გადაწყვეტილება №18858/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.05.2023
№ დოკუმენტი 18858/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18858/2/2023

5.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“ 13.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18858/2/2023).

 

დავის საგანი:

დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 სექტემბრის №125-15 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 იანვრის №784 ბრძანება

 

დარიცხული თანხა: 31 672 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 20 879

მიწის გადასახადი (სასოფლო) – 66

საშემოსავლო გადასახადი - 20 813

ჯარიმა - 7 272

საურავი - 3 521

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სესხის გაცემა ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონების უზრუნველყოფით, სანოტარო აქტით დამოწმებული ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 თებერვლის №4587 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 19 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესაბამისად დადგინდა, რომ მეწარმე 2019, 2020, 2021 და 2022 წლებში ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას დეკლარაციების წარდგენის გარეშე. შემოწმების პერიოდში საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები არ არის წარდგენილი. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაცია, ასევე საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული მასალები. აღნიშნული ინფორმაციის/მასალების საფუძველზე მოხდა გადასახადის გადამხდელის შემოსავლების გაანგარიშება, თითოეულ ხელშეკრულებაზე. საჯარო რეესტრში ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებების, საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და მსესხებლების მიერ მიწოდებული ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგინდა და განისაზღვრა სესხის საპროცენტო განაკვეთი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მეწარმის მიღებული საპროცენტო სარგებელი აისახა მის ერთობლივ შემოსავალში შესაბამისი საგადასახადო პერიოდების მიხედვით (2019, 2020 და 2021 წლებში) და საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა 20%-ით. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 სექტემბრის №24465 ბრძანება და №125-15 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 31 672 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 20 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 24 იანვრის №784 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:

- პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, ერთობლივი შემოსავლებისა და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, გაცემულ სესხზე მიღებული პროცენტის თაობაზე ნოტარიულად დადასტურებული მტკიცებულებები და ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წინა პუნქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული მიმდინარე გადასახდელების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 იანვრის №784 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანს მიზნად არ ჰქონია გადასახადების დამალვა. ამასთან, საქმიანობისთვის არ დაჯარიმებულა მნიშვნელოვანი თანხებით წარსულში. დარიცხვა გამოწვეულია ადამიანური ფაქტორით, შეცდომით/არცოდნით. დღეის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელი და მისი მეუღლე არიან უმუშევრები.

მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი ითხოვს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

მეწარმე 2019, 2020, 2021 და 2022 წლებში ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას დეკლარაციების წარდგენის გარეშე. შემოწმების პერიოდში საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები არ არის წარდგენილი.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 270; 275.