ბრძანება N 8881

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.04.2023
№ დოკუმენტი 8881
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 8881

25.04.2023

შპს „-----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: -----------------)

2023 წლის 27 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „-------------“ (ს/ნ -----------) №79927/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მარტის №CB1452103 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 აპრილის სხდომაზე (ოქმი №39).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მოცემული ფაქტი გამოწვეული იყო საწყობის თანამშრომლის შეცდომით. კერძოდ, დათვლისას ერთი და იმავე ყუთის ორჯერ აღრიცხვით.

ამასთან, მომჩივანი აღნიშნავს, რომ საწარმო ყოველთვის პირნათლად ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს და არასდროს ჰქონია საგადასახადო ორგანოს მათი დაჯარიმების საფუძველი. აღნიშნული კი ჩამოსაწერი საქონლის კი მხოლოდ 2.89%-ს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან გათავისუფლებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

როგორც სადავო ოქმითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, 2023 წლის 21 მარტს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ელექტრონული განაცხადით (ID:--------) მიმართა შპს “---------“ (ს/ნ ---------), რომელსაც თან ერთვოდა დანართი №24. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას, შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 22 მარტს გამოცემული იქნა №სმფ-5049 ბრძანება, რომლის საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შპს „----------“ (ს/ნ ---------) მიერ დანართ №24-ში მითითებული ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება 2023 წლის 29 მარტის ჩათვლით.

2023 წლის 23 მარტს მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირები გამოცხადნენ ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების განთავსების ადგილას (-----------), სადაც გადამხდელს ბრძანება ჩაბარდა და განემარტა ამ პროცედურასთან დაკავშირებული მისი უფლებები და მოვალეობები.

გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში (დანართ №24) მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა, რომ მეექვსე პოზიციაში მითითებული საქონელი დასახელებით „დესფაროლი გელი“ 1.25“ ნაცვლად 2055 კოლოფისა ადგილზე აღმოჩნდა 1605 კოლოფი. დანაკლისმა შეადგინა 450 კოლოფი, სულ 6484.9 ლარი სააღრიცხვო ღირებულებით.

აღნიშნულზე 2023 წლის 23 მარტს შედგენილი იქნა №CB1452103 სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მესამე ნაწილით შეეფარდა ჯარიმა 6484.9 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე6 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე, იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლომატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში (დანართ №24) მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა, რომ მეექვსე პოზიციაში მითითებული საქონელი დასახელებით „დესფაროლი გელი“ 1.25“ ნაცვლად 2055 კოლოფისა ადგილზე აღმოჩნდა 1605 კოლოფი. დანაკლისმა შეადგინა 450 კოლოფი, სულ 6484.9 ლარი სააღრიცხვო ღირებულებით. აღნიშნულზე შედგენილი იქნა სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მესამე ნაწილით შეეფარდა ჯარიმა 6484.9 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

 

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 145(6)(7), 269(7), 279(3).