გადაწყვეტილება №90846/1/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.11.2024
№ დოკუმენტი 90846/1/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№90846/1/2024

08 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 19.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №90846/1/2024).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს 3.11.2023 წლის №83993/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივნისის №002-122 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 475 679,89 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 219 919

დღგ - 87 695

საშემოსავლო გადასახადი - 110 004

მოგების გადასახადი - 21 807

ქონების გადასახადი - 413

ჯარიმა - 109 807

საურავი - 145 953,89

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

საწარმოს -------, ------- იჯარით აქვს აღებული კომერციული ფართი, სადაც განთავსებული აქვს როგორც მარკეტი ასევე ახორციელებს სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტის (პიცა, კერძები, ხაჭაპური და ა.შ) დამზადებას. კომპანია რეალიზაციას ახორციელებს როგორც ადგილზე, ასევე აქვს მიტანის სერვისი (მიტანის სერვისს განახორციელებენ იურიდიული კომპანიები). შემოწმების მიმდინარეობისას საწარმომ წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „FMG" და ,,ექსელში“ შედგენილი წარმოებული პროდუქციის კალკულაციები, ასევე სმფ-ების საწყისი და საბოლოო ნაშთები.

საგადასახადო ორგანომ მიიჩნია რომ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ, არასრულად იყო აღრიცხული წარმოებულ პროდუქციაზე გახარჯული ნედლეული, ასევე სმფ-ების ჩამოწერა ხდებოდა ყოველთვიურად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. წარმოდგენილი დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის დამუშავების შედეგად, განხორციელდა საქონლის მოძრაობის ანალიზი, გამოვლინდა რომ კომპანიას უფიქსირდება ფქვილის ნაშთი, რომლის წარმოებაში გამოყენება ვერ დასტურდება. აღნიშნული ნედლეული ჩაითვალა ნახევრადფენოვანი ცომის წარმოებაში გამოყენებულად (აუდირებული კალკულაციით, 1 კგ ფქვილიდან - 1.8 კგ მისაღები ნახევრადფენოვანი ცომი), ხოლო სარეალიზაციო ღირებულებად - კომპანიის მიერ დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასი. დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ პროდუქციაზე (კატეგორიების მიხედვით) ასევე გამოყენებულ იქნა საწარმოს დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო დოკუმენტური რეალიზაციის არარსებობის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი.

ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ზრდა, რომელიც გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად.

დამატებით მიღებული შემოსავალი დაკვალიფიცირდა სალაროს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად, რომელიც შემცირდა საწარმოს ვალდებულებით ანგარიშვალდებული პირის მიმართ და კომპანიის საწესდებო კაპიტალით.

ზემოაღნიშნული შემოსავალი საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 2022 წლის 20 დეკემბრის №31989 ბრძანება და ამავე თარიღის №002-237 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.09.2023 წლის №23156 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 3.11.2023 წლის №83993/1 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი: „საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საბჭოს აპარატს უნდა დაევალოს, აუდიტის დეპარტამენტს გაუგზავნოს საჩივარი, თანდართულ მასალებთან ერთად. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება)“.

საბჭოს 3.11.2023 წლის №83993/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 18.06.2024 წლის დასკვნა, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე და მის შესაბამისად გამოიცა 2024 წლის 24 ივნისის №002-122 საგადასახადო მოთხოვნა, რის მიხედვითაც შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დამატებით კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარება.

მომჩივანმა 2024 წლის 24 ივნისის №002-122 საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და ასევე რიგ სმფ-ების სახეობებზე (სიგარეტზე და პროდუქციის სხვა სახეობებზე) გავრცელებულ აუდირებულ ფასნამატს. შპს „-------“ დადებული ხელშეკრულების და ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე ყველა სასაქონლო ზედნადებში გათვალისწინებულია სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება 10 ლარის ოდენობით, რომელიც გადანაწილებულია მიწოდებული პროდუქციის პროპორციულად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ნოემბრის N83993/1/2023 გადაწყვეტილებით საბჭოს აპარატს დაევალა მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დამატებით მტკიცებულებების (დოკუმენტაციის აუდიტის დეპარტამენტში გაგზავნა. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხთან დაკავშირებით გაგზავნილი დოკუმენტაციის შესწავლა მომჩივნის მონაწილეობთ და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელი პირადი აღრიცხვის ბარათზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს აპარატის მიერ მოწოდებული/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დამატებით კორექტირებას (შემცირებას) არ ექვემდებარება. აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიას არ შეუმცირდა დარიცხული თანხები.

