ბრძანება N 5248
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5248
10 მარტი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.:---) 2025 წლის 12 ნოემბრისა და 2026 წლის 2 მარტის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 ნოემბრისა და 2026 წლის 6 მარტის სხდომებზე (ოქმები №97 და №21) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) №98769/1/2025, №98770/1/2025, №98789/1/2025; №98790/1/2025 და №101087/1/2026 საჩივრები, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას (შეტყობინებას) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალურ წესზე გადაყვანის თაობაზე.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ქარის ელექტროტურბინების გენერატორების სამონტაჟო მომსახურება საქართველოში. აღნიშნული მიზნით 2025 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში იმპორტის საბაჟო სასაქონლო რეჟიმით საზღვარგარეთიდან შემოტანილი აქვს 2 ტიპის სპეციალური ამწე, რისი შესაბამისი იმპორტის დღგ-ის თანხაც გადახდილი აქვს ბიუჯეტში. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქართველოში ერთ-ერთ კომპანიასთან გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება ამწის მომსახურებაზე. 2025 წლის 28 ივლისიდან კომპანია რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად და მინიჭებული ჰქონდა არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. 2025 წლის 20 ოქტომბერს კლიენტისთვის გაწეულ მომსახურებაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერისა და იმპორტირებულ და ადგილობრივ შეძენებზე გადახდილი დღგ-ის თანხების ჩათვლის შესაძლებლობის მიღების მიზნით, მათ მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა განცხადება, რითაც მოთხოვნილ იქნა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მათ მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იქნა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, თუმცა, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით კომპანიას მიენიჭა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი სპეციალური წესით, რის მიზეზადაც შემოსავლების სამსახურმა დაასახელა ის ფაქტი, რომ კომპანიის ერთადერთი დამფუძნებელი და დირექტორი არ ფლობს უძრავ ქონებას საქართველოში. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ კომპანიას საქართველოში იმპორტირებული და რეგისტრირებული აქვს 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 2 სპეციალური ამწე. ამასთან, საბანკო ამონაწერების მიხედვით დამფუძნებლის მიერ 2025 წლის ივლისი-ნოემბრის პერიოდში კომპანიის ანგარიშზე განხორციელებულია 380 000 ლარზე მეტის შენატანი მისი ფინანსური მხარდაჭერის მიზნით. მინიჭებული სპეციალური წესის მიხედვით მათ მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე კლიენტის მიერ დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემდეგ, შესაბამისი ოდენობის დღგ-ის თანხა გადახდილია ბიუჯეტში მიმწოდებლის (გამყიდველის) მიერ ან/და მიმღების (მყიდველის) მიერ მიმწოდებლის (გამყიდველის) სახელით. აღნიშნული დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სპეციალური წესის ფარგლებში კომპანია ფაქტობრივად ვერ ახერხებს საბაჟოზე და ადგილობრივ შეძენებზე გადახდილი დღგ-ის თანხების ჩათვლას და გამოყენებას და დგას ფინანსური პრობლემის წინაშე. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიას დირექტორზე (უცხო ქვეყნის (ჩინეთის) მოქალაქე) 2026 წლის იანვარში გაცემული აქვს ხელფასი. ამასთან, კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ამჟამად ვერ ახერხებს საქართველოში ყოფნას საქართველოს ვიზის არქონის გამო. თუმცა, კომპანია მზად არის შეცვალოს და დანიშნოს ახალი დირექტორი, რომელიც მზად არის, შეიძინოს უძრავი ქონება საქართველოში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სპეციალური წესით სარგებლობის ვალდებულების მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, მომჩივანმა 2025 წლის 20 ოქტომბერს წარმოადგინა ID:--- განცხადება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების თაობაზე. შპს „---“ (ს/ნ ---) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2025 წლის 29 იანვარს და 2025 წლის 28 ივლისს დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. კომპანიის დირექტორის მინდობილ პირთან ---თან (პ/ნ ---) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სატელეფონო კომუნიკაციისას დადგინდა, რომ შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობას წარმოადგენს საინჟინრო საქმიანობა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური კონსულტირება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა წერილობითი ახსნა-განმარტება და საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „---ის“ (ს/ნ ---) დირექტორი ---(პასპორტის ნომერი ---) არის უცხო ქვეყნის (ჩინეთის) მოქალაქე, რომელსაც საქართველოში არ უფიქსირდება უძრავი ქონება. ამდენად, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 აპრილის №6734 ბრძანებით დამტკიცებული ,,არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისათვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ“ პროცედურული სახელმძღვანელოს დანართი №2-ის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის 30 ოქტომბერს მიენიჭა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და გადაყვანილ იქნა ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალურ წესზე ერთი წლის ვადით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების თანახმად:
1. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
5. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) ფორმებს, რეკვიზიტებს, მისი გაცემის, აღრიცხვისა და გამოყენების (მათ შორის, გამოყენებაზე შეზღუდვის) წესებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოიწერება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების (ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და ჩათვლის მიღების) უფლება ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე, ასევე პირს შეუჩეროს საბაჟო დეკლარაციის გამოყენების უფლება დღგ-ის ჩათვლის მიღების მიზნით შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
ამავე ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე გადასახადის გადამხდელის გადაყვანა შესაძლებელია განხორციელდეს:
ა) ნებაყოფლობით; ბ) სავალდებულო წესით; გ) შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, მის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით.
