გადაწყვეტილება №25463/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.08.2025
№ დოკუმენტი 25463/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25463/2/2025

12 აგვისტო 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 14.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25463/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3456 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2025 წლის №006-114 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13454 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 001 459,9 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 538 444

დღგ - 4 559

საშემოსავლო გადასახადი - 533 885

ჯარიმა - 277 076

საურავი - 185 939,9

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.05.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №006-583 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3456 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- განკარგვადი შემოსავლის გაანგარიშებისას ხარჯების გათვალისწინების, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას დაშვებული მექანიკური შეცდომების და წინა საანგარიშო პერიოდებში ავანსის სახით მიღებული და დაბეგრილი თანხების გათვალისწინების საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები ხარჯის, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების და მიღებული ავანსების შესახებ;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3456 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 7.05.2025 წლის დასკვნის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას დაშვებული მექანიკური შეცდომების საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, განხორციელდა ზედმეტად დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება). გადასახადი აღნიშნულ ნაწილში შემცირდა 640 ლარის ოდენობით. წინა საანგარიშო პერიოდებში ავანსის სახით მიღებული და დაბეგრილი თანხების გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ავანსის თანხების გადახდის დოკუმენტები და შესაბამისი ახსნა-განმარტებები, თუმცა არ წარმოუდგენია აღნიშნული ავანსების წინა პერიოდებში დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შესაბამისი დასაბეგრი პერიოდების და დღგ-ის ბრუნვების გაშიფვრა, სათანადო დოკუმენტებით. აქედან გამომდინარე, არასაკმარისი მტკიცებულებების და შესაბამისად, დაუსაბუთებელი არგუმენტების პირობებში, არ განხორციელდა გადასახადის კორექტირება (შემცირება). განკარგვადი შემოსავლის გაანგარიშებისას ხარჯების გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს რაიმე სახის დოკუმენტაცია/მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად კორექტირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ განხორციელდა.

აუდიტის დეპარტამენტის 7.05.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 15.05.2025 წლის №006-114 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13454 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ პუნქტზე და საგადასახადო კოდექსის 43- ე მუხლზე.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ---------- და ---------- (----------) ბინის ღირებულება უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებელად არის დაბეგრილი. კერძოდ, განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიამ ---------- და ---------- მიაწოდა საქონელი, კერძოდ, საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება. აღნიშნული უძრავი ქონების გადაცემა საგადასახადო შემოწმების პროცესში დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, თუმცა დღგის ვალდებულების გაანგარიშებისას გათვალისწინებული არ იქნა კლიენტებისგან წინა საანგარიშო პერიოდებში მიღებული ავანსის თანხები, რომელიც შესაბამის საანგარიშო პერიოდში უკვე დაბეგრილი იყო დღგ-ით.

მომჩივნის პოზიციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემდეგ არგუმენტებზე:

- კომპანიის ერთ-ერთმა კლიენტმა - ---------- 4.06.2020 წელს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიიდან შეიძინა უძრავი ქონებები (საცხოვრებელი ბინა ავტოსადგომით). ნასყიდობის საგნის ღირებულებამ შეადგინა - 55 428 აშშ დოლარი. კლიენტის მიერ ნასყიდობის საგნის ღირებულება გადახდილი იქნა შემდეგი გრაფიკით: 4.06.2020 – 68 195 ლარი (23 068 აშშ დოლარი, უნაღდო ანგარიშსწორება), 25.07.2020 – 18 281,87 ლარი (5 949 აშშ დოლარი, ნაღდი ანგარიშსწორება), 16.01.2021 – 19 792,2 ლარი (6 000 აშშ დოლარი, უნაღდო ანგარიშსწორება), 18.03.2021 – 16 626 ლარი (5 000 აშშ დოლარი, უნაღდო ანგარიშსწორება), 20.01.2022 – 47 579,95 ლარი (15 428 აშშ დოლარი, უნაღდო ანგარიშსწორება). ბინის ღირებულების ბოლო ტრანშის - 15 428 აშშ დოლარის გადახდა კომპანიის საბანკო ანგარიშზე განახორციელა კლიენტის დედამ - ----------, რომელმაც საბანკო ამონაწერში შეცდომით მიუთითა მისი მეუღლის (ე.ი. კლიენტის მამის) - ---------- მიერ წინა წლებში კომპანიიდან შეძენილი ბინის საკადასტრო კოდი, რადგანაც წინა წლებში ---------- იხდიდა მისი მეუღლის მიერ შეძენილი ბინის ღირებულებას და შექმნილი ჰქონდა საგადახდო დავალების შაბლონი. ნასყიდობის საგნის ღირებულების სრულად დაფარვიდან დაახლოებით 1 თვეში კომპანიამ კლიენტს საკუთრებაში გადასცა შეძენილი უძრავი ქონება კერძოდ, საცხოვრებელი ბინა, ხოლო ავტოსადგომის კლიენტისთვის საკუთრებაში გადაცემა განხორციელდა მოგვიანებით - 27.03.2023 წელს. ამასთან, კლიენტის მამის - ---------- მიერ შეძენილი ბინის ღირებულების დაფარვა სრულად განხორციელდა (და მას ბინაზე საკუთრების უფლება დაურეგისტრირდა) 2020 წლის ოქტომბერში. მეტიც, იმის გამო, რომ კომპანიამ ---------- დაუგვიანა წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ბინის ჩაბარება, მას გადახდილი ბინის ღირებულებიდან ნაწილი თანხა - 13 181,7 ლარი (3 393 აშშ დოლარი) დაუბრუნდა უკან. შემოწმებამ ---------- მიერ 22.01.2022 წელს გადახდილი თანხა განიხილა არა ---------- მიერ 4.06.2020 წლის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი ბინის ღირებულების ნაწილად (ბოლო ტრანშად), არამედ აბსტრაქტულად განიხილა ---------- მიერ შეძენილი/შესაძენი „ახალი ბინის“ ღირებულებად;

