გადაწყვეტილება №21599/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 21599/2/2023
28 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“ 15.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21599/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8984 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 აგვისტოს №006-433 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ნოემბრის №29355 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 262 556 ლარი.
მათ შორის:
მოგების გადასახადი -143 385
ჯარიმა - 71 693
საურავი - 47 478
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 მაისის №13143 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ 2020 წლის 24 ივლისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „----------“ მიერ 2020 წლის 28 ივლისს განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 1 350 000 აშშ დოლარის (4 148 145 ლარი) გადარიცხვა. შპს „----------“ 2020 წლის 7 ივლისს გაიმარჯვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში, რის შემდგომაც 2020 წლის 29 ივლისს მათ შორის გაფორმდა უძრავი ქონების (ქ.-----------ში მდებარე 3 608 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები) ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით საპრივატიზებო ქონების თანხა განისაზღვრა 4 120 000 ლარით. 2020 წლის 30 ივლისს შპს „----------“ და --------- (პ/ნ ----------) შორის გაფორმდა შპს „----------“ 100% წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება. ნასყიდობის საგნის ღირებულება ხელშეკრულებით განისაზღვრა
300 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, რის შედეგადაც, შპს „----------“ გახდა შპს „----------“ 100% წილის მფლობელი. ---------- ხელშეკრულების საფუძველზე 2020 წლის აგვისტოს თვეში ხუთ ნაწილად გადაერიცხა ჯამში 921 465 ლარი. შპს „----------“ პარტნიორის შპს „---------“ (ს/ნ ---------) კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შპს „----------“ წმინდა აქტივების ღირებულება შეადგენდა 108 947 ლარს. საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით, შპს „----------“, შპს „----------“ და ---------- არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს (108 947 ლარი) შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 დეკემბრის №33877 ბრძანება და №006-704 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 24 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 25 აპრილის №8984 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად მტკიცებულების სახით წარდგენილი შპს „---------- - ----------“ შეფასების დასკვნა, რომლითაც განისაზღვრა 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შპს „----------“ (ყოფილი შპს „----------“) 100% წილის საბაზრო ღირებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აპრილის №8984 ბრძანება 11.05.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 29.06.2023 წლის №19672/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8984 ბრძანების აღსრულების მოთხოვნით 2023 წლის 16 ივნისს გადასახადის გადამხდელმა მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 2.08.2023 წლის №18903 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შპს „----------“ საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8984 ბრძანების აღსრულება.
შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8984 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.08.2023 წლის დასკვნა, 18.08.2023 წლის №20480 ბრძანება და №006-433 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 12 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 27 ნოემბრის №29355 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ, შპს „----------“ შეფასების დასკვნა, არ წარმოადგენს გადაანგარიშების საფუძველს და არ ვლინდება დამატებითი გარემოებები, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან აუქციონზე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდები - ----------) შესყიდვის თარიღიდან (7.07.2020) შპს „---------“ 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების თარიღამდე (30.07.2020) პერიოდში არსებითად ვერ შეიცვლებოდა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, შპს „----------“ მიერ აუქციონზე შესყიდული ძირითადი საშუალებების პირვანდელი ღირებულება 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შესაბამისობაშია აუქციონზე დაფიქსირებულ საწყის საპრივატიზაციო ფასთან, რომელიც განსაზღვრულ იქნა სსიპ „----------“ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.
გადასახადის გადამხდელის მიერ მტკიცებულების სახით დამატებით წარდგენილ სსიპ „----------“ დასკვნასთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია:
ექსპერტებმა შპს „----------“ 100% წილის საბაზრო ღირებულება შეაფასეს სამი განსხვავებული მიდგომით: აქტივებზე დაფუძნებული მიდგომა, შემოსავლის მიდგომა, საბაზრო მიდგომა.
შპს „----------“ მიერ ბიუროში წარდგენილი შპს „----------“ ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება განსხვავდება შპს „----------“ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული შპს „----------“ მონაცემებისგან (საჯაროდ გამოქვეყნებული აუდირებული მონაცემი). კერძოდ, ბიუროში წარდგენილი მონაცემით აქტივების ღირებულება შეადგენს 4 337 664 ლარს, ხოლო კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებით 4 344 244 ლარს.