ამავე ბრძანების მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად გადაიყვანოს/არ გადაიყვანოს/შეუწყვიტოს გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესით სარგებლობის უფლება. “არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 8 აპრილის №6734 ბრძანების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დავალების შესწავლისას თუ გამოიკვეთა ამ სახელმძღვანელოს N2 დანართით განსაზღვრული დამატებითი ფაქტორები კვალიფიციური გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, შემსრულებელი უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს ამ სახელმძღვანელოს მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
№2 დანართით განსაზღვრულია დამატებით გასათვალისწინებელი ფაქტორები. შემსრულებლის მიერ ხორციელდება ასევე დამატებითი ფაქტორების შესწავლა. კერძოდ, №2 დანართის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხოელი დამფუძნებელი პირის/დირექტორის არსებობის შემთხვევაში, რომელიც საქართველოში არ იმყოფება ბოლო 6 თვის განმავლობაში და არ უფიქსირდება ბოლო 6 თვის განმავლობაში განაცემი (ხელფასი/დივიდენდი/სხვა) ან არ აქვს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ხოლო ამავე ბრძანების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კვალიფიციური გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ, შემსრულებელი ადგენს დასკვნას ამ სახელმძღვანელოს დანართი №4-ის შესაბამისად და აღნიშნულ გადაწყვეტილებას აფიქსირებს სპეციალურ პროგრამულ მოდულში. იგი უფლებამოსილია, კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებასთან ერთად გადასახადის გადამხდელი გადაიყვანოს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალურ წესზე შემოსავლების სამსახურის უფროსის №3751 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის საფუძველზე 1 წლის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, გადასახადის გადამხდელს პროგრამულად ენიჭება არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. ამავე ბრძანების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და იგი გადაყვანილი იქნა ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის სპეციალურ წესზე, გადასახადის გადამხდელს არ ეზღუდება უფლება შემოსავლების სამსახურში წარადგინოს განცხადება ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის სპეციალური წესით სარგებლობის შეწყვეტის შესახებ.
აღნიშნულ შემთხვევაში, შემსრულებლის მიერ ამავე პროცედურით დადგენილი წესით ხორციელდება გადაწყვეტილების მიღება, წინა გადაწყვეტილების საფუძვლების და ახლად წარმოდგენილი ინფორმაციის მიღების შედეგად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას საქართველოში არ უფიქსირდება უძრავი ქონება, შპს „---ს“ (ს/ნ --- იმპორტის საბაჟო სასაქონლო რეჟიმით საზღვარგარეთიდან შემოტანილი აქვს 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 2 ტიპის სპეციალური ამწე. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ კომპანიას დირექტორზე ---ზე (უცხო ქვეყნის (ჩინეთის) მოქალაქე, EL---) უფიქსირდება სახელფასო განაცემი, რაც ასახული აქვს 2026 წლის იანვრის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტებისა და “არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ” პროცედურული სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 8 აპრილის №6734 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტებისა და “არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ” პროცედურული სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 8 აპრილის №6734 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს; 4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სპეციალური წესით სარგებლობის ვალდებულების მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, მომჩივანმა წარმოადგინა განცხადება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების თაობაზე. მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2025 წლის 29 იანვარს და 2025 წლის 28 ივლისს დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. კომპანიის დირექტორის მინდობილ პირთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სატელეფონო კომუნიკაციისას დადგინდა, რომ საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს საინჟინრო საქმიანობა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური კონსულტირება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა წერილობითი ახსნა-განმარტება და საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დირექტორი არის უცხო ქვეყნის (ჩინეთის) მოქალაქე, რომელსაც საქართველოში არ უფიქსირდება უძრავი ქონება. ამდენად, შემოსავლების სამსახურის №6734 ბრძანებით დამტკიცებული ,,არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისათვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ“ პროცედურული სახელმძღვანელოს დანართი №2-ის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მომჩივანს მიენიჭა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და გადაყვანილ იქნა ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალურ წესზე ერთი წლის ვადით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტებისა და “არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ” პროცედურული სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 8 აპრილის №6734 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 180 (1,5).