გადაწყვეტილება №20444/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.11.2023
№ დოკუმენტი 20444/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20444/2/2023

06 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ს“ 1.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20444/2/2023).

 

დავის საგანი:

1. სალაროს ანგარიშზე არსებული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა;

2. საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №007-359 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ივლისის №16952 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 130 519 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 67 194

დღგ - 2 020

მოგების გადასახადი - 46 052

საშემოსავლო გადასახადი - 19 122

ჯარიმა - 40 679

საურავი - 22 646

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 18 აგვისტოს №26860 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 7 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №32476 ბრძანება და №007-359 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 130 519 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 20 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 13 ივლისის №16952 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სალაროს ანგარიშზე არსებული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული აქვს სალაროს ნაშთი, რომელიც აღემატება სალაროს გონივრულ ფულად ნაშთს (აღნიშნული დაანგარიშებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად). საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელიც დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა სარგებელი სესხის საბაზრო ღირებულების ოდენობით და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 73-ე, 97-ე, 982 , 101-ე, 154-ე, 43- ე, 291-ე მუხლებზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბუღალტრულ აღრიცხვაში უფიქსირდება სალაროს ნაშთი, რომელიც აღემატება გონივრულ ნაშთს. შემოწმების მიერ გაანგარიშებული არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, უპროცენტო სესხზე გაანგარიშებული სარგებელი კი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სარგებლად, რომელიც თავის მხრივ დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმო პროდუქციის რეალიზაციას ახდენს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების წესით. ბუნებრივია, სალაროში არსებული ნაშთი წარმოადგენს პროდუქციის ნაღდი ანგარიშსწორების წესით შემოსულ თანხას, ხოლო საგადასახადო შემოწმების დროს არავის არ შეუმოწმებია პროგრამულად დაფიქსირებული სალაროს ნაშთის ოდენობა შეესაბამებოდა თუ არა რეალურად ადგილზე არსებულ თანხას, რომელიც პროდუქციის რეალიზაციის შედეგად იყო მიღებული და ინახებოდა ადგილზე საწარმოს დირექტორის სეიფში, მდებარე: ქ. -----, ------ს ქ. ---, სავაჭრო ცენტრი -----.

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტები უკანონო და დაუსაბუთებელია:

1. სალაროს ანგარიშზე არსებული ნაშთის სალაროს პასუხიმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, სარგებლის ხელფასის სახით განაცემად ჩათვლის, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის და ჯარიმის დაკისრების ნაწილში;

2. საანგარიშო წლის/თვის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ დეკლარაციის წარუდგენლობის გამო ჯარიმის დაკისრების ნაწილში.

შემოწმების აქტით სალაროს ნაშთის დაანგარიშება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი 9- ის შესაბამისად.

უდავოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმება განხორციელდა 9.10.2019 – 1.07.2022 პერიოდზე. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ გადასახადის გადამხდელის შემოწმება განახორციელა ძველ პერიოდზე, სალაროს ნაშთის დაანგარიშება კი მოახდინა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებით შესული ცვლილებების შესაბამისად. მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის 30 დეკემბრამდე არსებული რედაქციის თანახმად, კონკრეტული სამეურნეო ოპერაციის განხორციელების დროს ნორმატიული აქტის ნორმა გადასახადის გადამხდელს არ უზღუდავდა უფლებას ჰქონოდა სალაროში ფულადი ნაშთი (ოდენობის შეუზღუდავად) უმოძრაოდ. აღნიშნული არ წარმოადგენდა კანონით დადგენილი წესის დარღვევას, ხოლო 2021 წლის 30 დეკემბერს №42109 ბრძანებით შესული ცვლილების თანახმად, თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად.

თუ მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმება განხორციელდა ძველ პერიოდზე და სალაროს ნაშთის დაანგარიშება მოხდა ბრძანების ახალი რედაქციის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს ქმედება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებაში მითითებულია, რომ ბრძანება ამოქმედდა ხელმოწერისთანავე. შესაბამისად, ეს ნორმა არ მოქმედებდა 9.10.2019 – 1.07.2022 პერიოდზე.

მომჩივანი მიუთითებს ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-2, მე-16, მე-18, მე-20, 22-ე, 24-ე მუხლებზე და აღნიშნავ, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმება განხორციელდა ძველ პერიოდზე, საგადასახადო ორგანოს მხრიდან შემოწმების შედეგებზე ახალი ნორმატიული აქტის გამოყენება დაუსაბუთებელი და უკანონოა.