- რაც შეეხება ----------, კომპანიის ერთ-ერთმა კლიენტმა - ---------- 19.12.2019 წლის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიიდან შეიძინა უძრავი ქონება. ნასყიდობის საგნის ღირებულებამ შეადგინა - 55 428 აშშ დოლარი. კლიენტის მიერ ნასყიდობის საგნის ღირებულება გადახდილი იქნა შემდეგი გრაფიკით: 19.12.2018 – 53 310 ლარი (20 000 აშშ დოლარი, ნაღდი/გამოწერილია ჩგდ), 16.03.2019 – 26 749 ლარი (10 000 აშშ დოლარი, ნაღდი/გამოწერილია ჩგდ), 20.02.2022 – 28 578,24 ლარი (9 600 აშშ დოლარი, უნაღდო). ბინის ღირებულების პირველი ორი ტრანშის - 20 000 აშშ დოლარისა და 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხების გადახდა მოხდა კლიენტის დის - ---------- მიერ. მესამე ტრანშით გათვალისწინებული თანხა თავად დაფარა კლიენტმა 2022 წლის თებერვალში. 1 თვის თავზე გადაეცა კლიენტის უძრავი ქონება საკუთრებაში (თუმცა საკუთრების უფლების გადაცემის დოკუმენტის თარიღდება 2022 წლის თებერვლით). შემოწმებამ, ---------- მიერ 19.12.2018 წელს და 16.03.2019 წელს გადახდილი თანხები განიხილა არა ---------- მიერ 19.12.2018 წლის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი ბინის ღირებულების ნაწილად (ტრანშებად), არამედ აბსტრაქტულად განიხილა ---------- მიერ შეძენილი/შესაძენი „ახალი ბინის“ ღირებულებად;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხის შესწავლა, თუმცა, უკვე მეორედ არ შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგები აღნიშნული სადავო საკითხის ფარგლებში დატოვა უცვლელი და ფორმალურად გადაანგარიშების განუხორციელებლობის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ კომპანიას არ წარმოუდგენია აღნიშნული თანხების წინა საანგარიშო პერიოდებში დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია, თუმცა კომპანიაში ჩატარებულმა ბოლო საგადასახადო შემოწმებამ მოიცვა 1.01.2021-1.05.2024 წლების პერიოდი. ბოლოს წინა საგადასახადო შემოწმებამ კი მოიცვა 1.12.2018-1.09.2020 წლების პერიოდი, შესაბამისად შეუმოწმებელი (არა აუდირებული) დარჩა მხოლოდ 1.09.2020-1.01.2021 წლების პერიოდი. ---------- შემთხვევაში, კლიენტის მიერ, სადავო უძრავ ქონებებზე ბინის ღირებულების ნაწილ-ნაწილ გადახდა განხორციელდა 2020 წლის ივნისის, 2020 წლის ივლისის, 2021 წლის იანვრის, 2021 წლის მარტის და 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდებში, ხოლო კლიენტისთვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა განხორციელდა 2022 წლის თებერვალში. შესაბამისად, როგორც კლიენტისგან ავანსის თანხების მიღების საანგარიშო პერიოდები, ისე უძრავი ქონების კლიენტისათვის საკუთრებაში გადაცემის საანგარიშო პერიოდი სრულად მოცულია ბოლო საგადასახადო შემოწმებებით. ამასთან, ყველა ავანსის თანხა (გარდა პირველი ტრანშისა) მიღებულია საბანკო გადარიცხვის გზით, ხოლო უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. გონივრულ განსჯას არის მოკლებული აუდიტის დეპარტამენტის მტკიცება, რომ ვერ ახდენს იდენტიფიცირებას ავანსის თანხებისა და უძრავი ქონების გადაცემის დაბეგვრასთან დაკავშირებით, როცა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა 2022 წლის თებერვალში თავად აქვს მოქცეული დასაბეგრი ოპერაციებში, ისევე როგორც ავტოსადგომის გადაცემა 2023 წელს ე.ი. ტრანზაქციები წარმოადგენს შემმოწმებლის მიერ ჩატარებული შემოწმების პერიოდს. ---------- შემთხვევაში კი, კლიენტის მიერ სადავო უძრავ ქონებებზე ბინის ღირებულების ნაწილ-ნაწილ გადახდა განხორციელდა 2018 წლის დეკემბრის, 2019 წლის მარტის და 2022 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდებში, ხოლო კლიენტისთვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა განხორციელდა 2022 წლის თებერვალ-მარტის საანგარიშო პერიოდებში. შესაბამისად, როგორც კლიენტისგან ავანსის თანხების მიღების საანგარიშო პერიოდები, ისე უძრავი ქონების კლიენტისათვის საკუთრებაში გადაცემის საანგარიშო პერიოდი სრულად მოცულია ბოლო საგადასახადო შემოწმებებით. ამ შემთხვევაშიც, გონივრულ განსჯას არის მოკლებული აუდიტის დეპარტამენტის მტკიცება, რომ ვერ ახდენს იდენტიფიცირებას ავანსის თანხებისა და უძრავი ქონების გადაცემის დაბეგვრასთან დაკავშირებით, როცა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა 2022 წლის თებერვალში თავად აქვს მოქცეული დასაბეგრი ოპერაციებში. მომჩივანი განმარტავს, რომ საჩივარს თან ურთავს ყველა საჭირო მტკიცებულებას, რაც ადასტურებს მის პოზიციას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით და გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით შესაძლებელია აუდიტის დეპარტამენტმა გაითვალისწინოს წინა საანგარიშო პერიოდებში ავანსის სახით მიღებული და დაბეგრილი თანხები. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დააკორექტიროს წინა საანგარიშო პერიოდებში ავანსის სახით მიღებული/დაბეგრილი თანხები და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიამ ---------- და ---------- მიაწოდა საქონელი, კერძოდ საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება. აღნიშნული უძრავი ქონების გადაცემა საგადასახადო შემოწმების პროცესში დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, თუმცა დღგ-ის ვალდებულების გაანგარიშებისას გათვალისწინებული არ იქნა კლიენტებისგან წინა საანგარიშო პერიოდებში მიღებული ავანსის თანხები, რომელიც შესაბამის საანგარიშო პერიოდში უკვე დაბეგრილი იყო დღგ-ით. შესაბამისად, კომპანიას იურიდიულად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად დაერიცხა დღგ.

