გადაწყვეტილება №25905/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.01.2026
№ დოკუმენტი 25905/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25905/2/2025

05 იანვარი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 26.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25905/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 6.03.2025 წლის №3915 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის №094-19 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.09.2025 წლის №19884 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 337 658,95 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 697 144

ბუნებ. რესურ. სარგებ. მოსაკრებელი - 1 245

დღგ - 225 072 მიწაზე (არასასოფლო)

ქონების გადასახადი - (-2 287)

მოგების გადასახადი - 82 452

საშემოსავლო გადასახადი - 340 626

ქონების გადასახადი - 50 036

ჯარიმა - 399 524

საურავი - 240 990,95

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №094-63 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.03.2025 წლის №3915 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადახდილი თანხების დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯად მიჩნევის საფუძვლით მოგების გადასახადის დარიცხვის საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 6.03.2025 წლის №3915 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2025 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 18.01.2021 წლის სამმხრივი შეთანხმება და 17.06.2025 წლის ცნობა, რითაც დასტურდება, რომ შპს ---მა (ს/ნ---) შპს ---ს (ს/ნ ---) სასარგებლოდ დაფარა ფიზიკურ პირთან შპს ----ს (ს/ნ ---) ვალდებულების ნაწილი და აღნიშნული განაცემით გაეზარდა სასესხო მოთხოვნა ზემოთაღნიშნულ კომპანიასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გადაანგარიშდა (შემცირდა) მოგების გადასახადში დარიცხული თანხა. აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 26.06.2025 წლის №094-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.09.2025 წლის №19884 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და დადგენილ გარემოებაზე, რომ შემოწმებამ გადაიანგარიშა მოგების გადასახადში დარიცხული თანხა. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია 2021 წლის 18 იანვრის სამმხრივი შეთანხმება და 2025 წლის 17 ივნისის ცნობა, რითაც დასტურდება, რომ შპს ----მა შპს ----ს სასარგებლოდ დაფარა ფიზიკურ პირთან შპს----ს ვალდებულების ნაწილი და აღნიშნული განაცემით გაეზარდა სასესხო მოთხოვნა ზემოაღნიშნულ კომპანიასთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის შესაბამისად შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული მოგების გადასახადი.

ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. ასევე, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება დავის განმხილველი ორგანოს მსჯელობას სადავო საკითხებთან მიმართებაში და დავის განხილვის შედეგებზე გამოცემულ სამართლებრივ აქტს. არ ეთანხმება მოგების გადასახადში დაფიქსირებულ აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას რამდენიმე მიზეზის გამო, კერძოდ:

- 2025 წლის 23 იანვარს წარმოდგენილ საჩივარშიც აღნიშნავდა, რომ არ იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულებულ მოგების გადასახადის გაანგარიშებას, სადაც მოგების გადასახადით დაბეგრილია კომპანიების მიმართ გადახდილი თანხები, რომელზეც მითითებული ჰქონდათ, რომ ვერ მოხდა გადარიცხული თანხის შესაბამისი დოკუმენტის მოძიება, შესაბამისად დაერიცხა მოგების გადასახადი, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი. არ დაეთანხმა ზემოაღნიშნულ მიდგომას ორი მიზეზის გამო:

1) ყველა გადარიცხვას თან ახლავს შეთანხმება ან ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდა გადარიცხვა შესაბამისი თანხის, ან შედგენილია შესრულებული სამუშაოს აქტი.

2) აუდიტის დეპარტამენტის მიერ ზემოაღნიშნული ოპერაციას მიეცა კვალიფიკაცია საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად, მაგრამ ითხოვს ზემოაღნიშნული ოპერაცია, ასეთის გამოვლენის შემთხვევაში დაკვალიფიცირებულ იქნეს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

- შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 იანვრის სხდომის გადაწყვეტილებით, შემოსავლების სამსახურის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის დავალებული იყო ზემოაღნიშნული მოთხოვნის მტკიცებულებების წარდგენა აუდიტის დეპარტამენტისთვის, რათა მომხდარიყო მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მოეხსენებინა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოსთვის;

- აღნიშნულის ფარგლებში 2025 წლის 12 თებერვალს აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი იქნა დოკუმენტური მტკიცებულებები, კერძოდ შედარების აქტები და ხელშეკრულებები და სწორედ ზემოაღნიშნულის საფუძველზე 2025 წლის 6 მარტს შემოსავლების სამსახურმა გამოსცა №3915 ბრძანება საკითხის დაკმაყოფილების თაობაზე;

- მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, წარდგენილი მტკიცებულებებიდან აუდიტის დეპარტამენტმა გაიზიარა მხოლოდ ერთი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც უმნიშვნელოდ დაკორექტირდა დარიცხული მოგების გადასახადი;

- ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ხელახალ შესწავლას უნდა დაექვემდებაროს დარიცხული თანხები მომჩივნის უშუალო მონაწილეობით და წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით მოხდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება შემცირების გზით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები.

სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომელიც გამოწვეულია შეცდომით/არ ცოდნით, რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი).

 

დავების განხილვის

საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად, ასევე ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. შემოსავლების სამსახურის 6.03.2025 წლის №3915 ბრძანებით, გადახდილი თანხების დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯად მიჩნევის საფუძვლით მოგების გადასახადის დარიცხვის საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2025 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 18.01.2021 წლის სამმხრივი შეთანხმება და 17.06.2025 წლის ცნობა, რითაც დასტურდება, რომ შპს ---მა (ს/ნ ----) შპს ----ს (ს/ნ ---) სასარგებლოდ დაფარა ფიზიკურ პირთან შპს ----ს (ს/ნ ---) ვალდებულების ნაწილი და აღნიშნული განაცემით გაეზარდა სასესხო მოთხოვნა ზემოთაღნიშნულ კომპანიასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გადაანგარიშდა (შემცირდა) მოგების გადასახადში დარიცხული თანხა. საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.

ამასთან, საბჭო მიუთითებს, რომ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლის გათვალისწინებასაც ითხოვს გადასახადის გადამხდელი და არ არის შეფასებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 6.03.2025 წლის №3915 ბრძანებით განსაზღვრული დავალების ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2025 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 6.03.2025 წლის №3915 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

მომჩივანი ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 6.03.2025 წლის №3915 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 6.03.2025 წლის №3915 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №3915 ბრძანებით, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2025 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია სამმხრივი შეთანხმება და ცნობა, რითაც დასტურდება, რომ მომჩივანმა სხვა საწარმოს სასარგებლოდ დაფარა ფიზიკურ პირთან საწარმოს ვალდებულების ნაწილი და აღნიშნული განაცემით გაეზარდა სასესხო მოთხოვნა კომპანიასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გადაანგარიშდა (შემცირდა) მოგების გადასახადში დარიცხული თანხა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2025 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 6.03.2025 წლის №3915 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 982.