გადაწყვეტილება №18490/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.03.2023
№ დოკუმენტი 18490/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18490/2/2022

16.03.2023

გადაწყვეტილება

მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------" -ის 20.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18490/2/2022).

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2022 წლის 001-143 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.12.2022 წლის №31661 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 71 275 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 42 689

დღგ - 23 410

მიწა - არასასოფლო - 197

საშემოსავლო გადასახადი - 19 006

ქონების გადასახადი - 76

ჯარიმა - 21 345

საურავი - 7 241

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ძირითადად შიდა ქართლის ტერიტორიაზე გაყინული პროდუქტის შეძენა და დისტრიბუცია იჯარით აღებული ან მომწოდებლის ავტომანქანებით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 12.07.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

- შემოწმებისას შესწავლილია ნაღდი ფულის მოძრაობა, რომლის დროსაც გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის აქტებით შეძენილი ძირითადი საშუალებების ნაწილი, სალაროდან გაწეული ხარჯი და მიღებული შემოსავალი, შედეგად განკარგვადმა ფულის ნაშთმა შეადგინა 76 027 ლარი, რომელიც შემოწმების შედეგად ჩაითვალა დირექტორზე - გაცემულ ხელფასად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

- სალარო აპარატის და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მიღებული შემოსავალი აღემატება დღგ-ის დეკლარაციებში დაფიქსირებულს 130 055 ლარით (დღგ-ის გარეშე). გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

- შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ნასყიდობის ხელშეკრულებებით შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთები, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით. ასევე, შეძენილი აქვს ძირითადი საშუალებები, რომელზეც არ არის წარდგენილი ქონების (მიწის) გადასახადის დეკლარაციები. შემოწმების შედეგად გადამხდელს დაერიცხება ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2022 წლის №20149 ბრძანება და ამავე თარიღის №001-143 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 12.08.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.12.2022 წლის №31661 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის დარიცხვას ეთანხმება, რადგან დარიცხული გადასახადები განპირობებული იყო დაშვებული შეცდომებით, რაც გამოიწვია არასაკმარისმა ცოდნამ საბუღალტრო აღრიცხვის სფეროში. აღნიშნული გარემოებებით ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული უფლების გამოყენებას, რომელიც საბჭოს ანიჭებს უფლებამოსილებას კეთილსინდისიერი გადამხდელი გაათავისუფლოს საგადასახადო სანქციებისგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.