გადაწყვეტილება №19915/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.07.2023
№ დოკუმენტი 19915/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19915/2/2023

27 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 7.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19915/2/2023).

 

დავის საგანი:

სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარუდგენლობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.03.2023 წლის №187910 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №11025 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 400 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2023 წლის №21-14/16537 წერილის საფუძველზე, გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად დაევალა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარდგენა. აღნიშნული შეტყობინება გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად 1.03.2023 წელს. გადამხდელმა შეტყობინებაში მითითებულ ვადაში არ წარადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის გამო, აუდიტის დეპარტამენტის 15.03.2023 წლის №187910 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.05.2023 წლის №11025 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 279-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი აუდიტის დეპარტამენტისათვის 28.02.2023 წლის №21-14/16537 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, საგადასახადო შემოწმების დაწყების პირველივე დღიდან შემმოწმებლებს განუცხადა რომ კომპანია ახორციელებდა ბუღალტრული ბაზის აღდგენას და როგორც კი მოხდებოდა ბაზის აღდგენის პროცესის დასრულება მაშინვე მოხდებოდა ბუღალტრული ბაზის გადაცემა შემმოწმებლებისთვის. საგადასახადო შემმოწმებელთან და მათ ხელმძღვანელ ------- გაიმართა არაერთი სატელეფონო საუბარი და მოეწყო შეხვედრა. შეხვედრამდე სატელეფონო საუბრისას მოითხოვა ერთთვიანი ვადა ბუღალტრული ბაზის აღდგენისა და პირველადი დოკუმენტაციის მოგროვებისათვის, რისთვისაც თხოვა განემარტათ როგორ და რა ფორმით მოეთხოვა დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის გადავადების საკითხი. რაზეც უპასუხეს, რომ მოეწყო შეხვედრა სადაც მოხდებოდა შემოწმებით პირველადი შედეგების განხილვა და თუ აღნიშნული შედეგები არ იქნებოდა მისაღები ამის შემდგომ დაეყენებინა დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის ერთი თვით გადავადების საკითხი და შემდგომ დაეწერა განცხადება ამ უკანასკნელი მოთხოვნით. გამართულ შეხვედრაზე გააცნეს აქტის სავარაუდო თანხები თუმცა მომჩივნის მოთხოვნის მიუხედავად შეხვედრის დროს გადაეცათ თანხების გაანგარიშების კალკულაცია ამ უკანასკნელის გადაცემაზე უარი უთხრეს. რამდენიმე დღეში დაუკავშირდა ------- და მოსთხოვა დაუყოვნებლივ გადაეცა ყველა დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუშვებდნენ საგადსახადო შემოწმების აქტს.

გამომდინარე იქიდან, რომ არ მიეცა დოკუმენტაციის წარმდგენის შესაძლებლობა არასწორად დაერიცხა თანხები ძირითადი გადასახადისა და სანქციის ნაწილში. შემოსავლების სამსახური არც კი დაინტერესებულა იმის გარკვევით მართლა ჰქონდა თუ არა ადგილი საჩივარში მოყვანილ ფაქტებს. არ გამოიკვლია ფაქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის და მე-4 ნაწილის მიხედვით,1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).

4. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2023 წლის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ 28.02.2023 წლის 28 თებერვლის №21-14/16537 შეტყობინება შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოსადგენად მომჩივანს ჩაბარდა ელექტრონულად 1.03.2023 წელს. გადასახადის გადამხდელმა შეტყობინებაში მითითებულ ვადაში არ წარადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რითაც დაირღვა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, რაც საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით იწვევს პირის დაჯარიმებას. შედეგად, შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №187910, რის საფუძველზეც მომჩივანს მართლზომიერად შეეფარდა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს აუდიტის დეპარტამენტის 15.03.2023 წლის №187910 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №11025 ბრძანება გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარუდგენლობაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის წერილის საფუძველზე, გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად დაევალა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარდგენა. აღნიშნული შეტყობინება გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად 1.03.2023 წელს. გადამხდელმა შეტყობინებაში მითითებულ ვადაში არ წარადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

მომჩივანს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 17.05.2023 წლის №11025 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №11025 ბრძანება გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70; 269(7); 279(1)