ბრძანება N 26635

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.12.2024
№ დოკუმენტი 26635
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26635

19 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--- ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2024 წლის 5 დეკემბრის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №130) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2024 წლის 5 დეკემბრის №93201/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 7 ნოემბრის №006-470 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება ცოცხალი ღორების რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი, თუმცა შემოწმების აქტი არ შეიცავს აღნიშნულის თაობაზე არც სამართლებრივ ნორმას და არც სამართლებრივ დასაბუთებას. მისი არგუმენტაციით, მხოლოდ საწარმოს მიერ ბუღალტრული აღრიცხვის პირობების დარღვევა არ ქმნის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს. ასევე, მიუთითებს, რომ შპს „---ს“ წინააღმდეგ კომპანია აწარმოებს სასამართლო დავას დებიტორული დავალიანების ამოღების მიზნით. აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმებას წარუდგინა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შპს „---ის“ საკუთრებაში არსებული ღორები განთავსებული არიან შპს "---ის" ტერიტორიაზე, რომელთა დაბრუნებაზე მიმართული აქვთ საგამოძიებო ორგანოებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუთითებს, რომ ვინაიდან ღორები ირიცხება მათ საკუთრებაში, ხოლო პარტნიორი კომპანიის არაკეთილსინდისიერი ქცევის გამო ვერ ახერხებს კუთვნილი ღორების განკარგვას, არამართლზომიერია შემმოწმებლის მიერ მათი რეალიზებულად განხილვა და საგადასახადო ვალდებულების დაკისრება.

გადამხდელის მითითებით, შემმოწმებელმა მის მიერვე რეალიზებულად განხილული ცოცხალი ღორების სარეალიზაციო თანხის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის ნაწილში, თავადვე უგულვებელყო სასამართლოს გადაწყვეტილება. კერძოდ, ერთის მხრივ, შემმოწმებელი თავადვე ადასტურებს, რომ ეკონომიკური ურთიერთობის ფარგლებში კომპანიის მიერ დებიტორული დავალიანების ამოღების მოთხოვნით მიმდინარეობს სასამართლო დავა, ხოლო მეორეს მხრივ, ცნობილია ფაქტი, რომლის მიხედვითაც გადამხდელმა დაიწყო სამართლებრივი პროცესები კუთვნილი ღორების დაბრუნების მოთხოვნით. ამდენად, წარმოუდგენელია შემმოწმებლის მიერ საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მართლზომიერება, რამდენადაც თუ კომპანიის ნებართვის გარეშე განიკარგა მისი საქონელი, რამდენად არის დასაშვები უკანონოდ განკარგული საქონლისთვის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება. მომჩივნისთვის გაუგებარია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში მითითებული გარემოება, რამდენადაც კატეგორიულად უარყოფს შპს „----გან“ ღორების გამოყვანას და საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების დასკვნაში მითითებულ გარემოებას მიიჩნევს დამატებით არგუმენტად შპს „----ის“ მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე. მიუთითებს, რომ აღნიშნულზე კომპანიას 2024 წლის 29 ნოემბერს მიმართული აქვს საგამოძიებო სამსახურისთვის, რათა დამატებით სრულყოფილად იქნას გამოძიებული შპს „---ის“ მიერ ღორების მითვისების საკითხი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 ივნისის №14949 ბრძანების საფუძველზე შპს „----ის“ (ს/ნ ----) 2024 წლის 17 იანვრისა და 6 მარტის საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

,,1. შპს „----ის“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მ.შ. საგამოძიებო ორგანოსა და მესამე პირისგან (შპს „---“ (ს/ნ ---)) გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

 

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 ივნისის №14949 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2024 წლის 6 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 7 ნოემბრის №006-470 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმებამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია შპს „---ის“ დირექტორის მიერ შპს „---ს“ წინააღმდეგ საგამოძიებო ორგანოსთვის 2023 წლის 25 იანვარს მიმართულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს თუ არა სისხლის სამართლის წარმოება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული წერილით დადგინდა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება არ მიმდინარეობს. ასევე, შემოწმებამ შპს „---სგან“ გამოითხოვა ინფორმაცია 2022 წლის ნოემბერში მის ტერიტორიაზე შპს „---ის“ მიერ მიყვანილი ცოცხალი ღორების მდგომარეობასთან დაკავშირებით. შპს „---ან“ მიღებული წერილით დადგინდა, რომ 2022 წლის ნოემბრის თვეში მათ არ განუხორციელებიათ დაკვლის მომსახურება, ვინაიდან შპს „---მა“ მიზანშეწონილად მიიჩნია ცოცხალი ღორების გაყვანა მათი ტერიტორიიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა საგამოძიებო ორგანოსა და მესამე პირისგან (შპს „---“ (ს/ნ ---)) გამოეთხოვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, შემოწმებამ გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან, რათა გაერკვია შპს „---ის“ დირექტორის მიერ შპს „---ს“ წინააღმდეგ საგამოძიებო ორგანოსთვის 2023 წლის 25 იანვარს მიმართულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა თუ არა სისხლის სამართლის წარმოება, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული წერილით დადგინდა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება არ მიმდინარეობს. გარდა ამისა, შემოწმებამ შპს „---გან“ გამოითხოვა ინფორმაცია 2022 წლის ნოემბერში მის ტერიტორიაზე შპს „---ის“ მიერ მიყვანილი ცოცხალი ღორების მდგომარეობასთან დაკავშირებით და შპს „---გან“ მიღებული წერილით დადგინდა, რომ 2022 წლის ნოემბრის თვეში მათ არ განუხორციელებიათ დაკვლის მომსახურება, ვინაიდან შპს „---მა“ მიზანშეწონილად მიიჩნია ცოცხალი ღორების გაყვანა მათი ტერიტორიიდან. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც თავდაპირველი საჩივრით არ იყო სადავო გარემოება და შესაბამისად, არ იყო დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1.შპს „--- ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოწმებამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია დირექტორის მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის 2023 წლის 25 იანვარს მიმართულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს თუ არა სისხლის სამართლის წარმოება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული წერილით დადგინდა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება არ მიმდინარეობს. ასევე, შემოწმებამ საწარმოსგან გამოითხოვა ინფორმაცია 2022 წლის ნოემბერში მის ტერიტორიაზე მომჩივნის მიერ მიყვანილი ცოცხალი ღორების მდგომარეობასთან დაკავშირებით. საწარმოს მიღებული წერილით დადგინდა, რომ 2022 წლის ნოემბრის თვეში მათ არ განუხორციელებიათ დაკვლის მომსახურება, ვინაიდან მომჩივანმა მიზანშეწონილად მიიჩნია ცოცხალი ღორების გაყვანა მათი ტერიტორიიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.