შპს „----------“ მიერ ბიუროში წარდგენილია შპს „---------- - ----------“ მიერ 2023 წლის 18 სექტემბერს მომზადებული შპს „----------“ უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით) 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შეფასების ანგარიში, რომლის მიხედვით უძრავი ქონება შეფასებულია 5 578 782 ლარად (1 813 000 აშშ დოლარი). ბიურო დაეყრდნო შპს „----------“ ანგარიშს, როდესაც თავად ჰქონდა აღნიშნული უძრავი ქონება შეფასებული 4 109 398 ლარად. შედეგად, შპს „---------- - ----------“ შეფასების ანგარიშზე დაყრდნობით ბიურომ აქტივებზე დაფუძნებული მიდგომით შპს „----------“ 100% წილის საბაზრო ღირებულება შეაფასა 1 553 624 ლარის ოდენობით (504 899 აშშ დოლარი).
შემოსავლის მიდგომით წილის ღირებულების დადგენის დროს ბიურომ იხელმძღვანელა შპს „----------“ მიერ ბიუროში წარდგენილი შპს „----------“ 2021-2027 წლების საპროგნოზო მონაცემებით და შპს „----------“ 100% წილის საბაზრო ღირებულება შეაფასა 4 763 489 ლარის ოდენობით (1 548 045 აშშ დოლარი). უცნობია, შპს „----------“ მიერ ბიუროში წარდგენილი პროგნოზის შესახებ.
საბაზრო მიდგომით წილის ღირებულების დადგენის დროს ბიურომ იხელმძღვანელა 2020 წლის 30 ივლისს შპს „----------“ 100% წილის და 2021 წლის 24 თებერვალს შპს „----------“ 50% წილის რეალიზაციის ხელშეკრულებებით და 100% წილის საბაზრო ღირებულება შეაფასა 948 054 ლარის ოდენობით (308 100 აშშ დოლარი), რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულებებში ასახული თანხების საშუალო ღირებულებას. ასევე, ექსპერტი დაეყრდნო შპს „----------“ მიერ ბიუროში წარდგენილ 2021 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით შპს „----------“ ფინანსური მდგომარეობის შესახებ მონაცემებს, რომლებიც, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მსგავსია 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით არსებული ფინანსური მდგომარეობის. 2021 წლის 24 თებერვალს შპს „---------“ 50% წილის რეალიზაციის მომენტში უცნობია აქტივების და ვალდებულებების ღირებულებებში (სტრუქტურაში) განხორციელებული ცვლილებები, შესაბამისად, შპს „---------“ მიერ გადახდილი თანხის მიხედვით ცალსახად არ დგინდება 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შპს „---------“ წმინდა აქტივების ღირებულება. შპს „---------“ საგადასახადო დოკუმენტებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 ივლისიდან 2021 წლის 24 თებერვლამდე პერიოდში მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით ავანსის სახით გადახდილია 240 470 ლარი, ხოლო საპროექტო დოკუმენტაციის საბოლოო ღირებულება განსაზღვრულია 639 955 ლარის ოდენობით.
ასევე, მიმდინარე სესხზე დარიცხული საპროცენტო ვალდებულება 2021 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით შეადგენდა 232 969 ლარს (70 237 აშშ დოლარი), ხოლო სასესხო ვალდებულება უცხოური ვალუტის არსებული გაცვლითი კურსის გათვალისწინებით 4 148 145 ლარის ნაცვლად შეადგენდა 4 477 815 ლარს. ექსპერტს შესადარებლად უნდა ეხელმძღვანელა სხვა არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგებებით.
ბიზნესის ღირებულება მისი ფუნქციონირების შედეგების ობიექტური მაჩვენებელია. ბიზნესის ღირებულების შეფასება ფაქტობრივად ეს არის საწარმოს მიმდინარე მოღვაწეობისა და პერსპექტივების ფინანსური, ორგანიზაციული და ტექნოლოგიური ანალიზი. ბიზნესის შეფასება არის კომპანიის ყველა აქტივის: უძრავი ქონების, მანქანა-დანადგარების და სხვა მოწყობილობების, ფასიანი ქაღალდების, სასაქონლო-მატერიალური მარაგების, ინვესტიციების, არამატერიალური აქტივების და ვალდებულებების კომპლექსური შეფასება. გარდა ამისა, ცალკე შეფასების საგანია წარსული, მიმდინარე და მომავალი შემოსავლები, კომპანიის ეფექტურობა, განვითარების პერსპექტივა და კონკურენტული გარემო ბაზარზე. ასევე, ხორციელდება ამ კომპანიის შედარება სხვა ანალოგიური საქმიანობის კომპანიებთან. ასეთი ანალიზის საფუძველზე კომპანია ფასდება, როგორც მოგების მოტანის შესაძლებლობის მქონე ქონებრივი კომპლექსი. ბიზნესის შეფასების ანგარიშში ასახული უნდა იყოს საწარმოს ისტორიული ფინანსური ინფორმაციის და საქმიანობის შედეგების ანალიზი, ფინანსური მაჩვენებლები, მენეჯმენტის სამომავლო გეგმების ანალიზი, SWOT ანალიზი, მაკროეკონომიკური და გარემოს ანალიზი, დარგის ანალიზი, დარგის სტრუქტურა და სიცოცხლის ციკლის ანალიზი, კონკურენციის სტრატეგიები და ანალიზი, შესაფასებელი საწარმოს ანალიზი, დოკუმენტების შესახებ მონაცემები (წესდება, ხელშეკრულებები და ა.შ.), საწარმოს შემოსავლების და ხარჯების სტრუქტურა, ისტორიული და პროგნოზირებული ფინანსური დოკუმენტების კორექტირება. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ დასკვნა არ არის სრულყოფილი და არ არის ასახული ზემოთჩამოთვლილი მონაცემები.
რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის არგუმენტს, სადავო წილის არაურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაციასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის 24 თებერვალს შპს „---------“ 50% წილის რეალიზაციის მომენტში უცნობია შპს „---------“ აქტივების და ვალდებულებების ღირებულებებში განხორციელებული ცვლილებები, შესაბამისად, შპს „---------“ მიერ გადახდილი თანხის მიხედვით ცალსახად არ დგინდება 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შპს „---------“ წმინდა აქტივების ღირებულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 აგვისტოს დასკვნა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში და სხვა მტკიცებულებებთან ერთად დამატებით წარადგინა ამჟამად სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტიზის დასკვნა, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2020 წლის 30 ივლისს საწარმოსა და --------- (პ/ნ ---------) შორის გაფორმებული შპს „---------“ (ს/ნ ---------) 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილი ღირებულება წარმოადგენდა საბაზრო ღირებულებას, რაც იყო სადავო საკითხი.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა შუამდგომლობა და საკითხი განიხილა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლების დასწრების გარეშე, არ მოისმინა მომჩივნის მხრიდან ის არგუმენტები, რომელიც უპირისპირდება აუდიტის წარმომადგენლის მსჯელობას.
კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს და ცდილობს საშემფასებლო საექსპერტო დასკვნების საფუძველზე დაამტკიცოს სადაო საკითხის სისწორე, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ეჭვქვეშ დააყენა როგორც შპს „---------“, ასევე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ დასკვნა, სადაც აღნიშნავს, რომ არ არის სრულყოფილი და არ არის ასახული ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემები. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელს არცერთხელ არ მიუმართავს ზემოთ ჩამოთვლილი საშემფასებლო ექსპერტებისთვის, მეტიც, ის არც შემოწმების პროცესში არ სვამდა კითხვებს, რათა მიეღო მისთვის საჭირო და ამომწურავი პასუხები. ასევე ცნობილია, რომ აუდიტორს არ გააჩნია საშემფასებლო ცოდნა და გამოცდილება და თუ ის იყენებს სხვა კომპეტენტური ექსპერტიზების დასკვნას, მაშინ ამ ექსპერტებმა უნდა მოახდინონ საკითხის შეჯერება გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დასკვნების ექსპერტებთან (კოლეგებთან). ამის საჭიროება გამომდინარეობდა იქიდან, რომ აუდიტორის მიერ წარმომდგენელი არგუმენტებია:
უცნობია შპს „---------“ მიერ ბიუროში წარდგენილი პროგნოზის შესახებ.“
„2021 წლის 24 თებერვალს შპს „---------“ 50% წილის რეალიზაციის მომენტში უცნობია აქტივების და ვალდებულებების ღირებულებებში (სტრუქტურაში) განხორციელებული ცვლილებები.
ის რაც აუდიტორისთვის უცნობია, არ ნიშნავს, რომ ეს არგუმენტები არ არსებობს. ამისთვის საჭირო იყო ექსპერტებთან კომუნიკაცია ან გადასახადის გადამხდელთან საკითხის დაზუსტება. ასევე, შემოსავლების სამსახურს უნდა მოესმინა გადასახადის გადამხდელის პოზიცია.
სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ დასკვნის „შეფასების შედეგებში“ აღნიშნულია რომ:
„წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის და ზემოთ აღნიშნული დაშვებების/გარემოებების გათვალისწინებით, 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით, შპს „---------“ 100%-იანი წილის ღირებულება შეადგენს:
აქტივებზე დაფუძნებული მიდგომით - 504 899 აშშ დოლარი;
შემოსავლის მიდგომით - 1 548 045 აშშ დოლარი;
საბაზრო მიდგომით - 308 100 აშშ დოლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „---------“ 100%- იანი წილის საბაზრო ღირებულება შესაძლებელია განისაზღვროს შემოსავლის მიდგომის გამოყენებით, რაც საორიენტაციოდ შეადგენს 1 548 045 აშშ დოლარს.
