ბრძანება N 30624
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 30624
06 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის: ----------)
(იურ. მის: ----------)
2023 წლის 16 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი N121) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) N85100/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ოქტომბრის NCB1537931 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება სადავო ოქმს და განმარტავს, რომ მათი კომპანია ახორციელებს მეორადი გამოყენებული საკვები ზეთის შეგროვებას. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ გადამოწმების დროს შპს „----------“ მძღოლი გაჩერებული იქნა ----------. საგადასახადო ოფიცრებმა ავტომანქანის ფიზიკური დათვალიერების შემდეგ განუცხადეს მძღოლს, რომ არ იყო გამოწერილი ზედნადები გარკვეული რაოდენობის საქონელზე, რისთვისაც კომპანიას სანქციის სახით განესაზღვრა გაფრთხილება.
მომჩივანი აცხადებს, რომ რადგან ავტომობილი იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოში და დაიწყო გამოყენებული ზეთის შეგროვება 16 ოქტომბერს და მორჩა შეგროვებას 19 ოქტომბერს. რის შემდეგაც 2023 წლის 20 ოქტომბერს გამოემართა თბილისისკენ. სასაქონლო ზედნადები გამოწერილი იყო 887 ლიტრზე. შესაბამისად ოფიცრების მიერ უნდა მომხდარიყო 16 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების დაჯამება. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რადგან ოფიცრებმა იხელმძღვანელეს მხოლო 19 ოქტომბერს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით.
საჩივარში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან და ოქმის შემდგენი ოფიცრის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ 2023 წლის 20 ოქტომბერს 10:16 სთ-ზე, ---------- მ/ტ საგადასახადო ოფიცრების მიერ გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება სახ. ნომრით: ----------, რომლის ძარაზე განთავსებული იყო შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 350 ლარის ღირებულების გამოყენებული საკვები ზეთი. სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში დადგინდა, რომ ზემოთაღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა ელ. ზედნადების გარეშე, რაზედაც შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) მიმართ შედგენილ იქნა NCB1537931 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის 500 ლარის ნაცვლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით განესაზღვრა ,,გაფრთხილება“.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან და ოქმის შემდგენი ოფიცრის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ 2023 წლის 20 ოქტომბერს 10:16 სთ-ზე, საგადასახადო ოფიცრების მიერ გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ძარაზე განთავსებული იყო მომჩივანის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 350 ლარის ღირებულების გამოყენებული საკვები ზეთი. სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში დადგინდა, რომ ზემოთაღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა ელ. ზედნადების გარეშე, რაზედაც მომჩივანის მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის 500 ლარის ნაცვლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით განესაზღვრა „გაფრთხილება“.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 270(7).