გადაწყვეტილება №26253/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.12.2025
№ დოკუმენტი 26253/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26253/2/2025

26 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------ი (ს/ნ -------------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -----ის 3.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26253/2/2025).

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.10.2025 წლის №CB1821624 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 20.11.2025 წლის №25592 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 000 ლარი და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა

სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 1.43 მ 3 მოცულობის წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალა ფიცრის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.10.2025 წლის №--- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.11.2025 წლის №25592 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის 11 და 12 ნაწილებით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებით და განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შპს „----“-მა მისგან შეიძინა 7მ3 ძელაკი. ვინაიდან მარაგში ჰქონდა მხოლოდ 5.3 მ 3 ძელაკი, მყიდველთან შეთანხმებით 1.7 მ 3 ძელაკის შესავსებად გამოიყენა ფიცარი, რომელიც გადაამუშავა (ზომა 6,5X12) ცირკული ხერხით. აღნიშნული პროცედურა ასახა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ხე-ტყის აღრიცხვაში, ხე-ტყის შეტყობინებაში, სადაც ფიცარი გადაამუშავა და მიიღო ძელაკი, რომელსაც მიენიჭა შესაბამისი სააღრიცხვო ნომერი, შეტყობინების დადასტურების შემდგომ შპს „---“- ზე გამოწერა შესაბამისი სასაქონლო ზედნადები. განმარტავს, რომ სამწუხაროდ, გადამოწმების შემდეგ, ექსპერტიზის მიერ აღნიშნული გადამუშავებული ხე-მასალა ჩაითვალა ფიცრად და მოხდა მისი დაჯარიმება.

ძელაკი, რომლიც მიიღო ფიცრის გადამუშავებიდან შეესაბამებოდა ძელაკის ზომების განმარტებებს (6,5X12). გადამოწმებისას გარკვეულ რაოდენობაზე მოხდა 1 სანტიმეტრიანი ცდომილება (6.5X13), რის შედეგადაც მთელი რაოდენობა ჩათვალეს ფიცრად. თავში იყო ძელაკის ზომა, ბოლოში იყო ცდომილება.

ხეტყის საცალო-საბითუმო რეალიზაცია დაიწყო ამა წლის ივნისის თვიდან, არ არის დღგ-ის გადამხდელი, გამოუცდელობით და ნაწილობრივ უცოდინრობით სწორად გააფორმა დოკუმენტები, თუმცა დაფიქსირდა ცდომილება ჩამოჭრის ზომებში. ითხოვს საქონლის ღირებულების განსაზღვრა მოხდეს დღგ-ის გარეშე, რითიც შემცირდება ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ღირებულება და შესაბამისად ოქმით დაკისრებული ჯარიმის ოდენობაც.

ასევე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პირველი შემთხვევაა, ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის კორექტირებას/შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.12.2025 წლის №--21-12 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 25.09.2025 წლის №--21-10 წერილის საფუძველზე გადამოწმდა ავტომანქანა სახ. №---, რა დროსაც დადგინდა, რომ -ის ---ის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია შპს „---“-ის (ს/ნ ---) დანიშნულებით გადაადგილდებოდა მომჩივნის კუთვნილი 7მ3 წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალა. ასევე, დადგინდა, რომ ---ძე (მძღოლი) ახდენდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 1 072.5 ლარის ღირებულების საქონლის (დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხის მასალა, ფიცარი) ტრანსპორტირებას ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე. მომჩივნის მიერ წარდგენილი №- და №- ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადებებში მითითებული რაოდენობის გარკვევის მიზნით, მოთხოვნილ იქნა ექსპერტიზა, წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალის ღირებულების, სახეობისა და რაოდენობის დასადგენად. 29.09.2025 წლის №-/09/25 შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნით,„მომჩივნის კუთვნილი წიწვოვანი ჯიშის, დახერხილი ხე-მასალის (ფიცარი, ძელაკი) მთლიანმა მოცულობამ შეადგინა 6.43 კუბ.მ. საბაზრო ღირებულებით 4 822.5 ლარი დღგ-ის ჩათვლით. წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალის ძელაკის მთლიანმა მოცულობამ შეადგინა 5.0 კუბ.მ საბაზრო ღირებულებით 3 750 ლარი დღგ-ის ჩათვლით, ხოლო ს/ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალა ფიცრის მოცულობამ შეადგინა 1.43 კუბ.მ, საბაზრო ღირებულება, შეფასების თარიღისთვის, განისაზღვრა 1 072,5 ლარი დღგ-ის ჩათვლით“.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტების გადამოწმების დროს სასაქონლო ზედნადებში არ იყო მითითებული სწორი მონაცემები, სახეზეა ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი.

საბჭო ასევე მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის საფუძველზე, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო გადასახადის გადამხდელის შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. ამდენად, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.10.2025 წლის №-- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.10.2025 წლის №-- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისაგან;

3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 1.43 მ 3 მოცულობის წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალა ფიცრის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №25592 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო გადასახადის გადამხდელის შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. ამდენად, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 286 (11.12);