გადაწყვეტილება №19488/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.06.2023
№ დოკუმენტი 19488/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19488/2/2023

2.06.2023

გადაწყვეტილება

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 24.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19488/2/2023).

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30950 ბრძანების აღსრულების შედეგები.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №006-24 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7333 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 20 474,71 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 12 339

დღგ - 5 721

მოგების გადასახადი - 6 618

ჯარიმა - 4 740

საურავი - 3 395,71

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა და რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ 4.12.2014 წელს საწარმომ ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისგან შეიძინა ქ. "-----"-ში მდებარე მიწა შენობა-ნაგებობით, რომელზეც 2018 წლიდან დაიწყო მრავალბინიანი შენობის მშენებლობა. შენობა-ნაგებობა არის 5 სართულიანი, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია 7 საცხოვრებელი ბინა, 1 კომერციული ფართი და 1 ავტოსადგომი. საწარმომ ფართების რეალიზაცია მოახდინა ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობით და 1 კვ.მ.-ის სარეალიზაციო ღირებულება საშუალოდ შეადგენდა 570 აშშ დოლარს. პირმა 4 ბინის, 1 კომერციული ფართის და 1 ავტოსადგომის მიწოდება მოახდინა ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირებზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების დამუშავების შედეგად (ნასყიდობის ხელშეკრულება) 23.09.2019 წელს ბანკის შეფასებით ფიქსირდება საცხოვრებელი ფართის შეფასება 125.4 კვ.მ.-ის 87 000 ამერიკულ დოლარად (1 კვ.მ.-ის ღირებულება შეადგენს 695 დოლარს). ბანკის შეფასების თარიღის შემდგომ (მშენებლობა დასრულებულია) რეალიზებულია ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირებზე 2 საცხოვრებელი ბინა, 1 კვ.მ.-ის ღირებულებაა 537 - 508 დოლარი. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის და 164-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, 23.09.2019 წლის შემდეგ, საწარმოს მიერ ბინების რეალიზაცია (როდესაც მშენებლობა დასრულებული იყო) ურთიერთდამოკიდებულ პირებზე შეფასდა საბაზრო ფასით, რის საფუძველზეც პირს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.07.2022 წლის №006-336 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30950 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრებოდა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ქონების საბაზრო ღირებულება;

- ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30950 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 25.01.2023 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №006-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7333 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღნიშნული თანხების დარიცხვა გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ შემოწმების მიერ საბაზრო ფასის გამოყენების გამო. ბიუჯეტში კუთვნილი გადასახადების გადახდა ხდებოდა კეთილსინდისიერად. ამჟამად კომპანიას დროებით შეჩერებული აქვს საქმიანობა და არ გააჩნია სახსრები. ვინაიდან ის დარღვევები, რომელზეც დაეკისრა დამატებით გადასახადები, გამოწვეულია შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30950 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 25.01.2023 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

საწარმომ წარმოადგინა აუდიტორული (საშემფასებლო) დასკვნა (შპს „N1“ (ს/ნ "-----") სარეგისტრაციო ნომერი სარას-ფ-104301), სადაც საცხოვრებელი ბინის (ს/კ ------- ) 1 კვადრატული მეტრის საბაზრო ფასი, 30.06.2021 წლის მდგომარეობით, განისაზღვრა 600 ამერიკულ დოლარად, ხოლო მეორე საცხოვრებელი ბინის (ს/კ -------) 1 კვადრატული მეტრის საბაზრო ფასი, 23.10.2019 წლის მდგომარეობით, განისაზღვრა 550 ამერიკულ დოლარად. წარმოდგენილი შეფასებით დაკორექტირდა (შემცირდა) 22.07.2022 წლის №006-336 საგადახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადები (დღგ-ის და მოგების გადასახადი) და შესაბამისი ჯარიმის თანხები. შემცირებას დაექვემდებარა სულ 48 408 ლარი, მათ შორის, გადასახადი 31 319 ლარი და ჯარიმა 17 089 ლარი.

გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი არსებითი მნიშვნელობის რაიმე მტკიცებულებები, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანება.

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30950 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

მომჩივანი ითხოვს დაკისრებული ჯარიმის შემცირებას, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30950 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომჩივანის აღნიშნავს,რომ დამატებით დარიცხული გადასახადები გამოწვეულია შეცდომით(არცოდნით).

შესაბამისად , 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საწარმომ ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისგან შეიძინა მიწა შენობა-ნაგებობით, 2018 წლიდან დაიწყო მრავალბინიანი შენობის მშენებლობა. შენობა-ნაგებობა არის 5 სართულიანი. რეალიზებულია 7 საცხოვრებელი ბინა, 1 კომერციული ფართი და 1 ავტოსადგომი. საწარმომ ფართების რეალიზაცია მოახდინა ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობით და 1 კვ.მ.-ის სარეალიზაციო ღირებულება საშუალოდ შეადგენდა 570 აშშ დოლარს. პირმა 4 ბინის, 1 კომერციული ფართის და 1 ავტოსადგომის მიწოდება მოახდინა ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირებზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების დამუშავების შედეგად (ნასყიდობის ხელშეკრულება) 23.09.2019 წელს ბანკის შეფასებით ფიქსირდება საცხოვრებელი ფართის შეფასება 125.4 კვ.მ.-ის 87 000 ამერიკულ დოლარად (1 კვ.მ.-ის ღირებულება შეადგენს 695 დოლარს). ბანკის შეფასების თარიღის შემდგომ (მშენებლობა დასრულებულია) რეალიზებულია ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირებზე

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის და 164-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საწარმოს მიერ ბინების რეალიზაცია (როდესაც მშენებლობა დასრულებული იყო) ურთიერთდამოკიდებულ პირებზე შეფასდა საბაზრო ფასით.

პირს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

18 (11 ,,ა“ ), 981(4, „ა.ა“ )164(7,,ა“) 275