გადაწყვეტილება №21939/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.05.2024
№ დოკუმენტი 21939/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21939/2/2024

02 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“(ს/ნ ----------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 10.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21939/2/2024).

 

დავის საგანი:

სამორინეს და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის ჯარიმების დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №29434 ბრძანება;

2. მომსახურების დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №29402 ბრძანება;

3. შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33950 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 8 000 ლარი.

მათ შორის:

ჯარიმა - 1 000

ჯარიმა - 7 000

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომსახურების დეპარტამენტის 22.11.2023 წლის №28773 ბრძანებით დაინიშნა მომჩივნის მიერ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის №---------- ნებართვით ორგანიზებულ ობიექტში სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმება. კერძოდ, შესრულებულია თუ არა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები.

სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შესახებ 24.11.2023 წლის №104 შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანზე №---------- ნებართვა გაცემულია 22.12.2021 წელს. ნებართვის მისაღებად წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ნებართვის მიღების მომენტისთვის კომპანიის ერთ-ერთ დირექტორად ფიქსირდებოდა ---------- (----------, ----------). ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (my.gov.ge) განთავსებული ინფორმაციით დგინდება, რომ ნებართვების მფლობელის მიერ 2.11.2023 წელს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ დირექტორ ----------, (----------, ----------) ნაცვლად, დარეგისტრირდა ახალი დირექტორი - ---------- (----------, ----------). აღნიშნული ცვლილებების შესახებ ნებართვის მფლობელმა შემოსავლების სამსახურს აცნობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული ვადის (შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღე) დარღვევით.

საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ ზემოთ აღნიშნულით, მომჩივანმა დაარღვია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულება (შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტი), რაც ამავე კანონის 371 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ითვალისწინებს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

მომსახურების დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №29434 ბრძანებით მომჩივანს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

მომსახურების დეპარტამენტის 22.11.2023 წლის №28774 ბრძანებით დაინიშნა მომჩივნის მიერ სამორინეს მოწყობის №---------- ნებართვით ორგანიზებულ ობიექტში სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმება. კერძოდ, შესრულებულია თუ არა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები.

სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შესახებ 24.11.2023 წლის №105 შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანზე №---------- ნებართვა გაცემულია 22.12.2021 წელს. ნებართვის მისაღებად წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ნებართვის მიღების მომენტისთვის კომპანიის ერთ-ერთ დირექტორად ფიქსირდებოდა ---------- (----------, ----------). ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (my.gov.ge) განთავსებული ინფორმაციით დგინდება, რომ ნებართვების მფლობელის მიერ 2.11.2023 წელს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ დირექტორ ----------, (----------, ----------) ნაცვლად, დარეგისტრირდა ახალი დირექტორი - ---------- (----------, ----------). აღნიშნული ცვლილებების შესახებ ნებართვის მფლობელმა შემოსავლების სამსახურს აცნობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული ვადის (შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღე) დარღვევით.

ჩაითვალა, რომ ზემოთ აღნიშნულით, მომჩივნის მიერ დარღვეულ იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულება (შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტი), რაც ამავე კანონის 371 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ითვალისწინებს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით.

მომსახურების დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №29402 ბრძანებით მომჩივანს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 7 000 ლარის ოდენობით.

მომსახურების დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №29434 და 28.11.2023 წლის №29402 ბრძანებები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33950 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-15 პუნქტებზე და 34-ე მუხლზე და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტზე, 37-ე მუხლზე და 371 მუხლზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად ამონაწერის საჯაროობისა, მოცემული ნორმა არ ათავისუფლებს ნებართვის მფლობელს დაკისრებული ვალდებულებისგან, პირიქით ნებართვის მფლობელს უსაზღვრავს კონკრეტულ ვადას ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენისთვის და ვინაიდან შპს „----------“ (ს/ნ ----------) წარმოადგენს როგორც სამორინეს, ასევე სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელს, მის მიერ ორივე ნებართვის ფარგლებში, ცალ-ცალკე იქნა დარღვეული ნებართვის მფლობელისთვის კანონით განსაზღვრული ვალდებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო ბრძანებები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და გაუქმებას არ ექვემდებარება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33950 ბრძანება, მომსახურების დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №29402 ბრძანება და 28.11.2023 წლის №29434 ბრძანება არის როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს.