უფრო კონკრეტულად კი გარემოებები მდგომარეობდა შემდეგში:

კომპანიის ერთ-ერთმა კლიენტმა - ---------- 4.07.2020 წლის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიიდან შეიძინა უძრავი ქონებები (საცხოვრებელი ბინა ავტოსადგომით შემდეგი საკადასტრო კოდით - ---------- [საცხოვრებელი ბინა] ---------- [ავტოსადგომით]). ნასყიდობის საგნის ღირებულებამ შეადგინა - 55 428 აშშ დოლარი. კლიენტის მიერ ნასყიდობის საგნის ღირებულება გადახდილი იქნა შემდეგი გრაფიკით:

4.06.2020 – 68 195 ლარი (23 068 აშშ დოლარი, უნაღდო ანგარიშსწორება)

25.07.2020 – 18 281,87 ლარი (5 949 აშშ დოლარი, ნაღდი ანგარიშსწორება)

16.01.2021 – 19 792,2 ლარი (6 000 აშშ დოლარი, უნაღდო ანგარიშსწორება)

18.03.2021 – 16 626 ლარი (5 000 აშშ დოლარი, უნაღდო ანგარიშსწორება)

20.01.2022 – 47 579, 95 ლარი (15 428 აშშ დოლარი, უნაღდო ანგარიშსწორება)

ბინის ღირებულების ბოლო ტრანშის - 15 428 აშშ დოლარის გადახდა კომპანიის საბანკო ანგარიშზე განახორციელა კლიენტის დედამ - ----------, რომელმაც საბანკო ამონაწერში შეცდომით მიუთითა მისი მეუღლის (ე.ი. კლიენტის მამის) - ---------- მიერ წინა წლებში კომპანიიდან შეძენილი ბინის საკადასტრო კოდი (----------), რადგანაც წინა წლებში ---------- ახორციელებდა მისი მეუღლის მიერ შეძენილი ბინის ღირებულების გადახდას და შექმნილი ჰქონდა საგადახდო დავალების შაბლონი.

ნასყიდობის საგნის ღირებულების სრულად დაფარვიდან დაახლოებით 1 თვეში (1 თვესა და 4 დღეში) კომპანიამ კლიენტს საკუთრებაში გადასცა შეძენილი უძრავი ქონება (---------- [საცხოვრებელი ბინა]). ავტოსადგომის (----------) კლიენტისთვის საკუთრებაში გადაცემა განხორციელდა მოგვიანებით - 27.03.2023 წელს.

კლიენტის მამის - ---------- მიერ შეძენილი ბინის (----------) ღირებულების დაფარვა სრულად განხორციელდა (და მას ბინაზე საკუთრების უფლება დაურეგისტრირდა) 2020 წლის ოქტომბერში. მეტიც, იმის გამო, რომ კომპანიამ ---------- დაუგვიანა წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ბინის ჩაბარება, მას გადახდილი ბინის ღირებულებიდან ნაწილი თანხა - 13 181,7 ლარი (3 393 აშშ დოლარი) დაუბრუნდა უკან.

საგადასახადო ორგანომ ---------- მიერ 22.01.2022 წელს გადახდილი თანხა განიხილა არა ---------- მიერ 4.06.2020 წელს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი ბინის ღირებულების ნაწილად (ბოლო ტრანშად), არამედ აბსტრაქტულად განიხილა ---------- მიერ შეძენილი/შესაძენი „ახალი ბინის“ ღირებულებად.

