ბრძანება N 8394

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.04.2023
№ დოკუმენტი 8394
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8394

18.04.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -------)

(მის.: -------, სოფელი -------)

2023 წლის 16 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) №79724/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის პირველი თებერვლის №CB1437981 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 მარტის და 12 აპრილის სხდომებზე (ოქმები №33 და №39).

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ხე-ტყის მასალით ვაჭრობა. ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა ------- რაიონის სოფელ -------. კერძოდ, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოდან ახორციელებს მრგვალი ხე-ტყის მორის შეძენას აუქციონზე. შეძენილ მორებს ამუშავებს ერთ-ერთი კომპანიის დაქვემდებარებაში არსებულ სახერხსაამქროში, რომელიც უწევს შეძენილი მორების დახერხვის მომსახურებას. მიღებული ფიცრის რეალიზაციას ახდენს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტის სახით. 2022 წლის 14 დეკემბერს შიდა გადაზიდვის №------- და №------- ზედნადებების საფუძველზე განახორციელა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსგან შეძენილი მორების სახერ-საამქროში (სახერხი საამქროს სარეგისტრაციო ნომერი №-------) გადამუშავება. კომპანიამ, რომელმაც მოახდინა მორების გადამუშავება მიღებული პროდუქტის ტიპში ძელის ნაცვლად მიუთითა ძელაკი.

2022 წლის 18 დეკემბერს 14:29 და 14:33 წუთზე წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხის მასალის სახერხი საამქროდან გატანისას გააქტიურდა მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ №------- და №------- ელექტრონული ცნობები, რომლის მიხედვითაც ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის მფლობელი გახლავთ -------. აღნიშნული ცნობების საფუძველზე სახერხი-საამქროდან გატანილი წიწვოვანი ჯიშის დახერხილი 35 მ³ ხის მასალა დაიტვირთა სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის სახელმწიფო ნომერია ------- და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე 2022 წლის 18 დეკემბერს 14:59 წუთზე გააქტიურდა №------- შიდა გადაზიდვის ზედნადები. ------- გამშვებ პოსტზე გადამოწმებისას წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხის მასალის ტიპის შეუსაბამობის გამო №------- ზედნადებით ტრანსპორტირება ჩაეთვალა კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე განხორციელებულ ტრანსპორტირებად, ჩამოერთვა 35 მ³ წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხის მასალა და დაეკისრა ფულადი ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ დატვირთული ძელის მოცულობა იდენტურია სატრანსპორტო საშუალებაზე ატვირთული მასალის რაოდენობისა, ამდენად, არანაირი აზრი არ ჰქონდა ძელის შეცვლას ძელაკით. მის მიერ დაშვებული გეომეტრიული ფიგურების, ძელის მაგივრად ძელაკის მითითებას (მექანიკური შეცდომით) არ გამოუწვევია რაიმე მატერიალური ზიანი სახელმწიფოსთვის და არც რაიმე სარგებელი მოუტანია გადამხდელისთვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციების გაუქმებას.

 

ფაქტების აღწერა:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ------- რეგიონალური სამმართველოს 2022 წლის 20 დეკემბრის №DES ------- წერილის საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით -------, რა დროსაც დადგინდა, რომ ------- (ს/ნ -------) ახდენდა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (29282.5 ლარის საბაზრო ღირებულების 34.45 მ3 დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ------- რეგიონალური სამმართველოს 2022 წლის 20 დეკემბრის №DES ------- წერილით ირკვევა, რომ 2022 წლის 19 დეკემბერს ------- მუნიციპალიტეტის დაბა -------, ------- უბანზე, დათვალიერების მიზით, გაჩერებულ იქნა "-------" მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ------- მისაბმელი -------.

დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო წიწვოვანი ჯიშის პირველადი გადამუშავების პროდუქტი ძელი, მოცულობით 35 კუბ. მეტრი.

შემოსავლების სამსახურში გადამოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ტვირთზე გაწერილ ელექტრონულ ზედნადებში მითითებულია პროდუქტი - ძელაკი.

სატრანსპორტო, მათ შორის მცურავი საშუალების დათვალიერების შესახებ 2022 წლის 19 დეკემბრის აქტიდან ირკვევა, რომ დათვალიერების მიზნით გაჩერებულ იქნა "რენალუტის" მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ------- მისაბმელი -------, რომლის ძარაზე განთავსებული იყო წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალა 35 მ3 ძელი, რომლის მფლობელია ------- (ს/ნ -------). ტრანსპორტირებულ საქონელზე გამოწერილი იყო №------- სასაქონლო ზედნადები, რომელშიც მითითებული იყო 35 მ3 ძელაკი, ხოლო რეალურად ხდებოდა 35 მ3 ძელის ტრანსპორტირება.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ტრანსპორტირებულ ხე-მასალაზე მოთხოვნილ იქნა ექპერტიზის დასკვნა.

N------- ექპერტიზის დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხემასალის ძელის საერთო მოცულობამ შეადგინა 34.45 მ3

საქონლის საბაზრო ღირებულება მიღებულია აღნიშნული პერიოდისათვის მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არ არსებობის შემთხვევაში მსგავსი) საქონლის მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად დადებული გარიგების საფუძველზე. საქონლის ბაზრად ითვლება მიმოქცევის სფერო, რომელიც განისაზღვრება გამყიდველის/მყიდველის შესაძლებლობებით, მნიშვნელოვანი დანახარჯების გარეშე გაყიდოს/შეიძინოს საქონელი გამყიდველისთვის/მყიდველისთვის უახლოეს ტერიტორიაზე საქართველოში.

საბაზრო-საორიენტაციო ღირებულების დადგენისას ექსპერტების მიერ გათვალისწინებულ იქნა როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებული ანალოგიური პროდუქციით მოვაჭრე ობიექტებიდან, ასევე სხვა თავისუფალი და ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოკვლეული ინფორმაცია. მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხე-მასალის მსგავსი, დახერხილი წიწვოვანი ხე-მასალის გასაყიდი ფასი შეადგენს 850 ლარს დღგ-ის ჩათვლით.

აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა №CB1437981 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს შეეფარდა სანქცია 10000 (ათი ათასი) ლარი და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული ხე-მასალა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:

1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;

ლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;

ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;

გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას. ამავე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას. ამავე მუხლის 32 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 11 ან 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება 10000 ლარს აღემატება, იწვევს პირის დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის შედგენილი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წერილის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა, რომლითაც ინდ.მეწარმე ახდენდა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. კერძოდ, დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო წიწვოვანი ჯიშის პირველადი გადამუშავების პროდუქტი ძელი, აღნიშნულ ტვირთზე გაწერილ ელექტრონულ ზედნადებში კი მითითებული იყო პროდუქტი - ძელაკი.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ტრანსპორტირებულ ხე-მასალაზე მოთხოვნილ იქნა ექპერტიზის დასკვნა. საბაზრო-საორიენტაციო ღირებულების დადგენისას ექსპერტების მიერ გათვალისწინებულ იქნა როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებული ანალოგიური პროდუქციით მოვაჭრე ობიექტებიდან, ასევე სხვა თავისუფალი და ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოკვლეული ინფორმაცია. აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს შეეფარდა სანქცია და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული ხე-მასალა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(4); 286 (32); 269 (7)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი 72