გადაწყვეტილება №22340/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.06.2024
№ დოკუმენტი 22340/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 22340/2/2024

27 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ 22.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22340/2/2024).

 

დავის საგანი:

2019 წლის იანვრის, მაისისა და ივლისის თვეებში 2017 წლამდე დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის შემცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №081-346 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2921 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 515 215.61 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 292 571

მოგების გადასახადი - 249 993

ქონების გადასახადი - 42 578

ჯარიმა - 123 177

საურავი - 99 467.61

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა აპარტამენტის ტიპის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, აპარტამენტების რეალიზაცია ტურისტული საწარმოს სტატუსის ფარგლებში და შემდეგ ამ სასტუმრო აპარტამენტების მართვა.

აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის 27.12.2022 წლის რისკის მიმოხილვის დასკვნით გაცემული რეკომენდაციების (საკითხების) დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2020 წლამდე საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შპს „--------“ მიერ დაფუძნებიდან (18.08.2015წ.) 1.01.2017 წლამდე დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა შეადგენს 1 047 250 ლარს. გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით 1.01.2017 წლის მდგომარეობით კომპანიას უფიქსირდება გაუნაწილებელი მოგების ნაშთი 6 645 000 ლარის ოდენობით. კომპანიამ 2016 წელი დაასრულა მოგებით, ხოლო 2017 და 2018 წლის საანგარიშო პერიოდებში განიცადა ფინანსური ზარალი. შედეგად, 31.12.2018 წლის მდგომარეობით კომპანია აფიქსირებს ზარალს და დაგროვილი ზარალის ნაშთმა შეადგინა - 4 604 000 ლარი. 2019 წლის იანვრის, მაისისა და ივლისის თვეებში განაწილებულია მოგება და ჩათვლილია 249 993 ლარის მოგების გადასახადი.

საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ ვინაიდან 2017 წლამდე მიღებული მოგება სრულად იქნა გამოყენებული შემდგომ პერიოდში (2017-2018 წლები) წარმოშობილი ზარალის დასაფარად, 2019 წლის შემდგომ პერიოდში მოგების განაწილება წარმოადგენს 2019 წლიდან წარმოშობილი ფინანსური შედეგებიდან მიღებული წმინდა მოგების განაწილებას, შესაბამისად მოგების გადასახადი არ ექვემდებარება ჩათვლას საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს შესაბამის პერიოდებში შეუმცირდა ჩათვლილი მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 29.12.2022 წლის №33752 ბრძანება და ამავე თარიღის №081- 346 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 24.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.05.2023 წლის №11693 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 21.09.2023 წლის №19928/2/2023 (რეგ. 30.10.2023წ. №03/84945) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11693 ბრძანება, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2921 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, 309-ე მუხლის 92-ე ნაწილზე, ამავე მუხლის 93-ე ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 401 მუხლზე, აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე12 ნაწილზე, 43-ე ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტზე, 52-ე მუხლის პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს უფლება ჰქონდა, ჩაეთვალა მხოლოდ 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას, ამავე პერიოდის მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩაითვალა, რომ 2017 წლამდე მიღებული მოგება სრულად იქნა გამოყენებული შემდგომ პერიოდში (2017-2018 წლები) წარმოშობილი ზარალის დასაფარად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ 2019 წლიდან მოგების განაწილებისას შემოწმების მიერ მოგების გადასახადის ჩათვლის გაუქმება შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მიაჩნია, რომ განხორციელებული დარიცხვა პირდაპირ ეწინააღმდეგება საგადასახადო კანონმდებლობას, რომელიც არანაირ დათქმას ჩათვლის მიზნებისთვის წმინდა მოგების განაშთვაზე არ ითვალისწინებს და პირდაპირ ამბობს, რომ ჩათვლის პროპორციის განსაზღვრის მიზნებისთვის მხედველობაში მიიღება მხოლოდ 1.01.2017 წლამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2017 წლამდე და 2017 წლის შემდგომ პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების მიმართ მოქმედებს მოგების გადასახადით დაბეგვრის არსებითად განსხვავებული რეჟიმი.