იმ შემთხვევაში თუ გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილ შემოწმების აქტში დაშვებულია გარკვეული ტიპის ტექნიკური ხარვეზი და დაანგარიშება განხორციელდა შემოწმების პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა გადასახადის გადამხდელს არ უზღუდავდა უფლებას ჰქონოდა სალაროში ფულადი ნაშთი (ოდენობის შეუზღუდავად) უმოძრაოდ. აღნიშნული არ წარმოადგენდა კანონით დადგენილი წესის დარღვევას. ფულადი აქტივის სალაროში უმოძრაოდ არსებობა ვერ გამოდგება ამ ოპერაციისთვის კანონსაწინააღმდეგო ხასიათის მინიჭების და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად. ასეთი სახის ოპერაცია განეკუთვნება ყოველი კომპანიის ეკონომიკურ გათვლას, მათ რისკს, რომლის განხორციელების საშუალებას კანონმდებლობა ანიჭებს ეკონომიკური ოპერაციის განმახორციელებელ პირს. მით უფრო, საწარმო პროდუქციის რეალიზაციას ახდენს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების წესით და სალაროში არსებული ნაშთი წარმოადგენს პროდუქციის ნაღდი ანგარიშსწორების წესით შემოსულ თანხას, საგადასახადო შემოწმების დროს არავის არ შეუმოწმებია პროგრამულად დაფიქსირებული სალაროს ნაშთის ოდენობა შეესაბამებოდა თუ არა რეალურად ადგილზე არსებულ თანხას.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის (აქტების) გამოცემა მოხდა კანონის დარღვევით, რაც ქმნის მათი ბათილად ცნობის საფუძველს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე. შესაბამისად, ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბუღალტრულ აღრიცხვაში უფიქსირდება სალაროს ნაშთი, რომელიც აღემატება გონივრულ ნაშთს. საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშებული არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, უპროცენტო სესხზე გაანგარიშებული სარგებელი კი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სარგებლად.

საბჭო მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებაზე, რომლის მიხედვით განხორციელდა ცვლილება 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში. კერძოდ, მე-10 მუხლის თანახმად, ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, აღნიშნული თანხა კვალიფიცირდება როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის შეფასებული კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

2. საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა

ფაქტების აღწერა

მომჩივანს არ აქვს წარდგენილი ინფორმაცია საანგარიშო წლის/თვის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 39-ე მუხლის, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის და №2521 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, მთელ შესამოწმებელ პერიოდზე გამოვლენილი სამართალდარღვევებისთვის, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანი დაჯარიმდა მხოლოდ ერთხელ, 100 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ასევე შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ცნობა შემოსავლის მიმღები პირის სარეგისტრაციო ნომრის, გვარისა და სახელის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, საანგარიშო პერიოდისათვის შემოსავლის საერთო თანხისა და დაკავებული გადასახადის საერთო თანხის მითითებით წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს არა უგვიანეს გადასახადის დაკავების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, - იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა არ შეასრულა მასზე საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკისრებული ვალდებულება და არ წარადგინა ინფორმაცია საანგარიშო წლის/თვის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ.

ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომჩივანი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, ამასთან, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ამავე კოდექსით არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს მართლზომიერად შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის გათვალისწინებული ჯარიმა.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ივლისის №16952 ბრძანება;

3. საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. სალაროს ანგარიშზე არსებული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა;

2. საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული აქვს სალაროს ნაშთი, რომელიც აღემატება სალაროს გონივრულ ფულად ნაშთს (აღნიშნული დაანგარიშებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად). საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელიც დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა სარგებელი სესხის საბაზრო ღირებულების ოდენობით და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

2. მომჩივანს არ აქვს წარდგენილი ინფორმაცია საანგარიშო წლის/თვის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 39-ე მუხლის, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის და №2521 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, მთელ შესამოწმებელ პერიოდზე გამოვლენილი სამართალდარღვევებისთვის, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანი დაჯარიმდა მხოლოდ ერთხელ, 100 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი პირველ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს მართლზომიერად შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის გათვალისწინებული ჯარიმა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9"ბ"), 97(1"ბ"), 982(3"ზ")(8), 101(1)(2"ბ"), 154(1"ა")(3"გ"), 43(1"ა""თ"), 291.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის N 34 ბრძანება.