ბრძანება N 5066

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.03.2024
№ დოკუმენტი 5066
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5066

07 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 30 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 30 იანვრის №87306/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 იანვრის №081-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. 2019 წლამდე მიღებული ავანსების რეალიზაციის თარიღით დაბეგვრასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ავანსები დაბეგრილია მათი მიღების პერიოდში და შეუძლია წარმოადგინოს 2019 წლამდე დეკლარირებული თანხების გაშიფვრა;

2. ფულადი სახსრების დირექტორის ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კომპანიას გააჩნია დებიტორული დავალიანებები ფიზიკურ პირებთან და საჩივარს თან ურთავს ნოტარიულად დამოწმებულ შედარების აქტებს;

3. ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 აგვისტოს №21459 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, გაშიფრული ინფორმაცია შესამოწმებელ პერიოდამდე მიღებული და დაბეგრილი ავანსების შესახებ;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, კერძოდ, ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 აგვისტოს №21459 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 25 დეკემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 15 იანვრის №081-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 აგვისტოს №21459 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას;

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა საჩივარზე თანდართული ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტები და ვინაიდან აღნიშნული აქტები შედგენილია 2022 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით, ხოლო შესამოწმებელ პერიოდად განსაზღვრული იყო 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები, აუდიტის დეპარტამენტმა წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ მიიჩნია შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებისთვის სათანადო მტკიცებულებად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ

მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო ამ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი. ხოლო მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით წარდგენილი შედარების აქტები არ იქნა მიჩნეული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებისთვის სათანადო მტკიცებულებად, ვინაიდან დოკუმენტაცია შედგენილი იყო 2022 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით, რაც შესამოწმებელ პერიოდს მიღმაა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საჩივარში დასმულ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არც შემოწმების და არც მისი შედეგების გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია 2019 წლამდე დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების გაშიფვრა, შედეგად, ამ ნაწილში დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. რაც შეეხება მე-2 სადავო საკითხს, შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, ფართები, რომელთა რეალიზაციის ოპერაციამ წარმოშვა დებიტორული დავალიანება, გადაფორმებულია მესამე პირებზე შედარების აქტების შედგენის თარიღამდე, ამასთან, ფიზიკურ პირებს შორის არიან ურთიერთდამოკიდებული პირებიც და შემოწმების პროცესში განხორციელებული სატელეფონო საუბრით არ დადასტურდა დებიტორული დავალიანების სინამდვილე ერთ-ერთ პირთან მიმართებით, შემოწმებამ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიიჩნია საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძვლად.

რაც შეეხება დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლების მოთხოვნას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო საკითხი 2023 წლის 31 აგვისტოს №21459 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტისთვის არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს;

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა საჩივარზე თანდართული ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტები და ვინაიდან აღნიშნული აქტები შედგენილია 2022 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით, ხოლო შესამოწმებელ პერიოდად განსაზღვრული იყო 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები, აუდიტის დეპარტამენტმა წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ მიიჩნია შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებისთვის სათანადო მტკიცებულებად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);304(21)