ბრძანება N 300

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.01.2024
№ დოკუმენტი 300
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 300

12 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 29 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) №86415/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №024-87 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ფასნამატს (13%). გადამხდელის განმარტებით, ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამისად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სხვაობის დიდი ოდენობა გამოწვეულია დეფექტური (დამტვრეული) კაფელ-მეტლახის არსებობით, რომლის ჩამოწერაც ფიზიკურად შეუძლებლია. გადამხდელის განმარტებით, შემოსავლების სამსახურისგან მიღებული აქვთ კონსულტაცია, რომ მასალების ჩამოწერისთვის საჭიროა მათი გადარჩევა და სახეობების მიხედვით დასაწყობება, თუმცა აღნიშნულის განხორციელება, დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება. ითხოვს, მიეცეს საშუალება მოახდინონ ჩამოწერა. ფასნამატთან დაკავშირებით აცხადებს, რომ 2019-2021 წლებზე გავრცელებული ფასნამატი კოვიდპანდემიის გამო დაბალი იყო, ვიდრე 2022 წელს. განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის დროს შეუძლებელი იყო განსაზღვრულიყო აღწერილი პროდუქცია, რომელიც ფაქტიურ ნაშთს შეადგენდა, რომელი შესყიდვის ფასით იყო შესყიდული. ამის გამო ფასნამატის პროცენტი მიღებულ იქნა 13%, ხოლო რეალური შიდა ანგარიშებით გამოვლენილი ფასნამატი არ აღემატება 10%-ს.

2. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული ფულადი სახსრების ოდენობას. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული საბუღალტრო ანგარიშებზე არსებული საწესდებო კაპიტალის ნაშთი - 617 878 ლარის ოდენობით, იმის გამო, რომ არ მომხდარა ზემოაღნიშნულ თანხაზე დამამტკიცებელი დოკუმენტის წარმოდგენა.გადამხდელი საჩივარში წარმოადგენს კაპიტალის ნაშთის შესახებ გაანგარიშებას, თუ რისგან შედგება ზემოაღნიშნული რიცხვი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გადამხდელმა მოახდინა 2010 წლიდან 2019 წლამდე ინფორმაციის მოძიება, გაიანგარიშა 2010-2016 წლების მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციების ციფრები, რომელიც შედარდა ამ შემოსავლებისა და ხარჯების ციფრებთან, ასევე გაიანგარიშა 2017-2018 წლების გაუნაწილებელი მოგების რიცხვი და შედეგი არის შემდეგი: 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კაპიტალის ნაშთი შეადგენს 617 878 ლარს, საწესდებო კაპიტალი - 241 513 ლარი, გაუნაწილებელი მოგება - 376 365 ლარი. თუმცა აცხადებს, რომ ეს არგუმენტაცია არ აღმოჩნდა საკმარისი გადაანგარიშებისთვის. ითხოვს აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებას.

3. დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული არარეზიდენტ პირებზე საქონლის შესაძენად გადახდილი დაუდასტურებელი ხარჯის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შემოწმების დროს ფიზიკურად ვერ მოხერხდა თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დროის სიმცირის გამო, თუმცა არარეზიდენტი პირები იმყოფებიან საქართველოში და საწარმოს უკვე შეუძლია საჩივრის განხილვამდე დოკუმენტების წარმოდგენა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივლისის №18267 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის №024-87 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2023 წლის 24 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს სალაროში დარჩენილ ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივლისის №18267 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 27 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 211 275 ლარით, მათ შორის, გადასახადი 70 984 ლარით, ჯარიმა 140 291 ლარით. აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 7 დეკემბრის №024-87 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

● აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, საწარმოს რეგისტრაციის თარიღიდან დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის გაანგარიშება, რომლის მიხედვითაც ბუღალტრულ ანგარიშებში კაპიტალის საწყის ნაშთად დაფიქსირებიული 617 878 ლარიდან გაუნაწილებელი მოგების თანხამ შეადგინა 376 365 ლარი (პირის მიერ წარმოდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციებზე და გასს-ში არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით), ხოლო სხვაობის თანხის 241 513 ლარის საწესდებო კაპიტალად დაკვალიფიცირებისთვის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შედეგად, შემოწმების მიერ დირექტორზე ხელფასის სახით გაცემული თანხა არ დაკორექტირდა.

● აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, კერძოდ, 2023 წლის 22 იანვარს უცხოური ორგანიზაცია „-------“- სთან გაფორმებული შედარების აქტი 293 438 ლარის ეკვივალენტი აშშ დოლარის თანხის გადახდის შესახებ. აღნიშნულის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ წარმოდგენილი შედარების აქტი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არ შეესაბამება შემოწმების შედეგად გამოვლენილ ფაქტობრივ მონაცემებს და შესაბამისად, არ წარმოადგენს დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ საკითხში შემოწმების აქტით დარიცხული თანხა დარჩა უცვლელი.

● აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, საწარმოს რეგისტრაციის თარიღიდან დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის გაანგარიშება. აღნიშნულის შესწავლის შედეგად, 2017 წლის 1 იანვრისათვის არსებული გაუნაწილებელი მოგების თანხა 181 718 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა, როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დამფუძნებელზე გაცემული დივიდენდი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით. რაც შეეხება უპროცენტო სესხად განხილულ სალაროს არაგონივრულ ნაშთს, აღნიშნული განხილულ იქნა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული დანართი N9-ის შესაბამისად. შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით გამოვლენილი შემოსავალი 1 532 941 ლარი შემცირდა 2017 წლის 1 იანვრისათვის არსებული გაუნაწილებელი მოგების თანხით და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული საკასო შემოსავლის/ხარჯის 10%-ით და აღნიშნული თანხა („გროსი“ შეადგენს 1 678 457 ლარს) დაექვემდებარა დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაბეგვრას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შედეგად, შემცირდა საშემოსავლო გადასახადი 70 984 ლარის (ჯარიმის თანხა შეადგენს 35 492 ლარს) ოდენობით და მოგების გადასახადის ჯარიმა 104 799 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საჩივრით წარმოდგენილ სადავო საკითხებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაზე, რომლითაც ირკვევა, რომ სადავო საკითხების დამატებით შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ შესწავლის მიმდინარეობისას არ არის წარმოდგენილი არანაირი/იმგვარი ინფორმაცია/დოკუმენტური მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, საწარმოს რეგისტრაციის თარიღიდან დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის გაანგარიშება. აღნიშნულის შესწავლის შედეგად, 2017 წლის 1 იანვრისათვის არსებული გაუნაწილებელი მოგების თანხა 181 718 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა, როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დამფუძნებელზე გაცემული დივიდენდი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით, ხოლო უპროცენტო სესხად განხილულ სალაროს არაგონივრული ნაშთთან მიმართებაში, საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, 1 532 941 ლარი, შემცირდა 2017 წლის 1 იანვრისათვის არსებული გაუნაწილებელი მოგების თანხით და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული საკასო შემოსავლის/ხარჯის 10%-ით და აღნიშნული თანხა დაექვემდებარა დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაბეგვრას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შედეგად, შემცირდა საშემოსავლო გადასახადი 70 984 ლარის (ჯარიმის თანხა შეადგენს 35 492 ლარს) ოდენობით და მოგების გადასახადის ჯარიმა 104 799 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ იყო დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივლისის №18267 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის №024-87 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით ორგანიზაციის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივლისის №18267 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 27 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 7 დეკემბრის №024-87 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)