 

კერძოდ:

1.01.2017 წლამდე დაგროვილი მოგების განაწილების შემთხვევაზე არ მოქმედებს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი გამონაკლისი და საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 103-ე ნაწილის შესაბამისად, საწარმოს მიერ ხსენებული მოგების, მოგების გადასახადის გადამხდელი საქართველოს საწარმოებისთვის განაწილება ითვლება მოგების განაწილებად და შესაბამისად იბეგრება მოგების გადასახადით. ამასთან, ვინაიდან 2017 წლამდე მოქმედებდა მოგების გადასახადის განსხვავებული დაბეგვრის რეჟიმი, რომლის მოქმედების პირობებშიც დაგროვილი მოგებიდან საწარმოს გადახდილი აქვს მოგების გადასახადი, ერთი და იგივე მოგების ორმაგად დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილებით გათვალისწინებულია ძველი დაბეგვრის რეჟიმის პირობებში გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის შესაძლებლობა.

რაც შეეხება 2017 წლის შემდგომ პერიოდში მიღებულ მოგებას, მისი მოგების გადასახადის გადამხდელი საქართველოს საწარმოებისთვის განაწილების შემთხვევაში, განაწილებული მოგება არ ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას და ბუნებრივია არც ჩათვლის მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს კანონმდებლობა. გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტიც, რომ 2019 წლის შესაბამის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა კომპანიას არ უზღუდავდა შესაძლებლობას გაენაწილებინა ცალკეული საანგარიშო პერიოდის ფინანსური შედეგი.

კერძოდ, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. აღნიშნული კანონი, საწარმოს პარტნიორების/აქციონერების დივიდენდის განაწილების უფლებას უკავშირებს კონკრეტული სამეურნეო წლის ფინანსური მოგების არსებობას. შესაბამისად, არც ამ მუხლით და არც ამ კანონის სხვა რომელიმე დანაწესის შესაბამისად არ იყო ვალდებული საწარმო, პირველ რიგში სხვა წლებში მიღებული ზარალის დაფარვა მოეხდინა და მხოლოდ ამის შემდგომ დარჩენილი გაუნაწილებელი მოგების ხარჯზე მოეხდინა მოგების დივიდენდის სახით პარტნიორებზე განაწილება.

შესაბამისად, კანონმდებლობა არ კრძალავდა კონკრეტული სამეურნეო წლის შედეგების მიხედვით მიღებული მოგების დივიდენდის სახით განაწილების შესაძლებლობას და კომპანია თავისუფალი იყო მიეღო 2017 წლამდე დაგროვილი მოგების განაწილების გადაწყვეტილება, მიუხედავად იმ ფაქტორისა, რომ 2017 და 2018 წლები კომპანიამ დაასრულა ზარალით.

გარდა ამისა, კომპანიას შეეძლო 2017 წელსვე მიეღო გადაწყვეტილება, გაენაწილებინა 2017 წლამდე დაგროვილი მოგება და ჩაეთვალა გადახდილი მოგების გადასახადი და ამ შემთხვევაში არ დადგებოდა 2017 წლამდე დაგროვილი მოგების 2017 წლის შემდგომ მიღებული ზარალით განაშთვის საკითხი.

ზემოთხსენებული სამართლებრივი ნორმები და არგუმენტაცია ნათლად მიუთითებს, რომ 2017 წლამდე მიღებული მოგების დაფარვა და განაშთვა 2017 წლის შემდგომ მიღებული ზარალით ეწინააღმდეგება არსებულ საკანონმდებლო ნორმებს და საკანონმდებლო ნორმების ერთობლიობით გათვალისწინებულ მიზანს, რომლის შესაბამისადაც დადგენილია დივიდენდის განაწილებისას გადასახდელი გადასახადის ჩათვლის შესაძლებლობა, ერთხელ უკვე გადახდილი მოგების გადასახადის ხელმეორედ გადახდის ფაქტის აღმოსაფხვრელად.

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოც აღნიშნავს, რომ მოცემულ ფორმულაში, 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება მოცემული პერიოდების მიხედვით გამოთვლილი თითოეული საანგარიშო წლის მიხედვით მიღებული ფინანსური შედეგები ჯამურად, რომელშიც ასევე გაითვალისწინება ამავე პერიოდებს მიკუთვნებული უარყოფითი ფინანსური შედეგი (ზარალი), ხოლო თუ რომელი წლის დივიდენდი განაწილდება, ეს პარტნიორთა გადასაწყვეტია და აღნიშნულზე შეზღუდვას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამდენად, საბჭოს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ დაუსაბუთებელია შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიის 2008-2017 წლების მოგების განაშთვა 2017 წლის შემდგომ მიღებული ზარალით. სწორედ იმ მიზნით იქნა დაბრუნებული შემოსავლების სამსახურისთვის საჩივარი საკითხის თავიდან შესასწავლად.