შემოსავლების სამსახურმა მისი 26.02.2025 წლის №3456 ბრძანებით დაავალა კომპანიას აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში აქტის შედეგების გადაანგარიშება.

კომპანიის მიერ ბრძანებით გათვალისწინებულ ვადებში მოხდა აუდიტის დეპარტამენტისთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების წარდგენა.

აუდიტის დეპარტამენტმა უკვე მეორედ არ შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგები აღნიშნული სადაო საკითხის ფარგლებში დატოვა უცვლელი და ფორმალურად გადაანგარიშების განუხორციელებლობის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ კომპანიას არ წარმოუდგენია აღნიშნული თანხების წინა საანგარიშო პერიოდებში დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებების გამო:

კომპანიაში ჩატარებულმა ბოლო საგადასახადო შემოწმებამ მოიცვა 1.01.2021-1.05.2024 წლების პერიოდი. ბოლოს წინა საგადასახადო შემოწმებამ კი მოიცვა - 1.12.2018-1.09.2020 წლების პერიოდი, შესაბამისად შეუმოწმებელი (არა აუდირებული) დარჩა მხოლოდ 1.09.2020-1.01.2021 წლების პერიოდი.

კლიენტის მიერ სადავო უძრავ ქონებებზე ბინის ღირებულების ნაწილ-ნაწილ გადახდა განხორციელდა 2020 წლის ივნისის, 2020 წლის ივლისის, 2021 წლის იანვრის, 2021 წლის მარტის და 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდებში, ხოლო კლიენტისთვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა განხორციელდა 2022 წლის თებერვალში.

შესაბამისად, როგორც კლიენტისგან ავანსის თანხების მიღების საანგარიშო პერიოდები, ისე უძრავი ქონების კლიენტისათვის საკუთრებაში გადაცემის საანგარიშო პერიოდი სრულად მოცულია ბოლო საგადასახადო შემოწმებებით. ამასთან, ყველა ავანსის თანხა (გარდა პირველი ტრანშისა) მიღებულია საბანკო გადარიცხვის გზით, ხოლო უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

შესაბამისად, არამარტო იურიდიულ საფუძველს და დასაბუთებულობას, არამედ გონივრულ განსჯას არის მოკლებული აუდიტის დეპარტამენტის მტკიცება, რომ ვერ ახდენს იდენტიფიცირებას ავანსის თანხებისა და უძრავი ქონების გადაცემის დაბეგვრასთან დაკავშირებით, როცა უძრავ ქონებაზე (---------- - ბინა) საკუთრების უფლების გადაცემა 2022 წლის თებერვალში თავად აქვს მოქცეული დასაბეგრი ოპერაციებში, ისევე როგორც ავტოსადგომის გადაცემა 2023 წელს ე.ი. ტრანზაქციები წარმოადგენს შემმოწმებლის მიერ ჩატარებული შემოწმების პერიოდს.

ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ხსენებული შემოწმებებით დღგ-ის ნაწილში რაიმე არსებითი ცდომილება არ გამოვლენილა, ე.ი კომპანიის მიერ საანგარიშო პერიოდის დღგ-ის ვალდებულების დეკლარირება ხორციელდება კანონის შესაბამისად.

ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად საჩივარს თან ურთავს სრული უწყვეტ ბუღალტრული პროგრამის ბაზას 2015 წლიდან 2025 წლამდე, საჯარო რეესტრიდან აღებულ ტრანზაქციების რეესტრს და საბანკო ამონაწერებს, რომლითაც დასტურდება, რომ ---------- რაიმე ახალი უძრავი ქონების რეალიზაციას ადგილი არ ქონია.

