გადაწყვეტილება №19404/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.08.2023
№ დოკუმენტი 19404/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19404/2/2023

03 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 12.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19404/2/2023).

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №081-311 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №5641 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 715 906 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 364 688

დღგ - 328 555

მოგების გადასახადი - 3 609

საშემოსავლო გადასახადი - 34 254

ქონების გადასახადი - (-1 730)

ჯარიმა - 239 155

საურავი - 112 063

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი დოკუმენტაციის (ბინებისა და კომერციული ფართების ნასყიდობების პირველადი და საბოლოო ხელშეკრულებების, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) და ბუღალტრული პროგრამის ანალიზის შედეგადაც დადგინდა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები დეკლარირებულია არასწორად. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე და 168-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო მოეხდინა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების სწორად და დროულად დეკლარირება, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. შესაბამისად, შემოწმებით დაკორექტირდა დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;

- გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის და საბანკო ანგარიშების ანალიზის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გაწეული აქვს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი. საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით, დაკორექტირდა მოგების გადასახადის დეკლარაციები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;

- გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზის შედეგადაც დადგინდა, რომ არასწორად არის დეკლარირებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხები. კერძოდ, რიგ შემთხვევებში, ჩასათვლელი დღგ-ის თანხა არ არის შემცირებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული დღგ-ის თანხით. ვინაიდან დღგ-ის ჩათვლა განხორციელებულია როგორც ავანსის, ასევე ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, დაკორექტირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;

- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი დოკუმენტების (საბანკო ამონაწერების) და ბუღალტრული პროგრამის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არასწორად აქვს დეკლარირებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები, შედეგად დაკორექტირდა ყოველთვიური დეკლარაციები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად;

- ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის (1110 ანგარიში) შედეგად, „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი №9) მიხედვით განისაზღვრა თვეების ჭრილში გონივრული და არაგონივრული ნაშთი. შესაბამისად, არაგონივრული ნაშთის ოდენობა განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სესხზე მისაღები სარგებელი (წლიური 20%) დირექტორის სარგებლად. საგადასახადო კოდექსის 982 და 101-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №32937 ბრძანება და №081-311 საგადასახადო მოთხოვნა, რაც დაკისრებული სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლების მოთხოვნით გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №5641 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 291-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის მიზანი არასდროს ყოფილა გადასახადებისგან მიზანმიმართულად თავის არიდება ან სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ კომპანიას არ ქონია სამართალდარღვევები საქმიანობის მიმდინარე პერიოდში.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი ითხოვს №081-311 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმის 239 155 ლარი და საურავის 112 063 ლარის შემცირებას, რომ შეძლოს საქმიანობის გაგრძელება, ვინაიდან კომპანიას ამ ეტაპზე არ აქვს ფინანსური რესურსი და არც შემოსავალი, მოახდინოს ბიუჯეტში წინაშე არსებული სრული დავალიანების დაფარვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი გამოყოფს ორ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევა და მისი დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, უფრო კონკრეტულად გადასახადის გადამხდელი უნდა იყოს კეთილსინდისიერი ზოგადად და სამართალდარღვევის ფაქტის მიმართაც, ხოლო თავად სამართალდარღვევა გამოწვეული უნდა იყოს არცოდნით ან შეცდომით.

მომჩივანმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით და უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. თუ გადასახადის გადამხდელის ქმედება გამოწვეულია დაუდევრობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, აღნიშნული ვერ იქნება სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.

განსახილველ შემთხვევაში საბჭოს მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ვინაიდან სანქცია არის პასუხიმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი დოკუმენტაციის (ბინებისა და კომერციული ფართების ნასყიდობების პირველადი და საბოლოო ხელშეკრულებების, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) და ბუღალტრული პროგრამის ანალიზის შედეგადაც დადგინდა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები დეკლარირებულია არასწორად.

- გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის და საბანკო ანგარიშების ანალიზის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გაწეული აქვს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი.

- გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზის შედეგადაც დადგინდა, რომ არასწორად არის დეკლარირებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხები. კერძოდ, რიგ შემთხვევებში, ჩასათვლელი დღგ-ის თანხა არ არის შემცირებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული დღგ-ის თანხით. ვინაიდან დღგ-ის ჩათვლა განხორციელებულია როგორც ავანსის, ასევე ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, დაკორექტირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხები

- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი დოკუმენტების (საბანკო ამონაწერების) და ბუღალტრული პროგრამის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არასწორად აქვს დეკლარირებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები, შედეგად დაკორექტირდა ყოველთვიური დეკლარაციები.

- ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის (1110 ანგარიში) შედეგად, „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი №9) მიხედვით განისაზღვრა თვეების ჭრილში გონივრული და არაგონივრული ნაშთი. შესაბამისად, არაგონივრული ნაშთის ოდენობა განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სესხზე მისაღები სარგებელი (წლიური 20%) დირექტორის სარგებლად.

მომჩივანმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით და უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. თუ გადასახადის გადამხდელის ქმედება გამოწვეულია დაუდევრობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, აღნიშნული ვერ იქნება სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

განსახილველ შემთხვევაში საბჭოს მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. ვინაიდან სანქცია არის პასუხიმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1 „ბ“); 982(3 „ზ“); 101(1); 291.

(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“); 168.