ზემოთ წარმოდგენილი სამივე მეთოდით დათვლილი საბაზრო ღირებულება აღემატება წილის რეალიზაციის ღირებულებას (წილი რეალიზებულია
300 000 აშშ დოლარად, რეალიზაციის დროისთვის არსებული კურსით 921 465 ლარი), რაც წარმოადგენს დავის საგანს.
განვიხილოთ არგუმენტი „შემოსავლის მიდგომის“ მეთოდზე, სადაც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ განმარტებულია:
„შემოსავლების მიდგომა (დისკონტირებული ფულადი ნაკადების მეთოდი), რომლითაც დგინდება სამართლიანი საბაზრო ღირებულება ეყრდნობა აქტივებს, რომელიც მთელი დარჩენილი სასარგებლო მოხმარების განმავლობაში ფულადი ნაკადების გენერირებას ახდენს. დისკონტირებული ფულადი ნაკადების (DCF) მიდგომის გამოყენებით შესაძლებელია შეფასდეს ბიზნესის საბაზრო ღირებულება მოსალოდნელი შემოსავლების გათვალისწინებით“.
როდესაც შპს „---------“ შეიძინა შპს „---------“ წილის 100%, მას განზრახული ჰქონდა შვილობილი კომპანიის კუთვნილ მიწაზე აეშენებინა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი. თუმცა, არა მარტო განზრახული, დღეის მდგომარეობით აშენებულია კომპლექსის დაგეგმილი მოცულობის თითქმის ნახევარი და დადებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები შემდგომი პოტენციურ მფლობელებზე გასაყიდი ფართის თითქმის მესამედზე. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაეყრდნო იმ ფაქტიურ მონაცემებს, რომლის მეშვეობით განსაზღვრა მოსალოდნელი ფულადი შემოსავლები. აღნიშნულ გარემოებებზე აუდიტორის არგუმენტია, რომ „უცნობია შპს „---------“ მიერ ბიუროში წარდგენილი პროგნოზის შესახებ“, რაც მიუღებელია. გამომდინარე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ზემოთ აღნიშნული შეფასებების მეთოდებიდან ყურადღება გამახვილდა „შემოსავლების მიდგომის“ მეთოდზე, რადგან თავიდანვე იყო განზრახული აღნიშნულ მიწაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინათმშენებლობა და შესაძლებელი იყო აღნიშნული საქმიანობიდან მისაღები შემოსავლების პროგნოზირება.
განვიხილოთ არგუმენტი „საბაზრო მიდგომით“:
მას შემდეგ რაც შპს „---------“ (დედა კომპანიამ) შეიძინა შპს „---------“ 100% წილი 2020 წლის 30 ივლისს 921 465 ლარად და გახდა მისი შვილობილი კომპანია, დაიწყო მოძიება პარტნიორის, რომელთან ერთად განახორციელებდა დაგეგმილ ბიზნესს. 2021 წლის 24 თებერვალს მან თავისი კუთვნილი წილის 50% გაასხვისა მართვის თანაბარი უფლებით არაურთიერთდამოკიდებულ პირზე შპს „---------“ 524 734 ლარად. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აღნიშნავს, რომ „დამკვეთის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების პერიოდებისთვის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მსგავსია“, სადაც გულისხმობს, რომ რაიმე მნიშვნელოვანი აქტივობები დაგეგმილი ბიზნეს გეგმის განხორციელებისთვის არ მომხდარა. თუმცა, აუდიტორის არგუმენტით ფინანსური მდგომარეობა მსგავსი არ უნდა ყოფილიყო და მოაქვს ისეთი არგუმენტები, რომელიც ფინანსური მდგომარეობის გაუარესებით (ზარალით) ამცირებს კაპიტალს, ან საერთოდ არ ღებულობს მონაწილეობას მის სიდიდეზე. კერძოდ:
- სასესხო ვალდებულებაზე პროცენტის დარიცხვა 232 969 ლარის, წარმოადგენს ფინანსურ ზარალს და ამცირებს კაპიტალს.
უცხოურ ვალუტაში აღრიცხული ვალდებულებების სავალუტო გადაფასების შედეგად მიღებული ნაზარდი თანხა 329 670 ლარი ასევე წარმოადგენს ფინანსურ ზარალს და ამცირებს კაპიტალს.
რაც შეეხება პროექტის ღირებულება ან მასზე გადახდილი ავანსი არ წარმოადგენს ფინანსური შედეგების ანგარიშებს, რადგან მათი ღირებულება მონაწილეობას ღებულობს პროდუქციის (ამ შემთხვევაში სარეალიზაციო ფართების) თვითღირებულების განსაზღვრაში და ჩამოიწერება მისი რეალიზაციის შესაბამისად.
