ბრძანება N 20739

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.09.2025
№ დოკუმენტი 20739
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20739

23 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (პ/ნ ---------)

(მის.:---------)

2025 წლის 13 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №77) განიხილა შპს „-----“-ს (ს/ნ -) 20----25 წლის 13 აგვისტოს №97527/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 ივლისის №007-152 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნას მის მიერ წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების მიხედვით ფასნამატის შესახებ) და ასევე გათვალისწინებულ იქნას სალაროს გონივრული ნაშთი. განმარტავს, რომ მის მიერ წარდგენილ იქნა სააღრიცხვო მასალები და დოკუმენტები, მათ შორის გაანგარიშების ცხრილი და ამ მასალების საფუძველზე დასარიცხი თანხების ანალიზი. მიუხედავად იმისა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და ანგარიში ემყარებოდა პირველად დოკუმენტებს, შემმოწმებელმა გადამხდელის გაანგარიშებაში შეიტანა შესწორება შემდეგი სახით: გაანგარიშებაში შეტანილი იყო მზა პროდუქცია შესაბამისი კალკულაციით გაანგარიშებული თვითღირებულებით (მხოლოდ მასალების თვითღირებულება), შემმოწმებელმა მზა პროდუქცია შეიტანა „0“ თვითღირებულებით, ე.ი. მზა პროდუქციით გაზარდა რეალიზაცია, მაგრამ მისი თვითღირებულება ხარჯებში არ გაითვალისწინა. შემოსავალს დაამატა ამ თვითღირებულების მასალების რეალიზაცია და ისევ გაზარდა დასაბეგრი ბაზა (გაორებული მასალების რეალიზაციით). ე.ი. ფასნამატის გაანგრიშებაში არის უხეში მათემატიკური შეცდომა, რომელიც კვლავ არ შეასწორა აუდიტორმა და მოხდა ერიდაიგივე მარაგების გაორებულად დაბეგვრა, როგორც მარაგის საცალო რეალიზაცია და იგივე მარაგით წარმოებული მზა პროდუქციის რეალიაზაცია. ფულის ნაშთის გაანგარიშების ნაწილში შემმოწმებელმა არ გაიზიარა ყველა დოკუმენტი, ფულის გასავალი შესაბამისი გადახდის და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ ფულის ნაშთში არ არის გათვალისწინებული გონივრული ნაშთი, რომლის გაანგარიშების და გათვალისწინების პირობები დადგენილია „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის მიხედვით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ნოემბრის №23591 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს -----“-ს (ს/ნ -----) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის (გაწეული ხარჯის) დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ნოემბრის №23591 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 30 ივნისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 32 922 ლარი, მათ შორის: გადასახადი 21 948 ლარი, ჯარიმა 10 974 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 8 ივლისის №007-152 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადამხდელმა გადაანგარიშების ეტაპზე წარმოადგინა განკარგვადი თანხის გაანგარიშებასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია. კერძოდ, შესყიდვის აქტით შეძენილი ავტომანქანის გადახდის დოკუმენტი. ამასთანავე, გადამხდელის მიერ მოწოდებულ იქნა კრედიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით დამოწმებული ურთიერთშედარების აქტები. აღნიშნული დოკუმენტების შესწავლის შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას.

ასევე, შემოწმების მიერ ფასნამატის გაანგარიშების დროს გათვალისწინებულ იქნა მზა პროდუქციის თვითღირებულება. აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შესყიდვის აქტით შეძენილი ავტომანქანის გადახდის დოკუმენტი და ასევე კრედიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით დამოწმებული ურთიერთშედარების აქტები, რომლებიც შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადაანგარიშების ეტპაზე. ამასთან, ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარეომოებზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ ფასნამატის გაანგარიშების დროს გათვალისწინებულ იქნა მზა პროდუქციის თვითღირებულება, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----“-ს (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნას მის მიერ წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების მიხედვით ფასნამატის შესახებ) და ასევე გათვალისწინებულ იქნას სალაროს გონივრული ნაშთი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადამხდელმა გადაანგარიშების ეტაპზე წარმოადგინა განკარგვადი თანხის გაანგარიშებასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია. კერძოდ, შესყიდვის აქტით შეძენილი ავტომანქანის გადახდის დოკუმენტი. ამასთანავე, გადამხდელის მიერ მოწოდებულ იქნა კრედიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით დამოწმებული ურთიერთშედარების აქტები. აღნიშნული დოკუმენტების შესწავლის შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას. ასევე, შემოწმების მიერ ფასნამატის გაანგარიშების დროს გათვალისწინებულ იქნა მზა პროდუქციის თვითღირებულება. აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304(21)