ბრძანება N 6219
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 6219
29.03.2023
შპს „-------------ოს“ (ს/ნ ---------------)
(ფაქტ. მის.: -----------------------------)
(იურ. მის.:-------------------------------)
2023 წლის 24 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია შპს „-------------ოს“ (ს/ნ ---------------) №79330/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის - თებერვლის №---------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 მარტის სხდომაზე (ოქმი №28).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანია ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს 2022 წლის -- მარტიდან. საქმიანობის სახეს წარმოადგენს სამშენებლო მასალებით ვაჭრობა. შესყიდული საქონლის უმეტესი ნაწილი იმპორტირებულია. ვინაიდან იმპორტის განხორციელება დაიწყეს 2022 წლის მაისიდან, მარაგებს ასაწყობებდნენ ობიექტის საწყობში. საქონლის რელიზაცია დაიწყეს 2022 წლის -- აგვისტოდან. 2022 წლის -- სექტემბერს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა კომპანიაში ჩაატარა მარაგების სრული ინვენტარიზაცია, რის შედეგად გამოვლინდა 345000 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო მარაგების დანაკლისი.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ დანაკლისად მიჩნეულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული იქნა 34 პროცენტიანი ფასნამატი, მაშინ როცა კომპანიის ფანსნამატი დაახლოებით შეადგენს 25 პროცენტს.
მომჩივანი აცხადებს, რომ არ დავობს აღნიშნული თანხის დაბეგვრას დღგ-ის და მოგების გადასახადით. კომპანია ასახავს და გადაიხდის შესაბამისი დეკლარაციით.აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 7 სექტემბრის №23128 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შპს „-------------ოს“ (ს/ნ ---------------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
შპს „-------------ო“ (ს/ნ ---------------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის -- მარტს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია ამავე თარიღიდან. გადამხდელის სამეწარმეო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამეურნეო საქონლით ვაჭრობა.
ინვენტარიზაციის დაწყებისას შპს „-------------ოს“ (ს/ნ ---------------) დირექტორმა განაცხადა, რომ საქმიანობას ახორციელებს მისამართებზე: ქ. ------------. მან განმარტა, რომ მის საკუთრებაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები განთავსებული ჰქონდა მხოლოდ აღნიშნულ მისამართზე და სხვა სავაჭრო ობიექტი ან სათავსო არ გააჩნდა. ასევე განაცხადა, რომ მის კუთვნილ ობიექტებში სხვის საკუთრებაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები არ ინახებოდა. ასევე განმარტა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღებული ქონდა შემოსავალში, ხოლო რეალიზებული – ჩამოწერილი გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული ქონდა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე.
ინვენტარიზაცია (ფაქტიური ნაშთის აღწერა) დაიწყო 2022 წლის - სექტემბერს, ხოლო მასალების დამუშავება და შედეგების გამოყვანა დამთავრდა 2023 წლის - თებერვალს.
შპს „-------------ოს“ (ს/ნ ---------------) კუთვნილ ობიექტში 2022 წლის - სექტემბრის მდგომარეობით სულ აღმოჩნდა -------- ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
საანგარიშო პერიოდად აღებული იქნა პერიოდი 2022 წლის -- მარტიდან (გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი) ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეძენები განისაზღვრა სასაქონლო ზედნადებებით, საბაჟო დეკლარაციებითა და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელი ღირებულებით (დღგ–ის გარეშე), რომელმაც სულ შეადგინა ----- ლარი. გადამხდელის სასაქონლო ზედნადებების თანხების ჯამი შემცირდა იმ ზედნადებების ღირებულებით (დღგ–ის გარეშე), რომელთა მიხედვითაც შეძენილი საქონელი არ წარმოადგენდა აღნიშნული ობიექტისთვის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობას. ასევე ამავე პერიოდის განმავლობაში უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადებების თანხების ჯამით (დღგ–ის გარეშე). დღგ-ის მიხედვით თანხების კორექტირება არ შეეხო იმ მიმწოდებლებისაგან მიღებულ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობებს, რომლებიც არ იყვნენ მიწოდების მომენტში დღგ-ის გადამხდელები.
2022 წლის -- მარტიდან - 2022 წლის - სექტემბრის ჩათვლით გადამხდელის მიერ განხორციელებული რეალიზაციების საბაზრო ღირებულების ანგარიშს საფუძვლად დაედო დღგ-ის შესაბამისი პერიოდების დეკლარაციებში მითითებული დასაბეგრი ბრუნვები, გადამხდელის საკუთრებაში არსებული საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემები 2022 წლის ----- აგვისტოდან ამავე წლის - სექტემბრის ჩათვლით და ასევე, ამავე პერიოდში საბანკო ჩარიცხვებითა და კონსიგნაციის წესით რეალიზებული საქონლის საბაზრო ღირებულება (დღგ-ის გარეშე), რომელმაც სულ შეადგინა ----- ლარი. საანგარიშო პერიოდში შეძენის თვითღირებულებით ასევე ჩამოწერილი იქნა ----- ლარის საქონელი (დღგ-ის გარეშე).
ფასნამატად აღებულ იქნა 34 პროცენტი.
ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა ------ ლარი.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა ----- ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (დღგ-ის ჩათვლით და 34% ფასნამატის გათვალისწინებით) კი --------- ლარი.
შპს „-------------ოს“ (ს/ნ ---------------) 2022 წლის -- იანვარს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოაღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტი. გადასახადის გადამხდელი დაეთანხმა ოქმის პროექტით დარიცხულ თანხებს და საწინააღმდეგო წერილობითი/ელექტრონული პოზიცია არ წარმოუდგენია.
ინვენტარიზაციის შედეგად გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა ----- ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად გამოვლენილი დანაკლისი დაექვემდებარა დაჯარიმებას ------- ლარის ოდენობით.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2023 წლის - თებერვალს შედგენილ იქნა №----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------------ოს“ (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი აცხადებს, რომ არ დავობს აღნიშნული თანხის დაბეგვრას დღგ-ის და მოგების გადასახადით. კომპანია ასახავს და გადაიხდის შესაბამისი დეკლარაციით.აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 7 სექტემბრის №23128 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შპს -ს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
ინვენტარიზაციის შედეგად გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა 345746.06 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად გამოვლენილი დანაკლისი დაექვემდებარა დაჯარიმებას 34574.61 ლარის ოდენობით.(დღგ-ის ჩათვლით და 33.61% ფასნამატის გათვალისწინებით) კი 345746.06 ლარი.
მომჩივანს 2022 წლის 26 იანვარს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოაღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტი. გადასახადის გადამხდელი დაეთანხმა ოქმის პროექტით დარიცხულ თანხებს და საწინააღმდეგო წერილობითი/ელექტრონული პოზიცია არ წარმოუდგენია.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2023 წლის 3 თებერვალს შედგენილ იქნა №CB1438434 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის სემდეგ ნორმებს: 8(11); 49(1 „გ“); 70(1 „ა“); 269(1,7); 270(1,2); 286(9); 302(6)