გადაწყვეტილება №25578/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.09.2025
№ დოკუმენტი 25578/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25578/2/2025

17 სექტემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:"-------" (ს/ნ "-------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ს 4.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25578/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 თებერვლის №3316 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.06.2025 წლის №002-74 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.07.2025 წლის №16065 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 225 699,47 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 135 931

დღგ - 87 380

საშემოსავლო გადასახადი - 48 551

ჯარიმა - 53 985

საურავი - 35 783,47

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მეორადი საბურავების იმპორტი, ასევე ადგილობრივი მომწოდებლებისგან მეორადი საბურავების შეძენა, საცალო და საბითუმო რეალიზაცია. აგრეთვე, საცალო რეალიზაციის დროს მყიდველისთვის შეძენილი საბურავების შეცვლა/მომსახურება.

აუდიტის დეპარტამენტის 24.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.012021 წლიდან 2.04.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება. გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, მისი შემოსავლები და ხარჯები განისაზღვრა საგადასახადო ორგანოში არსებული მონაცემებით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ და დოკუმენტებით რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებს შორის სხვაობა, დოკუმენტებით რეალიზებული საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატით (39%), დაკვალიფიცირდა მიწოდებად და ჩაერთო შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში.

ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.05.2024 წლის №12075 ბრძანების შესაბამისად ვერ მოხერხდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენა და შესაბამისი პროცედურების განხორციელება (ვერ დადგინდა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი და სასაქონლომატერიალური ფასეულობების მდებარეობა), ჩაითვალა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის გადასახადის გადამხდელთან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ნულის ტოლია. შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩაითვალა სრულად რეალიზებულად, დოკუმენტური რეალიზაციების საშუალო შეწონილი ფასნამატით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2024 წლის №002-137 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3316 ბრძანებით:

1. საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის/აუდიტის დეპარტამენტების მიერ დადგენილი მონაცემით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3316 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 28.03.2025 წლის №24914/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3316 ბრძანების აღსრულების შედეგად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 13.05.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 26 964 ლარით (გადასახადი 17 987 ლარი, ჯარიმა 8 977 ლარი).

აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 4.06.2025 წლის №002-74 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.07.2025 წლის №16065 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტმა წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2020 წლის 10 თებერვლის №"-------"ექსპერტიზის დასკვნითა და ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის/აუდიტის დეპარტამენტების მიერ დადგენილი მონაცემებით, რამაც ასევე გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან, გადაანგარიშების ეტაპზე, საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხის გაზრდასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია მიმდინარე გადასახდელების დარიცხვის სავადო თარიღის დადგომის გამო კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახვით. ამასთან, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნით თანახმად, განხორციელდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადის - 8 571 ლარის შემცირება. ხოლო, ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციისა და კომუნალური ხარჯთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ბრძანებით დარიცხულია გადასახადი 126 350 ლარი, ხოლო საგადასახადო მოთხოვნით 133 242 ლარი. სხვაობა არის 6 892 ლარი. აღნიშნული გასაჩივრებული იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურში და 2025 წლის 25 თებერვლის №3316 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 2025 წლის 25 თებერვლის №3316 ბრძანების აღსრულების მიზნით 2025 წლის 13 მაისს შედგენილია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნა. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივლისის №11384 ბრძანებით შემცირდა 26 964 ლარი. გადაანგარიშების შედეგად ნაცვლად იმისა, რომ შემცირებულიყო ძირითადი გადასახადი, გაიზარდა. საშემოსავლოს ნაწილში დარიცხული იყო 36 446 ლარი, გახდა 48 551 ლარი, რამ გამოიწვია დარიცხვის გაზრდა გადაანგარიშების შესახებ დასკვნაში აღნიშნული არ არის. აღნიშნული გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში, სადაც 2025 წლის 16 ივლისის №16065 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანი დარიცხვას არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მეორადი საბურავების იმპორტი, ასევე ადგილობრივი მომწოდებლებისგან მეორადი საბურავების შეძენა. საცალო და საბითუმო რეალიზაცია. აგრეთვე საცალო რეალიზაციის დროს მყიდველისთვის შეძენილი საბურავების შეცვლა/მომსახურება. ე.ი საცალო ვაჭრობა მოიცავს ორ კომპონენტს პროდუქციის ღირებულებას + გაწეული მომსახურეობა. ყოველი საბურავის მოხსნა და დაყენება შესამოწმებელ პერიოდში ღირდა 5 ლარი, ახლა ღირს 10 ლარი. ამდენად გადამხდელის მიერ დოკუმენტებით რეალიზებული საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი ვერ იქნება 39%. 2023 წლის დოკუმენტებით რეალიზებული საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 12.48 % (იხ. ფასნამატის ფაილი). 2024 წლის 24 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის შესაბამისად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადასახადის გადამხდელთან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი მიჩნეული იქნა ნულის ტოლად. 2025 წლის 13 მაისის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნით წარდგენილი დოკუმენტაციით, რომელიც ადასტურებს მეორადი საბურავების გარკვეული ოდენობით ნაშთად არსებობას (212 ცალი) გათვალისწინებული იქნა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებისას, მაგრამ დამატებით გასათვალისწინებელია 2024 წლის აპრილის თვეში დოკუმენტურად რეალიზებული 782 ცალი 19 750 ლარის ღირებულების მ/მ საბურავები. ("-------"15.04.2024 და "-------" 28.04.2024), რომელიც გადამხდელის მიერ დაბეგრილია და გადახდილია ბიუჯეტის კუთვნილი თანხები. არ არის გათვალისწინებული კომუნალური ხარჯები (საკადასტრო კოდი "-------"). მიუხედავად მცდელობისა ვერ მოიპოვეს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. ვინაიდან როგორც ცნობილია მესაკუთრე მკურნალობას გადის უცხოეთში და მომჩივანი მოკლებული არის შესაძლებლობას მისი სახელით გამოვითხოვოთ ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებიდან გადახდილი კომუნალურების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად აუდიტორებმა გამოითხოვონ ინფორმაცია. 2024 წლის 27 მაისის №12075 ბრძანების შესაბამისად ვერ მოხერხდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების დადგენა. ხოლო შემოწმებამ მიიჩნია რეალიზებულად სრულად. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 9-ე ნაწილის მიხედვით: გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით. საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ინვენტარიზაციის მიზანია დროის გარკვეული პერიოდისთვის მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (შემდგომში – სმფ) წარმოების და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგ-ნაწილების, ტარისა და მზა პროდუქციის (საქონლის) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება, აგრეთვე, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სმფ-ის (საქონლის მარაგების) ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა.

