გადაწყვეტილება №20128/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20128/2/2023
27. 09. 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „----- -------ა“ (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „------ ------ას“ 2.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20128/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 30.09.2022 წლის №25134 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2023 წლის №261-10 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13347 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 339 435 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 162 143
დღგ - 82 376
საშემოსავლო გადასახადი - 76 908
ქონების გადასახადი - 2 859
ჯარიმა - 84 979
საურავი - 92 313
ფაქტების აღწერა
გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო/სარემონტო მასალებით ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. შემოწმებით დადგინდა, რომ მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინებული აქვს სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოუყენებელ, შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა. ასევე, დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში ვლინდება სხვაობა, შემოწმებისას გათვალისწინებულ იქნა საწვავის შეძენის დროს გადახდილი დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, რომელიც გადამხდელს ნაწილობრივ ჰქონდა ჩათვლილი. შემოწმებისას, საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის გათვალისწინებით, 2021 წლის მაისის თვის დღგ-ის ჩასათვლელი თანხებიდან ამოღებულ იქნა 2018 წელს შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა 2 444.6 ლარის ოდენობით.
2. მეწარმეს ძირითადი საშუალების მშენებლობაზე გაწეული დანახარჯები დაბეგრილი აქვს დღგით, კერძოდ: ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც შეძენილი აქვს 2020 და 2021 წლებში და გამოყენებულია ძირითადი საშუალების მშენებლობისთვის, გადამხდელს დაბეგრილი აქვს იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც მოხდა შეძენილი საქონლის გამოყენება. ამასთან, გადამხდელს არ ჰქონდა ჩათვლილი კუთვნილი დღგ. შესაბამისად, შემოწმებისას გათვალისწინდა დანახარჯების შესაბამისი დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.
3. შესამოწმებელ პერიოდში მეწარმე სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს საკუთრებაში არსებულ ფართში. გადამხდელი არ აწარმოებს ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრულ აღრიცხვას. მეწარმე საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით, აფიქსირებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაციის დაბალ ფასნამატს, კერძოდ: 2019 წელს დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 6.34%-ს; 2020 წელს 9.1%-ს, რაც ისეთი ეკონომიკური საქმიანობისთვის, როგორიცაა სამშენებლო/სარემონტო მასალებით ვაჭრობა, მნიშვნელოვნად დაბალია. მეწარმე სასაქონლომატერიალური-ფასეულობების რეალიზაციას ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატით, საბანკო ანგარიშებით და სასაქონლო ზედნადებებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით შედგა საქონლის მოძრაობის ცხრილი შემოწმების მთელ პერიოდზე. საქონელი დაჯგუფდა 27 კატეგორიად, საწყისი და საბოლოო ნაშთების პერიოდების მიხედვით, დადგენისთვის შემოწმება დაეყრდნო გადამხდელის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებს, ხოლო რეალიზებული (პირველადი დოკუმენტების გარეშე) მატერიალური ფასეულობების ფასნამატად გამოყენებულ იქნა თავად მეწარმის მიერ დაფიქსირებული დოკუმენტური ფასნამატი. შემოწმებით ფასნამატი დადგინდა შემდეგი წესით: თითოეული საქონლის ჯგუფში არსებულ ერთ კონკრეტულ შეძენილ საქონელს შეუდარდა იმავე პერიოდში არსებული რეალიზებული დოკუმენტური საქონლის ფასი, რა დროსაც გამოვლინდა ფასნამატი, ხოლო გამოვლენილი ფასნამატი გავრცელდა მთლიან ჯგუფზე წლის ჭრილში და იმ საქონელზე, რომელიც არის დოკუმენტების გარეშე რეალიზებული.
ზემოაღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ცხრილის მიხედვით გამოვლინდა შემოსავლის ზრდა, გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით, კერძოდ, დღგ-ის ნაწილში 2019 წელს გაზრდილი შემოსავალი შეადგენს 280 260 ლარს, 2020 წელს 212 819 ლარის, 2021 წელს 158 267 ლარს, 2022 წლის იანვრის თვეში 491 ლარს. შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავალები გადანაწილდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემების პროპორციულად. 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის (1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის) გათვალისწინებით, მეწარმეს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა. ასევე, გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. კერძოდ: 2019 წელს გაზრდილი შემოსავალი შეადგენს 280 260 ლარს, ხოლო 2020 წელს 145 685 ლარს. შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავალი აისახა მეწარმის ერთობლივ შემოსავალში.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 15.07.2022 წლის №18763 ბრძანება და №261-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.09.2022 წლის №25134 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მიჩნეულ იქნა მართებულად, მაგრამ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 30.09.2022 წლის №25134 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 26.04.2023 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 10 919 ლარით, მათ შორის გადასახადი 7 829 ლარით, ხოლო ჯარიმა 3 090 ლარით. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2023 წლის №9612 ბრძანება და №261- 10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13347 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით, ყურადღება გაამახვილა ფაქტობრივ გარემოებებზე, და საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 აპრილის დასკვნაში არ იქნა გათვალისწინებული მეწარმის მიერ წარდგენილი მონაცემები (მონაცემები და გაანგარიშებები თან ერთვის დასკვნას), რომელიც შეეხებოდა მის მიერ რეალიზებული საქონლის ფასნამტის გაანგარიშებას. აღნიშნული გაანგარიშებები ყოველგვარი არგუმენტების გარეშე არ იქნა ასახული გადაანგარიშებაში, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ წარმოადგენს საჩივარს, რომელსაც დართული აქვს 2019, 2020, 2021 და 2022 წლებში რეალიზებული საქონლის ფასანამატის გაანგარიშება, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფასნამატიდან, რის გამოც მოითხოვს დაევალოს მეწარმის წარმომადგენელთან ერთად საკითხის შესწავლა (შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 სექტემბრის №25134 ბრძანებითაც იყო დავალებული, რომ საკითხის შესწავლა მომხდარიყო მეწარმის წარმომადგენელთან ერთად, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ეს არ შესრულებულა) და მის მიერ წარდგენილი არგუმენტების და მონაცემების გათვალისწინება და დამატებით დარიცხული გადასახადების გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახურის 30.09.2022 წლის №25134 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მიჩნეულ იქნა მართებულად, მაგრამ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ).მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 30.09.2022 წლის №25134 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 26.04.2023 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი შეიცავდა ხარვეზს ფასნამატის პროცენტის განსაზღვრაში, კერძოდ: მეწარმის დოკუმენტურად რეალიზებული ზედნადებები, საქონლის ჯგუფების მიხედვით შეპირისპირებული იყო საქონლის ჯგუფების მიხედვით მთლიან შეძენასთან, რაც მიუთითებს არა საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყვანაზე, არამედ საშუალო არითმეტიკული პროცენტის დადგენაზე. გადაანგარიშებით, რეალური საშუალო შეწონილი ფასნამატის პროცენტის გამოყვანა გადამხდელის მიერ მოწოდებულ ცხრილში მოხდა შემდეგნაირად, კერძოდ: საქონლის კატეგორიის ჯგუფებში, რეალიზებული საქონელი შეუპირისპირდა შეძენილ საქონელს, დასახელების, ღირებულების და რაოდენობის გათვალისწინებით, აგრეთვე პირველ ყოვლისა გათვალისწინებულ იქნა შეძენის და რეალიზაციის დროის პერიოდი. კერძოდ, საქონელს რომელიც რეალიზებულია პირობითად 2020 წლის მაისში, ფასნამატის პროცენტის განსაზღვრის მიზნით შეუდარდა 2020 წლის მაისის შეძენა. თუ მაისში არ ფიქსირდება ამავე საქონლის შეძენა, მაშინ შედარება ხდებოდა უახლესი უკანა პერიოდის შეძენასთან. აღნიშნული ფასნამატის გამოყვანა წარმოადგენს რეალური საშუალო შეწონილის პროცენტს. მეწარმის მიერ მოწოდებული ფასნამატის ჯგუფები არ მოიცავდა ყველა კატეგორიის საქონლის ჯგუფს. მეწარმემ წარადგინა ელ. კაბელებისა და თაბაშირ მუყაოს დაზუსტებული ფასნამატები. წარდგენილ იქნა ცემენტისა და წებო-ცემენტების ჩაშლილი სახეობების ფასნამატები. აღნიშნულის საფუძველზე გადაანგარიშებით ნაცვლად 27 საქონლის კატეგორიისა, მიღებულ იქნა 32 საქონლის კატეგორია, რითიც მოხდა საქონლის მეტი ჯგუფის მიღება და შესაბამის პერიოდებზე ფასნამატების კორექტირება/შემცირება. დასკვნით, 2019 წლის პერიოდის გარდა მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების კორექტირება. შესაბამისად, შემცირდა 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ასახული ერთობლივი შემოსავალი. რაც შეეხება 2019 წელს, მეწარმის მიერ წარდგენილი საქონლის ჩაშლილი კატეგორიების ფასნამატები მეტია შემოწმებით დაფიქსირებულ ფასნამატებზე, კერძოდ, შემოწმებით 2019 წელს საქონლის ჯგუფი „ცემენტის“ ფასნამატი განსაზღვრული იყო 8.6%-ით, ხოლო მეწარმის მიერ მიწოდებული ცხრილების მიხედვით ჩაშლილი კატეგორიების ფასნამატები ფიქსირდებოდა 12.91%-დან 17.2%-მდე. შესაბამისად, გადაანგარიშების დასკვნით 2019 წლის პერიოდი დარჩა უცვლელი. შედეგად, დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 10 919 ლარით, მათ შორის გადასახადი 7 829 ლარით, ხოლო ჯარიმა 3 090 ლარით.