გადაწყვეტილება №88420/1/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.07.2024
№ დოკუმენტი 88420/1/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№88420/1/2024

16 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 15.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №88420/1/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2.11.2023 წლის №20272/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2024 წლის №005-10 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 263 587,92 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 130 770

დღგ - 54 811

მოგების გადასახადი - 56 648

საშემოსავლო გადასახადი - 19 311

ჯარიმა - 65 385

საურავი - 67 432,92

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა ტკბილეულის (ნუშის ნამცხვარი, ქადა, შოკოლადიანი ნამცხვარი და ა.შ) წარმოება და რეალიზაცია ძირითადად საბითუმოდ.

აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.12.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში განხორციელდა შეძენილი ძირითადი საქონლის (ფქვილი, შაქარი, მარგარინი) მოძრაობის ანალიზი, შეძენის და წარმოებაში გახარჯვის შესაბამისად (სასაქონლო ზედნადებებში ასახული თითოეული სახეობის ნაწარმის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციების შესაბამისად). აგრეთვე, გათვალისწინებულ იქნა საწარმოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აღნიშნული ქონების საწყისი და საბოლოო მარაგების შესახებ შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისად და ინფორმაცია გადამხდელის მიერ დეკლარირებული საქონლის დანაკლისის შესახებ.

დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდების ბოლოსთვის მოცემული დასახელების საქონლის ნაშთი უნდა შეადგენდეს: ფქვილი - 32 520 კგ-ით მეტს, ხოლო შაქარი - 18 133 კგ-ით მეტს. შემოწმებით გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც არ ფიქსირდება სმფ-ების ნაშთში და არ არის დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვებში, განხილულ იქნა წარმოებად რეალიზების სასაქონლო ზედნადებებში ასახული საქონლის სახეობების მიხედვით მთლიან დეკლარირებულ ბრუნვაში მათი პროპორციის გათვალისწინებით, სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასის შესაბამისად საანგარიშო თვეების მიხედვით და აღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 304 553 ლარის ოდენობით, რაზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ 54 820 ლარი, ხოლო მიღებული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე (დამფუძნებელზე) გაცემულ დივიდენდად (საწარმოს დირექტორის მიერ წარმოდგენილი განმარტების გათვალისწინებით).

აღნიშნულ განაცემებთან მიმართებაში, საგადასახადო კოდექსის 97-ე, 98-ე, 981 და 130-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადი. საწარმოს დირექტორის წერილის და საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 120-ე ნაწილის გათვალისწინებით, გაცემული დივიდენდის კუთვნილი მოგების გადასახადით დაბეგვრისას მოგების გადასახადის ჩასათვლელ თანხაში გათვალისწინებული იქნა 1.01.2017 წლამდე საანგარიშო პერიოდზე დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი (11 550 ლარი), შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით (გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2012-2016 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციების მონაცემების შესაბამისად). ამასთან, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №005-42 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14577 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 2.11.2023 წლის №20272/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14577 ბრძანება. საბჭოს აპარატს დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გაუგზავნოს საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხთან დაკავშირებით გაგზავნილი/წარდგენილი დოკუმენტების შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საბჭოს აპარატს უნდა დაევალოს, აუდიტის დეპარტამენტს გაუგზავნოს საჩივარი, თანდართულ მასალებთან ერთად. ასევე, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 2.11.2023 წლის №20272/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილია სხვადასხვა სახის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელთა შესწავლის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე გარემოება, კერძოდ:

1. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია იმ საქონლის ჩამონათვალი (რომელთა შეძენაზეც გადამხდელს არ გააჩნია შესყიდვის დოკუმენტი) და მათი წონა, რაც გამოყენებული იქნებოდა ერთეული კილოგრამი სხვადასხვა სახის ნაწარმის დასამზადებლად. შემოწმების პოზიციით: იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პროდუქტები გათვალისწინებული იქნებოდა წარმოებაში, მაშინ სარეალიზაციო მზა პროდუქციის წონა გაცილებით მეტი იქნებოდა, ვიდრე შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციით შემოწმების მიერ გაანგარიშებული მზა პროდუქციის რაოდენობა, რაც ასევე გამოიწვევდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას და სხვა შესაბამის გაანგარიშებებს. აქედან გამომდინარე, შემოწმება შეუძლებლად მიიჩნევს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შემოწმებით დადგენილი მონაცემების კორექტირებას.

2. გადამხდელის მიერ ასევე წარმოდგენილია რამდენიმე ფიზიკური პირის ახსნა-განმარტება მათ მიერ პროდუქტების შეძენის თაობაზე. აღნიშნული განმარტებები წარმოადგენს არასათანადო საფუძველს შემოწმებით დადგენილი მონაცემების კორექტირებისთვის, რადგან არის ზოგადი განვრცობითი ხასიათის, სადაც არ არის ასახული რაიმე კონკრეტული შესყიდვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი მონაცემებით, როგორიცაა შესყიდვის თარიღი, ფასი და ა.შ.

3. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია რამდენიმე საწარმოს ფინანსური ანგარიშგებები. შემოწმებას შეუძლებლად მიაჩნია ამ კომპანიების რაიმე ინფორმაციის განზოგადება შპს „----------“ მიმართებაში, მათი საქმიანობის ბრუნვებიდან და ეკონომიკურ ბაზარზე არსებული კატეგორიების გათვალისწინებით. შემოწმების პერიოდში განსაზღვრული მარჟა შესაბამისობაში მოდის ანალოგიური საქმიანობის და კატეგორიების აუდირებული კომპანიების მარჟებთან.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ იქნა მიჩნეული შემოწმებით დადგენილი მონაცემების კორექტირების საფუძვლად.

აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 7.02.2024 წლის №005-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა შემდეგი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

1. მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიების ანგარიშგებები. მათ შორის არიან ბაზრის ლიდერი კომპანიები, რომელთა მარჟაც ახლოსაც არ არის ჩვენს შემთხვევაში შემოწმებით დადგენილ მარჟასთან. შეგახსენებთ, რომ ჩვენი საწარმო ვეღარ ფუნქციონირებს, რადგან ვერ დაიმკვიდრა თავი ბაზარზე. შემოწმებით დადგენილი შედეგების შედარება სხვა მსგავსი საწარმოების მაჩვენებლებთან მკაფიოდ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმების შედეგი მკვეთრადაა აცდენილი რეალობას.

შემმოწმებლებმა კატეგორიული უარი განაცხადეს სხვა მსგავსი კომპანიების მარჟის გამოყენებაზე (თითქოს მსგავსი მეთოდი არასოდეს გამოყენებულა).

2. წარმოებული პროდუქტის მიხედვით იმ ინგრედიენტთა ჩამონათვალი რაოდენობის მიხედვით, რომელთა გარეშეც ვერ მოხდებოდა პროდუქტების წარმოება. შემმოწმებლებმა ამ ეტაპზე არ გაიზიარეს ეს არგუმენტი და მოითხოვეს კორექტირებული კალკულაციის წარმოდგენა, მაგრამ დავის პროცესში და არა შედეგების გადაანგარიშებისას, რადგან როგორც განაცხადეს ამ ეტაპზე მათ დავალებული ჰქონდათ საჩივართან ერთად წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და არა დამატებითი მტკიცებულებების. შედეგად კვლავ გვაქვს შემოწმებით დადგენილი სიტუაცია, როცა ნამცხვრები (მედოკი, პასკა და ა.შ) ვაწარმოეთ კვერცხის გარეშე (1 კვერცხის ხარჯიც არ არის გათვალისწინებული დოკუმენტის არ არსებობის გამო), ნიგვზიანი ნამცხვარი ნიგვზის გარეშე, ნუშის ნამცხვარი ნუშის გარეშე და მივიღეთ საქართველოს ბაზარზე არნახული „მოგება“.

3. ფიზიკურ პირთა ახსნა-განმარტებები, სადაც აღნიშნავენ, რომ ახდენდნენ შპს „----------“ ფქვილისა და შაქრის შესყიდვას მაღაზიაში დაფიქსირებულ ფასებზე იაფად. მაშინ როცა ფქვილისა და შაქრის გარდა ფაქტობრივად არაფრის შესყიდვა არ გვიფიქსირდება, ვფიქრობთ დამაჯერებელი უნდა იყოს ის, რომ ვახდენდით ფქვილისა და შაქრის რეალიზაციასაც და არა მხოლოდ ნამცხვრების. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ელექტრონული დოკუმენტაციით შეძენილი აქვს სულ 190 000 ლარის (დღგ-ის გარეშე) ნედლეული (ძირითადად შაქარი და ფქვილი). დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა შეადგენდა 278 129 ლარს, რაც შემოწმებით გაიზარდა 582 682 ლარამდე. დოკუმენტაციით რეალიზებული გვაქვს 249 000 ლარის წარმოებული პროდუქცია. ხოლო შემოწმებით დამატებით გაგვეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 304 000 ლარით. შემოწმების პროცესში, პირმა, რომელიც კომპანიას ეხმარებოდა გადასახადების დეკლარირებაში აუდიტორებს მიაწოდა 3 პროდუქტის წარმოების კალკულაცია (სულ შესამოწმებელ პერიოდში ვცადეთ 30-მდე პროდუქტის წარმოება). კალკულაცია ააწყო მხოლო ელექტრონული დოკუმენტაციით შესყიდული საქონლის მიხედვით და შედეგად სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების პროცესში უგულებელყოფილი იქნა ისეთი ხარჯები, რომელთა გარეშეც შეუძლებელი იყო გვეწარმოებინა რეალიზაციის დოკუმენტებში მითითებული პროდუქტი. კერძოდ:

- რეალიზებულია 1 304 კგ ნიგვზიანი ნამცხვარი, მაგრამ არ გვიფიქსირდება დოკუმენტით ნიგვზის შეძენა. ასევე რეალიზებულია 9740 კგ ქადა, რომელის საწარმოებლადაც აუცილებელია ნიგოზი;

- რეალიზებულია 11 386 კგ ნუშის ნამცხვარი, მაგრამ არ ფიქსირდება ელექტრონული დოკუმენტით ნუშის შეძენა;

- რეალიზებულია 4 950 კგ შოკოლადის ნამცხვარი, მაგრამ არ ფიქსირდება ელექტრონული დოკუმენტით შოკოლადის ან კაკაოს შეძენა;

- ასევე რეალიზებულია მედოგი, კექსი, პასკა და სხვა ნამცხვრები (ჯამში 5 000 კგ-ზე მეტი), მაგრამ არ ფიქსირდება კვერცხის შეძენა.

პროდუქტის საწარმოებლად საჭირო ზემოაღნიშნული ინგრედიენტების შეძენა ხდებოდა დამოუკიდებელი დისტრიბუტორის მხრიდან შეკვეთის განხორციელების შემდგომ მოკლე დროში მცირე ოდენობებით საცხობის მიმდებარედ არსებულ მარკეტებსა და ბაზრობებზე, შესაბამისად, სამწუხაროდ დოკუმენტის საჭიროება არ იყო გათვალისწინებული. ეს გარემოებაც მიუთითებს, რომ რეალურად საქმე გვაქვს მცირე საწარმოსთან რომელსაც შესყიდვის პროცესი არ აქვს გამართული სრულყოფილად.

წარმოადგენს დეტალურად წარმოებული პროდუქციის ცხრილს (რეალიზაციის დოკუმენტების მიხედვით) და შესაბამისად ისეთი ინგრედიენტების კალკულაციას, რომელთა შესყიდვის გარეშეც წარმოუდგენელია მომხდარიყო მათი წარმოება. შეუძლებელია ვინმეს ეჭვი შეეპაროს ინგრედიენტების ოდენობაში. რაოდენობის საშუალო ფასზე გამრავლებით ვიღებთ იმ ხარჯის ოდენობას რომელიც უპირობოდ გასწია საწარმომ და რომელზეც დოკუმენტაცია არ გააჩნია.

შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული „მეთოდური მითითება სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში სხვაობის დაბეგვრის შესახებ“ მიუთითებს სწორედ ისეთ გარემოებაზე, როდესაც სააღრიცხვო დოკუმენტაციით ან/და სხვა მტკიცებულებებით დაფიქსირებულ ხარჯზე, ან ხარჯის ნაწილზე, გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, თუმცა, ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ არის სადავო. მეთოდური მითითების თანახმად არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯად მიიჩნევა გადამხდელის მიერ გაცხადებული ხარჯის 75%, თუ გაწეული ხარჯის ოდენობის დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია. ჩვენს მიერ წარმოდგენილ ცხრილში სადაო დეტალების აღმოჩენის შემთხვევაში მზად ვართ გავიზიაროთ აუდიტორის პოზიცია ნებისმიერ პროდუქტთან დაკავშირებით. ამასთან მიგვაჩნია, რომ თუკი მიღებული გადაწყვეტილებით მართლზომიერად ჩაითვლება აუდიტის დეპარტამენტის მიერ დანაკლისად განხილული ინგრედიენტებით არაპირდაპირი მეთოდით პროდუქციის წარმოება (და არა მათი რეალიზაცია წარმოების გარეშე), ამ შემთხვევაში ცხადია პროპორციულად უნდა გაიზარდოს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ოდენობაც (კვერცხის, ნიგვზის, ნუშის, თხილის და ა.შ) რადგან თუ აუდიტის დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ ნამდვილად მოხდა პროდუქციის წარმოება, მაშინ არ უნდა გახდეს სადაო ამ პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული აუცილებლად გამოსაყენებელი ინგრედიენტების შესყიდვის ფაქტი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა დაავალოს აუდიტის დეპარტამენტს, მოახდინოს დაბეგრილი თანხის კორექტირება შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ მე-6 დანართის „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში სხვაობის დაბეგვრის შესახებ“ თანახმად. თუკი აუდიტის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ შემოწმების შემდგომ პერიოდში წარმოდგენილი კალკულაციები არ უნდა იქნას გათვალისწინებული შემოწმების შედეგების დასაკორექტირებლად, მაშინ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გამოიყენოს სხვა მსგავს საწარმოებში დადგენილი ფასნამატი, რადგან შემოწმების პროცესში მიწოდებული კალკულაციები ყველა პარამეტრით აცდენილია რეალობას (მათ შორის ინგრედიენტების თვითღირებულებების ნაწილში) და აღნიშნულის შედეგად დადგენილი შემოსავლის მიხედვით დარიცხული გადასახადებით ვიღებთ უტოპიურ შედეგს.

საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა მკვეთრად აჭარბებს შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილ ჯამურ ხარჯებს. გარდა ამისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე. საწარმო ორიენტირებული იყო პროდუქტის საბითუმო რეალიზაციაზე და შესაბამისად ნაწარმოები პროდუქტის რეალიზაცია ხდებოდა ელექტრონული დოკუმენტის გამოწერის გზით. ამავდროულად ხდებოდა ფქვილისა და შაქრის რეალიზაცია მცირე ფასნამატით. მყიდველები წარმოადგენდნენ იქვე მცხოვრებ ფიზიკურ პირებს, შესაბამისად მათზე არ იწერებოდა რეალიზაციის დოკუმენტი. აქედან გამომდინარე სამწუხაროდ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარდგენილი. მოსაპოვებელია მტკიცებულებები (მყიდველების მიერ ხელმოწერით დადასტურებული აახსნა-განმარტებები), რომლითაც დასაბუთდება, რომ რეალურად ხდებოდა საქონლის რეალიზაცია და მათი გამოყენება სრულად არ მომხდარა წარმოების პროცესში. მსგავსი დოკუმენტაციის მოპოვება ძალიან რთულია, ფაქტობრივად გამოუვალი მდგომარეობაა. ითხოვს მიეცეს საშუალება დაასაბუთოს აღნიშნული გარემოება.

როდესაც კომპანიის ცუდი ფინანსური შედეგების საწარმო დახურვის პირასაა და ამ დროს ინიშნება საგადასახადო შემოწმება, დამფუძნებელსა და დირექტორს უჭირს თანხების მობილიზებაც და მოტივაციის შენარჩუნებაც შემოწმების პროცესში სრულყოფილი თანამშრომლობისათვის. ასეთ დროს როგორც წესი დამფუძნებელი/დირექტორი ეძებს სხვა გზებს ოჯახის უზრუნველსაყოფად და პარალელურად რთულია საგადასახადო შემოწმების პროცესში სრულყოფილად ჩართვა (საუბარი გვაქვს მცირე საწარმოებზე). ამ გარემოების გათვალისწინებით, ითხოვს მიეცეს საშუალება შემოწმების შედეგები დაუახლოვოს მეტ-ნაკლებად სამართლიან ნიშნულს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 97-ე პირველი ნაწილის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საბჭომ 2.11.2023 წლის №20272/2/2023 გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საბჭოს აპარატს დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გაუგზავნოს საჩივარი, თანდართულ მასალებთან ერთად. ასევე, მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილია სხვადასხვა სახის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელთა შესწავლის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ იქნა მიჩნეული შემოწმებით დადგენილი მონაცემების კორექტირების საფუძვლად.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საბჭოს 2.11.2023 წლის №20272/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მომჩივნის მიერ წარდგენილი ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების და აუდიტის დეპარტამენტში არსებული ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიების ანალიზის საფუძველზე, იხელმძღვანელოს შესაბამისი მარჟის მონაცემებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2024 წლის №005-10 საგადასახადო მოთხოვნა;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, სადავო საკითხის შესწავლა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2.11.2023 წლის №20272/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბჭომ 2.11.2023 წლის №20272/2/2023 გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საბჭოს აპარატს დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გაუგზავნოს საჩივარი, თანდართულ მასალებთან ერთად. ასევე, მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილია სხვადასხვა სახის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელთა შესწავლის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ იქნა მიჩნეული შემოწმებით დადგენილი მონაცემების კორექტირების საფუძვლად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საბჭოს 2.11.2023 წლის №20272/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მომჩივნის მიერ წარდგენილი ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების და აუდიტის დეპარტამენტში არსებული ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიების ანალიზის საფუძველზე, იხელმძღვანელოს შესაბამისი მარჟის მონაცემებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97; 981; 130; 154; 159.