ბრძანება N 20667-4

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.07.2020
№ დოკუმენტი 20667-4
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 20667

23/07/2020

შპს -------------------------- ს

(მის.: ქ. ---------------------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 11 ივნისის სხდომაზე (ოქმი №38) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 23 იანვრის N13693/21-11 და 2020 წლის 7 თებერვლის N27038/21 საჩივრები , შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 26 დეკემბრის N081-440 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2020 წლის 28 იანვრის N081-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროდან გაცემული თანხების ანგარიშვალდებული პირის ხელფასად დაკვალიფიცირებას. წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი უთითებს, რომ სალაროს გასავლის ორდერებით დასტურდება, რომ მან სესხის თანხა, 318 312 ლარი, დაუბრუნა გამსესხებელ კომპანიას და შესაბამისად, ეს თანხა არ დარჩენილა ანგარიშვალდებულ პირთან. გადამხდელი ასევე უთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტი დაეყრდნო თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მას გასაჩივრებული აქვს საქართველოს უზენაეს სასამართლოში და შესაბამისად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელი აპელირებს, რომ განაცემი განხორციელებული იყო აშშ დოლარში, ხოლო შემმოწმებელმა არ გამოიყენა განაცემის დროს არსებული, ლარისა და აშშ დოლარის გაცვლითი კურსი, არამედ გამოიყენა შემოწმების დროს არსებული კურსი.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 სექტემბრის N33218 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრულია 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 სექტემბრამდე.

ამავე დროს, 2019 წლის 25 ნოემბრის N40813 და 2019 წლის 26 ნოემბრის N41029 ბრძანებით დაინიშნა შპს ----- ს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია (ფაქტიური შედეგების გამოყვანის მიზნით). 2019 წლის 27 ნოემბერს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ აღირიცხა ფაქტობრივი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

2019 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა შპს ----- ს საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც 2019 წლის 26 დეკემბერს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №46474 ბრძანება და №081-440 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც საწარმოს განესაზღვრა ბიუჯეტის წინაშე ვალდებულება სულ 178 233.75 ლარის ოდენობით. მათ შორის გადასახადი შეადგენს 93 743 ლარს, ჯარიმა - 47 672 ლარს და საურავი - 36 818.75 ლარს.

2020 წლის 21 იანვარს აუდიტის დეპარტამენტმა შეადგინა №18 დასკვნა, სადაც, შემმოწმებელი უთითებს, რომ 2019 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის შეცდომა, კერძოდ, განსხვავდება შემოწმების აქტით (ძირითადი გადასახადი 93 747 ლარი და ჯარიმა 47 772 ლარი) და ამონაკრებით (ძირითადი გადასახადი 93 747 ლარი და ჯარიმა 47 672 ლარი) დარიცხული თანხები 100 ლარით. სხვაობა ეხება სხვა ჯარიმების ნაწილში დარიცხულ თანხებს. შემოწმების აქტით სხვა ჯარიმებში დარიცხულია 400 ლარი, ხოლო ამონაკრებში სხვა ჯარიმების გრაფაში დაფიქსირებულია 300 ლარის დარიცხვა, სხვაობა შეადგენს 100 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამონაკრებში დარიცხული თანხა ჯარიმების ნაწილში დამატებით დარიცხვას დაექვემდებარა 100 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 21 იანვრის №18 დასკვნის საფუძველზე, 2020 წლის 28 იანვარს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №1598 ბრძანება ტექნიკური უზუსტობის გასწორების თაობაზე და ამავე თარიღის N081-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. 2020 წლის 28 იანვრის №081-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით გადასახადის გადამხდელის მიმართ განსაზღვრული ვალდებულებები გადასახადების ნაწილში დარჩა უცვლელი, ხოლო ჯარიმის თანხა 100 ლარით და განისაზღვრა შესაბამისი საურავი, კერძოდ 2020 წლის 28 იანვრის №081-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება შეადგენს 179 847 ლარს, საიდანაც ძირითადი გადასახადი შეადგენს 93 743 ლარს, ჯარიმა - 47 772 ლარს, ხოლო საურავი - 38 332 ლარს.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება შემდეგი:

2019 წლის 25 დეკემბრის შემოწმების აქტის თანახმად, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში საწარმოს პარტნიორი ორგანიზაციისგან მიღებული აქვს სესხი. 2016 წლის საანგარიშო პერიოდში კი, წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვით სალაროდან აბრუნებს სესხის ნაწილს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი დადგინდა შემდეგი: „საქმეში მართლაც არის წარმოდგენილი სალაროს გასავლის ორდერები, რომლის თანახმადაც შპს ----- მა დააბრუნა შპს ----- ს ნასესხები თანხა, მაგრამ, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მითითებული დოკუმენტები, სალაროს გასავლის ორდერები, დათარიღებულია 2016 წლის 3 აგვისტოთი, ხოლო მხარეთა შორის დადებული ბოლო შემაჯამებელი ხელშეკრულება, შეთანხმება, რომელიც ზუსტად ასახავს მათ შორის სასესხო ურთიერთობაში არსებულ ბალანსს, მხარეთა მიერ შედგენილი და ხელმოწერილია 2016 წლის 12 აგვისტოს, სადაც სრულიად ერთმნიშვნელოვნად არის დაფიქსირებული იმის თაობაზე, რომ შპს ----- ს დავალიანება ამ დროისათვის შპს ----- ს მიმართ შეადგენს 524 000 აშშ დოლარს, წლიური 20%-იანი სარგებლით. 2016 წლის 31 დეკემბრამდე, ასევე 15 000 დოლარს.“

შემოწმების აქტის თანახმად, აღწერილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოწმებამ სალაროდან გაცემული თანხები ჩათვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკვშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმადაც, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება, მათ შორის, ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საწარმოს, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს, გააჩნია გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სალაროს გასავლის ორდერები დათარიღებულია 2016 წლის 3 აგვისტოთი. შემოწმების ფარგლებში გამოიკვეთა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საიდანაც დგინდება, რომ მომჩივანსა და მის კრედიტორს შორის 2016 წლის 12 აგვისტოს გაფორმებულია შეთანხმება, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანის ვალდებულება კრედიტორის წინაშე შეადგენს 524 000 აშშ დოლარს, წლიური 20%-იანი სარგებლით.

2016 წლის 31 დეკემბრამდე, ასევე 15 000 აშშ დოლარს. შესაბამისად, მხარეთა 2016 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგენილია, რომ მომჩივანს სალაროდან ისე აქვს გაცემული თანხები ანგარიშვალდებულ პირზე, რომ ხსენებული თანხები არ არის გადახდილი კრედიტორისთვის.

საქმის ფარგლებში ასევე დადგენილია, რომ დასაბეგრი ბაზის გამოანგარიშებისას შემოწმებამ გამოიყენა გადასახადის გადამხდელის სალაროს გასავლის ორდერებში დაფიქსირებული თანხა (ლარში). შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებული არგუმენტი, რომ შემოწმებამ გამოიყენა ლარისა და დოლარის შემოწმების პერიოდში არსებული გაცვლითი კურსი, არ შეესაბამება რეალობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მომჩივანის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება სალაროდან გაცემული თანხების ანგარიშვალდებული პირის ხელფასად დაკვალიფიცირებას და შემოწმების მიერ გამოყენებულ ლარისა და აშშ დოლარის გაცვლით კურსს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

დგინდება, რომ საწარმოს 2015 წელს პარტნიორი ორგანიზაციისგან მიღებული აქვს სესხი. 2016 წლის საანგარიშო პერიოდში კი, სალაროდან აბრუნებს სესხის ნაწილს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სალაროს გასავლის ორდერები, დათარიღებულია 2016 წლის 3 აგვისტოთი, ხოლო ბოლო ხელშეკრულება შედგენილი და ხელმოწერილია 2016 წლის 12 აგვისტოს, სადაც დაფიქსირებულია იმის თაობაზე, რომ საწარმოს დავალიანება ამ დროისათვის შეადგენს 524 000 აშშ დოლარს, წლიური 20%-იანი სარგებლით. 2016 წლის 31 დეკემბრამდე, ასევე 15 000 დოლარს. მომჩივანს სალაროდან ისე აქვს გაცემული თანხები ანგარიშვალდებულ პირზე, რომ ხსენებული თანხები არ არის გადახდილი კრედიტორისთვის.

აღნიშNულ თანხები ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და სსკ-ს 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

დასაბეგრი ბაზის გამოანგარიშებისას შემოწმებამ გამოიყენა გადამხდელის სალაროს გასავლის ორდერებში დაფიქსირებული თანხა (ლარში). შესაბამისად, გადამხდელის მიერ მითითებული არგუმენტი, რომ შემოწმებამ გამოიყენა ლარისა და დოლარის შემოწმების პერიოდში არსებული გაცვლითი კურსი, არ შეესაბამება რეალობას.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მომჩივანის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101(1); 154(1,,ა“)