ამ პერიოდში კომპანიაში არ განხორციელებულა დამფუძნებლის მხრიდან საწესდებო კაპიტალის შევსება. ყოველივე ზემოთ აღნიშნული აუდიტორის არგუმენტებით გამოიკვეთა, რომ კომპანიის 50% წილი გაიყიდა იმ მდგომარეობაში, როცა მისი ფინანსური შედეგი იყო გაუარესებული (სულ ჯამში 562 639 ლარის ზარალით), რაც კიდევ უფრო ამყარებს მომჩივნის არგუმენტს, რომ 2021 წლის 24 თებერვალს წილის 50%, რომელიც გაიყიდა არა ურთიერთდამოკიდებულ პირზე 524 734 ლარად მიუხედავად მისი უარყოფითი კაპიტალიდან გამომდინარე ადასტურებს, რომ 6-7 თვის წინ 2020 წლის 30 ივლისს ნაყიდი 100% წილის ღირებულება 921 465 ლარად, მისი დადებითი კაპიტალის მიუხედავად, წარმოადგენს საბაზრო ღირებულებას.
განვიხილოთ არგუმენტი „აქტივებზე დაფუძნებული“ მიდგომით:
ამ შემთხვევაში ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გაითვალისწინა შპს „---------“ მიერ შესრულებული მიწის საბაზრო ღირებულების შეფასების დასკვნა და გადაფასების შედეგად მიღებული ნამეტი ღირებულებით გაზარდა წილის ღირებულება 1 553 624 ლარამდე. აუდიტორს მოჰყავს არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა გაეთვალისწინებინა შპს „---------“ მიერ შესრულებული მიწის საბაზრო ღირებულების შეფასების დასკვნა და ამბობს - „როდესაც თავად ჰქონდა აღნიშნული უძრავი ქონება შეფასებული 4 109 398 ლარად“. აქ აუდიტორი გულისხმობს, რომ შპს „---------“ მიერ (შემდგომში შპს „---------) აუქციონზე შესყიდული ძირითადი საშუალებების პირვანდელი ღირებულება 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შესაბამისობაშია აუქციონზე დაფიქსირებულ საწყის საპრივატიზაციო ფასთან,რომელიც განსაზღვრულ იქნა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. თუმცა, არ კითხულობს თუ რა პერიოდში იყო შეფასებული ეს ძირითადი საშუალებები, რადგან დროის მცირე მონაკვეთში უძრავი ქონების ღირებულება მკვეთრად იცვლება საქართველოს ბაზარზე. აუდიტორის სურვილის შემთხვევაში, აღნიშნულ კითხვაზე მიიღებდა პასუხს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მხრიდან, რაც არ მომხდარა.
ასევე, აუდიტორი 6 500 ლარის მათემატიკურ უზუსტობას, რომელიც აღმოჩნდა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილ საბალანსო ნაშთებს და შპს „---------“ კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში გამჟღავნებულ ნაშთებს შორის წარმოაჩენს როგორც არგუმენტს დასკვნის არასანდოობაზე. თუმცა, მთლიანად აქტივების 4 337 664 ლარის ღირებულებაში აღნიშნული თანხა არ წარმოადგენს არსებით ღირებულებას, რომელიც გავლენას იქონიებდა მთლიანად კომპანიის კაპიტალის ღირებულებაზე.
მხოლოდ ასეთი არასაფუძვლიანი არგუმენტებით და ზოგადი სუბიექტური მსჯელობით შეეცადა აუდიტორი გამოეტანა შეფასება, რომ სსიპ „ლევან სამხარაულისსახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ დასკვნა არ არის სრულყოფილი და არ არის ასახული ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა მისი შუამდგომლობა და საკითხი განიხილა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლების დასწრების გარეშე, არ მოისმინა მომჩივნის მხრიდან ის არგუმენტები, რომელიც უპირისპირდება აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მსჯელობას. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ნოემბრის №29355 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8984 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად ირკვევა, რომ 2020 წლის 24 ივლისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მომჩივანის მიერ განხორციელდა შპს-სთან გადარიცხვა.ნასყიდობის საგნის ღირებულება ხელშეკრულებით განისაზღვრა 300 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, რის შედეგადაც, შპს მომჩივანი გახდა შპს-ეს100% წილის მფლობელი.
შემოწმებით დადგინდა რომ შპს-ეები არიან ურთიერთდამოკიდებული პირები.
გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;302(6);304(1)