გადაწყვეტილება №19296/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19296/2/2023
4.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------------ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------ს 3.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19296/2/2023).
დავის საგანი:
ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.10.2022 წლის №სმფ-4169 ბრძანება;
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.11.2022 წლის №CB1409561 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4767 ბრძანება;
4. შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4962 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 16 617 ლარი (შემოსავლების სამსახურის 11.01.2023 წლის №111 ბრძანებით მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა დაკისრებული ჯარიმისგან).
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის მიერ 26.10.2022 წელს შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირდა ID------- განცხადება, რომელსაც თან ერთვოდა დანართი №24. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 34-ე მუხლის პირველი პუნქტის და მარაგების ჩამოწერის პროცედურული სახელმძღვანელოს მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 28.10.2022 წელს გამოიცა ბრძანება №სმფ-4169, რომლის მიხედვით საგადასახადო მონტორინგის დეპარტამენტს დაევალა კომპანიის მიერ დანართ №24-ში მითითებული ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება მიმდინარე წლის 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით.
1.11.2022 წელს მიმდინარე კონტროლის სამმართველოს ოფიცრები სმფ-ის ჩამოწერის პროცედურის განსახორციელებლად გამოცხადნენ ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის განთავსების ადგილზე ქ. თბილისი,------ის ქ. №2-ში. გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ განაცხადში დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა რომ კომპანიამ ვერ წარადგინა დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სრულად. აღნიშნულ ფაქტზე კომპანიას №CB1409561 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 16 617.21 ლარის ოდენობით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.10.2022 წლის №სმფ-4169 ბრძანება 28.10.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.11.2022 წლის №28995 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 28.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.01.2023 წლის №111 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.11.2022 წლის №CB1409561 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 11.01.2023 წლის №111 ბრძანება ასევე, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 23.12.2022 წლის №18314/2/2022 წლის და 2.02.2023 წლის №18726/2/2023 გადაწყვეტილებებით, საჩივრები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4767 და 15.03.2023 წლის №4962 ბრძანებებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.10.2022 წლის №სმფ-4169 ბრძანებაზე წარდგენილ საჩივარზე მიღებული შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4767 ბრძანებით:
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.11.2022 წლის №CB1409561 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმზე წარდგენილ საჩივარზე მიღებული შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4962 ბრძანებით:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ 13.03.2023 წლის №4767 ბრძანების თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის შედგენის და საგადასახადო ორგანოს მიერ მისი დადასტურების შესახებ 28.10.2022 წლის №სმფ-4169 ბრძანება ცნობილ იქნა მართლზომიერად. სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 1.11.2022 წლის №CB1409561 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 11.01.2023 წლის №111 ბრძანების თანახმად ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი, კომპანია გათავისუფლდა დაკისრებული ჯარიმისგან, თუმცა სანქციის სახით შეეფარდა შენიშვნა, რომელიც ასახულია გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და მოთხოვნილ იქნა შეფარდებული სანქციის სრულად გაუქმება, რაც თავის თავში მოიაზრებდა შენიშვნის გაუქმებასაც, რადგან კომპანიის მიერ არ მომხდარა რაიმე სამართალდარღვევის ჩადენა, მის მიერ სრულად და ამომწურავად იქნა მიწოდებული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურისათვის. ასევე ყურადღება იქნა გამახვილებული იმ საკითხზე რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შეუძლებელი იყო არსებული ხარვეზის, მოქმედების სხვაგვარად გამოსწორება, კომპანიის წარმომადგენელმა არაერთხელ მიმართა შემოსავლების სამსახურს, მიაწოდა ინფორმაცია და ამის მიუხედავად არავითარი უკუკავშირი/რეაგირება არ ჰქონია ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ მომხდარიყო არსებული ხარვეზის გასწორება.
ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ შემოსავლების სამსახურს აქვს განსხვავებული მიდგომა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, თუ კი 24.02.2020 წლის №39759/21-11 განცხადების საფუძველზე შესაძლებელი იყო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შესახებ განცხადებას მინიჭებოდა უარყოფითი სტატუსი, რატომ არ იყო შესაძლებელი იგივე განხორციელებულიყო 26.10.2022 წელს ატვირთულ განცხადებაზე. გადასახადის გადამხდელის ანგარიშზე მეტობით არსებული თანხა ვერ ჩაითვლება არგუმენტად, რომ კანონი იძლევა შესაძლებლობას მეტობით არსებული თანხა დამატებითი დასტურის გარეშე მიაქციოს განცხადებით მოთხოვნილი პროცესების აღსასრულებლად.