თუმცა, საბჭოს პოზიციის მიუხედავად, შემოსავლების სამსახური გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მოსაზრებას, რომელმაც მიიჩნია, რომ 2017 წლამდე მიღებული მოგება გამოყენებული იქნა შემდგომ პერიოდებში წარმოშობილი ზარალის დასაფარად და არ მსჯელობს აღნიშნული ვარაუდის კანონშესაბამისობაზე.

ამდენად, შემოსავლების სამსახურის მიერ საკითხის სათანადოდ შესწავლა არ განხორციელებულა და ითხოვს შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაუქმებას.

ამასთან, ითხოვს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ, მისი 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება - „თუ რომელი წლის დივიდენდი განაწილდება, ეს პარტნიორთა გადასაწყვეტია და აღნიშნულზე შეზღუდვას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს“ (ციტირება საბჭოს გადაწყვეტილებიდან) უფრო დეტალურად, ცალსახად და გარკვევით დაუფიქსიროს შემოსავლების სამსახურს, რათა ამ უკანასკნელმა მოახდინოს სწორი გადაწყვეტილების მიღება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 და 43-ე ნაწილების თანახმად:

12. დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი. ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება:

ა) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) აქციონერის/პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება;

ბ) იურიდიული პირის აქციონერზე/მოწილეზე განხორციელებული გადახდა ამავე იურიდიული პირის აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით, გარდა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემისა.

43. წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების შესაბამისად:

92. თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.

93. ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B/(C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 401 მუხლი არეგულირებს მოგების გადასახადის დეკლარაციის შევსების წესს. მოცემული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დეკლარაციის III ნაწილის დანართი №1 (2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდი) ივსება სტრიქონების დასახელების შესაბამისად, კერძოდ:

ა) პირველ სტრიქონში მიეთითება საანგარიშო პერიოდში დივიდენდის სახით განაწილებული თანხის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას;

ბ) მე-2 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა;

გ) მე-3 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა ჯამურად (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით);

დ) მე-4 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისათვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება;

ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილის მიხედვით ჩასათვლელი თანხა, რომელიც წარმოადგენს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხას. აღნიშნული თანხის ოდენობა იანგარიშება პირველი და მე-2 სტრიქონების ნამრავლის გაყოფით მე-3 და მე-4 სტრიქონების სხვაობაზე (სტ.1*სტ.2/(სტ.3- სტ.4)).

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი მეწარმეთა შესახებ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.

შესაბამის პერიოდში მოქმედი მეწარმეთა შესახებ კანონის მე-52 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დივიდენდის ოდენობა და მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონის მე-8 მუხლითა და საწარმოს წესდებით.

მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საკითხის სათანადოდ შესწავლა არ განხორციელებულა და ითხოვს საბჭომ უფრო დეტალურად, ცალსახად და გარკვევით დაუფიქსიროს პოზიცია შემოსავლების სამსახურს, რათა ამ უკანასკნელმა მოახდინოს სწორი გადაწყვეტილების მიღება.

აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2024 წლის №26581-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, 1.01.2017 წლიდან მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შეიზღუდა ის საანგარიშგებო პერიოდები, რომელში მიღებული მოგების განაწილებისას შესაძლებელია გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლა. კერძოდ, საგადასახადო კოდექსი არეგულირებს საწარმოს მიერ 1.01.2008 წლიდან 1.01.2017 წლამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმიდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხის ჩათვლის საკითხს, რომელიც გაიანგარიშება შესაბამისი ფორმულით. აღნიშნული ფორმულის მიხედვით, განაწილებულ დივიდენდზე გადასახდელი მოგების გადასახადის ჩათვლა შესაძლებელია იმ ოდენობით და იმ პროპორციის გამოყენებით, რა პროპორციული წილიც უჭირავს 2008-2016 წლებში გადახდილ მოგების გადასახადს, ამავე საანგარიშგებო პერიოდების მიხედვით, საწარმოს მიერ მიღებულ ჯამურ ფინანსურ მოგებაში. გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ ფორმულაში, 1.01.2008 წლიდან 1.01.2017 წლამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მოცემული პერიოდების მიხედვით გამოთვლილი თითოეული საანგარიშო წლის მიხედვით მიღებული ფინანსური შედეგები ჯამურად, რომელშიც ასევე გაითვალისწინება ამავე პერიოდებს მიკუთვნებული უარყოფითი ფინანსური შედეგი (ზარალი). ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საგადასახადო მიზნებისათვის 2017 წლის შემდგომ პერიოდებშიც გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობა განისაზღვრება სალდირებულად. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მოგების განაწილება წარმოადგენს 2017 წლის შემდგომ წარმოშობილი ფინანსური შედეგებიდან მიღებული წმინდა მოგების განაწილებას, შესაბამისად, მოგების გადასახადის ჩათვლა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის მიხედვით არამართლზომიერია.

ფაქტობრივ გარემოებებზე და მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით საბჭო 21.09.2023 წლის №19928/2/2023 (რეგ. 30.10.2023წ. №03/84945) გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ 2017 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შეიზღუდა ის საანგარიშგებო პერიოდები, რომელში მიღებული მოგების განაწილებისასაც შესაძლებელია გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლა. კერძოდ, საგადასახადო კოდექსი არეგულირებს საწარმოს მიერ 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხის ჩათვლის საკითხს, რომელიც გაიანგარიშება შესაბამისი ფორმულით. აღნიშნული ფორმულის მიხედვით, განაწილებულ დივიდენდზე გადასახდელი მოგების გადასახადის ჩათვლა შესაძლებელია იმ ოდენობით და იმ პროპორციის გამოყენებით, რა პროპორციული წილიც უჭირავს 2008-2016 წლებში გადახდილ მოგების გადასახადს, ამავე საანგარიშგებო პერიოდების მიხედვით, საწარმოს მიერ მიღებულ ჯამურ ფინანსურ მოგებაში. გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ ფორმულაში, 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება მოცემული პერიოდების მიხედვით გამოთვლილი თითოეული საანგარიშო წლის მიხედვით მიღებული ფინანსური შედეგები ჯამურად, რომელშიც ასევე გაითვალისწინება ამავე პერიოდებს მიკუთვნებული უარყოფითი ფინანსური შედეგი (ზარალი). საბჭო მიუთითებს, რომ შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა რეზიდენტი საწარმოს მიერ გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობის განსაზღვრის/შეზღუდვის საკითხს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ რომელი წლის დივიდენდი განაწილდება პარტნიორთა გადასაწყვეტია.

შემოსავლების სამსახური საბჭოს მიერ დაბრუნებული საჩივრის განხილვისას ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს უფლება ჰქონდა, ჩაეთვალა მხოლოდ 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას, ამავე პერიოდის მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩაითვალა, რომ 2017 წლამდე მიღებული მოგება სრულად იქნა გამოყენებული შემდგომ პერიოდში (2017-2018 წლები) წარმოშობილი ზარალის დასაფარად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ 2019 წლიდან მოგების განაწილებისას შემოწმების მიერ მოგების გადასახადის ჩათვლის გაუქმება შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო, 12.02.2024 წლის №2921 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, საბჭოს 21.09.2023 წლის №19928/2/2023 (რეგ. 30.10.2023წ. №03/84945) გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2921 ბრძანება;

3. საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

2019 წლის იანვრის, მაისისა და ივლისის თვეებში 2017 წლამდე დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური საბჭოს მიერ დაბრუნებული საჩივრის განხილვისას ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს უფლება ჰქონდა, ჩაეთვალა მხოლოდ 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას, ამავე პერიოდის მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩაითვალა, რომ 2017 წლამდე მიღებული მოგება სრულად იქნა გამოყენებული შემდგომ პერიოდში (2017-2018 წლები) წარმოშობილი ზარალის დასაფარად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო, 12.02.2024 წლის №2921 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, საბჭოს 21.09.2023 წლის №19928/2/2023 (რეგ.30.10.2023წ. №03/84945) გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

8(12,43);96;981(1);