ბრძანება N 19016

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.08.2023
№ დოკუმენტი 19016
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19016

02 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ "------"-ის (ს/ნ "-------" )

(ფაქტ. მის.: "------")

2023 წლის 18 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") №122662/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №CB1481265 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის სხდომაზე (ოქმი №79).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობას და განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის დროს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებაზე და გაწეულ მომსახურებაზე გაიანგარიშეს 28 პროცენტიანი ფასნამატი და გაუვრცელეს საქმიანობის მთელ 2020-2022 წლების პერიოდზე. მას ასეთი ფასნამატი საქმიანობის მიმდინარე პერიოდში შეიძლება კი უფიქსირდებოდა, მაგრამ 2020-2021 წლებში არ ჰქონია, რადგან 2020 წელს სამეწარმეო საქმიანობა ახალი დაწყებული ჰქონდა, ობიექტი არ იყო ცნობადი და კლიენტების მოზიდვის მიზნით მუშაობდა ძალიან დაბალი რენტაბელობით. ამასთან, 2021 წელს, პანდემიის პერიოდში საქმიანობა არ შეუწყვეტია, მაგრამ რეალიზაცია მკვეთრად შეუმცირდა, რადგან მისი სავაჭრო ობიექტი მდებარეობს ქალაქის გარეუბანში, თან პროდუქციის რეალიზაცია საქონლის ამოყიდვის მიზნით ხდებოდა 3-5 პროცენტიანი ფასნამატით.

2020 წლის განმავლობაში საკონტროლო სალარო აპარატით რეალიზაცია შეადგენდა 50904 ლარს. ამავე პერიოდში კონსიგნაციით რეალიზებული ჰქონდა 43186 ლარის საქონელი. ვინაიდან, აღნიშნულ პერიოდში მუშაობდა საკასო მეთოდით და კონსიგნაციით გაცემული საქონლის თანხა დღემდე მიუღებელია აღნიშნული რეალიზაციები არ იყო ასახული რეალიზაციებში.

ამავე მიზეზით 2021 წლის რეალიზაცია საკონტროლო სალარო აპარატით რეალიზაცია შეადგენდა 51657 ლარს, თუმცა კონსიგნაციით 40111 ლარის გათვალისწინებით რეალიზაცია შეადგენდა 91769 ლარს.

ამავე პერიოდში მის მიერ ძირითად მომხმარებლებზე, რომლებსაც ყავთ 4 და მეტი სული ცხოველი, უსასყიდლოდ მიწოდებული აქვს 9360 ლარის ღირებულების სხვადასხვა საქონელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის შემცირებას.

 

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 6 მარტის №4126 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

ი/მ "------" (ს/ნ "------") გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 8 აპრილს. გადამხდელის სამეწარმეო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ცხოველების საკვებით და აქსესურებით ვაჭრობა.

ინვენტარიზაციის დაწყებისას ი/მ "------"-მ (ს/ნ "------") განაცხადა, რომ საქმიანობას ახორციელებს მისამართზე: ქ. "-------" , "-------" . მისი კუთვნილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები განთავსებულია მხოლოდ არნიშნულ ადგილზე. ასევე განმარტა, რომ მეწარმეს კუთვნილ ობიექტში სხვის საკუთრებაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები არ გააჩნია. განაცხადა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული – ჩამოწერილი აქვს გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული აქვს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე.

ინვენტარიზაცია (ფაქტიური ნაშთის აღწერა) დაიწყო 2023 წლის 6 მარტს და დამთავრდა იმავე დღეს, ხოლო მასალების დამუშავება და შედეგების გამოყვანა დამთავრდა 2023 წლის 20 ივნისს.

ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") კუთვნილ ობიექტში 2023 წლის 6 მარტის მდგომარეობით სულ აღმოჩნდა 20952.40 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

საანგარიშო პერიოდად აღებული იქნა პერიოდი 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 6 მარტამდე.

გადამხდელის 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით საანგარიშო პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისმა ნაშთმა შეადგინა 55270 ლარი.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენები განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებული შეძენის სასაქონლო ზედნადებების მიხედვით.

