გადაწყვეტილება №19895/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.09.2023
№ დოკუმენტი 19895/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19895/2/2023

22 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 6.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19895/2/2023).

 

დავის საგანი:

საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში აუსახველი კომპანიის მიერ გაცემული ხელფასის თანხით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №007-397 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11296 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 219 019 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 118 997

დღგ - 68 697

საშემოსავლო გადასახადი - 50 318

ჯარიმა - 60 053

საურავი - 39 969

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო, სარემონტო მომსახურების გაწევა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 25.06.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომელშიც სადავო საკითხზე მითითებულია შემდეგი:

კომპანიის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა რომ კომპანიას გაცემულ აქვს ხელფასები, რომლებიც არ არის ასახული საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში. გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 28.12.2022 წლის №33475 ბრძანება და ამავე თარიღის №007- 397 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 28.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.05.2023 წლის №11296 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები; ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11296 ბრძანება, არ დაკმაყოფილების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს გაცემული აქვს ხელფასები და არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი განსახილველ სადავო საკითხთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა და მოგებული ტენდერების ფარგლებში მუნიციპალიტეტებისა და სკოლებისათვის სამშენებლო-სარემონტო მომსახურების გაწევა. შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული რიგი გარემოებები, რამაც გავლენა იქონია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაზე, კერძოდ:

1. კომპანიის მიერ გარკვეულ კრედიტორებზე გადახდილი თანხები (მაგ. ავანსი) აღემატება შემოწმების მიერ დადგენილ დოკუმენტურ ხარჯებს;

2. სალაროსა და საბანკო ანგარიშზე 1.07.2022 წლის მდგომარეობით ფიქსირდება სხვადასხვა ოდენობის ნაშთები.

ამასთან, ვინაიდან კომპანია სამშენებლო-სარემონტო მომსახურებას უწევდა მუნიციპალიტეტსა და სკოლებს, გაიწია სხვადასხვა ოდენობის ისეთი ხარჯები, რომელთა დოკუმენტური დადასტურება ვერ ხდება. შემოწმების მიერ აღნიშნული ხარჯები არ იქნა გათვალისწინებული, რამაც გამოიწვია სალაროს ნაშთის ვირტუალური ზრდა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ითხოვს:

1. სალაროსა და ბანკში არსებული ნაშთების გათვალისწინებას;

2. შემოწმების მიერ არაპირდაპირი ხარჯების გათვალისწინებას ან ექსპერტიზის ჩატარების უფლებას და მის მიერ გამოვლენილი ხარჯები ჩაითვალოს გადახდილად ან შემცირდეს სალაროს ნაშთი;

3. ზემოაღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინების შემდგომ კი „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გამოყენებას/ხელფასად განხილული თანხების სესხად დაკვალიფიცირებას.

სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით დამფუძნებელს სხვადასხვა პერიოდში უფიქსირდება კაპიტალში სხვადასხვა ოდენობის თანხების შეტანა. შესაბამისად ვითხოვთ აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებას ნაღდი ფულის გაანგარიშებისას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

2. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.

3. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას სალაროსა და ბანკში არსებული ნაშთები, ასევე შემმოწმებლის მიერ განხორციელდეს არაპირდაპირი ხარჯების გათვალისწინება ან მიეცეს ექსპერტიზის ჩატარების უფლება და მის მიერ გამოვლენილი ხარჯები ჩაითვალოს გადახდილად ან შემცირდეს სალაროს ნაშთი. ზემოაღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინების შემდგომ კი „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გამოყენებას/ხელფასად განხილული თანხების სესხად დაკვალიფიცირებას. ამასთან, მიუთითებს რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით დამფუძნებელს სხვადასხვა პერიოდში უფიქსირდება კაპიტალში სხვადასხვა ოდენობის თანხების შეტანა. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებას ნაღდი ფულის გაანგარიშებისას.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, საშემოსავლო გადასახადში დარიცხვის საფუძველია მხოლოდ ის ფაქტი რომ კომპანიას გაცემულ აქვს ხელფასები, რომლებიც არ არის ასახული საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში, აღნიშნული დადგენილია კომპანიის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად და გამოვლენილი სხვაობით გაზრდილია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების, დარიცხვის შინაარსის და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში აუსახველი კომპანიის მიერ გაცემული ხელფასის თანხით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა რომ კომპანიას გაცემულ აქვს ხელფასები, რომლებიც არ არის ასახული საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში. გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას სალაროსა და ბანკში არსებული ნაშთები, ასევე შემმოწმებლის მიერ განხორციელდეს არაპირდაპირი ხარჯების გათვალისწინება ან მიეცეს ექსპერტიზის ჩატარების უფლება და მის მიერ გამოვლენილი ხარჯები ჩაითვალოს გადახდილად ან შემცირდეს სალაროს ნაშთი. ზემოაღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინების შემდგომ კი „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გამოყენებას/ხელფასად განხილული თანხების სესხად დაკვალიფიცირებას. ამასთან, მიუთითებს რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით დამფუძნებელს სხვადასხვა პერიოდში უფიქსირდება კაპიტალში სხვადასხვა ოდენობის თანხების შეტანა. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებას ნაღდი ფულის გაანგარიშებისას.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“);