კომპანიის ერთ-ერთმა კლიენტმა - ---------- 19.12.2018 წელს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიიდან შეიძინა უძრავი ქონება (საცხოვრებელი ბინა შემდეგი საკადასტრო კოდით - ----------). ნასყიდობის საგნის ღირებულებამ შეადგინა - 55 428 აშშ დოლარი. კლიენტის მიერ ნასყიდობის საგნის ღირებულება გადახდილი იქნა შემდეგი გრაფიკით:

19.12.2018 – 53 310 ლარი (20 000 აშშ დოლარი, ნაღდი/გამოწერილია ჩგდ)

16.03.2019 – 26 749 ლარი (10 000 აშშ დოლარი, ნაღდი/გამოწერილია ჩგდ)

20.02.2022 – 28 578,24 ლარი (9 600 აშშ დოლარი, უნაღდო)

ბინის ღირებულების პირველი ორი ტრანშის - 20 000 აშშ დოლარისა და 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხების გადახდა მოხდა კლიენტის დის - ---------- მიერ. მესამე ტრანშით გათვალისწინებული თანხა თავად დაფარა კლიენტმა 2022 წლის თებერვალში. 1 თვის თავზე (2022 წლის მარტში) მოხდა კლიენტისთვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა (თუმცა საკუთრების უფლების გადაცემის დოკუმენტის თარიღდება 2022 წლის თებერვლით).

საგადასახადო ორგანომ ---------- მიერ 19.12.2018 წელს და 16.03.2019 წელს გადახდილი თანხები განიხილა არა ---------- მიერ 19.12.2019 წლის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი ბინის ღირებულების ნაწილად (ტრანშებად), არამედ აბსტრაქტულად განიხილა ---------- მიერ შეძენილი/შესაძენი „ახალი ბინის“ ღირებულებად.

შემოსავლების სამსახურმა მისი 26.02.2025 წლის №3456 ბრძანებით დაავალა კომპანიას აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში აქტის შედეგების გადაანგარიშება.

კომპანიის მიერ ბრძანებით გათვალისწინებულ ვადებში მოხდა აუდიტის დეპარტამენტისთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების წარდგენა.

აუდიტის დეპარტამენტმა უკვე მეორედ არ შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგები აღნიშნული სადავო საკითხის ფარგლებში დატოვა უცვლელი და ფორმალურად გადაანგარიშების განუხორციელებლობის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ კომპანიას არ წარმოუდგენია აღნიშნული თანხების წინა საანგარიშო პერიოდებში დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებების გამო:

კომპანიაში ჩატარებულმა ბოლო საგადასახადო შემოწმებამ მოიცვა 1.01.2021-1.05.2024 პერიოდი. ბოლოს წინა საგადასახადო შემოწმებამ კი მოიცვა 1.12.2018-1.09.2020 წლების პერიოდი, შესაბამისად შეუმოწმებელი (არა აუდირებული) დარჩა მხოლოდ 1.09.2020-1.01.2021 წლების პერიოდი.

კლიენტის მიერ სადაო უძრავ ქონებებზე ბინის ღირებულების ნაწილ-ნაწილ გადახდა განხორციელდა 2018 წლის დეკემბრის, 2019 წლის მარტის და 2022 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდებში, ხოლო კლიენტისთვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა განხორციელდა 2022 წლის თებერვალ-მარტის საანგარიშო პერიოდებში.

შესაბამისად, როგორც კლიენტისგან ავანსის თანხების მიღების საანგარიშო პერიოდები, ისე უძრავი ქონების კლიენტისათვის საკუთრებაში გადაცემის საანგარიშო პერიოდი სრულად მოცულია ბოლო საგადასახადო შემოწმებებით.

შესაბამისად, არამარტო იურიდიულ საფუძველს და დასაბუთებულობას, არამედ გონივრულ განსჯას არის მოკლებული აუდიტის დეპარტამენტის მტკიცება, რომ ვერ ახდენს იდენტიფიცირებას ავანსის თანხებისა და უძრავი ქონების გადაცემის დაბეგვრასთან დაკავშირებით, როცა უძრავ ქონებაზე (---------- - ბინა) საკუთრების უფლების გადაცემა 2022 წლის თებერვალში თავად აქვს მოქცეული დასაბეგრი ოპერაციებში.

ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად საჩივარს თან ურთავს სრულ უწყვეტ ბუღალტრული პროგრამის ბაზას 2015 წლიდან 2025 წლამდე, საჯარო რეესტრიდან აღებულ ტრანზაქციების რეესტრს და საბანკო ამონაწერებს, რომლითაც დასტურდება, რომ ---------- რაიმე ახალი უძრავი ქონების რეალიზაციას ადგილი არ ქონია.

 

ავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

მომჩივანი მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიამ ---------- და ---------- საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება. აღნიშნული უძრავი ქონების გადაცემა საგადასახადო შემოწმების პროცესში დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, თუმცა დღგ-ის ვალდებულების გაანგარიშებისას გათვალისწინებული არ იქნა კლიენტებისგან წინა საანგარიშო პერიოდებში მიღებული ავანსის თანხები, რომელიც შესაბამის საანგარიშო პერიოდში უკვე დაბეგრილი იყო დღგ-ით. კომპანიის მიერ ბრძანებით გათვალისწინებულ ვადებში მოხდა აუდიტის დეპარტამენტისთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების წარდგენა. აუდიტის დეპარტამენტმა უკვე მეორედ არ შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგები აღნიშნული სადაო საკითხის ფარგლებში დატოვა უცვლელი და ფორმალურად გადაანგარიშების განუხორციელებლობის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ კომპანიას არ წარმოუდგენია აღნიშნული თანხების წინა საანგარიშო პერიოდებში დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3456 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები მიღებული ავანსების შესახებ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 7.05.2025 წლის დასკვნის მიხედვით, წინა საანგარიშო პერიოდებში ავანსის სახით მიღებული და დაბეგრილი თანხების გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ავანსის თანხების გადახდის დოკუმენტები და შესაბამისი ახსნა-განმარტებები, თუმცა არ წარმოუდგენია აღნიშნული ავანსების წინა პერიოდებში დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შესაბამისი დასაბეგრი პერიოდების და დღგ-ის ბრუნვების გაშიფვრა, სათანადო დოკუმენტებით. აქედან გამომდინარე, არასაკმარისი მტკიცებულებების და შესაბამისად, დაუსაბუთებელი არგუმენტების პირობებში, არ განხორციელდა გადასახადის კორექტირება (შემცირება).

საბჭო მიუთითებს, რომ საჩივრის განხილვა ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახური 25.06.2025 წლის №13454 ბრძანებაში მიუთითებს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით და გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით შესაძლებელია აუდიტის დეპარტამენტმა გაითვალისწინოს წინა საანგარიშო პერიოდებში ავანსის სახით მიღებული და დაბეგრილი თანხები. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დააკორექტიროს წინა საანგარიშო პერიოდებში ავანსის სახით მიღებული/დაბეგრილი თანხები და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13454 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3456 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები მიღებული ავანსების შესახებ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 7.05.2025 წლის დასკვნის მიხედვით, წინა საანგარიშო პერიოდებში ავანსის სახით მიღებული და დაბეგრილი თანხების გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ავანსის თანხების გადახდის დოკუმენტები და შესაბამისი ახსნა-განმარტებები, თუმცა არ წარმოუდგენია აღნიშნული ავანსების წინა პერიოდებში დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შესაბამისი დასაბეგრი პერიოდების და დღგ-ის ბრუნვების გაშიფვრა, სათანადო დოკუმენტებით. აქედან გამომდინარე, არასაკმარისი მტკიცებულებების და შესაბამისად, დაუსაბუთებელი არგუმენტების პირობებში, არ განხორციელდა გადასახადის კორექტირება (შემცირება). საბჭო მიუთითებს, რომ საჩივრის განხილვა ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).