ბრძანება N 14042

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.06.2026
№ დოკუმენტი 14042
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14042

25 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ --- ს (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2026 წლის 11 ივნისის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №54) განიხილა ი/მ --- ის (ს/ნ --- ) №102811/1/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 14 მაისის №169520 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2026 წლის 11 მაისს დაარეგისტრირა განცხადება წიწილის (დაცემული) ჩამოწერაზე. შეძლებისდაგვარად, ერთნაირად დაითვალეს დაცემული წიწილა, ვინაიდან დაავადებამ გამოიწვია უცაბედი კვდომა. რაოდენობრივად 500 (ხუთასი) ცალი აისახა განცხადებაში. აღნიშნულ ფაქტს დაესწრო როგორც ვეტერინარი, ასევე, კომპანიის წარმომადგენელი, საიდანაც შემოიყვანეს წიწილა. წიწილების დაცემა მიმდინარეობდა თითქმის ყოველდღიურად ასობით. ასე ერთნაირად დაცემა გამოიწვია დაავადებულმა კვერცხმა. გადამხდელი მიუთითებს, რომ ეწევა საოჯახო მეურნეობას, მთელი ოჯახი ჩართულია ამ ბიზნესში. მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. განმარტავს, რომ არ აქვს ის სამაცივრე ტექნიკა, სადაც შეძლებდა დაცემული (მკვდარი და დაზიანებული) წიწილის შენახვას. ასევე, დაემთხვა მაღალი ტემპერატურის დღეები და უქმე დღე. ვინაიდან აღნიშნულ ფაქტზე გამოცდილება არ ჰქონდა, მოახდინეს დათვლა-დასურათება და შესაბამისი წიწილის განადგურება. აღნიშნული ქმედება არ იყო ჩადენილი განზრახ, რაიმეს თავის არიდების მიზნით. ფაქტი გამოიწვია კანონმდებლობის არცოდნამ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 11 მაისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ID:--- ელექტრონული განაცხადით მიმართა ი/მ ---მა (ს/ნ ---) 1000 ლარის სააღრიცხვო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის თაობაზე, რომელსაც თან ერთვოდა დანართი 24. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას. შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 13 მაისს გამოცემულ იქნა ბრძანება №სმფ-12563, რის საფუძველზეც მიმდინარე კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილ პირებს დაევალათ ი/მ ---ს (ს/ნ ---) მიერ დანართ 24-ში მითითებული ვადაგასული ან/და შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება 2026 წლის არაუგვიანეს 20 მაისისა.

2026 წლის 14 მაისს მიმდინარე კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილი ოფიცრები სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის პროცედურის განსახორციელებლად გამოცხადდნენ ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის განთავსების ადგილზე, მის: ----ს ბრძანება ჩააბარეს და განუმარტეს ამ პროცედურასთან დაკავშირებული მისი უფლებები და მოვალეობები. გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში, დანართ N24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას, ოფიცრებმა გამოავლინეს დანაკლისი. კერძოდ, ნაცვლად დანართ №24-ში მითითებული 500 ერთეული წიწილისა, ადგილზე ოფიცრებს დახვდათ 77 წიწილა. დანაკლისმა სულ შეადგინა 423 წიწილა, 846 ლარი სააღრიცხვო ღირებულებით. აღნიშნულზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2026 წლის 14 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №169520, რომელიც იმავე დღეს ხელზე ჩაიბარა გადამხდელმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულის მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე − იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლომატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ---ის (ს/ნ --) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ დაარეგისტრირა განცხადება წიწილის (დაცემული) ჩამოწერაზე. ვინაიდან აღნიშნულ ფაქტზე გამოცდილება არ ჰქონდა, მოახდინეს დათვლა-დასურათება და შესაბამისი წიწილის განადგურება. აღნიშნული ქმედება არ იყო ჩადენილი განზრახ, აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ელექტრონული განაცხადით მიმართა მეწარმემ 1000 ლარის სააღრიცხვო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის თაობაზე, რომელსაც თან ერთვოდა დანართი 24. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას.

შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება, რის საფუძველზეც მიმდინარე კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილ პირებს დაევალათ მეწარმის მიერ დანართ 24-ში მითითებული ვადაგასული ან/და შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება. გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში, დანართ N24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას, ოფიცრებმა გამოავლინეს დანაკლისი. კერძოდ, ნაცვლად დანართ №24-ში მითითებული 500 ერთეული წიწილისა, ადგილზე ოფიცრებს დახვდათ 77 წიწილა. დანაკლისმა სულ შეადგინა 423 წიწილა, 846 ლარი სააღრიცხვო ღირებულებით.

აღნიშნულზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც იმავე დღეს ხელზე ჩაიბარა გადამხდელმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 145 (6,7); 279 (3).