2.02.2023 წლის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს არ უმსჯელია დაკისრებული სანქციის - შენიშვნის გაუქმებაზე და საქმე კვლავ დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, ხოლო შემოსავლების სამსახურმა კიდევ ერთხელ არ დააკმაყოფილა კომპანიის საჩივარი, იმ არგუმენტით რომ გადასახადის გადამხდელს ანგარიშზე ჰქონდა მეტობით გადახდილი თანხა, შესაბამისად განცხადება დამატებით გადახდას არ საჭიროებდა და არაერთი მიწერილი წერილის მიუხედავად განცხადება მიიღო განსახილველად, რაც ვერ ჩაითვლება რელევანტურ არგუმენტად.
განსახილველი ჯარიმა კომპანიას არ დაკისრებია მისი მოქმედებით ან უმოქმედობით, რადგან ბიზნეს ოპერატორმა არაერთხელ მიაწოდა ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის შესაბამის ორგანოს არსებული ხარვეზის შესახებ. ის ფაქტი რომ შემოსავლების სამსახური არ იძლევა შესაძლებლობას ბიზნეს ოპერატორმა დაუყოვნებლივ გამოასწოროს არსებული ხარვეზი ვერ ჩაითვლება მის მიერ დაშვებულ შეცდომად, რომელიც გამოწვეულია მისი მოქმედებით ან უმოქმედობით.
კომპანიას არ განუხორციელებია არასწორი ინფორმაციის მიწოდება, როგორც უკვე არაერთხელ წარდგენილ საჩივარში აღინიშნა, ატვირთულ ფაილებში თანხის სხვაობა შეადგენდა 62.87 ლარს, რაც გამოწვეული იყო პროდუქციის ღირებულების თანხების დამრგვალებით. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითება კომპანიასთან მიმართებაში არარელევანტურია.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს, ამ შემთხვევაშიც უნდა ითქვას, რომ კომპანია არ მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, არსებული ტექნიკური საშუალება არ იძლევა შესაძლებლობას დაუყოვნებლივ იქნას გასწორებული ნებისმიერი სახის ტექნიკური ხარვეზი, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ დადასტურებული არ არის.
შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში არაერთხელ გაუსვა ხაზი რომ დოკუმენტის წარდგენიდან 10 წუთის შუალედში, რაც საჭირო იყო კომუნიკატორში მიწერისა და ახალი დოკუმენტის ატვირთვისათვის, უკვე არსებობდა ახალი განცხადება და მიწოდებული იყო ინფორმაცია წინა მოთხოვნის გაუქმების შესახებ.
არაერთი განხილვისა და ბრძანების გამოცემის მიუხედავად პასუხგაუცემელი რჩება კითხვა რატომ არ შეიძლება ბიზნეს ოპერატორმა დაუყოვნებლივ აღიაროს და გამოასწოროს ხარვეზი, რა ხდება როცა ადამიანური რესურსიდან გამომდინარე სახეზეა ხარვეზი და ბიზნეს ოპერატორს არ სურს კანონის დარღვევა. ხარვეზის აღმოჩენისთანავე ატყობინებს აღნიშნულის შესახებ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს თუმცა მისგან არავითარი რეაგირება არ არის. განხილული არ ყოფილა ის შესაძლებლობა როგორ უნდა მოიქცეს პატიოსანი ბიზნეს ოპერატორი. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის (მინიმალური ცდომილების) შემთხვევაშიც კი შესაძლოა კომპანია დაჯარიმდეს სოლიდური თანხით, რაც ბიზნეს სექტორს ნამდვილად არ აყენებს სახარბიელო მდგომარეობაში. ის რომ შემოსავლების სამსახურს არ აქვს მოქნილი სისტემა, არ აძლევს კომპანიებს შესაძლებლობას აღმოჩენილი შეცდომების შესახებ აცნობოს მათ, თანაც დაუყოვნებლივ ყოველგვარი რაიმე სხვა ქვენაგრძნობის გარშე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერილური ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესის“ მე-8 თავის 36-ე მუხლის თანახმად ჩამოწერის დოკუმენტის გამომრიცხველი გარემოებებიდან ერთ-ერთია - სხვა გარემოებები, რის გამოც შეუძლებელია ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შეუძლებელი იყო აღნიშნული მოქმედების სხვაგვარად გამოსწორება, კომპანიის წარმომადგენელმა არაერთხელ მიმართა შემოსავლების სამსახურს, მიაწოდა ინფორმაცია და ამის მიუხედავად არავითარი უკუკავშირი/რეაგირება არ ქონია ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ მომხდარიყო არსებული ხარვეზის გასწორება. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს, რაც დასტურდება, როგორც კომპანიის ყოველთვიური კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულებით, ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული შემოწმების შედეგებით.
