ბრძანება N 4665

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.03.2023
№ დოკუმენტი 4665
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4665

13.03.2023

შპს „---------------ის“ (ს/ნ -----------------)

(მის.: -----------------------------------------)

2022 წლის 12 დეკემბრის და 2023 წლის 1 თებერვლის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 და 24 თებერვლის სხდომებზე (ოქმები №12 და №18) განიხილა შპს „---------------ის“ (ს/ნ -----------------) №225491/21-11, №18221/21, №18223/21, №18526/21 და №18531/21-11 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 11 ნოემბრის №21-10/104077 გადაწყვეტილებას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

მომჩივნის განმარტებით, 2019 წელს კომპანიამ წარმოების სრული ციკლის ეფექტურობის გასაზრდელად წამოიწყო 25 მლნ დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც მოიცავს ახალი 35 ტონა მოცულობის ----- ღუმელის, ----------, -------ს, უწყვეტი ------------- და ------- ქარხნის მშენებლობასა და მონტაჟს, რაც ----------------- და --------------- უწყვეტი წარმოების ციკლის დანერგვას გულისხმობს. აღნიშნული ინვესტიციის ფარგლებში, მომწოდებელ ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, დანადგარების მოწოდება, მათი დიდი მოცულობის გამო, ხორციელდებოდა ეტაპობრივად 2019-2021 წლების განმავლობაში. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2020 წლის -- თებერვლის და --- მარტის №----/------ და №---/C----- საბაჟო დეკლარაციებით განხორციელდა დანადგარების შემადგენელი კომპონენტების იმპორტი, რომელთაგან ნაწილი გაფორმდა, როგორც დანადგარები (სეს ესნ - ჯგუფი 84, რომელიც არ ექვემდებარება იმპორტის გადასახადით დაბეგვრას), ხოლო ნაწილს სეს ესნ კოდად მიენიჭა, როგორც დანადგარებისგან დამოუკიდებელ პროდუქტს და დაექვემდებარა იმპორტის გადასახადით დაბეგვრას 12%-იანი განაკვეთით. საბაჟო დოკუმენტების გაფორმების პროცესში, აღნიშნულ ფაქტზე კომპანიის მხრიდან ყურადღების გამახვილება არ მომხდარა, ვინაიდან კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე, წარმოშობის სერთიფიკატის წარდგენის საფუძველზე ახდენენ იმპორტის გადასახადის გაუქმებას და საბაჟო დეკლარაციის კორექტირებას. ვერ მოხერხდა აღნიშნული წარმოშობის სერთიფიკატების დროული წარდგენა, რის გამოც მიმართა ალტერნატიულ გზას და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ მოითხოვა საბაჟო დეკლარაციების კორექტირება სასაქონლო კოდების შეცვლის გზით.

მომწოდებლის ინვოისით, წარმოდგენილი პოზიციები არასწორადაა გადათარგმნილი და შესაბამისად მინიჭებული აქვს არასწორი სასაქონლო კოდი. მაგალითად, ერთ-ერთი პოზიცია, რომლის საინვოისო დასახელება დეკლარირებულია როგორც „--------------“ მინიჭებული აქვს კოდი ---- ----. ----------მათი ფუნქციური დანიშნულების მიხედვით მიეკუთვნება სეს ესნ-ის 84-ე ჯგუფს. ასევე არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ერთიდაიგივე დანიშნულების კომპონენტს, სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს სხვადასხვა სასაქონლო კოდი.

საბაჟო დეპარტამენტმა მოითხოვა კომპანიას წარედგინა საექსპერტო დასკვნა, რომელიც მოახდენდა შემოტანილი კომპონენტების იდენტიფიცირებას, უკვე ადგილზე აწყობილ და ფუნქციონირებად დანადგარებთან. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიამ მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომელმაც დასკვნის მომზადებაზე უარი განაცხადა ექსპერტის არ ყოლის გამო. შემდეგომ მოხდა ექსპერტების მოძიება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თუმცა აკრედიტაციის არქონის გამო საბაჟო დეპარტამენტმა უარი განაცხადა ექსპერტიზის დასკვნის მიღებაზე.

მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ წარმოადგენოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების ან/და საერთაშორისო კომპანია შპს „---- ---------------ს“ მიერ შედგენილი საექსპერტო დასკვნას, რაც მისი მოსაზრებით, დაეხმარება საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების მიღებაში.

