ბრძანება N 3145

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.02.2023
№ დოკუმენტი 3145
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3145

21.02.2023

შპს „----------”-ს (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------,იურ. მის.: ----------)

2022 წლის 27 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „----------”-ის (ს/ნ ----------) 2022 წლის 27 სექტემბრის №75023/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 სექტემბრის №006-395 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ არსებობს გარკვეული სხვაობები კომპანიის მიერ დათვლილ და აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებულ მონაცემებს შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს შემმოწმებელთან ერთად დარიცხული თანხების სისწორის შესწავლას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 ივნისის №14389 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------”-ს (ს/ნ ----------) 2020 წლის 25 აგვისტოს საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1.შპს „----------”-ს (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საბაჟო დეკლარაციებისა და ინვოისების მონაცემების საფუძველზე განსაზღვროს სმფ-ების ინვენტარიზაციისას დადგენილი რაოდენობრივი ფაქტიური ნაშთის თვითღირებულება, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და სმფ-ების ნაშთების ოდენობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 ივნისის №14389 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 6 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 253 142 ლარით, მათ შორის, გადასახადი 171 514 ლარით და ჯარიმა 81 628 ლარით. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 9 სექტემბრის №006-395 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით გადამხდელის მხრიდან დამატებით წარმოდგენილ იქნა საბაჟო დოკუმენტაცია და საქონლის შეძენის დამადასტურებელი ინვოისები, პროდუქციის თითოეული სახეობის თვითღირებულების გაანგარიშებით. გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით იქნა შესწავლილი აღნიშნული დოკუმენტაცია და შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციებისა და ინვოისების მონაცემების საფუძველზე განისაზღვრა სმფ-ების ინვენტარიზაციისას დადგენილი რაოდენობრივი ფაქტიური ნაშთის თვითღირებულება, სმფ-ების ნაშთების ოდენობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით გაიზარდა ინვენტარიზაციით დადგენილი ფაქტიური ნაშთის თვითღირებულება 136 257 ლარის ოდენობით. შესაბამისად, შემცირდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რამაც გამოიწვია შემოწმების აქტით განსაზღვრული 2016-2018 წლების შემოსავლების და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ცვლილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა 361 081 ლარით, რამაც ასევე გამოიწვია სალაროში მისაღები/მიუღებელი თანხების დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება. ხოლო, 2016 წლის მოგების გადასახადის ნაწილში ხელფასის სახით გამოქვითვები შემცირდა 125 170 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ 2022 წლის 9 ივნისის №14389 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საბაჟო დეკლარაციებისა და ინვოისების მონაცემების საფუძველზე სმფ-ების ინვენტარიზაციისას დადგენილი რაოდენობრივი ფაქტიური ნაშთის თვითღირებულების, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების და სმფ-ების ნაშთების ოდენობის განსაზღვრა. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციებისა და ინვოისების მონაცემების საფუძველზე განისაზღვრა სმფ-ების ინვენტარიზაციისას დადგენილი რაოდენობრივი ფაქტიური ნაშთის თვითღირებულება, სმფ-ების ნაშთების ოდენობა, შედეგად, გაიზარდა ინვენტარიზაციით დადგენილი ფაქტიური ნაშთის თვითღირებულება და შემცირდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირდა როგორც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რის საფუძველზეც განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის და კომპანიის გაანგარიშებული მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთს, არსებობს გარკვეული სხვაობები, რის გამოც ითხოვს დარიცხული თანხების სისწორის დამატებით შესწავლას. თუმცა, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------”-ს (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.