2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში გადამხდელის მიერ განხორციელებული რეალიზაციების საბაზრო ღირებულების ანგარიშს საფუძვლად დაედო მის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი მცირე მეწარმის ყოველთვიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ნაჩვენები ბრუნვები, ხოლო 2023 წლის პირველი თებერვლიდან 6 მარტამდე პერიოდში ინვენტარიზაციის დაწყებისას ახსნა-განმარტებაში წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც თავის მხრივ შესაბამისობაში იყო საკონტროლო-სალარო აპარატზე იმავე პერიოდში დაფიქსირებულ მონაცემებთან.

ფასნამატად აღებულ იქნა 28 პროცენტი.

ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2023 წლის 6 მარტი) სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 480635.71 ლარი.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 466805.92 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (28 % ფასნამატის გათვალისწინებით) 705064 ლარი.

ი/მ "------"-ს 2023 წლის 16 მაისს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოთ აღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტით. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გადამხდელმა 2023 წლის 22 მაისს წაროადგინა წერილობითი პოზიცია. პოზიციაში აღნიშნავდა, რომ ბუღალტრული ნაშთის შესაბამისად, დანაკლისის გამოანგარიშების დროს გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო საანგარიშო პერიოდში შემდგომი ანგარიშსწორებით (ე.წ. ნისია) გაცემული პროდუქციის ღირებულება. ასევე არ ეთანხმებოდა ფასნამატს და აღნიშნავდა, რომ 2020 წელში პროდუქცია იყიდებოდ 3 და 5 პროცენტიანი ფასნამატით.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭომ 2023 წლის 6 ივნისის N24 სხდომის ოქმით მიიღო გადაწყვეტილება გადამხდელის პოზიციის არ დაკმაყოფილების შესახებ. შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგების ოქმის პროექტი დარჩა უცვლელი.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 466805.92 ლარი. საშუალო შეწონილი ფასნამატის (28%) გათვალისწინებით განისაზღვრა მისი საბაზრო ღირებულება, რამაც შეადგინა 705064 ლარი. აღნიშნული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დაექვემდებარა სანქცირებას საბაზრო ღირებულების 10% ოდენობით 70506.4 ლარით.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2023 წლის 20 ივნისს შედგენილ იქნა №CB1481265 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტებთან დაკავშირებით, რომ 2020 წელს ობიექტი იყო ახალი გახსნილი, ამიტომ ნაკლები ცნობადობის გამო და კლიენტთა მოზიდვის მიზნით რეალიზაციას ახორციელებდა დაბალი ფასნამატით. ასევე 2021 წელს, პანდემიის პერიოდში მკვეთრად შემცირდა რეალიზაცია და პროდუქცია დაბალი ფასნამატით იყიდებოდა მარაგის ამოყიდვის მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინვანტარიზაციის მიმდინარეობის პროცესში არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაცია ხორციელდებოდა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატისგან განსხვავებული ფასნამატით გადამხდელს არ წარმოუდგენია.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტებთან დაკავშირებით, რომ 2021 წლის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაციის დათვლისას მხედველობაში არ იქნა მიღებული შემდგომი ანგარიშსწორების პირობით გაყიდული პროდუქციის ღირებულება, რომელიც მისივე თქმით ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვისაც არ იყო მიღებული, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ინვენტარიზაციაზე მუშაობის პროცესში მტკიცებულება იმისა, რომ პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდებოდა კონსიგნაციით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ასევე მსგავსი ინფორმაცია არ მოუწოდებია ინვენტარიზაციის დაწყებისას სავალდებულო ხელწერილების მიღების დროს. შესაბამისად, 2021 წლის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაციის განსაზღვრის მიზნით გამოყენებული იქნა მის მიერ წარმოდგენილი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მონაცემები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობას მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 466805.92 ლარი. საშუალო შეწონილი ფასნამატის (28%) გათვალისწინებით განისაზღვრა მისი საბაზრო ღირებულება, რამაც შეადგინა 705064 ლარი. აღნიშნული დაექვემდებარა სანქცირებას საბაზრო ღირებულების 10% ოდენობით .

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

8(11),269,270,286(9)