ზაღნიშნულზე მითითებით, არ ეთანხმება საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 11 ნოემბრის N21- 10/104077 გადაწყვეტილებას №--------/------ (17.--.2020 წ.) და №-------/------ (02.--.2020 წ.) საბაჟო დეკლარაციებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ, და მოწოდებული დოკუმენტების გათვალისწინებით ითხოვს №--------/------ (17.--.2020 წ.) და №-------/------ (02.--.2020 წ.) საქონლის საბაჟო დეკლარაციის კორექტირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2021 წლის 25 ოქტომბრის №219989/21-10-21 განცხადებით, შპს „---------------ის“ (ს/ნ -----------------) მოითხოვა მათ სახელზე გაფორმებული №--------/---(17.--.2020 წ.) და №-------/---- (02.--.2020 წ.) საბაჟო დეკლარაციების კორექტირება.

წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი ზემოთ მითითებულ საბაჟო დეკლარაციებში ცვლილების განსახორციელებლად. ვინაიდან, საქონელს დატოვებული ქონდა საბაჟო კონტროლის ზონა და ამავე დროს, ვერ ხდებოდა დეკლარირებისას წარმოდგენილ ინვოისებსა და მათ მიერ დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტებში საქონლის პოზიციების იდენტიფიცირება და თანხვედრა. აქედან გამომდინარე საბაჟო დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას საქონლის გაშვების შემდგომ განახორციელოს №--------/------ (17.--.2020 წ.) და №-------/------ (02.--.2020 წ.) საბაჟო დეკლარაციების კორექტირება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების მე-2 დანართის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს „---------------ის“ (ს/ნ -----------------) უარი ეთქვა №--------/------ (17.--.2020 წ.) და №-------/------ (02.--.2020 წ.) საქონლის საბაჟო დეკლარაციებში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილების შეტანაზე, რასთან დაკავშირებითაც გაეგზავნა საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 11 ნოემბრის N21-10/104077 გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით, ვაჭრობაში დამცავი ღონისძიება არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემოღებული ღონისძიება.

ამავე კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, კი საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების „საბაჟო კონტროლის შესახებ“ (დანართი №2) 39-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების საფუძველია დეკლარანტის წერილობითი განცხადება (გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №8) გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც საქონლის გაშვების შემდეგ დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის გარეშე), თუ მის მიერ აღმოჩენილ იქნა, რომ გაშვებული საქონლის რაოდენობა ან/და საქონლის ღირებულება ან/და საქონლის საბაჟო ღირებულება ან/და იმპორტის გადასახდელის თანხის ოდენობა ნაკლებია საბაჟო დეკლარაციაში ან რეექსპორტის დეკლარაციაში და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებულ შესაბამის მონაცემებზე.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის მიზანია საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საქონლის რაოდენობის ან/და სახეობათა რაოდენობის ან/და სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის სისწორის ან/და საქონლის მიმართ დაწესებულ აკრძალვებთან ან/და შეზღუდვებთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის შემოწმება.

მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, დეკლარანტის წერილობით განცხადებასთან ერთად არასაკმარისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ მას ეძლევა გონივრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. სათანადო მტკიცებულებების მიწოდების შემდეგ ხორციელდება საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.

მომჩივნის მიერ წარმოდგენილ საჩივრებზე დამატებით მტკიცებულების სახით წარმოდგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეტალურგიის ფაკულტეტის, მეცნიერებათა დოქტორების მიერ შედგენილი საქესპერტო დასკვნა გაცემული 2023 წელს და ითხოვს მისი არგუმენტაციის გათვალისწინებას წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს შეისწავლოს საჩივარში მითითებული გარემოებები და წარმოდგენილი დოკუმენტები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს №--------/------ (17.--.2020 წ.) და №-------/------ (02.--.2020 წ.) საბაჟო დეკლარაციების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). საჩივრები დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „---------------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს შეისწავლოს საჩივარში მითითებული გარემოებები და წარმოდგენილი დოკუმენტები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს №--------/------ (17.--.2020 წ.) და №-------/------ (02.--.2020 წ.) საბაჟო დეკლარაციების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.