კომპანია დარეგისტრირდა 15.04.2016 წელს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. კომპანიის პირველადი რეგისტრაციის დროს კომპანიის დირექტორად დაინიშნა ---------- რესპუბლიკის მოქალაქე ბატონი ----------.

3.08.2016 წელს ცვლილება შევიდა კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემებში, შესაბამისად კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნენ ბატონი ---------- (----------რესპუბლიკის მოქალაქე), ბატონი ---------- (---------- რესპუბლიკის მოქალაქე) და ქალბატონი ---------- (---------- რესპუბლიკის მოქალაქე).

კომპანია ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. №33-ში ფლობს სამორინეს და სათამაშო აპარატების სალონს, შესაბამისად:

- მომსახურების დეპარტამენტის 22.12.2021 წლის №2074/01 ბრძანების საფუძველზე კომპანიაზე გაიცა სამორინეს მოწყობის ნებართვა შემდეგ მისამართზე: ----------, სასტუმრო „----------“ პირველი სართული ფართი №----------. შემოსავლების სამსახურის მიერ გაიცა სამორინეს მოწყობის სანებართვო მოწმობა №----------;

- მომსახურების დეპარტამენტის 22.12.2021 წლის №2075/01 ბრძანების საფუძველზე კომპანიაზე გაიცა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა შემდეგ მისამართზე:----------, სასტუმრო „----------“ პირველი სართული, სამორინეს ტერიტორიაზე არსებული ფართი №----------. შემოსავლების სამსახურის მიერ გაიცა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოწმობა №----------.

კომპანიის პარტნიორებმა (რომლებიც ამავდროულად იყვნენ კომპანიის დირექტორები მიიღეს გადაწყვეტილება დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულიყო კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი ქალბატონი ---------- (პარტნიორებს შორის გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში არსებული უთანხმოების გათვალისწინებით), შესაბამისად კომპანიის პარტნიორებმა ბატონმა ---------- (რომელიც წარმოადგენს კომპანიის კაპიტალის 98%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს) და ბატონა ---------- (რომელიც წარმოადგენს კომპანიის 1%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს) 2.11.2023 წლის პარტნიორთა კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეცვლილიყო კომპანიის დირექტორი და ნაცვლად ----------, დირექტორის თანამდებობაზე დანიშნულიყო ბატონი ---------- (---------- გათავისუფლდა კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან).

ზემოთხსენებული კომპანიის პარტნიორთა გადაწყვეტილება 2.11.2023 წელს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (საჯარო რეესტრში დარეგისტრირების აუცილებლობა კი გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ კომპანიას მესამე პირებთან ურთიერთობაში ერთობლივად წარმოადგენდა სამივე დირექტორი ----------, ---------- და ---------- (ცვლილების განხორციელებამდე), შესაბამისად ერთი დირექტორის არ გამოცხადება უკვე ხელს უშლიდა კომპანიის ნორმალურ ფუნქციონირებას და ოპერირებას).

მომსახურების დეპარტამენტის მიერ 28.11.2023 წელს მიღებული იქნა №29402 ბრძანება, რომლის საფუძველზე კომპანიას ჯარიმის სახით დაეკისრა 7 000 ლარი. აღნიშნულ ბრძანებაში შემოსავლების სამსახური უთითებს, რომ სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შესახებ 24.11.2023 წელს შედგა შემოწმების აქტი №105. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ მოწყობილი სამორინეს ნებართვა №---------- გამოცემულია 22.12.2021 წელს. ნებართვის მისაღებად წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერში ირკვევა, რომ ნებართვის მიღების მომენტისათვის კომპანიის ერთ-ერთ დირექტორად ფიქსირდება ----------. ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე განთავსებული ინფორმაციით დგინდება, რომ ნებართვის მფლობელის მიერ 2.11.2023 წელს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერში განხორციელდა ცვლილებები, კერძოდ დირექტორი ---------- ნაცვლად დარეგისტრირდა ახალი დირექტორი ----------. აღნიშნული ცვლილებების შესახებ ნებართვის მფლობელმა შემოსავლების სამსახურს არ აცნობა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც კომპანია დაჯარიმდა 7 000 ლარით.

მომსახურების დეპარტამენტის მიერ 28.11.2023 წელს მიღებულ იქნა ბრძანება №29434, რომლის საფუძველზეც კომპანიას ჯარიმის სახით დაეკისრა 1 000 ლარი. აღნიშნულ ბრძანებაში შემოსავლების სამსახური უთითებს, რომ სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შესახებ 24.11.2023 წელს შედგა შემოწმების აქტი №104. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ მოწყობილი სათამაშო აპარატების სალონის ნებართვა №---------- გაცემულია 22.12.2021 წელს. ნებართვის მისაღებად წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერში ირკვევა, რომ ნებართვის მიღების მომენტისათვის კომპანიის ერთ-ერთ დირექტორად ფიქსირდება ----------. ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე განთავსებული ინფორმაციით დგინდება, რომ ნებართვის მფლობელის მიერ 2.11.2023 წელს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერში განხორციელდა ცვლილებები, კერძოდ დირექტორ ---------- ნაცვლად დარეგისტრირდა ახალი დირექტორის ----------. აღნიშნული ცვლილების შესახებ ნებართვის მფლობელმა შემოსავლების სამსახურს არ აცნობა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც კომპანია დაჯარიმდა 1 000 ლარით.

შემოსავლების სამსახურის მიერ ხსენებული სადავო ბრძანებების გამოცემის/მიღების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს (როგორც მითითებულია ბრძანებებში):

- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტი - ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში;

- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი - ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ - 7 000 ლარის, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ 1 000 ლარს.

მოცემულ შემთხვევაში, კომპანიას არ დაურღვევია „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტის მოთხოვნები, ასევე არ დაურღვევია „ლიცენზიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობს ამავე კანონის 371 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების საფუძველი.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან არის - ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი პირისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 21 პუნქტის დანაწესის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს სუბიექტის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში აღნიშნული ამონაწერი უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესახებ. ამ კანონის 201 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი უნდა შეიცავდეს ასევე სპეციალური მოსარჩელის სტატუსის შესახებ მონაცემებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესის თანახმად, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გაიცემა ნებისმიერ პირზე და მზადდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმები ცხადყოფს, რომ კომპანიის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან არის საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის, ასევე შემოსავლების სამსახურისათვის, გამომდინარე აქედან აღნიშნული ცვლილებები შეეძლო შემოსავლების სამსახურს ენახა საჯარო რეესტრის საიტიდან, რომელიც არის საჯარო ინფორმაცია. კომპანიაში დირექტორთა ცვლილება, რომ არ ყოფილიყო საჯარო ინფორმაცია და რომ არ მომხდარიყო აღნიშნული ცვლილების რეგისტრაცია, მაშინ მართებული იქნებოდა შემოსავლების სამსახურის პოზიცია კომპანიის დაჯარიმებასთან დაკავშირებით.

ასევე საყურადღებოა, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა კომპანიის ერთი და იმავე ქმედებისთვის (თუკი თეორიულად დავუშვებთ, რომ კომპანიამ დაარღვია კანონის მოთხოვნა) 2- ჯერ დაჯარიმება, ერთი 7 000 ლარით, ხოლო მეორე 1 000 ლარით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავის გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ხოლო ამავე კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-15 პუნქტების თანახმად:

1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით, გარდა ამ კანონის 262 და 265 მუხლებითა და „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ ნებართვის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ნებართვის მაძიებელი, და თანდართული საბუთების ნუსხას.

