდა. ამასთან შემოსავლების სამსახურის შემფასებლებს უძრავი ქონების შეფასებისას ცალკე არ გამოუყვია მიწის საბაზრო ღირებულება. მიწის საბაზრო ღირებულება კი ქ. ------------ ამ უბანში სადაც აღნიშნული ქონება არის საკმაოდ მაღალია.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ უძრავ ქონებასთან (გარდა მიწისა) მიმართებაში. აქედან გამომდინარე, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 2019 წლის 31 დეკემბრისათვის შეადგენს 8 890 000 ლარს (3 100 000*2,8677) და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა უნდა გაითვალისწინოს მის მიერ წარდგენილი არგუმენტაციები და კომპანიის 2019 და 2020 წლის ქონების გადასახადი დაითვალოს 8 890 000 ლარიდან, ასევე 2021 წლის ქონების გადასახადის დათვლაც უნდა განხორციელდეს 8 890 000 ლარიდან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა.“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით). დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით.
ამავე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 921 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ წესის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ უძრავ ქონებასთან (გარდა მიწისა) მიმართებაში.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება ამ კოდექსით 2020 ან 2021 წელსაა გათვალისწინებული, გათავისუფლებულია „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ (სეკ 006-2016):
ა) 55.1 კოდით (სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები) ან/და 55.2 კოდით (დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
ბ) 56.1 კოდით (რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
გ) 56.3 კოდით (სასმელებით მომსახურების საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
დ) 79 კოდით (ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
აუდიტის დეპარტამენტის 1.09.2022 წლის №88926-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, გადამხდელის მიერ წარდგენილი ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით, 2019 წელს შენობის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 2 044 926 ლარს, ხოლო 2020 წელს - 1 942 680 ლარს. შემოწმების პროცესში ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვლინდა რისკი, რომ ზემოთხსენებული უძრავი ქონების საბალანსო ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მისი საბაზრო ფასისაგან, შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 მარტის წერილით, ვალის მართვის დეპარტამენტს ეთხოვა აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულების შეფასება 2019 და 2020 წლებისათვის. 2022 წლის 16 მარტს წარმოდგენილი, ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნით, აღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 2019 წლის 31 დეკემბრისთვის შეფასდა 13 946 000 ლარად, ხოლო 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - 15 934 000 ლარად.
საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე, 309-ე მუხლის 115-ე ნაწილის შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ 2020 წლის განმავლობაში იჯარით გაცემულ ფართებში მომუშავე მოიჯარე პირების საქმიანობის სახეები, ვინაიდან გადამხდელს 2020 წლის განმავლობაში უძრავი ქონების ნაწილი (100 მ 2 ) იჯარით გაცემული ჰქონდა აღნიშნულ კოდებში შემავალი საქმიანობის განმახორციელებელ პირზე (შპს „--------“ (----------)) შესაბამისი პროპორციით გადასახადის გადამხდელს მიეცა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე დაკორექტირდა 2019 და 2020 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რის შედეგადაც გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გადასახადის გადამხდელს გააჩნდა ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების დასკვნა (რაც წარმოდგენილია დავების ეტაპზე) და მისთვის ცნობილი იყო, რომ მის მიერ დეკლარირებული ქონების ღირებულება მკვეთრად განსხვავდებოდა რეალურისგან, არ მომხდარა აღნიშნული დეკლარაციების დაზუსტება. ამასთანავე, აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2022-ის №5111 ბრძანების შესაბამისად დანიშნული საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობის პროცესში გადამხდელის მიერ არ მომხდარა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა, შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტის ინიციატივით, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოხდა ხსენებული უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრა 2019 წლის და 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით მისი დაკვეთით შპს „----------“-ის (ს/ნ ---------) შემფასებლების მიერ 2022 წლის 29 იანვარს შედგა დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნა უძრავი ქონების შეფასების შესახებ №54713/03/22 შ001 24/01/2022, რომლის მიხედვით 2018 წლის 31 დეკემბრისათვის შპს „------------“-ის კუთვნილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეფასდა 3 100 000 აშშ დოლარად დღგ-ის გარეშე. 2019 წელს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება თითქმის არ შეცვლილა და საბაზრო ფასები იგივე იყო რაც 2018 წელს, 2020 და 2021 წელს არსებული პანდემიის გამო უძრავი ქონების საბაზრო ფასები რიგ უძრავ ქონებებზე შენარჩუნებული იყო, ხოლო ზოგიერთ უძრავ ქონებაზე უმნიშვნელო შემცირებისკენ მიდიოდა. ამასთან შემოსავლების სამსახურის შემფასებლებს უძრავი ქონების შეფასებისას ცალკე არ გამოუყვია მიწის საბაზრო ღირებულება. მიწის საბაზრო ღირებულება ქ. ---------- ამ უბანში არის საკმაოდ მაღალი.
მომჩივანს საჩივარზე წარმოდგენილი აქვს შპს „-------------“-ის (ს/ნ -------------) დამოუკიდებელი შემფასებლის უძრავი ქონების შეფასების შესახებ 2022 წლის 29 იანვრის №54713/03/22 შ001 24/01/2022 დასკვნა.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, კერძოდ, შესწავლას და შეფასებას მოითხოვს მომჩივნის მიერ დასახელებული და წარმოდგენილი მტკიცებულება (შპს „------------“-ის (ს/ნ --------------) დამოუკიდებელი შემფასებლის უძრავი ქონების შეფასების შესახებ 2022 წლის 29 იანვრის №54713/03/22 შ001 24/01/2022 დასკვნა).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და დასახელებული მტკიცებულების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 14.06.2022 წლის №14986 ბრძანება;
3. საჩივარი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.