ბიზნეს ოპერატორი არც კი დალოდებია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრულ ვადას, მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერა პირდაპირ დაუდასტურდებოდა თუ ადგილზე გასვლით. შემოსავლების სამსახურის აპელირება, რომ ჯარიმა გამოწვეულია ბიზნეს ოპერატორის შეცდომით და იგი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში არასწორია, კომპანიას რომ არ გადაედგა ქმედითი ნაბიჯები დაუყონებლივ და მხოლოდ ახალი ფაილის ატვირთვით შემოფარგლულიყო მაშინ შეიძლებოდა ევარაუდა შემოსავლების სამსახურს, რომ ეს არის შეცდომა, რომელიც გამოწვეული არ ცოდნით, მაგრამ არა ამ შემთხვევაში.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით. რაც საჭიროებას ნამდვილად არ წარმოადგენს კომპანიასთან მიმართებაში, რადგან კომპანია წარმოადგენს ერთ-ერთ ისეთ კომპანიას, რომელიც ნამდვილად არ წარმოადგენს აღსაზრდელს კანონების დაცვის კუთხით.
იქედან გამომდინარე, რომ კომპანია არ არის ორიენტირებული სამართალდარღვევის ჩადენაზე, რაც დასტურდება მისი ქმედებით, მათ შორის შემოსავლების სამსახურისათვის არაერთი წერილის მიწერისა და სიტუაციის ახსნით და სხვა შემთხვევებითაც, როცა პირნათლად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, იცავს ყველა კანონს და ამ შემთხვევაშიც ადგილი აქვს ტექნიკურ ხარვეზს, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება კარგავს თავის დატვირთვას, რადგან კომპანიის თვითმიზანი ნამდვილად არ იყო რაიმე ინფორმაციის დამალვა შემოსავლების სამსახურისათვის ან/და არასწორად შედგენილი დოკუმენტაციის წარდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში 62.87 ლარის ღირებულების პროდუქციის სხვაობისათვის არ მოხდებოდა ხელახალი განცხადების ატვირთვა. როგორც ცნობილია ბიზნეს ოპერატორის მიერ ხდება ათასობით ლარის პროდუქციის ჩამოწერა/განადგურება და ამ პროცესში იგი ყოველთვის პირნათლად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, რადგან ნებისმიერი სანქცია, იქნება ეს შენიშვნა თუ ჯარიმა აზრს კარგავს, რადგან სახეზე არ არის სამართალდარღვევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არალოგიკურია რაიმე სანქციის გამოყენება, თუნდაც შენიშვნის სახით და ითხოვს შემოსავლების სამსახურისათვის კიდევ ერთხელ ხელახლა განსახილველად დაბრუნების გარეშე მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომლის თანახმად კომპანია განთავისუფლდება დაკისრებული სანქციისგან, მათ შორის შენიშვნისგან, რაც აისახება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად:
6. ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლომატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 33-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულის მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.
2. დოკუმენტის გაფორმების მიზნით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ელექტრონული განცხადებით (დანართი №23) მიმართოს საგადასახადო ორგანოს სმფ-ის ადგილმდებარეობის მიხედვით.
3. განცხადებას ელექტრონულად უნდა დაერთოს ამ მუხლის შესაბამისად შედგენილი დანართი №24.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 იანვრის №108 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისა და მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის“ მე-3 მუხლის პირველი, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად:
1. დაინტერესებული პირი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე პირადად ან მესამე პირის მეშვეობით გადაიხადოს მომსახურების საფასური (მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ – შემოსავლების სამსახური, საიდენტიფიკაციო კოდი: ------ ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: ------- მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი --------).
7. თუ დაინტერესებულმა პირმა ისარგებლა ინტერნეტით და განცხადება დაარეგისტრირა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ ისეთ მომსახურებაზე, რომელიც მხოლოდ ფასიანია, მაშინ აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაციისას, დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი იყოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული (სკანირებული) ვერსია ან მან განახორციელოს გადახდა ვებგვერდის – www.rs.ge-ის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით.