მომჩივანი კატეგორიულად არ ეთანხმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას. აცხადებს, რომ გაუგებარია რატომ იქნა უგულებელყოფილი ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიერ დავალებული საკითხების შესწავლა და რატომ არ მოხდა ცხრილების და მტკიცებულებების მომჩივანთან ერთად გავლა.

1. შპს „-------“ ახორციელებს კერძების წარმოებას და მზა სახით რეალიზაციას. მზა კერძებს (პიცებს, სალათებს, ცომეულს) მეორედ დღისთვის აღარ ტოვებს და მომხმარებლებს სთავაზობს საღამოს 18:00 საათიდან ზამთრის პირობებში (ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით), ხოლო ზაფხულის პირობებში (მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით) 19:00 საათის შემდგომ ფასდაკლებას, ფასდაკლება არ აღემატება მზა კერძის/ცომეულის ნაწარმის თვითღირებულებას. მომჩივნის დაკვირვების შედეგად საღამოს საათებში მზა კერძებიდან დარჩენილი არის დაახლოებით 15-20%. ფასდაკლების შესახებ ინფორმაცია მომხმარებლებისთვის თვალსაჩინო ადგილასაა. შემოწმებისას აუდიტორმა მოითხოვა ახსნა-განმარტება გუგლიდან ამოღებული ფასებზე მისი პოზიცია, რაზეც წერილობით განუმარტეს და აქვე მიუთითეს ნიმუშის სახით თუ როგორ ახორციელებდა პრაქტიკაში, გაითვალისწინეს მხოლოდ 2021წ ნოემბერდეკემბრის თვე, რომელიც დასტურდებოდა მის სოციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით. ასეთივე განცხადება გამოკრული არის მის ობიექტშიც თვალსაჩინო ადგილას.

2. ფასნამატის გაანგარიშების ცხრილში სიგარეტების რეალიზაციაზე გავრცელებულია 7,1%. არ არის გათვალისწინებული სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული ფასნამატი, სადაც ძირითად სახეობებზე 6,5% არ აღემატება ფასნამატი. ასევე ყავს მუდმივი კლიენტები, რომლებზეც სიგარეტების ბლოკით შეძენის შემთხვევაში ხდება ფასდაკლება, რომლის შემთხვევაშიც ფასნამატი გამოდის 4-4,5%.

3. შპს „-------““-სთან (ს/ნ -------) დადებული ხელშეკრულების და ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე, ყველა სასაქონლო ზედნადებში გათვალისწინებულია სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება 10 ლარის ოდენობით, რომელიც გადანაწილებულია მიწოდებული პროდუქციის პროპორციულად. რაც მნიშვნელოვნად ცვლის აუდიტორის მიერ დადგენილ ფასნამატს მიწოდებულ პროდუქციაზე.

დამატებით მტკიცებულების სახით წარმოადგენს ცხრილს, სადაც ნათლად ჩანს შპს „-------“-სთან მიწოდებული პროდუქციის თვითღირებულებები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანსპორტირების თანხის გათვალისწინებით.

ითხოვს წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებას და დარიცხული გადასახადების კორექტირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საბჭოს 3.11.2023 წლის №83993/1/2023 გადაწყვეტილებით საბჭოს აპარატს დაევალა, აუდიტის დეპარტამენტისთვის გაეგზავნა საჩივარი, თანდართულ მასალებთან ერთად. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველეყო მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოცემული 18.06.2024 წლის დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 14.08.2024 წლის №79064-21-04 წერილის მიხედვით ირკვევა შემდეგი:

გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ ახორციელებენ მზა კერძების წარმოებას და რეალიზაციას, რომელსაც მეორე დღისთვის არ ტოვებენ და მომხმარებელს სთავაზობენ ფასდაკლებას, ხოლო ფასდაკლების ღირებულება არ აღემატება პროდუქციის თვითღირებულებას. აღნიშნული ფასდაკლების შესახებ კომპანიას გამოკრული აქვს თვალსაჩინო ადგილას.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ წერილში განმარტებულია, რომ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა განათავსა კომპანიის ობიექტის სურათები (სამოყვარულოდ), რომელზეც აღნიშნული იყო რომ კომპანია ახორციელებდა ფასდაკლებას, ამ სურათების ნახვის შემდგომ, მოითხოვეს აღნიშნული ფასდაკლების შესახებ ინფორმაცია, რომელზეც გადამხდელს მანამდე არაფერი უთქვამს, ხოლო მას შემდეგ რაც შემოწმებით მოითხოვეს აღნიშნული ფასდაკლების შესახებ ინფორმაცია, გადამხდელმა აღნიშნა რომ ახორციელებენ ფასდაკლებას (როგორც უწერია საჩივარში), თუმცა აღნიშნულ სურათებში ასევე იყო განსხვავებული ფასები წარმოდგენილ და სურათებში დაფიქსირებულ მზა პროდუქციის ფასებს შორის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოითხოვეს დამატებით ახსნა განმარტება და კომპანიამ განაცხადა რომ მხოლოდ 2 თვეზე (სატესტოდ) ჰქონდათ გაზრდილი ფასები, რომელმაც არ გაამართლა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შემოწმების მიერ არ იქნა გამოყენებული სოციალურ ქსელში დაფიქსირებული განსხვავებული ფასები, ხოლო ფასდაკლების შესახებ ინფორმაცია ვინაიდან კომპანიას არ ჰქონდა აღრიცხული სრულად ფასდაკლებული საქონლის შესახებ ინფორმაცია სრულყოფილად არ იქნა გათვალისწინებული. შემოწმება რეალიზებული მზა პროდუქციის ნაწილში სრულად დაეყრდნო კომპანიის მიერ გადმოგზავნილ მონაცემებს, როგორც მზა პროდუქციის რაოდენობებზე ასევე კალკულაციაზე. შემოწმების შედეგად რეალიზებულ მზა პროდუქციას, კომპანიისვე წარმოდგენილი კალკულაციით, არ სჭირდებოდა იმ რაოდენობის ფქვილი რაც კომპანიას ჰქონდა შეძენილი (გათვალისწინებულია ნაშთები), შემოწმების მიერ ზედმეტად დარჩენილი ფქვილი (დაახლოებით 21 000 კგ) ჩათვლილ იქნა რეალიზებულად ცომის სახით (როგორც ახსნა გამარტებით დადგინდა კომპანია ახორციელებდა მხოლოდ ცომის რეალიზაციასაც), შესაბამისად შემოწმების მიერ არ იქნა გამოყენებული ფასნამატი რეალიზებულ მზა პროდუქციაზე და ასევე არ იქნა გათვალისწინებული ფასდაკლებები ვინაიდან გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული აღნიშნული ფასდაკლებები სრულყოფილად. დავების ეტაპზე კომპანიის მიერ წარმოდგენილია ფასდაკლებების გაანგარიშება, რომელიც არ არის სრულყოფილი, კერძოდ კომპანიას წარმოდგენილი აქვს წლების მიხედვით ფასდაკლების ჯამური თანხები, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელ კერძებზე და ცომეულის რომელ სახეობაზე განხორციელდა ფასდაკლება, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გათვალისწინებით არ განხორციელდა გადასახადის მოთხოვნილი საკითხის დაკმაყოფილება.

გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ სიგარეტზე გავრცელებულ ფასნამატს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შემმოწმებელი განმარტავს, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში ჰქონდა სულ შეძენილი 1 673 159 ლარის სიგარეტი, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია მხოლოდ 6 322 ლარის. შემოწმების მიერ გამოანგარიშებულ იქნა სიგარეტის დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო ფასნამატი რომელიც დადგინდა 7,03%, რომელიც ასევე ემთხვეოდა მსგავსი კომპანიის მიერ აუდირებულ ფასნამატს, აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა 7,03% ფასნამატი რეალიზებულ სიგარეტებზე (გათვალისწინებულია ნაშთები და შიდა ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისები).