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 სექტემბრის №25134 გადაწყვეტილების შესაბამისად წარადგინა შესამოწმებელ (სადავო) პერიოდში რეალიზებული საქონლის ფასანამატის გაანგარიშება, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფასნამატისაგან, ითხოვა საქონლის სახეობების გათვალისწინებით ფასნამატის გათვალისწინება, მაგალითად დაასახელა ცემენტი, რომელიც რამოდენიმე სახეობის არის და შესაბამისად, აქვს სხვადასხვა ფასნამატები, მოითხოვა აღნიშნულის მიხედვით, ფასნამატის გათვალისწინება, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით მოხდა საქონელზე ფასნამატების დადგენა და გავრცელება, რაზეც (აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე) მხარეები ვერ შეთანხმდნენ. მომჩივანმა განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 სექტემბრის №25134 გადაწყვეტილების შესაბამისად, არ მომხდარა მის მიერ წარდგენილი მასალების მისი მონაწილეობით შესწავლა და ისე, გამოსცა აუდიტის დეპარტამენტმა 26.04.2023 წლის დასკვნა, შესაბამისად მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 სექტემბრის №25134 გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა მომჩივნის მონაწილეობით.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 სექტემბრის №25134 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13347 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №25134 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №25134 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის გამოცემული დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი შეიცავდა ხარვეზს ფასნამატის პროცენტის განსაზღვრაში, კერძოდ: მეწარმის დოკუმენტურად რეალიზებული ზედნადებები, საქონლის ჯგუფების მიხედვით შეპირისპირებული იყო საქონლის ჯგუფების მიხედვით მთლიან შეძენასთან, რაც მიუთითებს არა საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყვანაზე, არამედ საშუალო არითმეტიკული პროცენტის დადგენაზე. გადაანგარიშებით, რეალური საშუალო შეწონილი ფასნამატის პროცენტის გამოყვანა გადამხდელის მიერ მოწოდებულ ცხრილში მოხდა შემდეგნაირად, კერძოდ: საქონლის კატეგორიის ჯგუფებში, რეალიზებული საქონელი შეუპირისპირდა შეძენილ საქონელს, დასახელების, ღირებულების და რაოდენობის გათვალისწინებით, აგრეთვე პირველ ყოვლისა გათვალისწინებულ იქნა შეძენის და რეალიზაციის დროის პერიოდი.
აღნიშნული ფასნამატის გამოყვანა წარმოადგენს რეალური საშუალო შეწონილის პროცენტს. მეწარმის მიერ მოწოდებული ფასნამატის ჯგუფები არ მოიცავდა ყველა კატეგორიის საქონლის ჯგუფს. გადაანგარიშებით ნაცვლად 27 საქონლის კატეგორიისა, მიღებულ იქნა 32 საქონლის კატეგორია, რითიც მოხდა საქონლის მეტი ჯგუფის მიღება და შესაბამის პერიოდებზე ფასნამატების კორექტირება/შემცირება.
დასკვნით, 2019 წლის პერიოდის გარდა მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების კორექტირება. შესაბამისად, შემცირდა 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ასახული ერთობლივი შემოსავალი. რაც შეეხება 2019 წელს, მეწარმის მიერ წარდგენილი საქონლის ჩაშლილი კატეგორიების ფასნამატები მეტია შემოწმებით დაფიქსირებულ ფასნამატებზე.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის №25134 გადაწყვეტილების შესაბამისად წარადგინა შესამოწმებელ (სადავო) პერიოდში რეალიზებული საქონლის ფასანამატის გაანგარიშება, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფასნამატისაგან, ითხოვა საქონლის სახეობების გათვალისწინებით ფასნამატის გათვალისწინება, მოითხოვა აღნიშნულის მიხედვით, ფასნამატის გათვალისწინება, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით მოხდა საქონელზე ფასნამატების დადგენა და გავრცელება, რაზეც (აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე) მხარეები ვერ შეთანხმდნენ. მომჩივანმა განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის №25134 გადაწყვეტილების შესაბამისად, არ მომხდარა მის მიერ წარდგენილი მასალების მისი მონაწილეობით შესწავლა და ისე, გამოსცა აუდიტის დეპარტამენტმა დასკვნა, შესაბამისად მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ შემოსავლების სამსახურის №25134 გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა მომჩივნის მონაწილეობით.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №25134 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 178; 275; 302(6); 304(21);
(2021 წლამდე მოქმედი) 161;