3. განცხადებას უნდა ერთოდეს: კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისთვის – საჯარო რეესტრიდან ამონაწერები (გარდა ამ კანონის 24-ე მუხლის 28-ე და 281 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ხოლო ფიზიკური პირისთვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

15. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად:

3. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე შეიძლება შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული შემოწმების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

4. ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის ნებართვის მფლობელს აჯარიმებს შემოსავლების სამსახური ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საგადასახადო ორგანო ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმებისა და ამავე კანონის 372 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმების გადდახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს:

ა) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 7 000 ლარს;

ე) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს.

საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ ნებართვის მფლობელის მიერ არ იყო შესრულებული „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 პუნქტის მოთხოვნა. საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების თაობაზე ინფორმირება ნებართვის მფლობელი პირის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს და იგი უნდა შესრულდეს ყოველ ჯერზე მაკონტროლებელი ორგანოსადმი მიმართვის გზით. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურისთვის, როგორც გადასახადების ადმინისტრირების ორგანოსათვის მომჩივნის სამეწარმეო რეესტრის მონაცემების ცვლილების ფაქტი შესაძლოა ცნობილი იყოს, როგორც ერთიანი ინფორმაციული ბაზის საშუალებით, ისე თავად მომჩივნის მიერ სხვა საკითხებზე წარდგენილი განცხადებებიდან, აღნიშნული არ ათავისუფლებს ნებართვის მფლობელს კანონისმიერი ვალდებულების შესრულებისაგან და დაუშვებელია, ნებართვის მფლობელის ვალდებულების მაკონტროლებელი ორგანოსთვის გადაკისრება. ამასთან, როდესაც კომპანია ფლობს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ორ ნებართვას, სანებართვო საქმისწარმოების სიზუსტისათვის ვალდებულია მაკონტროლებელი ორგანოსათვის ცვლილებების შეტყობინებები თითოეულისთვის ცალ-ცალკე წარადგინოს.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლი განსაზღვრავს როგორც ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის ჯარიმის ოდენობას, ასევე, იმპერატიულად ადგენს, რომ პასუხისმგებლობის დაკისრება ნებართვის სახეობის მიხედვით უნდა განხორციელდეს. ერთის მხრივ მომჩივანი დაჯარიმებული იქნა, როგორც სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირი, ხოლო მეორეს მხრივ პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც სამორინეს მომწყობ პირს, თუმცა ორივე შემთხვევაში სამართალდარღვევის შინაარსს წარმოადგენდა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა - სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული ცვლილების შემოსავლების სამსახურისთვის დადგენილი წესით და ვადაში შეუტყობინებლობა. მოცემულ შემთხვევაში არც ერთი და იმავე ქმედებისთვის 2-ჯერ პასუხისმგებლობის დაკისრებას არ აქვს ადგილი, რამეთუ სახეზეა არა ერთი, არამედ ორი ურთიერთდამოუკიდებელი სამართალდარღვევა ცალკეული ნებართვის შესაბამისად.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ჯარიმების დაკისრების თაობაზე სადავო ბრძანებები მომსახურების დეპარტამენტის მიერ შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სამორინეს და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის ჯარიმების დაკისრება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

„სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 22 ნოემბრის №28773 და №28774 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა სამორინეს მოწყობის ნებართვისა და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის, მომჩივანის მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ („ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტი) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება. სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2023 წლის 24 ნოემბერს შედგა №104 და №105 შემოწმების აქტები. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანის სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის და სამორინის მოწყობის ნებართვები გაცემულია 2021 წლის 22 დეკემბერს. ნებართვების მისაღებად წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ნებართვის მიღების მომენტისთვის მომჩივანის ერთ-ერთ დირექტორად ფიქსირდებოდა ფ/პ. ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (my.gov.ge) განთავსებული ინფორმაციიდან გაირკვა, რომ ნებართვების მფლობელის მიერ 2023 წლის 2 ნოემბერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ დირექტორი ფიზიკური პირის ნაცვლად, დარეგისტრირდა ახალი დირექტორი.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ჯარიმების დაკისრების თაობაზე სადავო ბრძანებები მომსახურების დეპარტამენტის მიერ შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შემდეგ ნორმებს: 371(„ა“„ე“).