8. ამ მუხლის პირველი- მე-7 პუნქტებით განსაზღვრული დებულებები არ ვრცელდება, იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის ბარათზე ფიქსირდება ზედმეტად გადახდილი მომსახურების საფასურის თანხა.
9. ზედმეტად გადახდილი მომსახურების საფასურის არსებობისას, მომსახურების საფასური გადახდილად ჩაითვლება, თუ ამ მომსახურებისათვის გადასახდელი ვალდებულების ბარათზე ასახვით არ წარმოიშობა დავალიანება, ხოლო თუ ზედმეტობა სრულად ვერ ფარავს მომსახურებისათვის დადგენილებით განსაზღვრულ ტარიფს დაინტერესებული პირი უფლებამოსილია გადაიხადოს ბარათზე არსებულ ზედმეტობასა და მომსახურების ტარიფს შორის სხვაობის ოდენობით თანხა.
გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ თუ წინა შემთხვევაში (24.02.2020 წლის №39759/21-11 განცხადება) საგადასახადო ორგანოს მიერ შესაძლებელი იყო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შესახებ განცხადებისათვის მიენიჭებინა უარყოფითი სტატუსი, რატომ არ იყო შესაძლებელი იგივე განხორციელებულიყო მოცემულ განსახილველ შემთხვევაშიც, 26.10.2022 წელს ატვირთულ განცხადებაზე. გადასახადის გადამხდელის ანგარიშზე მეტობით არსებული თანხა ვერ ჩაითვლება არგუმენტად, რომ კანონი იძლევა შესაძლებლობას მეტობით არსებული თანხა დამატებითი დასტურის გარეშე მიაქციოს განცხადებით მოთხოვნილი პროცესების აღსასრულებლად. კომპანია არ მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, არსებული ტექნიკური საშუალება არ იძლევა შესაძლებლობას დაუყონებლივ იქნას გასწორებული ნებისმიერი სახის ტექნიკური ხარვეზი, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ დადასტურებული არ არის. არაერთი განხილვისა და ბრძანების გამოცემის მიუხედავად პასუხგაუცემელი რჩება კითხვა რატომ არ შეიძლება ბიზნეს ოპერატორმა დაუყოვნებლივ აღიაროს და გამოასწოროს ხარვეზი, რა ხდება როცა ადამიანური რესურსიდან გამომდინარე სახეზეა ხარვეზი და ბიზნეს ოპერატორს არ სურს კანონის დარღვევა. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის (მინიმალური ცდომილების) შემთხვევაშიც კი შესაძლოა კომპანია დაჯარიმდეს სოლიდური თანხით, რაც ბიზნეს სექტორს ნამდვილად არ აყენებს სახარბიელო მდგომარეობაში. ითხოვს მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომლის თანახმად კომპანია განთავისუფლდება დაკისრებული სანქციისგან, მათ შორის შენიშვნისგან, რაც აისახება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით მომჩივნის მიერ წარდგენილია ორი განაცხადი, ორივე განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას, რაზეც გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.10.2022 წლის №სმფ-4169 და №სმფ-4163 ბრძანებები. 1.11.2022 წელს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლები სმფ-ის ჩამოწერის პროცედურის განსახორციელებლად გამოცხადნენ ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის განთავსების ადგილზე, შედეგად ჩამოწერას დაექვემდებარა 16 680.08 ლარის ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობები (განაცხადი ID -------), ხოლო ID ------- განაცხადში დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები კომპანიამ ვერ წარადგინა. ვინაიდან, მეორე განცხადების საფუძველზე განხორციელებული ჩამოწერის პროცედურით საქონელი უკვე ჩამოწერილი იყო, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განცხადებაში (ID -------) მითითებული საქონელი მიჩნეულია, როგორც დანაკლისი და შედგენილია სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
შემოსავლების სამსახურის 11.01.2023 წლის №111 ბრძანებით მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.11.2022 წლის №CB1409561 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.
საბჭოს მიაჩნია, რომ მისი 23.12.2022 წლის №18314/2/2022 წლის და 2.02.2023 წლის №18726/2/2023 გადაწყვეტილებებით შემოსავლების სამსახურში ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივრები ამავე სამსახურის მიერ შესწავლილია საგადასახადო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 იანვრის №108 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისა და მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამდენად, არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ განაცხადში დანართ №24-ში მითითებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა რომ კომპანიამ ვერ წარადგინა დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სრულად.
აღნიშნულ ფაქტზე კომპანიას საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 145 (6 ,7); 269 (7);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილება