გადაწყვეტილება №18806/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.03.2023
№ დოკუმენტი 18806/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18806/2/2023

24.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------------ (პ/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------------ის 7.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18806/2/2023).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №006-575 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.01.2023 წლის №1234 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 61 267,13 ლარი. მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 35 580 ჯარიმა - 17 790

საურავი - 7 897,13

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად შესრულების სისწორის დადგენის მიზნით.

შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გამოსყიდვის უფლებით შეძენილი და შემდგომ უკან დაბრუნებული აქვს 35 უძრავი ქონება. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულება რეალურად წარმოადგენდა იპოთეკის ხელშეკრულებას, საიდანაც სარგებლის სახით იღებდა ყოველთვიურ 2%-ს. ასევე, 2021 წელს რეალიზებული აქვს 3 უძრავი ქონება, საიდანაც ნამეტის სახით შემოსავალი მიიღო 15 022 ლარი. გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარდგენილი 2019-2021 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, მე-100, 102-ე მუხლების გათვალისწინებით და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 19 დეკემბრის №31926 ბრძანება და 2022 წლის 20 დეკემბრის №006-575 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.01.2023 წლის №1234 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, რომელიც გადახდილი აქვს და ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად სანქციისგან გათავისუფლებას, რადგან სამართალდარღვევა გამოწვეულია კანონის არცოდნით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი გამოყოფს ორ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევა და მისი დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლება, უფრო კონკრეტულად გადამხდელი უნდა იყოს კეთილსინდისიერი ზოგადად და სამართალდარღვევის ფაქტის მიმართაც, ხოლო თავად სამართალდარღვევა გამოწვეული უნდა იყოს არცოდნით ან შეცდომით.

მომჩივანი ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, რომელიც გადახდილი აქვს და ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად სანქციისგან გათავისუფლებას, რადგან სამართალდარღვევა გამოწვეულია კანონის არცოდნით. მომჩივანმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. თუ გადამხდელის ქმედება გამოწვეულია დაუდევრობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, რა თქმა უნდა, აღნიშნული ვერ იქნება სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადაო საკითხიი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

 

ფაქტობრივი გარემოება

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გამოსყიდვის უფლებით შეძენილი და შემდგომ უკან დაბრუნებული აქვს 35 უძრავი ქონება. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულება რეალურად წარმოადგენდა იპოთეკის ხელშეკრულებას, საიდანაც სარგებლის სახით იღებდა ყოველთვიურ 2%-ს. ასევე, 2021 წელს რეალიზებული აქვს 3 უძრავი ქონება, საიდანაც ნამეტის სახით შემოსავალი მიიღო 15 022 ლარი. გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარდგენილი 2019-2021 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43 (4); 269 (7), 270 (1) (2); 272 (1); 275 (2).