აუდიტორები ფიქრობენ, რომ ინვენტარიზაციით გამოვლენილია დანაკლისი, რომელიც საერთოდ არ არის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ობიექტი, არამედ საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთან, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლინება ცვლის ჯარიმების დარიცხვის რეგლამენტს, დანაკლისის ფარგლებში გამოვლენილი დამატებითი საგადასახადო ვალდებულება, აღარ არის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით ჯარიმის დაკისრების საფუძველი.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სრულად და ჯეროვნად არ არის შესწავლილი/გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის ყველა გარემოება.

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოხდეს ზემო აღნიშნული საკითხების დამატებით შესწავლა და დარიცხული თანხების გადაანგარიშება/შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 თებერვლის №3316 ბრძანებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

ბ) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის/აუდიტის დეპარტამენტების მიერ დადგენილი მონაცემით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 13.05.2025 წელს გამოცემული დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს გარკვეული რაოდენობის მეორადი საბურავების ნაშთის არსებობას, რაც გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებისას. საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშების ეტაპზე, გათვალისწინებული იქნა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 10.02.2020 წლის №"-------" ექსპერტიზის დასკვნა და ასევე ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საქმიანობის შესახებ არსებული მონაცემები და აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი/იმპორტირებული მეორადი საბურავების 6% მიჩნეულ იქნა როგორც წუნდებული/დეფექტური საქონელი. დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას, სულ 26 964 ლარით, მათ შორის, გადასახადი 17 987 ლარი, ჯარიმა 8 977 ლარი.

საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რაც დადგენილი გარემოებების შეცვლის და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3316 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოხდეს საკითხების დამატებით შესწავლა და დარიცხული თანხების გადაანგარიშება/შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ და დოკუმენტებით რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებს შორის სხვაობა, დოკუმენტებით რეალიზებული საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატით (39%), დაკვალიფიცირდა მიწოდებად და ჩაერთო შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში.

ჩაითვალა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის გადასახადის გადამხდელთან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ნულის ტოლია. შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩაითვალა სრულად რეალიზებულად, დოკუმენტური რეალიზაციების საშუალო შეწონილი ფასნამატით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რაც დადგენილი გარემოებების შეცვლის და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა. მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3316 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

304(21).