მომჩივანი საჩივარში აღნიშნავს, რომ ჰყავთ მუდმივი კლიენტები რომელზეც ბლოკით შეძენის შემთხვევაში ხდება ფასდაკლება, რომლის შემთხვევაში ფასნამატი გამოსდით 4-4,5%.

წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიას არ წარმოუდგენია მსგავსი ხელშეკრულება და არ არის გამოწერილი ელექტრონული ზედნადები ან/და ა.ფაქტურა სადაც აღნიშნული ფაქტი დადასტურდებოდა.

გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში, აღნიშნავს რომ შპს „-------“ მიწოდებულ პროდუქციაზე გამოწერილი ელ. სასაქონლო ზედნადები საქონლის ღირებულების გარდა მოიცავს კიდევ ტრანსპორტირების ღირებულებას, რომელიც შეადგენს ყოველ 10 ლარს, რომელიც გადანაწილებულია მოწოდებული პროდუქციის პროპორციულად.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ წერილში განმარტებულია, რომ შემოწმების მიმდინარეობისას აღნიშნული ფაქტი არ იყო ცნობილი, ასევე გამოწერილ ელექტრონულ დოკუმენტზე (აღნიშნულ კომპანიაზე გამოწერილია მხოლოდ სასაქონლო ზედნადებები) არსად ფიქსირდება რომ ღირებულება მოიცავს ტრანსპორტირების საფასურსაც. ასევე მომჩივანს, შპს „-------“ ჯამში მიწოდებული აქვს 158 697 ლარის პროდუქცია, საიდანაც შემოწმების მიერ 68 582 ლარის პროდუქციაზე არ იქნა გამოყენებული ფასნამატი. კომპანიამ წარმოადგინა საკუთარი გაანგარიშების ცხრილი, სადაც თავად გამოყო ტრანსპორტირების ღირებულება 10 ლარი, აღნიშნულზე ასევე წარმოადგინა მყიდველ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და შეთანხმება. კომპანიას შპს ,,-------“ პროდუქციის მიწოდებაზე ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 2019 წლის 1 ნოემბერს, სადაც აღნიშნული ფასდაკლება არ არის აღნიშნული. ხოლო 2023 წლის 29 მაისს დადებული ურთიერთ-შეთანხმების აქტში აღნიშნულია რომ 2019 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება მოიცავდა ტრანსპორტირების ღირებულებას 10 ლარს. ასევე კომპანიებს შორის გამოწერილ ზედნადებებში არის შემთხვევა, როდესაც ზედნადების ღირებულება ნაკლებია 10 ლარზე, რომელიც (გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პოზიციით) გულისხმობს რომ საქონელი მიწოდებულია სრულად უფასოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიის ეს პოზიცია არ იქნა დაკმაყოფილებული.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 3.11.2023 წლის №83993/1/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტის გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავების განხილვის საბჭოს 3.11.2023 წლის №83993/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო ორგანომ მიიჩნია რომ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ, არასრულად იყო აღრიცხული წარმოებულ პროდუქციაზე გახარჯული ნედლეული, ასევე სმფ-ების ჩამოწერა ხდებოდა ყოველთვიურად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. წარმოდგენილი დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის დამუშავების შედეგად, განხორციელდა საქონლის მოძრაობის ანალიზი, გამოვლინდა რომ კომპანიას უფიქსირდება ფქვილის ნაშთი, რომლის წარმოებაში გამოყენება ვერ დასტურდება. აღნიშნული ნედლეული ჩაითვალა ნახევრადფენოვანი ცომის წარმოებაში გამოყენებულად, ხოლო სარეალიზაციო ღირებულებად - კომპანიის მიერ დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასი. დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ პროდუქციაზე (კატეგორიების მიხედვით) ასევე გამოყენებულ იქნა საწარმოს დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო დოკუმენტური რეალიზაციის არარსებობის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი.

დამატებით მიღებული შემოსავალი დაკვალიფიცირდა სალაროს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად, რომელიც შემცირდა საწარმოს ვალდებულებით ანგარიშვალდებული პირის მიმართ და კომპანიის საწესდებო კაპიტალით.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 3.11.2023 წლის №83993/1/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტის გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21); 73(5); 101; 154; 159; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახაო კოდექსი - 161