გადაწყვეტილება №21747/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.05.2024
№ დოკუმენტი 21747/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21747/2/2023

02 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 28.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21747/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10898 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №047-38 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.12.2023 წლის №30641 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 369 180 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 181 224

დღგ - 178 451

საშემოსავლო გადასახადი - 2 773

ჯარიმა - 95 484

საურავი - 92 472

 

ფაქტების აღწერა

კომპანიის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით:

1. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა - 1 641 963 ლარი. შემოწმებით დადგენილმა 18%-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა - 2 727 727 ლარი, დეკლარირებულზე 1 085 764 ლარით მეტი. შემოწმებამ იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამით, საბანკო ამონაწერით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 20 ოქტომბრის №175799 წერილით და დანართებით. შედეგად, ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, 2019 წლის პირველ იანვრამდე სალაროში შემოსული ავანსი, რომლის მიღებაც არ არის შესაბამისი პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებით დაბეგრილი, დაიბეგრა ნასყიდობის ხელშეკრულების მომენტში დამატებული ღირებულების გადასახადით.

2. შემოწმების მიერ დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დაბეგრილი არ ჰქონდა 2019 წლის თებერვლის თვეში მიწის მფლობელზე ბარტერის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინების მიწოდება. გადამხდელს საგადასახადო შემოწმების შედეგად დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 14.12.2022 წლის №31451 ბრძანება და №047-45 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10898 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დაბეგვრის მიზნებისთვის ბარტერული ოპერაციის ფარგლებში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ჩათვალოს სამშენებლო მომსახურების გაწევის მომენტი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10898 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 13.07.2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10898 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, საწარმოს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში (18 198 ლარი) 2019 წლის 15 მარტის ვადით, ხოლო დაერიცხა (18 198 ლარი) 2020 წლის 15 სექტემბრის ვადით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 13 ოქტომბრის №047-38 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.12.2023 წლის №30641 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ასევე, სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით:

1. საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ საწარმოს დაბეგრილი არ აქვს 2018 წელს საქონლის მიწოდებით მიღებული ავანსი და ის ჩაითვალა ნასყიდობის ხელშეკრულების მომენტში მიღებულად და დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. არ ეთანხმება აღნიშნულს, რადგანაც შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილი ს „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ასევე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს მიერ მიღებული ავანსის თანხა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარებოდა 2018 წლის საანგარიშო პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირება).

2. არ ეთანხმება (ბარტერული) ოპერაციის გაყოფის და პერიოდებში დაბეგვრის პრინციპს, რადგანაც შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით დასაბეგრი ოპერაციის დროდ ითვლება საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დრო განისაზღვრება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც მშენებლობა დასრულდა 2020 წლის აგვისტოს თვეში, დღგით დასაბეგრ ოპერაციას წარმოადგენს 2020 წლის აგვისტოს თვე და არა 2019 წლის თებერვალი, რომელიც შემოწმების მიერ აქტშია მითითებული. ითხოვთ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირება).

3. როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელები ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გათავისუფლდეს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა-საურავისაგან.

ითხოვს დაევალოს შესაბამის სამსახურს სრულად შეისწავლოს კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10898 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დაბეგვრის მიზნებისთვის ბარტერული ოპერაციის ფარგლებში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ჩათვალოს სამშენებლო მომსახურების გაწევის მომენტი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10898 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, დაბეგვრის მიზნებისთვის ბარტერული ოპერაციის ფარგლებში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ჩაითვალა სამშენებლო მომსახურების გაწევის მომენტი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დასკვნის შედეგად საწარმოს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში (18 198 ლარი) 2019 წლის 15 მარტის ვადით, ხოლო დაერიცხა (18 198 ლარი) 2020 წლის 15 სექტემბრის ვადით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 13 ოქტომბრის №047-38 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს ან მტკიცებულებებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10898 ბრძანება და შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნით არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება. ასევე, სადავოდ ხდის: 1. 2019 წლის პირველ იანვრამდე სალაროში შემოსული ავანსის, რომლის მიღებაც შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციით არ არის დაბეგრილი, ნასყიდობის ხელშეკრულების მომენტში მიღებულად ჩათვლას და დღგ-ით დაბეგვრას;

2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისგან გათავისუფლებაზე უარს, რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10898 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10898 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10898 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, 2019 წლის პირველ იანვრამდე სალაროში შემოსული ავანსი, რომლის მიღებაც არ არის შესაბამისი პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებით დაბეგრილი, დაიბეგრა ნასყიდობის ხელშეკრულების მომენტში დამატებული ღირებულების გადასახადით.

შემოწმების მიერ დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დაბეგრილი არ ჰქონდა 2019 წლის თებერვლის თვეში მიწის მფლობელზე ბარტერის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინების მიწოდება. გადამხდელს საგადასახადო შემოწმების შედეგად დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(21)