გადაწყვეტილება №26250/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26250/2/2025
13 იანვარი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,19.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 2.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26250/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციის გაუქმება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 სექტემბრის №006-367 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 13 ნოემბრის №24943 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 48 098,28 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 28 165,47
დღგ - 21 915,47
საშემოსავლო გადასახადი - 6 250
ჯარიმა - 14 082,70
საურავი - 5 850,11
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხიდებისა და გზების სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების შესრულება (ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციების ქვეკონტრაქტორია). გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 9 მარტიდან. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 25 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული პროგრამა (ორისი), საბანკო ანგარიშების ამონაწერი, შედარების აქტები, საწვავის ჩამოწერის აქტები და ახსნა-განმარტებები. 2021 წელს, ოქტომბრის თვეში ---ის მუნიციპალიტეტსა და შპს „---ს“ შორის დაიდო 389 657 ლარის ხელშეკრულება, ---ის მუნიციპალიტეტის სოფელ ---ში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2022 წლის პირველ სექტემბერს შპს „----“ და შპს „---ს“ შორის გაფორმებულია ხელშეკრულება 143 665 ლარის ღირებულების სოფელ ---ში შესასრულებელ სამუშაოებზე. შპს „---ის“ ბუღალტრულ პროგრამაში აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ფიქსირდება საქონლის ჩამოწერები, ხელფასებისა და მომსახურების თანხების გადახდები, ჯამში 122 834 ლარი, თუმცა აღნიშნული შესრულებული სამუშაოები შპს „---ს“ არ აქვს დღგ-ით დაბეგრილი. კომპანიის ახსნა-განმარტებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულადაა შესრულებული, თუმცა თანხა არ აქვს მიღებული, რადგანაც შპს „---სა“ და ---ის მუნიციპალიტეტს შორის მიმდინარეობს დავა შესრულებულ სამუშაოს მოცულობასა და ფინანსურ ანგარიშსწორებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების, ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. შესაბამისად, შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა 2025 წლის 29 სექტემბრის №21158 ბრძანება და №006-367 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.11.2025 წლის №24943 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები შემოწმებით განსაზღვრული სანქციის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქცია განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
2021 წელს ---სა და შპს „---“-ს შორის გაფორმდა 389,657 ლარის ხელშეკრულება სოფელ ---ში სკვერის მოწყობაზე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2022 წლის 1 სექტემბერს, შპს „---სა“ და შპს „---ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება 143,665 ლარის ღირებულებით, იმავე ობიექტზე სამუშაოების შესასრულებლად. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულა, რაც დადასტურებულია ხელშეკრულებებით, შედარების აქტებით, საწვავის ჩამოწერის დოკუმენტებით და სხვა ბუღალტრული ჩანაწერებით (პროგრამა „ორისი“). შესრულებული სამუშაოების ღირებულება კომპანიამ ბუღალტრულად ასახა, თუმცა დღგ-ს დეკლარაციაში არ აისახა, რადგან შემოსავალი ფაქტობრივად არ მიუღია. შპს „---“-სა და ---ის მუნიციპალიტეტს შორის მიმდინარეობს დავა შესრულებული სამუშაოების მოცულობაზე და ფინანსურ ანგარიშსწორებაზე, რის გამოც თანხა კომპანიას დღემდე არ მიუღია.
სსკ-ის 136-ე მუხლის თანახმად, შემოსავალი უნდა აისახოს იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც იგი რეალურად მიღებულია. აღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს შესრულებულ, მაგრამ აუნაზღაურებელ სამუშაოს, რაც შემოსავალად არ ითვლება მანამ, სანამ კონტრაქტორი მხარე არ განახორციელებს ანგარიშსწორებას ან არ მოხდება თანხის მიღება ან კომპენსაცია სხვა ფორმით. გარდა ამისა, სსკ-ის 159-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. მოცემულ შემთხვევაში ანაზღაურება (თანხის მიღება) არ მომხდარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპერაცია დღგით დასაბეგრ ობიექტად ვერ ჩაითვლება მანამ, სანამ რეალური ფინანსური სარგებელი არ იქნება მიღებული.
შესაბამისად, შპს „---ის“ პოზიციაა, რომ: კომპანიამ შესაბამის პერიოდში სრულად წარმოადგინა დოკუმენტაცია; ოპერაციები დაფიქსირდა რეალურ ბუღალტრულ მონაცემთა საფუძველზე; გადასახადისგან არიდება არ მომხდარა განზრახ, არამედ მხოლოდ ფაქტობრივი შემოსავლის მიუღებლობის გამო ითხოვს, გაუქმდეს აუდიტის მიერ დარიცხული ჯარიმა და საურავი. ძირი თანხა გადახდილი იქნება მომჩივნის მიერ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქცია განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციის გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა. აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის №006-732 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის №006-329 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 19.11.2025 წლის №25361 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2024 წლის №006-329 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 19.11.2025 წლის №25361 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2024 წლის №006-329 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44 (10;11); 299; 301 (ე).